top of page

ჰარაკელების „ჰამლეტი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ჰამ2.jpg

20.04.2026

ანასტასია ჩერნეცოვა

ჰარაკელების „ჰამლეტი“

ჰარაკი - ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ზეპირსიტყვიერად შემონახულ სამაგალითო ამბავს ნიშნავს, ხოლო ღვინის ქარხნის მარნის ტერიტორიაზე დაარსებული, ამავე სახელწოდების თეატრალური კომპანია, თითქმის შვიდი წელია სხვადასხვა ამბავს იტევს - ჯემალ ქარჩხაძის „მდგმურით“ დაწყებული და ანასტასია ჭანტურაიას საავტორო ნამუშევრით „პერსეფონე“ დამთავრებული. ამ მიმოხილვაში კი მსურს ერთწლიანი „დაძველების“ უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ - სანდრო კალანდაძისეულ ინტერპრეტაციაზე გესაუბროთ.

სანდრო კალანდაძე იმ ახალგაზრდა რეჟისორების რიგს განეკუთვნება, რომლებიც მუდმივად ექსპერიმენტს მიმართავენ: თუ მარიამ მეგვინიტეს „სამი და“ ფსიქოლოგიურ-ნატურალისტური დრამის ფორმით დადგა, „ჰამლეტში“ მაყურებელს სრულიად სხვა ესთეტიკას - ერთგვარ რიტუალურ წარმოდგენას სთავაზობს.

სპექტაკლის დასაწყისში მსახიობები  შავ კოსტიუმებში გვევლინებიან, შემდეგ კი დარბაზში შემოტანილი გარდერობიდან აღებული ჭრელი და ბრჭყვიალა ტანსაცმლით იმოსებიან, რაც  მეტყველებს იმაზე, რომ წარმოდგენა ანტიმიმეტურ ესთეტიკაზეა აგებული. ამ კონტექსტში პარადოქსულია, რომ ჰამლეტი (ბექა ხაჩიძე) მაყურებლის წინაშე თავიდანვე ბრჭყვიალა ტანსაცმლით წარსდგება, მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან განსხვავებით იგი მამის სიკვდილს  გულწრფელად  გლოვობს. შესაძლოა, ეს მიუთითებდეს იმაზე, რომ  სხვებისგან განსხვავებით, ჰამლეტისთვის ჩაცმულობა  მდგომარეობას არ განსაზღვრავს. წარმოდგენის მსვლელობისას აშკარად იკვეთება მისი შინაგანი გამოფიტულობა, აპათია და სამყაროსთან გაუცხოება.

წარმოდგენაში გამოყენებულია ლელა სამნიაშვილის თარგმანი, მარიამ მეგვინიტეს ტექსტუალური ჩანართებით. თარგმანის ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ იგი თანამედროვედ ჟღერს, რაც ორგანულად ერწყმის სპექტაკლის დანარჩენ კომპონენტებს. ამგვარი ტექსტი მსახიობებს ხელს უწყობს სადა, არაპათეტიკურ შესრულებაში.

სპექტაკლი ძირითადად თამაშდება „ჰარაკის“ ორ სივრცეში: პირველი - სარდაფი, ერთდროულად ელსინორის სასახლესა და სასაფლაოს წარმოადგენს, ხოლო მეორე სივრცე თეატრისა და სასახლის ოთახის ფუნქციას ითავსებს. ორივე სივრცეში თავად მაყურებელი იმყოფება. თუმცა რეალურად შემოქმედებით ჯგუფს თეატრის მთლიანი სივრცე აქვს ათვისებული - ბარით დაწყებული და საგრიმიოროთი დამთავრებული, რომელსაც მაყურებელი „ლაივ სტრიმის“ საშუალებით  ხედავს.

სანდრო კალანდაძის „ჰამლეტის“ ყურებისას  გამახსენდა რიჩარდ შეხნერის მოსაზრება თეატრალური გარემოს შესახებ, რომლის მიხედვითაც მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ სცენითა და მსახიობებით. თეატრალური დადგმის კონტექსტში გარემო მოიცავს იმ სივრცეებსაც, სადაც აუდიტორია იმყოფება, სადაც მსახიობები იცვამენ და გრიმს იკეთებენ - ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც თეატრი „ფუსფუსებს“. [1]კალანდაძის „ჰამლეტში“ ეს თეორიული პრინციპი პრაქტიკულ ფორმას იძენს: თეატრი აქ არა მხოლოდ თამაშის ადგილი, არამედ მოქმედების სრულფასოვანი თანამონაწილეა.

