top of page

ილო მაჩაბლის დაკითხვის ოქმი

represiebi.jpeg

ილო მაჩაბლის დაკითხვის ოქმი

 

გუბაზ მეგრელიძე:

„სანდრო ახმეტელის საქმის უკეთ შესწავლისთვის, გთავაზობთ ახმეტელის დაპატიმრების მერე თეატრის ადმინისტრატორის - ილია მაჩაბლის დაკითხვის ოქმს, რომელიც 1936 წლის 28 დეკემბერს შინსახკომში იქნა შედგენილი“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე და ლეგენდარული ახმეტელისა და ძმებ გიორგი და ილია მაჩაბლების ურთიერთობის უცნობ დეტალებს გვაცნობს:

  • ილია მაჩაბელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრატორი იყო, 1930 წლის ზაფხულში სწორედ მან მოაწყო რუსთაველის თეატრის გასტროლი მოსკოვსა და ლენინგრადში, მეგობრობდა სანდრო ახმეტელთან. 1933 წელს მას უნდა მოემზადებინა თეატრის გასტროლი ამერიკაშიც. ილია მაჩაბლის ძმა გახლდათ ამერიკაში მოღვაწე, „სუნამოების პრინცად“ წოდებული გიორგი მაჩაბელი, რომელიც ახმეტელს ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან - ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიაში მოღვაწეობიდან იცნობდა. აი, ამ მაჩაბელთან უნდოდა ახმეტელს ამერიკაში ჩასვლა.

  • ცნობილია, რომ ეს გასტროლი ბერიამ ჩაშალა. დაკითხვის ოქმში რას ვეცნობით ილია მაჩაბლისგან?

  • 1936 წლის 28 დეკემბერს მაჩაბელმა დაკითხვაზე განაცხადა, ზუსტად ვიცი, ახმეტელი უცხოეთში რომ წასულიყო, სსრ კავშირში აღარ დაბრუნდებოდაო. კარგად იცოდა  ახმეტელის მისწრაფებების შესახებ, რომ ახმეტელი ამერიკაში  მცხოვრებ მის ძმასთან - გიორგი მაჩაბელთან აპირებდა დაკავშირებას. დაკითხვის ოქმში ილია მაჩაბელს უწერია: ჩემი ძმა - გიორგი მაჩაბელი ფაშისტურ ორგანიზაციებთან იყო ახლოს და კავშირი ჰქონდა ქართულ ემიგრაციასთან. ახმეტელს გადაწყვეტილი ჰქონდა - უცხოეთში ჩავიდოდა თუ არა, ჩემს ძმას დაკავშირებოდა, მისი დახმარების იმედი ჰქონდაო. როდესაც ილია მაჩაბელი  დაკითხვაზე  საკუთარ ძმას „ამუშავებდა“, ფაშისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდაო, გიორგი მაჩაბელი ერთი წლის დაკრძალული იყო, ოფიციალური ცნობით, გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, 50 წლის ასაკში.

  • გიორგი მაჩაბელი ახმეტელს თანხით უნდა დახმარებოდა?

  • გიორგი მაჩაბლის მიერ 1926 წელს დაარსებული პარფიუმერული კომპანია „Prince Matchabelli“ 1920-1930–იან წლებში ამერიკის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იტალიაში, ის 1922 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში. გიორგი მაჩაბელი ახმეტელს უყურადღებოდ არ დატოვებდა.

  • ილია მაჩაბელი სანდრო ახმეტელზეც ამბობდა, ფაშისტებთან მუშაობსო? 

