top of page

იდეალური ნაცნობების უცნობი ისტორიები...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

250749183_1344527459337731_9173173659364711951_n.jpg

ნერონ აბულაძე

იდეალური ნაცნობების უცნობი ისტორიები...

„თუკი მეუღლესთან  თანაცხოვრება ათწლეულს ითვლის და მუდმივად გაწუხებთ ის ფაქტი, რომ თქვენს რჩეულს აბაზანის მიღების დროს თან დააქვს მობილური ტელეფონი, მაშინ ამ ფილმის ნახვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ რეცენზიაში, რომელიც პაოლო ჯენოვესის ფილმის - ,,იდეალური უცნობები“ განხილვას ეძღვნება. „პროგნოზირებადი, მაგრამ დაძაბული სცენები ორიგინალური ფინალით“ - ასე აფასებენ ფილმს კრიტიკოსები, რომელიც  კინორეჟისორმა პაოლო ჯენოვესიმ საკუთარი კინოსცენარის საფუძველზე შექმნა.

 

ფილმი 2016 წელს გამოვიდა და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. კინოინდუსტრიის პარალელურად პაოლო ჯენოვესის აღნიშნული კინოსცენარით თეატრის რეჟისორებიც დაინტერესდნენ და შეიქმნა საინტერესო თეატრალური ინტერპრეტაციები, როგორც ევროპულ, ისე ქართულ თეატრში. მათ შორის „იდეალური უცნობების“ თანამედროვე საზოგადოებისათვის საკმაოდ კარგად ნაცნობი ისტორიები გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა წარმოგვიდგინეს და შემოქმედებითი ჯგუფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ რეჟისორის კონცეფციისა და სამსახიობო ანსამბლის შესრულების მხატვრულმა ხარისხმა დიდწილად განსაზღვრა სპექტაკლის წარმატება.

 

პოსტ დრამატული თეატრის ეპოქაში ხშირია შემთხვევები, როცა თეატრის რეჟისორები სადადგმოდ კინოსცენარებს მიმართავენ...მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში  რეჟისორის ინსპირაციის წყაროდ შეიძლება იქცეს  ფილმის ცალკეული სცენა ან კონკრეტული მხატვრული პერსონაჟი. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი - ვკითხულობთ აფიშაზე, რაც  ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიმართებაში რეჟისორის აქტიურ, ფამილიარულ ჩარევებს... კინოსცენარისგან განსხვავებით თეატრალურ ვერსიაში შეცვლილია მოქმედების ადგილი, შესაბამისად, მოქმედი პერსონაჟები ნაცვლად მეგობრის სასადილო ოთახისა, ქალაქგარეთ, პიკნიკზე იკრიბებიან. რეჟისორი არც ცალკეული პასაჟების ამოღებას მორიდებია და შედეგად მოქმედების განვითარების, სიუჟეტური თანმიმდევრობის მისეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თუკი ფილმის შემთხვევაში საექსპოზიციო სცენები თითოეული ოჯახის მდგომარეობას, პრობლემებსა და ოჯახის წევრებს შორის გარკვეულ უთანხმოება - წინააღმდეგობებს გვამცნობს, თეატრალურ ვერსიაში რეჟისორი ინარჩუნებს ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობის კლასიკურ კანონს, სადაც ამბავი ერთ დროს და ერთ ადგილას, თეთრი კენჭებით შემოსაზღვრულ წრეში ხდება.

 

სპექტაკლი ღამის ქალაქის დაჩქარებული ვიზუალური კადრების ვიდეო ჩვენებით იწყება. სცენური სივრცე თავისუფალია ზედმეტი ბუტაფორიული დეტალებისგან. მაქსიმალური თეატრალური პირობითობის გათვალისწინებით მხატვარი - (ანანო დოლიძე) წარმოგვიდგენს სამყაროს, სადაც მოქმედება ჩვენს თანამედროვეობაში ვითარდება. თეთრის კენჭებით შემოსაზღვრული წრე ქმნის ქალაქგარეთ მდებარე სკვერის იმიტაციას, რომელიც სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ რინგის მოედანს ემსგავსება, სადაც მხატვრული პერსონაჟების გრძნობებისა და ემოციების მძაფრი ჭიდილი კულმინაციას აღწევს. სცენის მაღლა ჩამოკიდებული ბოძები დაქსელილია ელექტრო სადენებით. საწყის სცენაში პეპეს პერსონაჟს - (ომარ ბექაური) ვეცნობით, რომელიც სცენის სიღრმეში ტელესკოპს ათავსებს. მეგობრებიც ქალაქგარეთ პიკნიკზე იმ მიზეზით იკრიბებიან, რომ მთვარის დაბნელებას დააკვირდნენ. ისინი იღებენ საერთო სელფს, ალაგებენ სკვერს და ელოდებიან მომენტს, როცა სავსე მთვარე დაბნელებას დაიწყებს.  „ყველაფერი აქ გვაქვს, ეს ჩვენი ცხოვრების შავი ყუთია! რამდენი წყვილი დაშორდებოდა ერთმანეთის ტელეფონები რომ შეემოწმეინა?!“ - ამბობს ევა - (ანა მატუაშვილი) და მეგობრებს უცნაურ თამაშს სთავაზობს... - ,, სანამ მთვარის დაბნელება დაიწყება ყველა შემოსულ ზარს და შეტყობინებას ერთმანეთს ხმამაღლა ვუკითხავთ. ჩვენ ხომ საიდუმლოებები არ გვაქვს? არანაირი! „ - აგრძელებს ევა და თავის მობილურ ტელეფონს ავანსცენაზე განთავსებულ სკამზე დებს. ნებით თუ უნებლიეთ მეგობრები იღებენ გამოწვევას და თამაში პრინციპზე თანხმდებიან. პერსონაჟები, ბაშვიბის მეგობრები ამავე დროს ქორწინებაში მყოფი ოჯახის წევრები არიან. ამათგან მხოლოდ პეპეა მარტოხელა.

