„ვარ უზომოდ შეყვარებული ქართულ თეატრზე, სანამ არსებობენ წმინდა კედლები - შევეწირები!“
„ვარ უზომოდ შეყვარებული ქართულ თეატრზე, სანამ არსებობენ წმინდა კედლები - შევეწირები!“
მსახიობ გივი ჩუგუაშვილს ესაუბრება ლალი იობაშვილი
გივი ჩუგუაშვილი 1971-1979წლებში რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1979წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, მისი შემოქმედება დახუნძლულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი როლებით, როგორც თეატრში, ისე კინემატოგრაფში. ქართულ სცენაზე გატარებული ნახევარი საუკუნის შემდეგ კი იგი ღირსეულად ატარებს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებასა და მარჯანიშვილელის სახელს.
საიდან გაჩნდა მსახიობობის სურვილი? გიოცნებიათ თუ არა ბავშვობაში ამ პროფესიაზე?
დიახ, როგორ არ მიოცნებია. დავიბადე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ჩემი სოფელი თეატრალური სოფელი იყო, იმ პერიოდში კულტურის სახლს გოგი ჩხაიძე ხელმძღვანელობდა, მსახიობ ვასილ ჩხაიძის შვილი. პირველად ცოცხალი წარმოდგენა რომ ვნახე კინაღამ გავგიჟდი, ამის შემდეგ თეატრით ძალიან დავინტერესდი, სახლში სცენაც კი მოვაწყვე თავისი განათებებით და დავდგი ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“, მართალია ტექსტი არ ვიცოდით, თუმცა ძალიან ვისიამოვნეთ. ჩემი თეატრისადმი ინტერესი შეუმჩნეველი არ დარჩენია ბატონ გოგის, თავიდან რეპეტიციებზე დასწრების ნება დამრთო, შემდეგ კი ალექსანდრე სამსონიას პიესაში „ჩემი შვილი სიმონი“ მამის როლზე დამაკავა, მამის როლის შემსრულებელი მსახიობი ავად გახდა და მის ნაცვლად უნდა მეთამაშა, ამ დროს 16წლის ბიჭი ვიყავი, თავად პერსონაჟი 60წლის კაცი, შვილის როლს კი ჩემზე უფროსი მსახიობი ასრულებდა. პრემიერის წინ დარბაზიდან გუგუნის ხმა რომ გავიგონე გავიქეცი, შემეშინდა, მომკიდეს ხელი და ძალით შემაგდეს სცენაზე. სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ოვაცია ჩემთვის დღესასწაული იყო. ასე აღმოვჩნდი და დავრჩი სცენაზე. თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების დაწყებამდე, თბილისში, რკინიგზელთა სახლის თეატრალურ სტუდიაში მოვეწყვე, პარალელურად ვმუშაობდი ჯერ მშენებლობაზე, შემდეგ კი ქარხანაში.
თეატრალურ ინსტიტუტში თქვენ მოხვდით მიხეილ თუმანიშვილთან. რა როლი აქვს მას თქვენი, როგორც მსახიობის ჩამოყალიბებაში? რა არის ისეთი, რაც მან გასწავლათ და დღემდე ამ შემოქმედებითი რწმენით მუშაობთ. სიამოვნებით მოვისმენდი ამბებს, რომელიც მეთერთმეტე აუდიტორიაში ხდებოდა.