  • უშიშროების კაპიტან მხეიძის შეკითხვაზე, რა იცოდა მან ახმეტელის ფაშისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაჩაბელმა განაცხადა: გერმანიის ხელისუფლების სათავეში ფაშისტების მოსვლის მერე, ახმეტელმა მათ მიმართ ინტერესი და სიპათია გამოავლინა, ჰიტლერის შესახებ ყველაფერი აინტერესებდა, აღაფრთოვანებული იყო, სსრ კავშირმა რაც ვერ მოახერხა, გერმანიამ ის 2 წელიწადში შეძლოო. ახმეტელი შინსახკომს თავს არ უხრიდა, ამბობდა, დახვრეტისაც კი არ მეშინიაო. 1935 წლის აგვისტოში რესტორანში სადილობის დროს, ახმეტელმა მაჩაბელთან და სვიმონიშვილთან საუბარში განაცხადა, ვწუხვარ, თეატრი საზღვარგარეთ გასტროლზე რომ ვერ წავიყვანე, ახლა უფლებაც რომ მომცენ, ევროპაში მდგომარეობა ისე დაიძაბა, გასვლას ვერ გავრისკავო. ახმეტელს სჯეროდა გერმანიის ძლიერების, ამბობდა, რომ სსრ კავშირი მასთან კატასტროფულად ჩამორჩებოდა.

  • დაკითხვაზე ილია მაჩაბელი სიმართლეს ამბობდა, თუ ძალის გამოყენებით დააწერინეს ეს „აღიარება“?

  • ვინ იცის. დაკითხვა განხორციელდა 1936 წლის დეკემბერში, 1937 წლის აპრილში კი მაჩაბელი უკვე საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს, ხოლო წლის ბოლოს, დეკემბერში გაათავისუფლეს... მაჩაბლისვე ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ახმეტელს ახალი კავკასიური სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურდა და ერთადერთ გზად ქართველებისა და კავკასიელების ქორწინებას მიიჩნევდა. ოქმში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მომღერალ სერგეი რადამსკიზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის აგენტად ითვლებოდა და სსრ კავშირში ხშირად ჩამოდიოდა. ერთხანს ის ახმეტელს ძალიან დაუახლოვდა. 1936 წლის მაისში რადამსკი თბილისში ჩამოვიდა და თეატრიდან უკვე გათავისუფლებულ ახმეტელის დაბრუნებას შეეცადა, თანამოაზრეები შეკრიბა და ვანო ლაღიძეს ფულიც გადასცა. მაჩაბელი იმასაც წერს, რომ რადამსკისაგან ახმეტელიც ფულს იღებდა და ისინი  დაკავშირებულნი იყვნენ  ტროცკისტ ქალთან - ლიდა გასვიანთან.  

  • რას წერდა ილია მაჩაბელი ახმეტელის დადგმებთან დაკავშირებით?

  • საბჭოთა სცენაზე ფაშისტურ სპექტაკლებს დგამდაო. ყველაზე ცნობილ სპექტაკლ „ლამარაზე“ წერდა, 1930 წელს მოსკოვში გასტროლზე ეს სპექტაკლი ნახეს სტალინმა, კოროვმა და ორჯონიკიძემ. წარმოდგენის შემდეგ სტალინმა თქვა: რეჟისურა კარგია, მაგრამ სპექტაკლში არაჯანსაღი ნაციონალური სულიაო. სერგო ორჯონიკიძემ სტალინის შეფასება ახმეტელის მეგობარ ალექსანდრე ჟორჟიკაშვილს გადასცა, ჟორჟიკაშვილმა კი ახმეტელს უთხრა. ამ უკანასკნელმა სთხოვა: მხოლოდ ის თქვი, სპექტაკლი რომ მოეწონათ, ნაციონალურ სული არ ახსენოო. ამ სიტუაციაზე მოგვიანებით ახმეტელი იტყვის: შემეშინდა, უარყოფითი შეფასების გამო „ლამარა“  სცენიდან არ მოეხსნათ, ამიტომ ამის შესახებ ფართო მასებს დავუმალეო. მოსკოვის გასტროლის შემდეგ  ქართულ სცენაზე „ლამარა“ კიდევ 4 წელი იდგმებოდა, ის განსაკუთრებით მოსწონდათ უცხოელებს, აქებდნენ, რაზეც ახმეტელი პასუხობდა: პიესებს სსრ კავშირის იმ უნიჭო მწერლების რეპერტუარიდან არ ვირჩევ, კოლმეურნეთა ცხოვრებას რომ აღწერენო.