 

მიზანსცენათა მონაცვლება ეტაპობრივად  გვამცნობს თითოეული მათგანის სურვილებს, პარალელური ურთიერთობების მცდელობებსა  და თანაცხოვრებისგან გამოწვეულ სირთულეებს... პროფესიით ფსიქო თერაპევტი ევა - (ანა მატუაშვილი), რომლის პროფესიული ვალდებულებაც ადამიანების მკურნალობა,  მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა, საკუთარ შვილთან და ქმართან ვერ ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას. ანა მატუაშვილი პროფესიული ოსტატობით ახერხებს თავისი პერსონაჟის შინაგანი სამყაროს სრულყოფილად წარმოჩენას. მსახიობი მთელი  წარმოდგენის განმავლობაში აქტიურად ერთვება მოქმედებაში და თანმიმდევრულად ძერწავს სასიცოცხლო საყრდენს გამოცლილი ქალის დრამატულ ხასიათს. ევასგან განსხვავებით როკოს - (კობა კოპაძე)  არ უჭირს შვილთან კომუნიკაცია... მეტიც, მას შეუძლია ქალიშვილის თავისუფლად ესაუბროს პირველი სექსის მნიშვნელობაზე და პრეზერვატივიც თავად უყიდოს.  როკო მზადაა  ევასთან დაალაგოს ურთიერთობები, დადის ფსიქოლოგთან და ცდილობს მოსალოდნელი განქორწინების თავიდან აცილებას. კობა კოპაძის გმირს არ აღელვებს მოკლე ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებების გასაჯაროება, არც განსაკუთრებულ საიდუმლოს მალავს. მსახიობი ითავისებს თავისი გმირის გრძნობათა ბუნებას და მხატვრული ზომიერებით  გამოირჩევა. ლელესა  (ზაზა ცარულაშვილი) და კარლოტას (თეკლა მარჯანიშვილი) წყვილი განსხვავებული პრობლემის წინაშე დგარს. მათ შემთხვევაში განსაკუთრებულ სირთულეს დედის ფაქტორი წარმოადგენს, რომელიც წყვილთან ერთად ცხოვრობს.

 

თეკლა მარჯანიშვილის კარლოტა ვერ ეგუება დედამთილთან თანაცხოვრებას და მის მოხუცთა თავშესაფარში განწესებას გეგმავს. ახალგაზრდა მსახიობს შესწევს უნარი ღრმად ჩასწვდეს და წარმოაჩინოის თავისი პერსონაჟის ფსიქოლოგიური ნიუანსები და  თვისობრივი მახასიათებლები. ქმრისგან ფარულად კარლოტა ვირტუალურ თამაშში ერთვება. თამაშის პრინციპი  უცნობ ადამიანთან ინტიმურ დეტალებზე საუბარს მოიცავს... ამ შემთხვევაში თამაშის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს არასოდეს შეხვდებიან და მხოლოდ sms სიყვარულით, ფიზიკური შეხების ნაცვლად  ვირტუალურ სივრცეში „სიტყვიერი ალერსით“ შემოიფარგლებიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ დროს ადამიანებს მხოლოდ sms სამყაროში შეუძლიათ ერთმანეთის აღქმა და ეროტიკული ფანტაზიების დაკმაყოფილება. კარლოტას ეს გატაცება მოულოდნელი აღმოჩნდება ლელესთვის, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ თავისი ცოლი საცვლების გარეშე დადის და ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. თავის მხრივ არც ლელე - (ზაზა ცარულაშვილი) ამბობს უარს პარალელურ - sms ურთიერთობებზე და პერიოდულად ინტერნეტ პარტნიორისგან შიშველ ფოტოებსაც იღებს. სწორედ ამ საიდუმლოს გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით უცვლის ტელეფონს პეპეს,  საბოლოოდ კი უარესი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდება. მოულოდნელად ვიგებთ, რომ პეპე არატრადიციულ სექსუალურ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად ლელეს ნებით თუ უნებლიედ უწევს იმის აღიარება, რომ თავად არის არატრადიციული ორიენტაციის. მსახიობი კარგად აცნობიერებს თავისი გმირის მდგომარეობას და ადეკვატური, მყისიერი რეაქციებით ქმნის ლელეს მხატვრული პერსონაჟის დამაჯერებელ ხასიათს.