თეატრალურ ინსტიტუტში თავიდან ანტონ თავზარაშვილთან მოვხვდი, ძალიან სუფთა, მოკრძალებული კაცი იყო, სამწუხაროდ სამ თვეში გარდაიცვალა, ძალიან განვიცადეთ, დავრჩით პედაგოგის გარეშე, გარკვეული პერიოდი ჩვენს ჯგუფთან გიზო ჟორდანია მუშაობდა, შემდეგ მოხდა ისე რომ მიხეილ თუმანიშვილმა ექსპერიმენტული ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა, ბატონმა მიშამ ჩვენი ჯგუფი ჩაიბარა და რეჟისორებთან გაგვაერთიანა. არ ვიცი რა ჰიპნოზი გამიკეთა, მარტო მე კი არა, მთელ ჯგუფს, იყო თეატრალურ ინსტიტუტში ჯგუფები სადაც მთელი ჯგუფიდან ერთი კაცი თუ გამოვიდოდა მსახიობი, ჩვენი ჯგუფი კი არ დაშლილა, ისე მოგვწამლა თეატრის სიყვარულით რომ ყველანი დავრჩით ამ პროფესიაში. მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებდა, არასდროს გაიმეორებდა ძველს. დღემდე მეც ამას ვქადაგებ, გენიალურს რომ შექმნი, უნდა დაივიწყო, აღარ უნდა მიუბრუნდე. იმ პერიოდში მუშაობდა ქმედით ანალიზზე, მაშინ ეს სულ ახალი თემა იყო. აუდიტორიიდან ფაქტობრივად არ გამოვდიოდით, ჩვენთვის არ არსებობდა არც შეყვარებული, არც გართობა, ვფიქრობდით მხოლოდ სამუშაო პროცესზე, ეს იყო დაუვიწყარი წლები.
თეატრალური ინსტიტუტის დასრულებისთანავე მოღვაწეობას შეუდექით იმ პერიოდში ახალგახსნილ რუსთავის თეატრში, სადაც დაგხვდათ შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი: აკაკი ვასაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ირაკლი უჩანეიშვილი.
რეჟისორები: გიგა ლორთქიფანიძე, თამაზ მესხი და გია ანთაძე.
როგორი იყო პირველი ნაბიჯები, როგორ მიგიღეს, როგორც დამწყები მსახიობი და მუშაობის პროცესში რამდენად გეხმარებოდნენ რჩევებით თუ გამოცდილების გაზიარებით.
თავიდან განაწილებული ვიყავი ქუთაისის თეატრში, მაგრამ შოთა სხირტლაძემ მითხრა რომ დასის გადაწყვეტილებით მასთან უნდა წავსულიყავი რუსთავის თეატრში, შოთა სხირტლაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, კასკადიორად მამზადებდა, სწორედ ამიტომ არასდროს დამჭირვებია კასკადიორი რთული ტრიუკების შესასრულებლად. ოთარ კობერიძის ფილმში „საბედისწერო გასროლა“ საჭირო იყო ვერტმფრენიდან გადმოვმხტარიყავი, საგულდაგულოდ დააგეს თივა, ავფრინდით თუ არა ქარმა სულ ახვეტა, გადმომხედა მფრინავმა და მეუბნება: ჩვენ, მფრინავებს, ჩვენი თავები გვგონია გიჟები და თურმე თქვენ უფრო გიჟები ყოფილხართო! ასეა, კამერას რომ დაიძახებენ ყველაფერს ვაკეთებ.
რუსთავის თეატრში დასმა ძალიან თბილად მიმიღო, პირველად გასტროლზე უნგრეთში ვიყავით სპექტაკლით „ბანკ-ბანი“ (რეჟ. გაბორ ბერენი), სადაც მთავარ როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. მართლაც არაჩვეულებრივი მსახიობებისგან შემდგარი დასი იყო, ნოდარ მგალობლიშვილი სცენაზე რომ შემომხედავდა, ერთმანეთს რომ ვუმზერდით იქ იბადებოდა ჭეშმარიტება, ჯერ მარტო თვალებად ღირდა ეს შესანიშნავი არტისტი. გამოვტყდები, მინახავს უფრო სახელოვანი არტისტები შუშის თვალები რომ ჰქონდათ, თუმცა არ დავასახელებ.
რუსთავის თეატრში შესრულებული როლებიდან გამოვყოფდი თამაზ მესხის მიერ დადგმულ ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრს“ სადაც როდოლფოს ვთამაშობდი და გია ანთაძის რეჟისორობით დადგმულ ლუიჯი პირანდელოს „ავტორის მაძიებელ ექვს პერსონაჟს“.
1979 წლიდან ბრძანდებით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, თქვენი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი როლების მიუხედავად, როგორც კინოში ისე თეატრში, არის თუ არა როლი რომლის შესრულება განსაკუთრებულად გსურდათ თუმცა ამის საშუალება არ მოგეცათ.
ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ როცა ძალიან გინდა გგონია რომ შენი საქმეა, თუმცა ყოველთვის ასე არ არის, ამიტომ არ ვიტყვი. მაგრამ ჩემთვის, ცალკე ყოველთვის ვმუშაობდი.
თეატრში განსახიერებული როლებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
ჩემთვის დიდი და პატარა როლი არ არსებობს, ყველა საკუთარი შვილივით მიყვარს. ალბათ, მაინც გამოვყოფდი „ჯაყოს ხიზნებს“. მე და თემურ ჩხეიძე ფაქტობრივად ერთ დროს მოვედით მარჯანიშვილის თეატრში, ერთმანეთი ჯერ კიდევ მიხეილ თუმანიშვილთან სწავლის დროს გავიცანით, იმ პერიოდში თემური ბატონი მიშას ასისტენტი იყო. თემურთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, თეატრალური ინსტიტუტიდან მოყოლებული არ მომშვებია, შემოქმედებითი კუთხით დიდი საქმეები გამიკეთა, არ ვიცი მის ამაგს როგორ გადავიხდი. მე გადაწყვეტილი მქონდა მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლა, რადგან მაინცდამაინც ბევრი სამუშაო არ მქონდა, თემურმა დამიბარა და მითხრა განცხადების დაწერას ნუ იჩქარებო, შემდეგ მკითხა ვინ წარმომედგინა ჯაყოს როლზე, ვუპასუხე დავით დვალიშვილი მეთქი, მომიტრიალდა და მითხრა - შენ უნდა ითამაშო ჯაყოო! ასე გადამარჩინა თემურ ჩხეიძემ თეატრიდან წასვლას.
საერთოდ მსახიობის ცხოვრებაში ბედისწერას დიდი როლი აქვს, თემურთან შეხვედრის ამ ერთმა წამმა გადაწყვიტა ჩემი ბედი, ამიტომ მე მას ყოველთვის სანთელს ვუნთებ. ჯაყო რომ ვითამაშე, მახსოვს ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე ფოიეში იჯდა და რუსულად თქვა: „დაიბადა კიდევ ერთი არტისტი!“ ეს შეფასება ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
მაგრამ ერთი რამ არის, მე არასდროს ვარ დარწმუნებული ჩემს თავში, ყოველთვის თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი, კარგ რეჟისორთან ეს მარტივია, თუმცა ძნელია როცა ვერ გიგებენ, ასეთ დროს სჯობს არ ითამაშო. თემურთან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, ყველაფერი წყალივით მოდიოდა, ასეთი უნდა იყოს რეჟისორი.
„ნეაპოლი, მილიონერთა ქალაქში“ ვთამაშობდი პეპე დომკრატს, ეპიზოდურ როლს, მიშა თუმანიშვილმა მთელი რვეული გამავსებინა რომ ზუსტად მცოდნოდა ვინ არის პეპე დომკრატი, რას აკეთებს, სად ცხოვრობს. ასე რომ ნებისმიერ როლს დიდი იქნება თუ მცირე ერთნაირად პასუხისმგებლობით ვეკიდები.
რეჟისორი, რომელთანაც განსაკუთრებულად დიდი სიამოვნებით იმუშავეთ და თავი მის თანამოაზრედ იგრძენით, ალბათ თემურ ჩხეიძე...
რა თქმა უნდა თემური, ასევე გამოვყოფდი გიზო ჟორდანიასთან, ამ ბრწყინვალე რეჟისორთან მუშაობას. „ჰაჯი მურატში“ რამდენიმე როლი ვითამაშე. გიზო ბოლომდე გათავისუფლებდა, შენ უბრალოდ უნდა გეცურა. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ ბოლო დროს ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი კონსტანტინე (კოკო) როინიშვილის სპექტაკლით „შინელი“, ისე მოხდა რომ ადგილები აღარ დარჩა და ორ მოქმედებას ფეხზე მგომმა ვუყურე. ვიცოდი როგორი მსახიობი იყო, მაგრამ რეჟისორის ამპლუაში მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან იმედისმომცემი ახალგაზრდაა და დიდ წარმატებას ვუსურვებ.
