
გმირი თუ მკვლელი?
ანუ უმსხვერპლო ომები არ არსებობს!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
.jpeg)
20.02.2026
ანა მირიანაშვილი
გმირი თუ მკვლელი?
ანუ უმსხვერპლო ომები არ არსებობს!
„სახელმწიფო ადამიანის მსხვერპლად შეწირვას არ გამორიცხავს.
მსხვერპლად საზოგადოებისთვის, ან თუ გნებავთ,
საზოგადოების ფასეულობებისთვის. ოდითგანვე ასე იყო.
ჯარისკაცის ვალია, საზოგადოებას ზიანი აშოროს.
თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს“
ფერდინანდ ფონ შირახი
„ტერორი“
მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლ „ტერორზე“ მისული მაყურებელი ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტის მონაწილე ხდება. მსახიობები: ეკა ჩხეიძე (სასამართლოს თავმჯდომარე), ნატალია გაბისონია/ანუკი ბუბუტეიშვილი (პროკურორი), ნინი ნოზაძე/ნინი კვირიკაშვილი (ადვოკატი) თავიდანვე აფრთხილებენ მაყურებელს, რომ ამ საღამოს მათ პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა არ გამოუვათ, იმ საღამოს სცენაზე გათამაშებულ სასამართლო პროცესში ყველა მონაწილეობს და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს გამოიღებს მაყურებელთა დარბაზში გამართული კენჭისყრა, თავმჯდომარე აცხადებს განაჩენს: გამამტყუნებელს ან გამამართლებელს. სასამართლო სხდომის დასასრულს მაყურებელს სთხოვენ ასწიონ წინასწარ დარიგებული ბარათები - ბარათის თეთრი მხარე განსასჯელის გამართლებას ნიშნავს, წითელი კი - გამამტყუნებელ განაჩენს. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი ითვლის.
გერმანიის საჰაერო ძალების პილოტი, მაიორი ლარს კოხი (პაატა ინაური), თავისი ქმედებების შედეგებს ელის. ახლა უნდა გაირკვეს, სწორად მოიქცა თუ არა ის იმ დღეს, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი კურსიდან გადაეყვანა, რის შედეგადაც თვითმფრინავი აფეთქდა. ამ რეისზე ხომ 164 უდანაშაულო ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ ეს თვითმფრინავი Allianz Arena-სკენ მიემართებოდა, სადაც იმ საღამოს 70 000 მაყურებლის წინაშე გერმანიასა და ინგლისს შორის საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. სტადიონზე მყოფი ხალხი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სამხედრო პილოტმა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რის შედეგადაც მისი მგზავრები დაიღუპნენ. ახლა ბუნდესვერის პილოტს 164 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის ასამართლებენ. როდესაც ცენტრისგან მის მოთხოვნებზე პასუხი არ მოვიდა, მან თვითნებურად გადაწყვიტა ტერორისტების მიერ გატაცებულ თვითმფრინავზე თავდასხმა, რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა ათასების გადასარჩენად...
ამ სასამართლო პროცესზე პასუხი უნდა გაეცეს ბევრ ფუნდამენტურ შეკითხვას: დასაშვებია თუ არა ტერორისტებზე თავდასხმა ამ სიტუაციაში? ვინ არის პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე? და შეგვიძლია კი საერთოდ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა? იქნებ სულაც უძლურნი ვართ ტერორის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის აწონ-დაწონვა? გამართლებულია ზოგიერთის სიცოცხლის გადარჩენა სხვების ხარჯზე? სიცოცხლე სიცოცხლის წინააღმდეგ? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: სად გადის ადამიანური მორალის საზღვრები? მფრინავი დამნაშავეა თუ უდანაშაულო?