სპექტაკლის მხატვრობა თამრი ოხიკიანს ეკუთვნის, რომელშიც მკაფიოდ იკითხება მხატვრის ხელწერა. ეს განსაკუთრებით ჩანს ქვებით მორთულ აირწინაღში, რომელიც ჰამლეტსა და ჰორაციუსს (გიორგი წერეთელი) უკეთიათ. აირწინაღი ოხიკიანის სხვა ნამუშევარშიც - „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლებში“ გვხვდება, სადაც მას ბუბა გოგორიშვილი ირგებს. თითქოს ამ პერსონაჟებს ერთი საერთო სურვილი აერთიანებთ - დაიცვან თავი „ტოქსიკური“ გარემოსგან. ოხიკიანის მხატვრობისთვის დამახასიათებელია ნაგვის, მეორეული ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთის გროვის გამოყენება, რაც „სათაგურის“ სცენაშიც გვხვდება, თუმცა აქ სხვაგვარად არის გადამუშავებული. გამოყენებული საგნები ნაცრისფრად არის შეღებილი, რაც  აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ნანგრევებს გვახსენებს. ამ ასოციაციას კიდევ უფრო ამძაფრებს პროექცია, რომელშიც განადგურებული ღაზას სექტორი ჩანს.

ჩნდება კითხვა - რატომ ღაზას სექტორი და არა საქართველოს ისტორიიდან აღებული კადრები ან, მაგალითად, უკრაინის ომის ქრონიკა? თუ  მარიამ მეგვინიტეს  ანანო მახარაძის მიერ განსხეულებული მონოლოგი მიმართულია ზოგადად  განადგურებულ სამყაროზე, მაშინ რატომ შეაჩერა არჩევანი შემოქმედებითმა ჯგუფმა ღაზაზაზე ? იმიტომ ხომ არა  რომ  ერთ-ერთი ყველაზე  „ცხელი" თემაა მსოფლიო მასშტაბით  და საზღვარგარეთ სპექტაკლის ჩვენებისას განსაკუთრებულ მოწონებას დაიმსახურებს?  გამოდის რომ ღაზას სექტორი მათთვის მეტად აქტუალურია, ვიდრე სხვა დანარჩენი კონფლიქტი.  აქვე უნდა ითქვას, მსახიობმა კალეიდოსკოპიურად შექმნა განადგურებული სამყაროს სული, რომელიც სუნთქვაშეკრულს ტოვებს  არა მხოლოდ კლავდიუსს (ლაშა ლაშხი), არამედ მთლიან მაყურებელთა დარბაზს.

უცნაურია ის, თუ რატომ ტოვებს ჰამლეტი თეატრის შენობას და გადის საპროტესტო აქციაზე (რაც წინასწარ  ჩაწერილ ვიდეოში ჩანს) . რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს? ცხადია,  პირველი რაც შეიძლება მოუვიდეს ადამიანს თავში ესაა ის, რომ ჰამლეტი „დაიღალა“ და აღარ სურს წარმოდგენის გაგრძელება, იქნებ ეს ნიშნავს იმას, რომ ის, რაც უნდა „აღსრულდეს“ თეატრის შენობაში ვერ  შედგება  და  მხოლოდ გარეთ, პროტესტის შემთხვევაში „აღსრულდება“? მაგრამ მაშინ რატომ გრძელდება  ამბავი  და  ჰამლეტს ანანო მახარაძე ასრულებს? შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მისი პერსონაჟი  ჰამლეტის  ალტერ ეგოა, როგორც  „მეფე ლირში“ მასხარა კორდელიასი. გამოდის რომ თითქოს ჰამლეტი ორ ფრონტზე იბრძვის - ერთი გარეთ, მეორე კი თეატრში.

ჰარაკელების „ჰამლეტზე“ სულ სამი რეცენზიაა დაწერილი, უცნაურია, მეტი რატომ არა? დიდი ალბათობით ეს იმის გამო ხდება, რომ სპექტაკლი თავისი სტრუქტურით და არა მხოლოდ საკმაოდ რთულია, ხოლო  ქარხნული წესით დადგმული სპექტაკლების ანალიზი ხომ ბევრად უფრო მარტივია.

 

 

[1] შეხნერი რ.  გარემოს თეატრი, მთარგმნელი გრძელიძე ქ. თბილისი, „კენტავრი“, 2023, გვ. 9

bottom of page