გიზო ჟორდანია. ადამიანი თეატრი
ნიკა წულუკიძე
გიზო ჟორდანია. ადამიანი-თეატრი
მოგეხსენებათ თეატრი სინთეზური ხელოვნებაა, სწორედ ასევე სინთეზურად ნიჭიერი და თეატრისათვის ყველა საჭირო დარგის საუცხოო მცოდნე გახლავთ ბატონი გიზო ჟორდანია.
მუსიკა? ბავშვობიდან ეუფლებოდა;
არტისტულობა? უამრავ მსახიობს რომ შეშურდება ისეთი;
გამომგონებლობა და შეთხვზის გასაოცარი ნიჭი;
სიტყვა? მრავალი ინსცენირების ავტორი და დიდებული მთხრობელი
არსებობენ ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა არა მარტო მათი შემოქმედებისათვის არამედ მისივე დარგისთვისაა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი. არც ერთი სპექტაკლი რომ არ დაედგა გიზო ჟორდანიას და ამდენი სასახელო სტუდენტი აღეზარდა, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა ერთი პიროვნებისათვის. არ მეგულება საქართველოში დღეს არც ერთი თეატრი სადაც ბატონი გიზოს აღზრდილი მსახიობები არ მოღვაწეობენ. ისინი ყველასაგან გამოირჩევიან საკუთარი საშემსრულებლო ინდივიდუალიზმით და არტისტული (ხაზგასმით- არტისტული და არა სამსახიობო) ხიბლით - რასაც ჩვენში გიზო ჟორდანიას სკოლას ვუწოდებთ. მან დაამკვიდრა საკუთარი ხელწერა რასაც დღეს მიმდევრები გამოუჩნდნენ და სახელოვან პედაგოგთან ერთად ზრდიან მომავალ მსახიობებსა და რეჟისორებს. გასაოცარია როგორ შეუძლია ბატონ გიზოს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლების ოთხ წელიწადში, ჯგუფი თეატრად გადააქციოს. პირველი ასეთი შემთხვევა გახლდათ როდესაც მან ეგრეთწოდებული მამუკა კიკალიშვილის ჯგუფი გამოუშვა და თითქმის ყველა მარჯანიშილის თეატრში მიიღეს სამუშაოდ. ეს იყო ჯგუფი სადაც შეიძლებოდა ნებისმიერი პიესის განაწილება, სწორედ აქ დადგა ბატონმა გიზომ გახმაურებული სპექტაკლი რ. გაბრიაძის „სამოთხის ჩიტი“. ამ სპექტაკლითვე მოხდა მისი პირველი შეხება მარჯანიშილის თეატრთან. მეორე ასეთივე წარმატებული შემთხვევა გახლდათ მცირე სცენის დასად წოდებული ჯგუფი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა იმდროინდელი თეატრალური თბილისი და გულშემატკივართა მთელი არმიაც გაუჩნდა. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ბატონმა გიზომ დადგა: „ანა ფრანკის დღიური“, „ჰამლეტი“,“ამაღამ მგონი იქნება ქარი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვა ძალიან საინტერესო სპექტაკლები. იმ პერიოდში როდესაც არავის არ ეცალა თეატრისთვის და ხალხი პირდაპირი მნიშნელობით შიმშილით იხოცებოდა, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შოვნა მაინც ძალიან ჭირდა. ასეთი რამ მხოლოდ გიზო ჟორდანიას შეეძლო გაეკეთებინა. ასევე აღსანიშნავია ბატონი გიზოს ერთ-ერთი ბოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში დათა თავაძე ჩაუდგა და შეიქმნა სრულიად ახალი და ძალიან ორიგინალური ხელწერის სპექტაკლები. ისინი, როგორც თანამოაზრენი გაერთიანდნენ და დღეს არა ერთი თეატრის ახალგაზრდულ წამყვან ძალას წარმოადგენენ.
ბატონი გიზო ასევე გახლავთ პოლიტიკური თეატრის ჟანრის პიონერი საქართველოში, მის მიერ განხორციელებული სპექტაკლები რუსთაველის თეატრში ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“ და ბათუმის დრამატულ თეატრში პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ იყო პირველი მცდელობა პოლიტიკური თეატრისა და თანაც ძალიან წარმატებული. ამ ჟანრისთვის გიზო ჟორდანიას არც შემდგომში უღალატია. მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ პირდაპირ წინასწარმეტყველება იყო სულ მალე მომხდარი ქუჩის გამოსვლებისა. სპექტაკლში გაჟღერებულმა ლოზუნგებმა, მომიტინგეების მოთხოვნებმა, და მუყაოს ტრაფარეტებმა თეატრიდან რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლა... სწორედ ამ სპექტაკლით მოხდა გიზო ჟორდანიას დაბრუნება მარჯანიშვილის თეატრში, სადაც დღემდე მოღვაწეობს და ერთმანეთზე უკეთეს სპექტაკლებს დგამს: ფორთოხალი, ფლეიტა და...(კარლო გოცის "სამი ფორთოხლის სიყვარულის", ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტის" და ქართული ხალხური ზღაპრის "ნაცარქექიას" მოტივების მიხედვით. ინსცენირების ავტორი გიზო ჟორდანია), ჟან ბატისტ მოლიერი "ძალად ექიმი"; ილია ჭავჭავაძე ”ლუარსაბ თათქარიძე”, ნ. გოგოლი "რევიზორი"; ლევ ტოლსტოი "ჰაჯი-მურატი".
ბატონი გიზო მისი პროდუქტიულობით შეიძლება ლოპე დე ვეგასაც კი შევადაროთ, უამრავი საოპერო სპექტაკლის დამდგმელი, საბავშო ოპერის დამაარსებელი, ასზე მეტი დრამატული სპექტაკლის რეჟისორი, პედაგოგი და ღირსეული მოქალაქე სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება. ბედნიერებაა როდესაც ხელოვანის ასაკი მხოლოდ კალენდარზე აისახება და არა შემოქმედებაში. ის ისევ ისეთი თანამედროვედ მოაზროვნე და გემოვნებიანი რეჟისორია როგორც ადრე. სამწუხაროდ გიზო ჟორდანიას შემოქმედება ისე არ არის გამოკვლეული და დაფასებული როგორც საჭიროა, თეატრმცოდნეები ვწერთ იმათზე ვიზეც უკვე დაწერილა არაერთხელ და არა იმათზე ვიზეც ძალიან საჭიროა დაწერა, იმედია ამ ნავსს ნოდარ გურაბანიძის წიგნი გატეხავს რომელიც სულ მალე გამოვა გიზო ჟორდანიას შესახებ.