
ინტელექტუალური დუელი ქვეცნობიერის ზღვარზე

26.07.2026
სტატია მომზადებულია ეროვნული სასახლის
თეატრის მოყვარულთა კურსის ფარგლებში
ქეთევან ტუხაშვილი
ინტელექტუალური დუელი ქვეცნობიერის ზღვარზე
რა მოხდება, თუკი ერთ საღამოს ზიგმუნდ ფროიდის კარზე იდუმალი სტუმარი დააკაკუნებს, რომელსაც არც სახელი აქვს, არც მშობლები ჰყავს და არც მოგონებები გააჩნია და რომელიც შესაძლოა ერთი უბრალო ადამიანი, შეშლილი, ქურდი, მსახიობი ან თავად ღმერთი იყოს? კოკო როინიშვილისა და რატი ლაბაძის მიერ „ქალაქის თეატრში“ დადგმული სპექტაკლი „სტუმარიც“ სწორედ ამ ფილოსოფიურ ჰიპოთეზას აცოცხლებს, რომელიც ფრანგი დრამატურგის, რომანისტისა და კინორეჟისორ ერიკ ემანუელ შმიტის მიერ 1993 წელს დაწერილი პიესის სცენური ინტერპრეტაციაა.
აღსანიშნავია, რომ შმიტის შემოქმედება ხშირად ისეთ ფილოსოფიურ და ადამიანურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა რწმენა და ღმერთის არსებობა, ადამიანის თავისუფლება და მორალური არჩევანი, სიცოცხლის აზრი და ადამიანებს შორის ურთიერთობები. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, მისი პიესები ინტენსიურ ფილოსოფიურ დიალოგებზეა აგებული, სადაც პერსონაჟები საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს, ეჭვებსა და შინაგან კონფლიქტებს ერთმანეთის წინაშე ამჟღავნებენ.
სპექტაკლის პირველივე მონაკვეთში იკვეთება რეჟისორული კონცეფციის ორიგინალური აქცენტი - ის ნიუანსი, რომელიც მას თანამედროვეობას უკავშირებს და რეჟისორის მიდგომასა და სადარდებელს გამოხატავს. ესაა ზოგადი ადამიანური პროტესტი და დილემა - ფროიდი დათმობაზე წავიდეს, საკუთარი ქვეყანა გაჭირვებაში დატოვოს, რათა სხვაგან ბედნიერად იცხოვროს, სადაც მეტად დააფასებენ თუ დარჩეს და დაიტანჯოს? ეს კითხვა თანამედროვე მაყურებლისთვისაც აქტუალურია - საკუთარ სამშობლოსა და უკეთეს მომავალს შორის არჩევანის გაკეთება დღესაც ბევრ ადამიანს უწევს.
სიუჟეტის ცენტრალურ ღერძს ფროიდისა და იდუმალი სტუმრის დიალოგი წარმოადგენს. ერთ საღამოს მეცნიერს სახლში უცნობი მამაკაცი ეწვევა, რომელსაც არც სახელი აქვს, არც გვარი, არც მშობლები ჰყავს, არც მოგონებები დაჰყვება თან, ამასთანავე ცნობისმოყვარეა, მუდმივად კითხვებს სვამს, ფროიდს დისკუსიაში იწვევს და არც არსად ეჩქარება. მათ შორის ღმერთზე, რწმენაზე, თავისუფლებაზე და ადამიანურ შიშებზე ფილოსოფიური დიალოგი იმართება.
თუმცა, მაყურებლისთვის სტუმრის ვინაობა ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რაც წარმოდგენას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. კითხვა არაერთია - იგი ნამდვილი ადამიანია, ქურდია, ფსიქიატრიულიდან გამოქცეული პაციენტი, მომავალი მსახიობი თუ მართლაც ღმერთია? პერსონაჟის იდენტობის მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება მაყურებელთან ერთგვარ ინტელექტუალურ თამაშს ქმნის, რომელიც იძულებულია თავად გადაწყვიტოს, ვისთან აქვს საქმე ფროიდს. ამგვარად, რეჟისორი მაყურებელს პასიური დამკვირვებლის როლიდან აქტიურ ინტერპრეტატორად აქცევს.