თემურ ჩხეიძემ დადგა სრულიად უნიკალური სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები“ (მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიხედვით), სადაც მთავარ როლს ასრულებთ თქვენ. მართალი გითხრათ, როდესაც პირველად ვნახე ამ სპექტაკლის ჩანაწერი, ვგულისხმობ 1991წელს იაპონიაში გამართულ გასტროლს, შთაბეჭდილებიდან გამოსვლა გამიჭირდა. ეს არის არაჩვეულებრივი გემოვნებით შექმნილი სპექტაკლი, სადაც უმაღლესი სამსახიობო კლასი უჩვენეთ მაყურებელს, როგორც თქვენ, ისე ქალბატონმა ნანი ჩიქვინიძემ, ბატონმა ნოდარ მგალობლიშვილმა.
მინდა გკითხოთ როგორ ემზადებოდით ჯაყოს როლისთვის, როგორ ქმნიდით მას, გქონდათ თუ არა გარკვეული წინააღმდეგობები.
აბსოლუტურად არ შემხვედრია არავითარი წინააღმდეგობა, თემური ორი სიტყვით გეტყოდა რა სურდა, მაგრამ ისე გასაგებად რომ ყველაფერი ცხადი ხდებოდა. თუმცა იყო შემთხვევა როდესაც თემურ ჩხეიძეს ერთ-ერთ როლზე შუა პროცესში ვუთხარი უარი, ძალიან ვეცადე მაგრამ ვერ მოვერგე გმირს, დღემდე კითხვებს ვუსვამ საკუთარ თავს თუ რატომ ვერ ვიმუშავე, არის ასეთი როლებიც.
ჯაყოს აქცენტი თავად გამოვნახე, სპეციალურად ვისწავლე მათრახის დარტყმა ისე რომ თოფის გასროლასავით შემზარავი ხმა გამოეცა. ჯაყოს გივი ციცქიშვილიც თამაშობდა, ის სულ სხვა ჯაყო იყო, წყნარად მიდიოდა, მართალი გითხრათ თემურს უფრო ასეთი ჯაყო სურდა, თუმცა არ დავუჯერე და ბოლოს ბუნებრივია მოეწონა.
თემურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ჰქონდა, შესაძლოა მსახიობი რაღაცას გენიალურად აკეთებდა, მაგრამ ის გრძნობდა რომ ეს კონკრეტულ სპექტაკლს არ მოუხდებოდა და აუცილებლად გადააგდებდა, არ ენანებოდა.
როგორ ფიქრობთ, მსახიობისა და რეჟისორის ერთობლივი მუშაობა რომ შედგეს, რა არის ამისათვის საჭირო და გადამწყვეტი?
ერთ ენაზე უნდა ილაპარაკონ, ეს არის გადამწყვეტი. თუ არსებობს რეჟისორსა და მსახიობს შორის ეჭვი, ყველაფერი დამთავრებულია. სამაგიდო რეპეტიციაზე უნდა გაუგონ ერთმანეთს, დღეს მაგიდაზე რეპეტიცია აღარ არსებობს, წაიკითხავენ პიესას და გადადიან სცენაზე, რაც დაუშვებელია.
ასევე მინდა გკითხოთ, სცენაზე უმნიშვნელოვანესია პარტნიორობა, რა განაპირობებს წარმატებულ სცენურ პარტნიორობას და როგორი პარტნიორი ხართ თავად, ხომ არ გახსენდებათ მსახიობი, ვისთანაც თვლით რომ განსაკუთრებული პარტნიორობა შედგა.
სცენაზე პარტნიორი რომ არ დავინახო ჩავთვლი რომ ყველაფერი გაფუჭდა. მქონია შემთხვევები როდესაც ვერ ვამყარებ კონტაქტს, პარტნიორი ჩემკენ არ იხედება, თავისთვის თამაშობს, ცდილობს მხოლოდ თვითონ ჩანდეს, ამაზე დიდი საშინელება არაფერია, ეს არის სპექტაკლის ჩავარდნა. განსაკუთრებული პარტნიორობა, ვფიქრობ, ალბათ მაინც ნოდარ მგალობლიშვილთან და უძვირფასეს ნანი ჩიქვინიძესთან შედგა.
