გორის თეატრი ადანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
მაკა ვასაძე
გორის თეატრი ადანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
ფონდი საბანცის და თურქეთის თეატრების დირექტორიატის მიერ დაფუძნებული ადანის საბანცის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1998 წელს დაარსდა და მოკლე დროში საერთაშორისოდ გადაიქცა. ფესტივალის მიზანია თურქ მაყურებელს საშუალება მისცეს გაეცნოს მსოფლიო სათეატრო ხელოვნების მრავალსახეობას. წლების განმავლობაში ფესტივალმა სხვადასხვა ქვეყანას უმასპინძლა. მათ შორის: რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, იაპონიას, სერბეთს, მონტენეგროს, ავსტრალიას, ეგვიპტეს, შვეიცარიას, დანიას, ყირგიზეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, თურქეთის კვიპროსს, ისრაელს, კორეას, მოლდოვას, პოლონეთს, ესპანეთს, ირლანდიას, იტალიას, კუბას, ლიტვას, ჩილეს, ჰოლანდიას, ბელგიას, ჩინეთს, კოსოვოს. ფესტივალმა 18 წლის განმავლობაში უმასპინძლა ასობით თეატრალურ დასს, 6 ათასზე მეტ მსახიობს 42 ქვეყნიდან. ფესტივალს დაესწრო 466985 მაყურებელი. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობაა. თურქეთის მთავრობა თვლის, რომ ფესტივალი საჭიროა ქვეყნის მორალური და სამოტივაციო განვითარებისათვის, ერთობისა და სოლიდარობისათვის. ფესტივალი ხელს უწყობს, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე საზოგადოების ხელოვნებასა და კულტურაში ჩართულობას. ფესტივალის დამაარსებლები თვლიან, რომ ხელოვნება არის შემოქმედებისა და წარმოსახვის გამოხატვა, ხოლო კულტურა ადამიანის არსებობის პირობაა. კაცობრიობა ემოციების, ფიქრების, ოცნებების, ენთუზიაზმით ქმნის ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ხელოვნების თითოეული ნიმუში აახლოებს ადამიანებს. მაგალითად, თეატრი ისეთ დადგმებს ახორციელებს, რომლებიც ჩვენს რეალურ ცხოვრებას ასახავს. სათეატრო ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის და ახსენებს ხალხს მათი სულის და ემოციების არსებობას. ადანის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველ გაზაფხულზე ტარდება. იწყება 27 მარტს და მთელი თვე გრძელდება. ფესტივალზე სათეატრო დასები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ნაწარმოებებზე შექმნილ სპეტაკლებს.
საბანცის ფონდი, სათეატრო ხელოვნების ხელშეწყობით, მიზნად ისახავს სოციალურ განვითარებას, იმ რწმენით, რომ კულტურა, ხელოვნების აქტივობები დიდ როლს ითამაშებს მის განვითარებაში. ამიტომაც, კულტურა და ხელოვნების მხარდაჭერა მათთვის პრიორიტეტულია, აგერ უკვე 43 წელია. ფონდის დაფუძნების შემდეგ, მათ დააარსეს არაერთი ინსტიტუტი, საზოგადოების საჭიროებათა მიხედვით, კულტურისა და ხელოვნების დარგებში. ააშენეს კულტურული ცენტრები, თეატრალური შენობები და მუზეუმები, თურქეთის ყველა რეგიონში. ფონდი მხარს უჭერს სხვადასხვა თეატრალურ თუ კინო, მუსიკალურ თუ არქეოლოგიურ პროექტებს. ამ პროექტების მიზანია ახალგაზრდა თაობის მიზიდვა ხელოვნებაში, რათა უფრო მეტი ადამიანი ეზიაროს ხელოვნების საერთაშორისო ენას. 2016 წელს ფონდმა თეატრს, მუსიკას, ხალხურ ცეკვას, არქეოლოგიურ კვლევებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უჭერდა მხარს, დაუმატა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ადანის თეატრალური ფესტივალი მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ დასებსაც. გარდა სპექტაკლებისა, ფესტივალის განმავლობაში ტარდება ვორქშოფები. ფესტივალი 1 თვის განმავლობაში იპყრობს მთელი თურქეთის ყურადღებას.
2017 წელს მე-19-ე ფესტივალზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი იყო მიწვეული, სოსო ნემსაძის დადგმული „ალუბლის ბაღით“. თეატრი აპრილის ბოლოს, ფესტივალის დახურვისთვის იმყოფებოდა თურქეთში. მათ სამი სპექტაკლი ითამაშეს. ორგანიზატორებმა საფესტივალო პროგრამიდან 5 სპექტაკლი შეარჩია სტამბულის საბანცის უნივერსიტეტის თეატრში სათამაშოდ, მათ შორის იყო „ალუბლის ბაღი“. ადანაში ქართველმა არტისტებმა ორი სპექტაკლი წარმოადგინეს. სტამბულში და ადანშიც მაყურებელთა დარბაზი გადაჭედილი იყო. საქართველოს თეატრალური კავშირის გრანპრის მფლობელი სპექტაკლი თურქმა მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. მათ ზუსტი შეფასებები და რეაქციები ჰქონდათ სოსო ნემსაძის ორიგინალურად ინტერპრეტირებულ ჩეხოვის ნაწარმოებზე. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მაყურებელი მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა პაკლონზე გამოსულ მსახიობებს. ადანაში კი რამდენიმე აღრფთოვანებული ადამიანი, მსახიობებს გარეთ უცდიდა ფოტოების გადასაღებად. ფესტივალებში მონაწილეობა შემოქმედებითი ჯგუფისთვის უდიდესი სტიმულია. ვულოცავ გორის თეატრს ფესტივალზე წარმატებით წარდგომას და ვუსურვებ, კიდევ ბევრ ფესტივალში მონაწილეობას თუ საგასტროლო ტურნეებს.