სპექტაკლში დასმულ კითხვებს ადამიანები საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აუცილებლად წააწყდებიან, თუმცა, ერთმნიშვნელოვან პასუხებს ვერასდროს მიიღებენ. სტუმრის პერსონაჟის გაურკვევლობა და მასთან დაკავშირებული ეჭვებისა და ჰიპოთეზების ალბათობების გათანაბრება, თუმცა, მაინც საიდუმლოდ დატოვებაც ამას ემსახურება. მიმაჩნია, რომ რეჟისორის მიზანია მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს სტუმრის ვინაობა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები ისეთად ხედავენ და აღიქვამენ მას, როგორც თავად სურთ.
მოქმედება ფროიდის სამუშაო კაბინეტში ვითარდება - სივრცეში, რომელიც არამხოლოდ დეკორაცია, არამედ სცენური გარემოს დრამატურგიული ნაწილია. სცენოგრაფია და კოსტიუმები ეპოქის ატმოსფეროს ავთენტურად გადმოსცემს. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი კაბინეტი, სამუშაო მაგიდაზე ქაოსურად მიმოფანტული წიგნები, გრამოფონიდან გაჟღერებული კლასიკური მუსიკა და ცნობილი ფსიქოანალიტიკური სეანსებისთვის განკუთვნილი სავარძელი ჩაკეტილ სივრცეს ქმნის. ეს გარემო ერთგვარ კლაუსტროფობიულ ატმოსფეროსაც ქმნის, რომელიც ადამიანის შინაგან დაძაბულობასა და იმ ფსიქოლოგიურ წნეხს ასახავს, რომელსაც ფროიდი განიცდის.
რეჟისორი ამ ერთი შეხედვით სტატიკურ სივრცეს მუსიკისა და განათების გამოყენებით სიუჟეტის განვითარებისას საინტერესოდ გადაათამაშებს, ანუ ცოცხალ დინამიკად გარდაქმნის. შუქ-ჩრდილების პლასტიკა განწყობის შესაბამისად იცვლება — ხან მკვეთრი კონტრასტები ჩნდება, ხან პასტელური ყავისფერი, მწვანე ან იისფერი ტონები. ამგვარად ვიზუალური გარემო არამხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ემოციურ ფუნქციასაც იძენს და პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას უსვამს ხაზს.
რეჟისორული ინტერპრეტაცია გარკვეულ ეპიზოდებში თანამედროვე ასოციაციებს ქმნის. ამგვარად სპექტაკლი მაყურებელს არამხოლოდ ისტორიულ კონტექსტს აცნობს, არამედ მის გარშემო მიმდინარე რეალობაზეც დააფიქრებს. რეჟისორის მიზანია მაყურებელი ამ კლასიკური ნაწარმოების გაცოცხლებით მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დააფიქროს, რათა სპექტაკლიდან გამოსულები კვლავ ჩავუღრმავდეთ ცხოვრებას, უსამართლობას, ტირანიას, რწმენას, რელიგიას, სიცოცხლის აზრს და, აბსურდულობის მიუხედავად, დავფიქრდეთ და შევეცადოთ უკეთესები გავხდეთ.
სპექტაკლში ზიგმუნდ ფროიდის როლს მსახიობი გია როინიშვილი განასახიერებს, რომლის დამაჯერებელ შესრულებაზეც დიდწილად მთელი წარმოდგენა დგას. იგი ექსპრესიული მიმიკით, ცვალებადი მანერებითა და მაყურებელთან თვალებით პირდაპირი კონტაქტით ახერხებს ერთი შეხედვით მრავალჯერ გაანალიზებული თემები მაყურებელთა გულებში ცოცხალ ემოციებად კვლავ გააქტიუროს. ამ მსახიობის ოსტატობის მეშვეობით სპექტაკლის ყურებისას დარწმუნებული ხარ, რომ შენც მოვლენათა თანამონაწილე ხარ, შენც მასთან ერთად მოგზაურობ საკუთარ ქვეცნობიერში, ცხოვრების ამაოებას იაზრებ და მრავალჯერ განცდილი ტკივილი გიახლდება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მსახიობთა სცენური პარტნიორობაც, რომლის შედეგად ფროიდისა და სტუმრის დიალოგი ცოცხალ და ინტელექტუალურად დაძაბულ თეატრალურ დუელად იქცევა. ფროიდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობს გამოიცნოს ვინაა სტუმარი და მიუხედავად იმისა რომ ათეისტია, მაინც იმედი აქვს, რომ ღმერთს შეხვდა. სპექტაკლში დევს იდეა, რომ ადამიანი რაც უფრო მეტს იაზრებს, მეტად მძიმდება, აცნობიერებს რომ სამყარო ცარიელია და მნიშვნელობა არ აქვს რამხელა ხმაზე იყვირებს - მას მაინც არავინ მოუსმენს და გაუგებს.