დგება თუ არა მსახიობის შემოქმედებით ცხოვრებაში მომენტი, როდესაც თამაში მისთვის მოსაბეზრებელი ხდება, გიფიქრიათ თუ არა პროფესიიდან წასვლა? საერთოდ შეუძლია მსახიობს დიდხანს უთეატროდ გაძლება?
ძალიან ძნელია... ახლახან გარდაგვეცვალა უნიჭიერესი კაცი ალექსანდრე გეწაძე, სცენაზე ერთი როლი მაინც რომ ჰქონოდა და დაკავებული ყოფილიყო, დამიჯერეთ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ურთულეს მდგომარეობაშია მსახიობი როდესაც საქმე არ აქვს. არაერთხელ მქონია თეატრში ხანგრძლივი პაუზა, ისე როგორც ახლა მაქვს, მაგრამ მე ჩემმა ჰობმა გადამარჩინა, ტექნიკაში კარგად ვერკვევი, მუდმივად ვჩხირკედელაობ, რაღაცას ვიგონებ და ასე ვიკლავ ჟინს, სხვა შემთხვევაში ალბათ გავლოთდებოდი. სცენაზე გასვლის ახლა თითქოს მეშინია... კიდევ კარგი გადაღებები მაქვს, ახლა სერიალზე ვმუშაობ, სიუჟეტი სამი მოხუცის გარშემო ვითარდება, ერთ-ერთს მე ვთამაშობ, ძალიან სახასიათო პერსონაჟები არიან, ვფიქრობ კარგი გამოვა.
თქვენი აზრით, მუშაობს თუ არა თეატრალური კრიტიკა, როგორია თქვენი განწყობა? რამდენად ინტერესდებიან და ითვალისწინებენ მსახიობები და რეჟისორები კრიტიკულ რეცენზიებს. თეატრმცოდნეებს აქვთ ამბიცია, რომ ისინი თავიანთი წერილებით ეხმარებიან სფეროს, გამოგდგომიათ თუ არა, დაუფიქრებიხართ კრიტიკულ წერილს? ხომ არ ფიქრობთ რომ პროფესიული თეატრალური კრიტიკა ხშირად დაუნდობელია მსახიობის მიმართ.
კრიტიკა აუცილებელია, მართალი გითხრათ, ჩემ მიმართ დაუნდობელი არცერთი კრიტიკოსი არ ყოფილა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნათელა არველაძეს, ყოველთვის მაინტერესებს მისი აზრი, მოგეხსენებათ, შეფასებისას იგი ძალიან მკაფიო და მკვეთრია, მაგრამ სჯობს კრიტიკა იყოს დაუნდობელი, ვიდრე დითირამბები გიმღეროს და დაიღუპო.
როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ახლა ქართული თეატრი და ხომ არ განიცდის იგი თანამედროვე ქართული დრამატურგიული ტექსტების სიმცირის ან რაიმე სხვა ფაქტორის გამო კრიზისს?
ახლა რასაც ვიტყვი ალბათ ცუდად მომიტრიალდება, მაგრამ უნდა ვთქვა. სცენაზე გამოდის მსახიობი, ტექსტი იცის, მესმის, მაგრამ თან არ მესმის, იმიტომ რომ არ იცის რატომ ამბობს იმას რასაც სცენიდან ლაპარაკობს, ლოგიკას არ ექვემდებარება სიტყვისა და მოქმედების ერთიანობა. არ შეიძლება მსახიობმა უბრალოდ ტექსტი დაიზეპიროს, თუ სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს მე პირადად ტექსტს ვერ ვსწავლობ. ახლახან ვნახე ციცინო კობიაშვილის სპექტაკლი „ვთამაშობთ ვოდევილს“, სადაც ჯაბა კილაძე ქალის როლსაც ასრულებს, ბრწყინვალედ თამაშობს, მეორე მოქმედებაში სცენაზე რომ გამოვიდა ვერ ვიცანი. საერთოდ ჯაბა შესანიშნავი არტისტია, იშვიათია დღეს ასეთი გონიერი და ნიჭიერი მსახიობი. ბევრი ფაქტორის გამო განიცდის თანამედროვე ქართული თეატრი კრიზისს, ალბათ, პედაგოგებიც აღარ არიან. მიმაჩნია რომ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა არ უნდა იყოს ფასიანი, აქ მხოლოდ მოწოდებით ხელოვანი უნდა მოდიოდეს და მისი მიღება ამ ნიშნით ხდებოდეს. მართალი გითხრათ ერთი რამ სასიამოვნოდ მაოცებს, მიუხედავად პრობლემებისა, თეატრში მაყურებელი გაიზარდა, რაც მხოლოდ სასიხარულოა. ვისურვებდი მაყურებელთა რაოდენობასთან ერთად ხარისხიც გაიზარდოს.