კოსიმოსა - (სოსო მგალობლიშვილი) და ბიანკას - (მაკა შალიკაშვილი) წყვილმა სიყრულით იქორწინა. ისინი ცდილობენ შვილის გაჩენს, თუმცა ახალშობილის მოვლინებით გამოწვეულ სირთულეებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მეგობრების მსგავსად მათი ურთიერთობაც რადიკალურად დაიძაბა sms და ხმოვანი შეტყობინებების გასაჯაროების დროს...აღმოჩნდა, რომ ბიანკა კვლავ აგრძელებს ურთიერთობას ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში მიმოწერით და რჩევა დარიგებებით შემოიფარგლება. კოსიმოს შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით რთულადაა. პარალელურმა სასიყვარულო ურთიერთობამ თავისი შედეგი გამოიღო, კოსიმო საყვარლისგან შვილს ელოდება. სოსო მგალობლიშვილის გმირი მძაფრი, ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა. მსახიობი მთელი წარმოდგენის განმავლობაში ინარჩუნებს დაძაბულ მდგომარეობას და მკვეთრი, ექსპრესიული გამომსახველობით გამოირჩევა. მაკა შალიკაშვილის ბიანკა იძულებულია თვალი გაუსწოროს არსებულ რეალობას და მტკივნეულად გააცნობიეროს სასურველი ქორწინების აბსურდული დასასრული. მსახიობი, რომელიც საწყის სცენებში ერთგვარი მონოტონური ტონალობით გამოირჩევა, ფინალურ ნაწილში ახერხებს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. დასასრულს, როდესაც ყველა საიდუმლოსა თუ ფარულ ზრახვებს აეხადა ფარდა, პეპეს  - (ომარ ბექაური) დასკვნითი მონოლოგის დროც დადგა, რომელიც  არატრადიციული ორიენტაციის გამო დაითხოვეს სამსახურიდან და ოჯახის წევრებმაც უარი თქვეს მასთან აქტიურ ურთიერთობებზე. პეპე თვლის, რომ თუკი ადამიანი გიყვარს,ის უნდა დაიცვა ყველა იმ საზიზღრობებისგან რაც ირგვლივ ხდება...დაიცვა ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა სიყვარულის ობიექტი შენივე სქესის წარმომადგენელია.

მთლიანობაში წარმოდგენის მხატვრული სტრუქტურა  მოქმედი გმირების ნაცნობი და უცნობი ისტორიების თანმიმდევრულ მონაცვლეობას ემყარება. თანაცხოვრებისას წარმოქმნილი რეალური სირთულეები  თითოეული წყვილის შემთხვევაში ინდივიდუალური პრობლემებით ხასიათდება, რომელსაც ენაცვლება მოკლე ტექსტური თუ ხმოვანი  შეტყობინებით გაცხადებული  სიმართლე. დასასრულს ნაცნობი და უცნობი ისტორიების მძაფრი კონტრასტული დაპირისპირება სრულად ავლენს თითოეული პერსონაჟის შინაგან სამყაროს. ამიტომაც ყოველი ეპიზოდი მომდევნო სცენის დაძაბულ წინაპირობას ქმნის. შესაბამისად  წარმოდგენის მიმდინარეობისას მაყურებელი სრულად ერთვება პროცესში და სპექტაკლის ერთგვარი მონაწილეც ხდება. ფინალურ სცენაში კვლავ დგება სელფის გადაღების დრო, ოღონ ამჯერად მეგობრები საერთო სელფზე უარს ამბობენ... თითოეული მათგანი ინდივიდუალურ სელფს იღებს, სხვადასხვა მიმართულებით ისვრიან ტელეფონებს და ტოვებენ სცენას.

რა მოხდება თუკი თითოეული ჩვენგანი უახლოეს მეგობრებთან ერთად შევთანხმდებით აღნიშნული თამაშის პრინციპზე? ან რა შედეგით დასრულდება ჩვენი ურთიერთობები ჩვენივე ტელეფონში თავმოყრილი შეტყობინებების საჯაროდ გაცხადების დროს? ბოლოს და ბოლოს რა იყო ავტორისა და შესაბამისად რეჟისორის სათქმელი? ის რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ელექტრონული სამყარო ცვლის ფიზიკურს? რომ sms გზავნილებით შეგვიძლია გაცილებით გულწრფელები ვიყოთ ვიდრე რეალური ურთიერთობების დროს? იქნებ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვირტუალურ სამყაროში ჩვენ დაგვემატა ახალი რეალობა, რომელმაც შესაძლებლობები გაგვიფართოვა და საკუთარი თავის უცნობი მხარეები დაგვანახა? ალბათ ამ კითხვებს ნებისმიერი მაყურებელი ინდივიდუალურად გასცემს პასუხს.

 

დასასრულს მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებით განაგრძობს ფუნქციონირებას. დავით ჩხარტიშვილი ახალგაზრდა რეჟისორთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია და ყოველ ჯერზე განსხვავებულ თეატრალურ ექსპერიმენტებს გვთავაზობს.

bottom of page