EDITORIAL BOARD
იამაყე, შენი ნამუშევრით
ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის.
დაინტერესებულ საზოგადოებას თუთა ჯგუშია უნდა გავაცნო. დიახ, თუთა პროფესიით ჟურნალისტია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის ამჟამად მედიის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს. თუთას ისტორია საბავშვო წიგნის გამოცემას მოიცავს. ,,კარგად ყოფნის წესები'' სწორედ ასე ჰქვია მის წიგნის. თუთა ჯგუშია გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის'' კონკურსის ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და ეს წიგნიც სწორედ კონკურსის ფარგლებში გამოიცა. ,,უხერხულია ჩემი მხრიდან ვინმეს მოვუწოდო ამ წიგნის შეძენისკენ,“- მორიდებით ამბობს თუთა და წიგნის ისტორიას თავად მოგვიყვება.
- თუთა, რა ასაკის ბავშებისთვისაა განკუთვნილი თქვენი დაწერილი წიგნი ,,კარგად ყოფნის წესები?“
- წიგნში შესული ლექსები განკუთვნილია 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
-რა გახდა ინსპირაციის წყარო, რომ გამოგეცათ ეს წიგნი?
-გულწრფელად, წიგნის გამოცემაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა, მეგობრების შეფასებებმა და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოხმაურებებმა მომცა საიმისო სითამამე, რომ ,,პალიტრა L''- ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი'' - მიმეღო მონაწილეობა. რამდენიმე ავტორთან ერთად მოვხვდი გამარჯვებულთა სიაში და წიგნიც სწორედ ,,პალიტრა L''-მა გამოსცა. ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად, ალბათ, ვერასოდეს გავბედავი.
-რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ საბავშვო ლექსების ავტორი? როგორ ფიქრობთ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ?
-ხომ ყველანი ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ნებისმიერ რამეს, რასაც წინ სიტყვა ,,საბავშვო'' უძღვის, კვება იქნება, გართობა თუ სხვა. აი, ავტორობა ჩემთვის ისეთი ხმამაღალი სიტყვაა, რომ ბოლო დროს, თუ ასე მომიხსენიებენ, უფრო ვღელავ და ვწითლდები, ვიდრე მიხარია, თუმცა, ორივე განცდა მაქვს. ბავშვობაში წაკითხული ზღაპრები თუ ლექსები დღემდე ზედმიწევნით მახსოვს, სიტყვების მნიშვნელობაც და ჟღერადობაც მძაფრად მაქვს ჩარჩენილი, შესაბამისად, ვაცნობიერებ თითოეული სიტყვის და აზრის წონას, ძალიან ვცდილობ, რაც შეიძლება ბუნებრივი და ახლობელი იყოს მათთვის ეს ლექსები და არა ავტორად, არამედ მეგობრად და ,,თანამზრახველად'' მიმიჩნიონ.
-თუთა, როგორ ფიქრობ რატომ უნდა შეიძინონ მშობლებმა თქვენი წიგნი ბავშვებისთვის?
-უხერხულია ჩემი მხრიდან, ვინმეს მოვუწოდო ამ წიგნის შეძენისკენ, მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ისაა, რომ რაც ამ წიგნში ლექსად წერია, სულ ბავშვებისგანაა გაგონილი და გააზრებული. ისინი ასე ფიქრობენ და ხშირზე ხშირ შემთხვევაში, მართლები არიან.
-და ბოლოს, ჩვენ გავეცანით თქვენ ინფორმაციას და როგორც მივხვდით, თქვენს პრეზენტაციაზე საკმაოდ ბევრი ბავშვი იყო სტუმრად, რა განცდაა ეს ყველაფერი თქვენთვის, როგორც ავტორისთვის?
-ძალიან ამაღელვებელი და გულის ამაჩუყებელია, როცა ხედავ, რომ თავს გიქნევენ არა იმიტომ, რომ გეთანხმებიან, არამედ იმის გამო, რომ შენ იქით ეთანხმები და მათ მხარეს დგახარ. რომ კი, შეიძლება გუბეებში ხტომა, ტანსაცმელის დალაქავება, თმის შეჭრა ან არ შეჭრა და ფერების არჩევა საკუთარი ნების შესაბამისად და არა იმის მიხედვით, როგორც სხვები გვკარნახობენ. მადლობა მათ, რომ უფრო და უფრო მეტ გულწრფელობას მასწავლიან.
ესაუბრა
გური ხუნაშვილი