პოპულარულ გერმანელ მწერალსა და იურისტს ქართველი მაყურებელი ჯერ არ იცნობს, თუმცა, ვფიქრობ, რეჟისორ თემო კუპრავას მიერ დადგმული სპექტაკლის შემდეგ ფერდინანდ ფონ შირახის შემოქმედებით ბევრი დაინტერესდება. საინტერესოა, რომ პროფესიით იურისტმა შირახმა მოთხრობებისა და პიესების წერა 45 წლის ასაკში დაიწყო, მოკლე ხანში გაითქვა სახელი გერმანიაში და დღეს მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალია. ყოველკვირეულმა „შპიგელმა“ მას „ბრწყინვალე მთხრობელი“ უწოდა, ნიუ-იორკ ტაიმსმა „დახვეწილ სტილისტად“ დაახასიათა, „ინდეპენდენტმა“ მწერალი კაფკასა და კლაისტს შეადარა, ხოლო „დეილი ტელეგრაფმა“ დაასკვნა, რომ შირახი „თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია“. ამ მწერლის მოთხრობების კრებულები გამოსვლისთანავე საერთაშორისო ბესტსელერები გახდა, მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა და 35-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა. შირახს მრავალი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის კლაისტის პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილია მრავალი სატელევიზიო ფილმი და კინოეკრანიზაცია, მისი წიგნები მილიონობით ეგზემპლარად გამოიცა 40-ზე მეტ ქვეყანაში. შირახის ნაწარმოებები განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ავტორი ყურადღებას ამახვილებს არა დამნაშავის პიროვნებაზე, არამედ დანაშაულის უკან არსებულ მოტივებზე. მისი მოთხრობები ყოველთვის რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც იურისტისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი კითხვების დასმის უნარია და ეს უნარი გამოადგა მას, როგორც დრამატურგსაც, რადგან თეატრის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ხომ ეს არის, შეკითხვების დასმა და ამ შეკითხვებზე პასუხების ძიება.
პიესა „ტერორი“ შირახმა 2014 წელს დაწერა და პირველად 2015 წელს დაიდგა ერთბაშად ორ თეატრში - ბერლინის „დოიჩეს თეატერსა“ (Deutsches Theater Berlin) და მაინის ფრანკფურტის „შაუშპილში“ (Schauspiel Frankfurt). ამჟამად ამ პიესის მიხედვით მსოფლიოს 32 ქვეყანაში 130-მდე დადგმა განხორციელდა. ამ ქვეყანათა რიცხვს ახლა უკვე საქართველოც შეუერთდა. „ტერორი“ პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე და ძალიან სასიხარულოა, რომ მაყურებელს ქართულად თარგმნილი პიესის შეძენა თეატრის ფოიეში შეუძლია (პროექტის იდეის ავტორი და პიესის მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
პიესის მთავარი გმირი, ბუნდესვერის მაიორი ლარს კოხი (პაატა ინაური) 31 წლისაა, ჰყავს ვაჟი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ წესიერი კაცია, თავისი საქმის პროფესიონალი. იმ საბედისწერო დღეს, როდესაც ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავი მიუნხენის სტადიონისკენ მიმართეს, ლარს კოხი მორიგეობდა. მას უბრძანეს, რომ არაფერი მოიმოქმედოს, რადგან სამგზავრო თვითმფრინავში, დამნაშავეების გარდა, უდანაშაულო მძევლებიც იმყოფებიან. თუმცა, ოფიცერს არ შეუძლია ამ „აბსურდული“ ბრძანების შესრულება, რადგან სასწორის მეორე მხარეს საფეხბურთო მატჩზე დამსწრეთა სიცოცხლე დევს, 70 000 მოქალაქის სიცოცხლე.
კოხი სასწრაფოდ უკავშირდება გენერალს. გენერალი თავდაცვის მინისტრს ურეკავს და გატაცებული თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას სთავაზობს. მინისტრი, თავის მხრივ, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებს, რომელმაც დაადგინა, რომ ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქის გადარჩენა სხვების ხარჯზე მიუღებელია და პილოტს მოცდას უბრძანებს. „მაგრამ თუ ცეცხლს არ გავხსნი, ათიათასობით ადამიანი დაიღუპება!“ - ყვირის მაიორი კოხი და, აკრძალვის მიუხედავად, გადაწყვეტს იმოქმედოს. საბოლოოდ, კოხი ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდება და მისი ბედი ახლა მაყურებლებმა - ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ. სცენაზე მიმდინარე მოვლენები სრულიად განსხვავებულად აღიქმება, როდესაც მაყურებელი უბრალოდ პასიური დამკვირვებელი კი არ არის, არამედ საპასუხისმგებლო მისია ეკისრება - მიუხედავად იმისა, რომ იცი - ეს სასამართლო ფიქციაა და შენ წინაშე მსახიობები დგანან, მაინც დაძაბული ხარ, შენდაუნებურად გაორმაგებული ინტერესით ერთვები პროცესში, გრძნობ პასუხისმგებლობას - შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, შენს არჩევანზე ადამიანის ბედია დამოკიდებული. ალბათ ამიტომ ვერ გრძნობ დაღლას და სწრაფად გადის საათი და 40 წუთი.
