top of page

„ჰელვერის ღამე“ ქუთაისის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

449791900_794795252866201_6716014795159654570_n.jpg

გუბაზ მეგრელიძე

„ჰელვერის ღამე“ ქუთაისის თეატრში

პოლონელი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის პიესა ,,ჰელვერის ღამე“  ქართულ თეატრში პირველად არ იდგმება. იგი, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის მიერ შარშან წარმატებით დაიდგა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. ამჯერად, ეს პიესა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ სულ სხვა სტილით განასახიერა.

აღსანიშნავია, რომ ეს მისი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, პირველი დადგმაა ამ თეატრში, რადგან გიორგი თავაძემ მოსვლისთანავე საშუალება მისცა რეჟისორებს დაემთავრებინათ თავიანთი დაწყებული დადგმები. ეს გახლავთ სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ გამოჩენილი დიდი პასუხისმგებლობა თეატრის შემოქმედებითი სახის მრავალმხრივად განვითარებისთვის საკუთარი გეგმების გადაწევის ხარჯზე. პირველივე დადგმა იმედს გვაძლევს, რომ თეატრი საინტერესო და განსხვავებულ რეპერტუარს შექმნის და მაყურებელს გაუნელებელ ინტერესს შეუქმნის.

თავიდანვე მაყურებელი უჩვეულო გარემოში ხვდება. პარტერის ნაცვლად სცენაზე უწევს დაჯდომა. ფარდა იწევა და ვხედავთ ცარიელ დარბაზში მდგომ კარლას (ევა ხუტუნაშვილი), რომელიც მაყურებლისკენ ნელი ნაბიჯით ნისლიან გარემოდან მოემართება. ეს გახლავთ ის იდუმალი სამყარო (სადაც ის მარტოა), რომელშიც მას უხდება ცხოვრება და გარკვეულ საკითხებზე დაფიქრება. შემდგომ ფარდა იხურება და კლარა თავისი ოთახის ჩაკეტილ სამყაროში აღმოჩნდება, საიდანაც მხოლოდ ფანჯრიდან გასახედი რჩება. გარემოც (სცენოგრაფი ვერა ყიფიანი) მრავლისმეტყველია - სცენა მაქსიმალურად განტვირთულია ყოფითი დეტალებისგან (როგორც პიესასია მოცემული). წითელი მაგიდა, თეთრი საკამები, თავზე კი სარკეა, სადაც მოქმედ გმირთა ფიგურები არაბუნებრივად დეფორმირებული ჩანს. ეს ორი ფერი სისხლისა და სიკეთის დაპირისპირებაა, ხოლო სარკე გამრუდებულ, სახეშეცვლილ ცხოვრებას აირეკლავს. რეჟისორს აინტერესებს, როგორია გმირთა ფსიქოლოგიური განცდა საომარ ვითარებაში შექმნილ სოციალურ გარემოში და რა ტრაგიკულ გავლენას ახდენს არასწორი, აგრესიული, კაცთმოძულე პოლიტიკა ადამიანთა ცხოვრებაზე.

