top of page

ილუზიისა და რეალობის ზღვარზე მყოფი მოზარდების ყოფა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_4496.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

ილუზიისა და რეალობის ზღვარზე მყოფი მოზარდების ყოფა

 

დღევანდელი თინეიჯერები უპირატესობას ანიჭებენ „ნეტფლიქსზე“ ფილმებისა და სერიალების ყურებას, თეატრებში მათ იშვიათად შეხვდებით (თუ არ ჩავთვლით 18+ მაყურებელს).  

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ არ დადიან  მოზარდები თეატრში? განა არსად არ გადის სპექტაკლი აქტუალურ თემებზე?  რა თქმა უნდა, არაერთი ღირსშესანიშნავი დადგმა  არის ჩვენი თეატრების რეპერტუარში, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში არ ეხებიან სწორედ 13-19 წლის ახალგაზრდების პრობლემებს. 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა რუმინელი მწერლის - ელის უილკის „მწვანე კატა“ დადგა (თარგმანი - ანანო მირიანაშვილი), რომელიც თინეიჯერების  ძალზე მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება - მშობლების გულგრილობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას, ძალადობას, ცალმხრივ სიყვარულს  და ა.შ. 

ჩემი აზრით, „მწვანე კატა“ აუცილებლად უნდა ნახონ როგორც მოზარდებმა, ისე  მშობლებმა და პედაგოგებმა, რათა  ღრმად გაანალიზონ  მოცემული პრობლემა და შეიტანონ  წვლილი  მის აღმოფხვრაში .

 

 ელის უილკი   ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში საკმაოდ ცნობილი ავტორია, „მწვანე კატაც“ არაერთ  ქვეყანაში დადგმულა და 2019 წელს  აღნიშნული პიესის  მიხედვით  ეკრანიზაციაც გაკეთდა (რეჟისორი: კონსტანტინესკუ  ნარცისი).  ქართველი მაყურებლისთვის  უილკის შემოქმედება ლუკა ინწკირველის   დადგმამდე არ იყო ცნობილი, არა და დრამატურგს მოზარდების პრობლემებზე  ტრილოგიაც აქვს შექმნილი („ქაღალდის თვითმფრინავები“, „ნიანგი“ და „მწვანე კატა“),  რომელიც დააინტერესებდა თინეიჯერების დიდ ნაწილს. 

 

სპექტაკლის დასაწყისში  თითოეული მსახიობი რიგრიგობით გამოდის, კიბეებიანი სცენის ცენტრში, მიკროფონთან და გარკვეული ნივთით, ჟესტით და მცირე მონოლოგით აცნობს მაყურებელს საკუთარ პერსონაჟს. მაგალითად:  ცრუმორწმუნე ფლორის (ანიკო შურღაია) ისტორიის მუზეუმიდან მოპარული ღილი უკავია, შეძლებული რობერტი (სანდრო კახეთელიძე) მაჯის საათს ისწორებს,  ალკოჰოლზე დამოკიდებული როქსანა (თინათინ ნიკოლაშვილი) ანგელოზის ფრთებითა და  არყის ბოთლით გვევლინება,   ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ბუგი (ლადო ვაშაკიძე) -  წამლით ხელში  და ა.შ.

დიდი ალბათობით რეჟისორი აღნიშნულ ხერხს ქმედითობისთვის იყენებს, რადგან პიესა ფაქტობრივად  პერსონაჟების მონოლოგებისგან შედგება. მაგრამ, ჩემი აზრით, გმირების  ამგვარი გაცნობა ტრიბუნასთან გამოსვლას წააგავს. 

 

პერსონაჟების  ტანსაცმელი (დახეული ჯინსი, „ჰუდი“, დიდი ზომის ქურთუკი , შორტები, და ა.შ.) და საუბრის მანერა  (სლენგებითა და ჟარგონებით აღსავსე) დღევანდელ თინეიჯერებს გაგახსენებთ. თითქმის ყველა გმირს თავისუფალი სტილის სამოსი აქვს რობერტის (სანდრო კახეთელიძე) გარდა. ეს უკანასკნელი კონსერვატიულად გამოწყობილია, თავისი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე. 

კონსტანტინე ეჯიბაშვილისა და ვახტანგ გვახარიას მუსიკა უკეთ აგრძნობინებს  დარბაზში მყოფ მაყურებელს ილუზიისა და რეალობის ზღვარზე მყოფი გმირების მდგომარეობას. 

სპექტაკლში დეკორაცია მინიმალისტურია. რამდენიმე სცენაში გამოყენებულია პროექცია, მაგალითად: პირობითად  ასახულია  გზა, რომელიც დანის (გიორგი ქორიძე) მანქანიდან ჩანს.  მთავარი აქცენტი არის გაკეთებული სამსახიობო შესრულებაზე, ამბავზე. 