  • ილია მაჩაბელი რა დროიდან იცნობდა სანდრო ახმეტელს?

  • როგორც თვითონ წერს, 1905 წლიდან. 1906 წელს ახმეტელმა კახეთში ბანდა ჩამოაყალიბა, ადგილობრივ მდიდრებს ფულს სძალავდა და ეს ფული პარტიის ყულაბაში არ მიდიოდაო. პეტერბურგში სწავლის დროს ახმეტელი დაუახლოვდა მაღალი საზოგადოების წევრებს: ანდრეი ერისთავს, გრაფინია ზარნეკაუს, ფაბრიკანტ ანდრეევს, რასპუტინის საყვარელ ქალს - ბარონესა კლეისის. სტუდენტებს ახმეტელი არ უყვარდათ, ხშირად ჩხუბობდა და განსაკუთრებით ვერ იტანდა სომხებს. ისე დაბრუნდა თბილისში, სახელმწიფი გამოცდები არ ჩაუბარებია, ნაციონალ-დემოკრატიული პარიის წევრი გახდა, მენშევიკების დროს პარლამენტშიც შევიდა და გაზეთ „საქართველოშიც“ მუშაობდა. 1922 წელს ის კოტე აფხაზს შეხვდა, რომელსაც სამხედრო ცენტრი ჰქონდა დაარსებული და საყოველთაო სახალხო ეროვნული ამბოხებისთვის ემზადებოდა. ამ პროცესებში ახმეტელიც ჩაერთო, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა. დაკითხვის ოქმში მაჩაბელი წერს, ახმეტელი მწერალ მიხეილ ჯავახიშვილზე იყო გაბრაზებული, მაგის დასმენის საფუძველზე მეც დახვრეტის განაჩენი გამომიტანესო - კიდევ კარგი, მაშინ არ დახვრიტეს, კოტე მარჯანიშვილმა იხსნა, რომელმაც სერგო ორჯონიკიძეს სთხოვა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

  • კოტე აფხაზი დახვრიტეს...

  • დიახ, მაჩაბელი წერს, რომ ახმეტელი მისით  აღფრთოვანებული იყო, გმირად თვლიდა და მისი დაწყებული საქმის გაგრძელება სურდა. დაკითხვაზე მაჩაბელმა დააზუსტა გვარები:  მომავლის გეგმებზე ახმეტელმა ალიოშა ბოკერიასთან ერთად ილაპარაკაო. მაჩაბლისგანვე ვიგებთ, რომ 1935 წელს მოსკოვში გადასული ახმეტელი კავშირს არ წყვეტდა რუსთაველის თეატრის მსახიობ ლადო სვიმონიშვილთან და კრიტიკოს ილია ზურაბიშვილთან, თეატრში შემოქმედებითი პროცესის რღვევა უნდოდა და ივანე ლაღიძე მოავლინაო. ამასთან, ბრალს სდებდა ახმეტელს, მოსკოვსა და ლენინგრადში მცხოვრებ გავლენიან ხალხს რუსთაველის თეატრის ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განაწყობსო, 1936 წლის ზაფხულში თეატრის მოსკოვის გასტროლის ჩაშლა უნდოდაო. ილია მაჩაბლის მიერ შინსახკომისათვის მიცემული ჩვენებიდან 6 თვის მერე ახმეტელი დახვრიტეს.

  • რა ბედი ეწია თვითონ ილია მაჩაბელს?

  • ახმეტელის შემდეგ ერთი წელი იცოცხლა, 1938 წელს დააპატიმრეს, გაასამართლეს და კონტრევოლუციური მოღვაწეობის ბრალდებით, ამავე წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულ იქნა 1960 წელს.

bottom of page