კარლა შეშფოთებით იყურება ფანჯრიდან, ღელავს სანამ ჰელვერი მოვა ხალხმრავალი ქუჩიდან. იცის, რომ მისი დატოვება ასეთ გარემოში უსაფრთხო არ არის, რადგან ამ არეულ დროში ებრაელების დარბევაა დაწყებული. ამ დროს შემოდის ჰელვერი. რამაზ იოსელიანის გმირი გახარებულია, რომ მას დროშის ტარების უფლება მისცეს, რადგან საკუთარი თავის საჭიროება დაინახა ამ არეულ დროში და ამიტომაც ჯარისკაცობაზე ოცნებობს. ხელში თეთრი დროშაც საზოგადოებასთან დაზავების სიმბოლოა. იგი ჭკუასუსტობასთან ერთად უმწეოა, შეშინებული თვალებით გარესამყაროს აღქმა მისთვის ბუნებრივია. ქუჩის არეულობა და მისი სულიერი გაუწონასწორებულობა ერთმანეთს ერწყმის და შინაგან კმაყოფილებაში გადადის. ამიტომაც კარლასთან მიმართებაში უკვე უპირატესობას გრძნობს და მასზე ძალადობა ბუნებრივად მიაჩნია. რამაზ იოსელიანის გმირი ფიქრობს, რომ სხვაზე გარკვეული უპირატესობა მიიღო. ამიტომაც უხარია კიდევაც, როდესაც მეზობლად მდებარე მაღაზიის ვიტრინას ბრბო ამსხვერვს და ებრაელ მეპატრონეს შეურაცხყოფას აყენებს. ამ დროს მას გაცნობიერებული არა აქვს თავისი ქმედება, თუმცა  ცდილობს ბრბოს აჰყვეს - მან თავისი საჭიროება ჯარისკაცობაში დაინახა. იგი მიენდო შექმნილ ვითარებას და გულუბრყვილოდ დაიჯერა საკუთარი თავის საჭიროება. თუმცა მის გარშემო არსებული სამყარო ყალბი და დაუნდობელია. კარლა ხედვს რა მის აჟიტირებულ მდგობარეობას და დასაწყნარებლად, ყურადღების გადასატანად სადილობას სთავაზობს, მაგრამ ჰელვერი უარს ამბობს - იმდენად ემოციურ განწყობაზეა. იგი დარწმუნებულია, რომ ყველასთვის საჭირო ადამიანია და კარგი გარეგნობისთვის საპარსიც უნდა, რომ ჰქონდეს. ევა ხუტუნაშვილის კარლა შეშფოთებითა და დაფიქრებით თვალს ადევნებს ჰელბერის მდგომარეობას. იგი გრძნობს შექმნილი ვითარების უფრო დრამატულად განვითარების პერსპექტივას. ამიტომაც ფიზიკური ზემოქმედებით ცდილობს ჰელვერის გამოფხიზლებას, მაგრამ ამაოდ.

ჰელვერი კი თავს უკვე ჯარისკაცად გრძნობს და დედობილს ჯარისკაცის მდგომარეობას უხსნის, რომელიც რომანტიზებულად აქვს წარმოდგენილი. ამიტომ, როდესაც კარლას შეკითხვას ვერ პასუხობს თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და თავის ძალის სადემონსტრაციოდ მასზე ძალადობს და თმებით ათრევს. კლარა ამ დროს მის ავადმყოფობას განიცდის და თავს გაუცხოებულად გრძნობს. არ იცის რით უპასუხოს და რა მოიმოქმედოს. კლარა კი იძულებით ცეკვავს მასთან, რომ  ჰელვერი დაძაბულობიდან გამოიყვანოს. ამ დროს ჰელვერი კლარას პირადი ცხოვრებით დაინტერესდება და წარსულს გაახსენებს - თუ რატომ არ ცხოვრობდა ყოფილ მეუღლესთან და მის შეკითხვაზე გყავს შვილი? კლარა ათრთოლდება. მსახიობი ევა ხუტუნაშვილი დიდი განცდით წარმოსახავს ქმართან უთანხმოებას მახინჯი შვილის გამო, რომელსაც ვერ იტანს. მისი დაკარგვის შიშისა და ანგარიშგაწევის გულისთვის მან შვილი ბავშვთა სახლის კიბეებთან დატოვა, რის გამოც ქმარმა სახლიდან გამოაგდო. მსახიობი ფსიქოლოგიური განცდით გადმოსცემს ამ ცხოვრებისეულ პერიპეტიებს. იგი მიხვდა, რომ სხვის ზეგავლენას არ უნდა აჰყოლოდა, საკუთარი პრინციპულობა გამოეჩინა და შვილი დაეცვა. თვითდანაშაულის შეგრძნება მსახიობს არ ასვენებს, ცდილობს როგორმე გამოისყიდოს დანაშაული და ბაღში სკამზე მჯდარი უპატრონოდ მიტოვებული ჰელვერი სახლში მოჰყავს და მას შედმეგ პერიოდულად ექიმებთან მიდიან, რომ მათ ერთად ცხოვრების უფლება გაუგრძელონ. ამაში ხედავს კლარა გამოსავალს, რომ სინდისის ქენჯნისგან განთავისუფლდეს. ჰელვერიც ინტერესით უსმენს და მომავლის იმედი ესახება. სიკვდილის წინ თოვლის ფანტელის წამოსვლა და მის მიერ ამ მოვლენის შეფასება სულიერი განწმენდის ტოლფასია. კლარა მთელი მოქმედების მანძილზე დაძაბულია. ერთის მხრივ, შვილთან დაკავშირებული რთული წარსული, მერე მხრივ კი აღიზიანებს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიება და ჰელვერის მომავალი, რომლის ყოფნა-არყოფნაზეც გამუდმებით ფიქრობს - უჭირს ტრაგიკული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედვას - განსაკუთრებით კი ჰელვერის დამცირებულ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ.