მინიმალისტურად გაფორმებული სცენური სივრცე და დეკორაცია მაქსიმალურად მიახლოებულია სასამართლო დარბაზთან, მაგრამ ამავე დროს სტილიზებულია (სპექტაკლის მხატვარია ანკა კალატოზიშვილი) - სცენა ფაქტობრივად არ არსებობს, სკამების რამდენიმე რიგი სრულადაა აღებული და, შეიძლება ითქვას, სცენა „იჭრება“ მაყურებელთა დარბაზში. ასეთი სიახლოვის გამო სრული განცდა გეუფლება, რომ ნამდვილად სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფები. ამ განცდას ამძაფრებს მსახიობთა ძალიან უშუალო ინტერაქცია მაყურებელთან, ზოგჯერ ისინი ჩამოდიან და პარტერში სხდებიან, იქიდან მიმართავენ პარტნიორს; ერთი პერსონაჟი სპექტაკლის დასაწყისიდან ზის პარტერში და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ძალიან ბუნებრივად ვიგებთ, რომ ისიც ამ სპექტაკლის მონაწილეა - მოწმე და თანამოსარჩელე ფრანცისკა მაიზერი (ანიკო ეზიაშვილი/თეა ალფაიძე).
ერთი შეხედვით, სპექტაკლი სტატიკურია, აქ თითქმის არანაირი აქტიური ფიზიკური მოქმედება ხდება, მაგრამ ამ მოცემულობას რეჟისორს თვითონ დრამატული ტექსტი კარნახობს. ყველაფერი სასამართლო დარბაზში ხდება - სივრცეში, რომელიც გარკვეული კანონების მიხედვით არის სტრუქტურირებული. მოვლენები ვითარდება სასამართლოზე დადგენილი სტანდარტული სქემის მიხედვით. ყველა ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ გარკვეულ მომენტში ემოციების შეკავება შეუძლებელი ხდება. ატმოსფერო უკიდურესად დაძაბულია. ამ მუხტის შესანარჩუნებლად რეჟისორი შეუმჩნეველ დეტალებსაც ითვალისწინებს: დაძაბული მუსიკალური ფონი, სცენის სიღრმეში ეკრანზე ცვალებადი კადრები (ვიდეო-პროექცია - დათა დვალიშვილი), განათების აქცენტები, მაყურებლის „გამოფხიზლება/შეწუხება“, როდესაც მსახიობები პირდაპირ მათ მიმართავენ და სხვა.
მოწმის სტატუსით სასამართლოზე სამხედრო სპეციალისტი კრისტიან ლაუტერბახი (ალეკო მახარობლიშვილი) გამოდის. გამოცდილი მსახიობი ერთი შეხედვით ცივი ბიუროკრატის სახეს ხატავს, მისი აზრით, კანონის დარღვევა, თუნდაც „კეთილი მიზნისთვის“ საშიში პრეცედენტია, თითქოს რაციონალური და დისციპლინირებული კაცია, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის, რომ სასამართლოს გაცდენილი სამუშაო დღის გამო კომპენსაცია მოსთხოვოს.