არანაკლებ საინტერესოა სტუმრის როლის შემსრულებელი ნიკა ჭკადუაც, რომელიც მაყურებელს მრავალსახოვან, მოხერხებულ და მხიარულ სტუმარს წარმოუდგენს. იგი ფროიდს პირდაპირ არ უცხადებს ვინაა, თუმცა, მინიშნებების დახმარებით ყველა შესაძლო ვერსიას ლოგიკურად აქცევს. მსახიობის პლასტიკა და სცენური სილაღე ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, რომ მისი გმირი ერთდროულად შესაძლოა შეშლილი, ქურდი, გესტაპოს წარმომადგენელი, ფროიდის ქვეცნობიერის ალტერეგო ან თავად ღმერთიც კი იყოს, რომელმაც ჩვეულებრივი ადამიანის მანტია მოირგო. სწორედ ამ მრავალმნიშვნელოვნებაში იბადება სპექტაკლის მთავარი ინტრიგა. სტუმართან დიალოგი მეცნიერისთვის ერთგვარი გამოწვევაა - იგი მუდმივად ეჭვებშია, თითქოს მას გაურბის და სახლიდან აგდებს, თუმცა, ისეთი შეგრძნება გვრჩება, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალიან უნდა, რომ მის წინაშე მართლაც ღმერთი იდგეს.
იდუმალი სტუმარი არც იმას ამბობს, რომ ღმერთი არაა, თუმცა, არც იმას აცხადებს რომ ღმერთია, რაც სპექტაკლს კომიკურ ელემენტებსაც შესძენს. აუცილებლად დაფიქრდები - ნუთუ ღმერთი მართლა ასეთი ახალგაზრდა, მხიარული, ოსტატური, ბავშვივით გულწრფელი, ცნობისმოყვარე და ამავდროულად ღრმად მოაზროვნე და ფილოსოფიურია? ის ღმერთი, რომელსაც მუდმივად დოგმატურად წვერებიან მოხუცად წარმოგვიდგენდნენ, რომელიც რაღაცებს მიგვითითებს და გვასწავლის. ნუთუ ის ნახევრად ხუმრობით მართლა გვეთამაშება და ორაზროვან პასუხებს გვაძლევს - თითქოს უნდა თავად მიგვიყვანოს პასუხებამდე, თუმცა მხოლოდ გვიბიძგოს. ნუთუ იგი თავისუფალი ნების სახელით ჩვენი გაჭირვების ჟამს ხელს არ ანძრევს და მხოლოდ შორიდან გვაკვირდება? ნუთუ ღმერთს ამხელა იუმორის გრძნობა აქვს და ეგზისტენციალური საკითხები მისთვისაც აბსურდული და სასაცილოა?
სპექტაკლი „სტუმარი“ დღევანდელ რეალობას ზუსტად ეხმიანება, რადგან მისი პრობლემატიკა უკვდავია - ადამიანები ყოველთვის დაფიქრდებიან ღმერთის არსებობაზე, მის სამართლიანობაზე, თავისუფალ ნებაზე, სიკვდილზე, შიშებზე, ომზე, ტირანიაზე და აუცილებლად დასვამენ კითხვებს - აქ საიდან გავჩნდი? აქ რას ვაკეთებ? საით მივდივარ? რატომ ხდება ეს? რა არის ცხოვრების მთავარი აზრი? თუმცა, როგორც შმიტისეული ფროიდი იტყოდა, კითხვებს ბავშვები სვამენ, ხოლო სულელი უფროსები იმდენად ამბიციურები არიან, რომ პასუხებზე დაფიქრებასაც კი ბედავენ.