top of page

პირველი წარმატებული ნაბიჯი - „ნიკო“ გურჯაანის კულტურის ცენტში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.k-4lv3JdycycL01951cJuT4ktdLOaOthx9EGnON3t1U.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

პირველი წარმატებული ნაბიჯი - „ნიკო“ გურჯაანის კულტურის ცენტში

 

გურჯაანის კულტურის ცენტრი ახალ „თეატრალურ“ ცხოვრებას იწყებს. იქამდე არსებულ სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებს, ამჯერად სამოყვარულო თეატრის წარმოდგენაც დაემატება. შეიძლება ეს სულაც განახლებული აქტივობაა, თუმცა იგი ახლა უერთდება სახალხო და სამოყვარულო თეატრების იმ დიდ ჯგუფს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვანში, ონში, თერჯოლაში, ხარაგაულში, საჩხერეში, ხონსა და სხვა ქალაქებში არსებობს. სამსახიობო კოლექტივის არარსებობის მიუხედავად ახალი დირექტორის ბექა სონღულაშვილის ინიციატივით სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა წარმოდგენა, სადაც ორი პროფესიული მსახიობის (გიორგი აფციაური, გიორგი ქადაგიშვილი, ნინო დავითაშვილი, მარიამ მაისურაძე) ერთად იდგნენ მოყვარულები, რომლებმაც ძალიან რთული ქორეოდრამა „ ნიკო“ (რეჟისორი ლევან ხვიჩია) გაითამაშეს და უნდა ითქვას ბრწყინვალედ.

რეჟისორ ლევან ხვიჩიასთვის თანამედროვე წარმოდგენა ახალი არაა. ეს ის რეჟისორია, რომელიც არჩეულ მასალაში ყოველთვის პოულობს საკუთარ სათქმელს და რაც ორიგინალურად მას მაყურებელს. სპექტაკლი „ნიკო“ ცხადია ფიროსმანს ეხება, მის ცხოვრებას, რომელიც ბოლო სეზონებში რამდენჯერმე იყო განხორციელებული სხვადასხვა რეჟისორების მიერ (ელენე მაცხონაშვილი, ნიკა ლუარსაბიშვილი, დავით ჩხარტიშვილი, თუ არ ჩავთვლით გიგა ლორთქიფანიძის „მარტოობის დღესასწაულს“). დრამატურგიული პირველწყარო არც ისე ბევრია, მაგრამ რეჟისორმა განსაკუთრებული ვერსია შექმნა (თუმცა თავისთავად ბიოგრაფიას ვერც აუვლიდა გვერდს), მაგრამ ნიკოც და მის არეალში მოხვედრილი ადამიანები ახლებურად, ყველასგან განსხვავებულად წარმოაჩინა და რაც მთავარია არავერბალურ სპექტაკლში ცეკვის, მუსიკის, პლასტიკის და სასცენო მოძრაობის საშუალებით ისე გამოკვეთა ყველა მათგანის ხასიათი, რომ ადრე ნახსენები სპექტაკლების პერსონაჟებს არ ჰგვანან. უდავოდ საინტერესოა შოთა ბაგალიშვილის სცენოგრაფია, სადაც ფიროსმანის ნამუშევრები კი არა არის გამოფენილი, არამედ მისი ნახატების გმირები სახე-ხატებად გვევლინებიან სცენაზე. უკანა პლანზე კი მისი შედევრების ანარეკლებია, ერთგვარი მეტაფორა - ნიკო ფიროსმანის არშემდგარი გამოფენა. სპექტაკლი ხანგრძლივი პაუზით იწყება, რაც არავერბალური წარმოდგენისთვის ოდნავ გაჭიმული მომეჩვენა. ეს სავარაუდოდ პატარა ნიკოსა და დედამისის დიალოგია და ნიკოს გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივი დრო:’ დარჩეს მირზაანში თუ ქალაქში წავიდეს. სცენის სიღრმეში კი ის პერსონაჟები არიან განლაგებული, რომელთაც ნიკო მალე „შეამჩნევს“ და სამუდამოდ ჩაიბეჭდავს მათ მახსოვრობაში, რათა მოგვიანებით თავის სურათებში აღბეჭდოს. შემოქმედებითი ჯგუფი პრინციპულად არ მიჰყვება მხატვრის ბიოგრაფიას. ის დეტალები, რომლების მისი ცხოვრებიდანაა ხაზგასმული, ფაქტობრივად მეტაფორაა მისი სულისა და განწყობის გადმოსაცემად. არც მისი სიკვდილის სცენაა სპექტაკლში: ფენომენალური, გენიალური ხელოვანი ხომ უკვდავია. არაპროფესიონალმა მსახიობებმა: ჟანა მაისურაძემ, სალომე მუხულიშვილმა, გიორგი ბერიკაშვილმა, ლაშა შაკიაშვილმა, კახა ოდიშელაშვილმა, დათა გორგიაშვილმა გიორგი ბეროშვილმა, ანდრია მირიანაშვილმა პროფესიულ მსახიობთა გვერდით უსიტყვოდ, პლასტიკითა და ცეკვით სახე-ხატებად აქციეს თითოეული მათგანი: მარგარიტა თითქოს მხოლოდ მომღერალი მარგარიტა არაა, ზდანევიჩიც ექსპოზიციის გიდიცაა და მხატვარიც, ლადო გუდიაშვილი უფრო მისი მეგობარი და თანამოაზრეა, ვიდრე უბრალოდ დამკვირვებელი და შესანიშნავ მუსიკალურ ჰანგებზე (ალექსანდრე კორძაია) აწყობილი ქორეოდრამა ნამდვილად ახალი სიტყვაა გურჯაანის კულტურის ცენტრში.

კახეთის ქალაქები მშრომელებითაა დასახლებული და შესაბამისად შესაძლებელია მათ არც აქვთ საკმარისი დრო გასართობად. ადრე კინოთეატრები მაინც ფუნქციონირებდა. მახსოვს ჩემი წინაპრების სოფელ ველისციხეში ყოველ საღამოს ზაფხულობით ფილმებს ვნახულობდით. სპექტაკლებს შენობა და შემოქმედებითი რესურსი სჭირდება. ამ ქალაქებიდან ჯერ მხოლოდ გურჯაანი აღმოჩნდა (რასაკვირველია თელავი სახელმწიფო თეატრით ცალკე დგას), რომლის ხელმძღვანელობამ, ქალაქის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და ახალმა დირექტორმა შეძლეს შემოქმედებით და ფინანსური სახსრების მოძიება სახალხო თეატრის აღორძინებისათვის.

აქვე არ შეიძლება არ დავამატოთ ის მასპინძლობა, რაც გურჯაანის კულტურის ცენტრმა სიღნაღის სახალხო და სამოყვარულო თეატრების ფესტივალს გაუწია: ამ სცენაზე მათი პროგრამიდან წარმოდგენილ იქნა ორი სპექტაკლი: თეატრალური ლაბორატორიის „ორკესტრი“ და საჩხერის თეატრის „ფუტურო ადამიანები“.

გურჯაანის კულტურის სახლსა და სახალხო თეატრს ფართო ასპარეზი ეხსნება: სახალხო თეატრების ორი ფესტივალი იმედია დაინტერესდება მათი შემოქმედებით და მომავალ წელს გურჯაანის კულტურის ცენტრის წარმოდგენებსაც ვიხილავთ მათ პროგრამაში.

bottom of page