top of page

ღვთაებრივი კომედია

56347748_550000865490603_783714465314399

პირველად ქართულ სცენაზე, დანტე ალიგიერის
ღვთაებრივი კომედია; 
ღია რეპეტიცია. 

 

ნუცა კობაიძე


რეჟისორი იოსებ ბაკურაძე გვიწვევს თავისი სპექტაკლის ღია რეპეტიციაზე. რთული და სარისკოა პრემიერამდე მაყურებელს და მით უფრო, კრიტიკოსებს აჩვენო შენი ჩანაფიქრი. ასეთ დროს ყოველთვის მოსალოდნელია აუდიტორიის განწყობამ ჩაგიშალოს ნაფიქრი. ყველაზე რთული გამოცდა მსახიობებს აქვთ ჩასაბარებელი. ისინი რეპეტიციას გადიან და თან ფაქტობრივად პრემიერის დღე აქვთ. სამი 20-წუთიანი აქტი, ორი ანტრაქტი და სამჯერ გამოსვლა თავის დასაკრავად მაყურებლის წინაშე. ყოველი აქტის შემდეგ გგონია, რომ დამთავრდა სპექტაკლი - ესეც პრაქტიკული და კარგი ჩანაფიქრი. სად გინახავთ ქართულ სცენაზე ერთი საათის მანძილზე ორი ანტრაქტი. თითქოს ორ წამში მთავრდება წარმოდგენა. რეჟისორი დანტე ალიგიერის სურვილს ითვალისწინებს - ავტორს თავიდან უნდოდა დაეწერა სამი წიგნი: „ჯოჯოხეთი“, „განსაწმენდელი“ და „სამოთხე“, რაც სამ მოქმედებაში ჩასვა იოსებმა და მსახიობების მაყურებლის წინაშე თავის დაკვრით  თითქოს სამჯერ დაასრულა სპექტაკლი.  დანტემ სამივე წიგნი გააერთიანა და დაარქვა „კომედია“, რასაც ჯოვანი ბოკაჩომ დაუმატა „ღვთაებრივი“. ყველასთვის ცნობილი ეს უდიდესი ნაწარმოები ასახავს დანტესა და ოსტატი ვირგილიუსის მოგზაურობას. ისინი ათვალიერებენ ჯოჯოხეთს, სალხინებელს და სამოთხეს. ყოველივე ამის პლასტიკით გადმოცემა საკმაოდ რთულია, რაც რეჟისორმა ოსტატურად და გემოვნებით მოახერხა თავის სპექტაკლში.


ეს არ იყო  რეპეტიცია რეჟისორის ჩარევით და მითითებებით. ეს იყო წინა საპრემიერო ჩვენება, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები - კოსტიუმები და სცენოგრაფია - პრემიერისთვის შემოინახეს. თეატრის მოყვარულებს მუდმივად აინტერესებთ ის საოცარი პროცესი, რასაც შემოქმედებითი ჯგუფი გადის სპექტაკლის შექმნის დროს. ეს ნაწილობრივ რეჟისორმა გაუმხილა მათ, რითაც უფრო მეტი სურვილი გაუჩინა მისულიყვნენ პრემიერაზე და დასრულებული სახით ენახათ წარმოდგენა.