მოვლენების განვითარებასთან ერთად ირკვევა, რომ მრავალდონიანი სახელმწიფო სისტემა, რომელშიც ყველაფერი კარგად არის გაწერილი, უძლური აღმოჩნდება ერთი ფანატიკოსის წინააღმდეგ - თვითმფრინავი ვერ ჯდება და არავინ რეაგირებს გამაფრთხილებელ გასროლაზე. ყველა, ვისაც რაიმე გავლენა აქვს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ირჩევს მხოლოდ პასიურად უყუროს რა მოხდება, რადგან უბრალოდ არ იციან, რა მოიმოქმედონ. სარდლობის ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს პილოტი და ამბობს, „თუ ახლა არ ვისროლე, ათიათასობით ადამიანი დაიღუპება“. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ მგზავრები შესაძლოა ტერორისტის განეიტრალებას ცდილობდნენ, აღმოჩნდება, რომ სტადიონის ხალხისგან დაცლაც შესაძლებელი იყო... თუ ასეა, რატომ ზის განსასჯელის სკამზე მხოლოდ ლარს კოხი? იქნებ ამ საქმეში კიდევ ბევრი დამნაშავეა?
პირველივე სცენიდან ჩანს, რომ თავმჯდომარე (ეკა ჩხეიძე), ერთგვარი ნეიტრალიტეტის დაცვას ცდილობს, თუმცა შინაგანად კოხს მაინც ამტყუნებს და უფრო პროკურორის მხარეს იჭერს, მაგრამ ამას ძალიან ხაზგასმით არ აკეთებს, არ გამოხატავს ემოციებს და თავს იკავებს მორალური შეფასებებისგან, მისი ამოცანაა, რომ დებატები არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოს, ის ერთგვარი შუამავალია მაყურებელთა დარბაზსა და სასამართლოს შორის და პროცესს ისე წარმართავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაყურებელმა თავად მიიღოს.
ადვოკატი და პროკურორი ერთმანეთის დრამატურგიული ანტიპოდები არიან — ისინი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებული ეთიკური და სამართლებრივი კუთხიდან უყურებენ. მათი გამოსვლები თანაბრად დამაჯერებელია, ორივე პერსონაჟს აქვს თავისი სიმართლე, თავისი ლოგიკა და მით უფრო ძნელია მაყურებლისთვის გადაწყვეტილების მიღება. ადვოკატი უფრო მეტად ცდილობს ჩვენში თანაგრძნობის გამოწვევას, ადამიანურ ემპათიაზე აკეთებს აქცენტს, გვახსენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველას გვიწევს რთული არჩევანის გაკეთება. პროკურორი კი პირიქით - იცავს კანონის უზენაესობას და ამტკიცებს, რომ არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ - არა. ნატალია გაბისონიას პერსონაჟისთვის მნიშვნელოვანია პრინციპი და არა შედეგი, რომელიც კოხის გადაწყვეტილების შედეგად დადგა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო მსახიობის საბოლოო სიტყვა, მაგრამ, მისი მცდელობის მიუხედავად, იმ წარმოდგენის ბოლოს, რომელსაც მე დავესწარი, დარბაზმა ლარს კოხი მაინც გაამართლა. პაატა ინაურის პერსონაჟი მეც გავამართლე, თუმცა, გამოგიტყდებით, რომ სპექტაკლის მსვლელობისას, რამდენჯერმე შევცვალე გადაწყვეტილება.
ვფიქრობ, დარბაზის არჩევანი იმითაც იყო განპირობებული, რომ ლარს კოხის შემსრულებელი მსახიობი პაატა ინაური დადებითი პიროვნული და სცენური აურის მატარებელია, მაყურებელი მას ძალიან თანაუგრძნობს. მისი გმირი მტკიცეა თავის სიმართლეში, დრო რომ უკან დაბრუნდეს, ალბათ ისევ გაიმეორებს იმას, რის გამოც ის ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. მან შეგნებულად დაარღვია ბრძანება, აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და ამას არ უარყოფს, პირიქით - მშვიდად აღიარებს, - დიახ, მე ჩამოვაგდე თვითმფრინავი და ამით გადავარჩინე უფრო მეტი სიცოცხლე, - მაგრამ ამ სიმშვიდის უკან მძიმე ტვირთია, რომლის ზიდვაც მთელი ცხოვრება მოუწევს. ლარს კოხი ჩვენი ეპოქის ერთი ტრაგიკული გმირია, ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც სწორი არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. პაატა ინაურის მოჩვენებით სიმშვიდეში ჩანს მისი პერსონაჟის ტრაგედია და შინაგანი კონფლიქტიც, რომელიც განსაკუთრებულ სიმწვავეს აღწევს თანამოსარჩლის, ფრანცისკა მაიზერის (ანიკო ეზიაშვილი/თეა ალფაიძე) დაკითხვის დროს. ამ ქალის პირადი ტრაგედია ლარს კოხის არჩევანის შედეგია, - ჩამოგდებულ თვითმფრინავში მაიზერის ქმარი იჯდა. ფრანცისკა მაიზერის სცენაზე შემოსვლა პროცესს მეტ ემოციურ სიმძიმეს სძენს, აბსტრაქტულ რიცხვებს და სტატისტიკას (164 მგზავრი VS 70 000 მაყურებელი სტადიონზე) რეალური ცხოვრება უპირისპირდება და მაყურებლებს აგრძნობინებს, რომ ყოველი სამართლებრივი დილემის უკან დგას კონკრეტული ადამიანი.