ამ ორი მარტოსულის ცხოვრებაში ქუჩიდან ებრაელთა დარბევის ხმები ისმის და ვითარების გასამძაფრებლად ეკრანზე ფაშისტთა მიერ ამ ადამიანთა აკლების დოკუმენტურ კადრებს უჩვენებენ. კლარა შვილობილის გადასარჩენად ექიმთან მარტო უშვებს, მაგრამ იგი ნაცემი და გაძარცული ბრუნდება, ხოლო ეკლესიის დაწვის გაგონებაზე კლარას ყოველგვარი იმედი ეწურება, ხვდება  ორთავეს განწირულ ხვედრს და შეშინებულია, რა დროსაც ჩუმი პაუზა მრავლისმთქმელი ხდება. კლარას შინაგანი დაძაბულობა კულმინაციას აღწვეს და ამჯერად ჰელვერის დაცვის მიზნით (ახალგაზრდობაში ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად), მას ფერად წამლებს მოზაიკის აწყობის საბაბით აძლევს. ამ დროს რ. იოსელიანის გმირი ძველებურად ენდობა კარლას და მექანიკურად სვამს აბებს. ე. ხუტუნაშვილის კარლაში კი ჩანს თბილი დამოკიდებულება, სიყვარულით განმსჭვალული მზერა და შინაგანი დაძაბულობა. იგი თავშეკავებულად ხვდება ჰელვერის სიკვდილს და საკუთარ განსაცდელს მშვიდად ხვდება.

კლარას კვლავ პარტერში გადასვლამდე მას ქრისტეს სახება თანსდევს, რომ გასაჭირში უფალი ადამიანებს არ ტოვებს და სულიერ გამძლეობასა და პიროვნულ სიმტკიცეს აძლევს, რომელიც სასაკლაოსკენ მიმავალ გზას უმსუბუქებს. კლარას კონფლიქტიც აქვს ღმერთთან, თუ რატომ არ აარიდა მან ეს განსაცდელი რასაც ევა ხუტუნაშვილი განცდით გადმოსცემს. მით უმეტეს, როდესაც ყველა გასასვლელი ჯარისკაცთა ფიგურებით იკეტება  და კლარას სხვა გასაქცევი გზა აღარ რჩება. ისინი ცხოვრებაში რეალიზებული ის ჯარისკაცებია, რომლებითაც ჰელვერი სათამაშო ფიგურებით აღფრთოვანებით ერთობოდა და კლარას ყუთში შესანახად ყრიდა...  

გიორგი თავაძის მიერ პიესის არჩევა მისმა მაღალმხატვრულობამ, სახეთა სრულყოფილებამა და პრობლემატურობამ განაპირობა. ისინი ხომ აქტუალურად ეხმიანებიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რაც თავის გამოძახილს ჩვენს გარემოზეც ახდენს. რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იჭრება ქვეყანაში მიმდინარე არეულობა ადამიანთა შინაგან სამყაროში, პირად გარემოში და აქედან გამომდინარე რა ფსიქოლოგიურ განცდებში არიან გმირები. პოლიტიკურმა დაძაბულობამ დააჩქარა ჰელბერტისა და კლარას დრამა, ვინაიდან მანამდე  საერთო ენა ჰქონდათ გამოძებნილი და  ერთმანეთზე ზრუნავდნენ. ამიტომ გარე ფაქტორებმა ტრაგიზმამდე მიიყვანა მათი ურთიერთობა. რეჟისორ გიორგი თავაძეს უნდოდა პრობლემის განზოგადებულად ჩვენება - თუ რა შეიძლება მოჰყვეს რევოლუციას, ან სახელმწიფო მღელვარებას, სადაც ადამიანებს განსხვავებული ინსტიქტები ამოძრავებთ. სახელმწიფო სტრუქტურების ნგრევასა და ადამიანთა სულიერი დაცემას გამოუსწორებელი შედეგები თანსდევს. ამიტომ ჯარისკაცები ფაშისტებადაც და თანამედროვე ,,წესრიგის დამცველებადაც“ შეიძლება აღვიქვათ.

ფოტო: სულხან გოგოლაშვილი

bottom of page