 

სპექტაკლი თამაშდება „აქ და ახლა“,  მსახიობებს წამებში უწევთ გარდასახვა (ხან ამა თუ იმ ახალგაზრდას განასახიერებენ, ხან კი გამომძიებლების რანგში გვევლინებიან), ამ ხერხითაც რეჟისორი დადგმას უფრო ქმედითს ხდის. ამასთანავე აღვნიშნავ იმას, რომ სპექტაკლში ყველა მთავარი გმირია, აქ არ არის პირველი  და მეორეხარისხოვანი   როლები, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, როგორც ფაზლის ნაწილი.

 

ნუკა ქევხიშვილი  რობერტზე შეყვარებულ მეათეკლასელ ბიანკას როლს ასრულებს, რომელსაც მწვანე კატიანი მაისური აცვია. მან გვიჩვენა გულღია, პესიმიზმით  გამსჭვალული მიამიტი გოგონა, რომელიც  ცრურწმენებითა (როგორც თავისი და ფლორი)  და ალკოჰოლით (არყის სმისას როქსანასთან ერთად ეჩვენება მფარველი ანგელოზი  ვიქტორი) ცდილობს მძიმე  რეალობისგან გაქცევას. მსახიობს საკმაოდ კარგად გამოუვიდა ერთის მხრივ თავქარიანი  და მეორეს მხრივ მორცხვი ახალგაზრდის როლის შესრულება, ზომიერად ამჟღავნებდა ამა თუ იმ ემოციას.

 

რობერტის როლში სანდრო კახეთელიძე გვევლინება. მისი პერსონაჟი ორმაგი ცხოვრებით  ცხოვრობს - მშობლებთან ისეთია, როგორც დედ-მამას უნდა (მოზარდების ენით რომ ვთქვათ - „შკოლნიკია“), ხოლო რეალობაში ნარცისი, ეგოისტი, მხდალი და მექალთანე ჭაბუკია. მსახიობი სპექტაკლის ძირითად ნაწილში საკმაოდ მოწესრიგებული, ასე თუ ისე გაწონასწორებულია, ხოლო დასასრულს, რობერტი  ხვდება თავის შეცდომებს და  შემსრულებელი გადაჭარბების გარეშე აჩვენებს გმირის მღელვარებას - ზედა  სამოსს იხდი,  თითქოს ცდილობს მოიშოროს თავისი სიყალბე.

 

დასაწყისშივე ვახსენე, რომ ფლორი ცრუმორწმუნე ახალგაზრდაა, რომელიც  ყველაზე მეტად განიცდის თავისი დის ამბავს. ანიკო შურღაია მიმიკით, პლასტიკით და საუბრის მანერით  მთელი არსებით  აგრძნობინებს მაყურებელს  ტრაგედიას, გმირის გულისტკივილს, დანაშაულის გრძნობას.

 

ლადო ვაშაკიძე ბუგის როლს ასრულებს. ნარკოტიკულ საშუალებებზე  ძლიერ დამოკიდებული გმირი ცდილობს რეალობისგან გაქცევას და „უკეთეს“ სამყაროში ყოფნას. გმირი თან გაღიზიანებას იწვევს თავისი მდგომარეობის გამო, მაგრამ ამავდროულად  პერსონაჟი ბულინგის მსხვერპლია  და მასში არის ჩამალული საშინელი  მარტოსულობა.

 

როქსანას როლის შემსრულებელი თინათინ ნიკოლაშვილია. იგი ბიანკას საუკეთესო დაქალი გახლავთ, რომელიც მასთან დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. პიესაში ჩანს, რომ  დაქალი   განიცდიდა ბიანკას ამბავს, მაგრამ   სპექტაკლში ბოლომდე  ვერ ვიგრძენი მისგან დანაშაულის გრძნობა, ძლიერი ტკივილი.

 

დანის რთული ცხოვრება აქვს , მამამისი  ფულს, ბავშვობას, ახალგაზრდობას ართმევს, მას თავის ფანტაზიებში არსებული   მწვანე კატა ბედნიერებას  ანიჭებს და უშუშებს ყოველგვარ ტკივილს. გიორგი ქორიძემ შეძლო, ფსიქოლოგიური ტრავმის  მქონე ბიჭის წარმოჩენა, ოღონდ, მომენტებში მის შესრულებაში გადაჭარბება იგრძნობოდა .

 

ბოლოსკენ, პერსონაჟები ერთმანეთს ბიანკას ქუდს ესვრიან, თითქოს ადანაშაულებენ ერთურთს  მის სიკვდილში. შეიძლება, დანიმ ფიზიკურად კი მოკლა ბიანკა, მაგრამ გულგრილობით, ეგოიზმით, უყურადღებობით თითოეულს აქვს შეტანილი წვლილი ამ ფატალურ დასასრულში.

 

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდა შემოქმედებითმა ჯგუფმა ლაკონიურად გადმოსცა მოზარდებში და მათ ოჯახებში არსებული პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩვენგანს გაახსენდება თავისი თუ არა, სხვების რთული თინეიჯერობის პერიოდი. მეტი ყურადღება, მზრუნველობა და ჰუმანურობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ ახლა, მერე შეიძლება გვიანი იყოს.

bottom of page