სპექტაკლს (ისევე, როგორც პიესას) ფინალის ორი ვარიანტი აქვს და მსახიობები მიღებული განაჩენის მიხედვით გაითამაშებენ რომელიმეს. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სინამდვილეში ბევრ რამეზე თავად ვართ პასუხისმგებელი. რაც გუშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს შეიძლება რეალობად იქცეს. აქ არ არსებობს მარტივი პასუხები, ყველაფერი რთულია, წინააღმდეგობრივი და მრავალშრიანი, ზუსტად ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში.
სპექტაკლში მრავალი მწვავე საკითხია დასმული. დასაშვებია თუ არა ერთი სიცოცხლის მეორესთან შედარება? შეიძლება თუ არა ერთი დიდი კატასტროფის თავიდან აცილებით გამართლდეს მეორე — შედარებით მცირე მასშტაბის — ტრაგედია? და საბოლოოდ, ვინ არის პასუხისმგებელი? მხოლოდ ლარს კოხი უნდა იდგეს სასამართლოს წინაშე, თუ პასუხისმგებლობა უფრო ფართოდ ნაწილდება? ვინ არის ნამდვილი დამნაშავე — ტერორისტი, სისტემა, კანონი, საზოგადოება თუ თითოეული ჩვენგანი?
და მაინც, ვინ არის პაატა ინაურის პერსონაჟი ლარს კოხი? ათასობით ადამიანის მხსნელი გმირი თუ სამხედრო, რომელიც ბრძანებას არ დაემორჩილა და განზრახ შეიწირა 164 უდანაშაულო მგზავრის სიცოცხლე? ალბათ ერთიც და მეორეც. ერთი რამ ცხადია, მისი ცხოვრება ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც ადრე და არ აქვს მნიშვნელობა, ის ციხის კედლებში იჯდება, თუ დარჩენილ სიცოცხლეს იმაზე ფიქრში გაატარებს - როგორ მოიქცეოდა, იმ თვითმფრინავში მისი ცოლ-შვილი რომ ყოფილიყო?!
ექსტრემალურ სიტუაციებში მორალური არჩევანის სირთულეზე აგებული პიესა მაყურებელს საკუთარ თავთან პირისპირ ტოვებს. სწორედ ეს შინაგანი დიალოგი განაპირობებს იმას, რომ ამ სპექტაკლს მაყურებელი, ვფიქრობ, არასოდეს მოაკლდება.
P. S. არსებობს ვებგვერდი https://terror.theater/map, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ სად და რამდენჯერ გაიმართა სპექტაკლი, რამდენჯერ გაამართლეს ან გაამტყუნეს მფრინავი ლარს კოხი. იმედია, ამ მსოფლიო თეატრალურ რუკაზე მალე გაჩნდება საქართველოც და მსოფლიოში 2997-ჯერ ჩატარებულ სპექტაკლ-სასამართლო პროცესს ახლა უკვე „ტერორის“ ქართული ვერსიაც მიემატება. მარჯანიშვილის თეატრში მოწყობილ სასამართლო დარბაზში ჯერჯერობით, გამამართლებელი განაჩენი ჭარბობს, თუმცა ვინ იცის, როგორი იქნება ჩვენი საზოგადოება მომავალში.