პრემიერა
ჯოჯოხეთი. პარტერი სამჯერ იცვლება. პირველ მოქმედებაში ერთმანეთის პირისპირ ზის მაყურებელი, მათ შორის კი თამაშდება ჯოჯოხეთის შთამბეჭდავი სცენა, რომელსაც განსაკუთრებით გამოვყოფდი დანარჩენებისგან. არა  დეკორაცია, სიბნელე, შემზარავი მუსიკა (კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია), რომელიც განსაკუთრებულ ეფექტს და ემოციურ დატვირთვას სძენს სპექტაკლს. მაყურებელს შორის დაძრწიან სულები, მათი სისწრაფე და მოქნილობა შიშს იწვევს. უეცრად ისე ჩაგიქროლებენ ლანდები, თითქოს ქარი უბერავს და ამას გრძნობ. გაოგნებული, შეძრწუნებული, დაკრუნჩხული, დატანჯული, სასოწარკვეთილი პერსონაჟები პლასტიკით გადმოსცემენ ჯოჯოხეთის სიმძიმეს და „ტანგაძარცული ქმნილებები“ ჩვენს თვალწინ ღაფავენ სულს. 
„უფსკრულის პირად მომესმოდა მე ღრიანცელი,
მოჰქონდა ჩემსკენ უფსკრულების ბნელი არავი
და ხმაურობის საშინელი კორიანტელი.“
„ღრიანცელი“, „უფსკრულების ბნელი არავი“, „ხმაურობის საშინელი კორიანტელი“ - პირველი მოქმედება ზუსტად ასახავს ავტორის სიტყვებს. მთელი 20 წუთი სცენაზე მსახიობები ერთმანეთში ირევიან, იხლართებიან, გიჟებივით დარბიან, სხვა არაფერი ხდება და მაინც ყველაზე ეფექტური სცენაა.
„ეს აქ ცოდვილებს გაემართათ სასტიკი ბრძოლა,
არა ხელებით მარტოოდენ, არამედ თავით,
მკერდით, ფეხებით, - ხორცს აგლეჯდნენ კბილებით ერთურთს“.


პირველი აქტის ბოლოს, ჩაბნელებული სცენის შუაგული ნათდება, რომლის წრეზე ფრთხილად დადის მსახიობი და აი სალხინებელისკენ მიმავალი გზაც.
სალხინებელი. მეორე მოქმედება გამოირჩევა დრამატურგიით. აქ უკვე რეჟისორი გვიყვება ამბავს. გაჩნდა დეკორაცია - მრავალფუნქციური შუშის მაგიდა, რომელზეც იბადება ბავშვი, კვდება ადამიანი, იმართება ნადიმი, ლოთობენ, სჩადიან ცოდვებს, კარტზე მკითხაობენ, აწყობენ ორგიას, ჩნდება ადამიანური განცდები, გაჭირვება, ბრძოლა გადარჩენისთვის. მაგიდის გადაყირავებისას, მის ქვედა მხარეზე იკვეთება იესო ქრისტეს ნახევარი სახე. თვითონ დანტე ღვთისმოშიში ადამიანი იყო  და სასტიკი - ურწმუნოთა მიმართ.  კოსტიუმები თანამედროვე ელემენტებით ეპოქალური და მდიდრულია (მხატვარი: ბიძინა სიდიანი, ანა გორბასი). პარტერი იცვლება რკალისებური განლაგებით. განსაწმენდელს დანტე აღწერს როგორც კუნძულს, „სადაც ტალღები გარს ევლება მტკიცე ნაპირებს...“ და ჩვენც ვხვდებით პარტერის ფორმის ჩანაფიქრს.  


სამოთხე.  მესამე აქტი წრიული, ამფითეატრის მსგავსი პარტერის შუაში მიმდინარეობს. ღია ფერში გამოწყობილი მსახიობები, ცეკვავენ. თანამედროვე ბალეტი და აკრობატული ილეთები, სიმსუბუქე და ჰაეროვნება სასიამოვნო საყურებელია. უცნაურია, მაგრამ ჯოჯხეთისა და სამოთხის სცენები სტილისტური გაგრძელებაა ერთიმეორის. ჩემთვის ბანალურია ნაჭერზე დაკიდებული წყვილის ცაში ფრიალი, ანგელოზები, რომლებიც ნეტარებას განიცდიან. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს მსახიობების საოცარი პლასტიკა და ლამაზი ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე. მსახიობები: მარიამ ბალახაძე, ბექა გარსენიშვილი, მიხეილ ზაქაიძე, თამთა თავდიშვილი, ანა თალაკვაძე, გიორგი ხაჩიძე, კოტე ლიპარტელიანი, ინდირა რეიესი). 


მუსიკა კრავს სამ მოქმედებას, რომელიც ანტრაქტის დროსაც ჟღერს და მაყურებელს არ აძლევს სპექტაკლიდან მოწყვეტის საშუალებას.
„ასე ვუჭვრეტდი ამ უცნაურ სანახაობას...“
გამოყენებული ლიტერატურა: დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედია“       
 

bottom of page