და მაინც... როგორია ქართველი მაყურებელი?
ქართველი მაყურებელი არაჩვეულებრივია, უზომოდ ემოციური. სიტყვას არ დაგიკარგავს თუ ჭეშმარიტად იტყვი. სოციალურ ქსელში დაიდო ჩემ მიერ წაკითხული „სტუმარ-მასპინძელი“, გამოხმაურება რომ ვნახე მივხვდი, როდესაც ხალხს სიხარულს ანიჭებ შეფასებას არ იშურებენ. სხვათაშორის დამიკავშირდა ანიმაციური ფილმების მხატვარი და ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ ერთი ეპიზოდის წაკითხვა მთხოვა, მე მთლიანად წავუკითხე და იმდენად მოეწონა, ახლა ანიმაციის სრულ ვერსიაზე მუშაობს. თავს არ ვიქებ, თუმცა ნამდვილად მიხარია და იმედი მაქვს ამ ნამუშევარსაც კარგი გამოხმაურება ექნება.
სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, სცენაზე თუ კამერის წინ?
კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობ, როდესაც ვიცი რას ვაკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს სცენაზე ვარ თუ კამერის წინ. ძალიან მიყვარს კინო, თუმცა თეატრს ჩემთვის ვერაფერი შეედრება.
ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებთ, რომ „ურიელ აკოსტაში“ ცნობილი წყევლის სცენაში ტექსტი დაგავიწყდათ, რამდენიმე წამით შეყოვნდით, ეს წამები კი საუკუნედ მოგეჩვენათ. მსახიობის შემოქმედებით ცხოვრებას ასეთი ნიუანსები მუდამ თან ახლავს, რა ეხმარება ასეთ დროს მსახიობს? როგორ იგერიებს იგი წვრილმან უხერხულობებს ისე, რომ ვთქვათ, პატარა შეცდომა მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩეს?
ეს იყო საშინელება. ნატა მურვანიძე თამაშობდა ივდითს, ხოლო ნიკა თავაძე ურიელს. ავედი კიბეზე, დავიწყე ტექსტი და წამებში მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ჩემთვის უსასრულოდ გაიწელა, თუმცა მე რომ არ მეთქვა ალბათ ვერავინ მიხვდებოდა, მაყურებელს სრულებით არ უგრძვნია. რაღაც რომ დაგავიწყდება, რაც უფრო მეტად ცდილობ გაიხსენო, საქმე უფრო რთულდება. ადრე ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სუფლიორი გვყავდა. ალბათ ასეთ დროს რაღაც ზებუნებრივი ძალა გეხმარება, რომელიც უცებ ამუშავებს მექანიზმს და ყველაფერი მწყობრში დგება.
რა არის ის რჩევა, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობებს მისცემდით?
ახალგაზრდებს ვურჩევდი არასდროს დარწმუნდნენ საკუთარ თავში იმდენად რომ იფიქრონ ჩვენ ვართ და სხვა არავინო, მხოლოდ ასე თუ განვითარდებიან. ბუნებრივია რწმენა საჭიროა, მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. ყოველი წარმატება უნდა დაივიწყო, ხოლო კრიტიკა, თუნდაც მწარე, მუდამ გახსოვდეს.
რა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ, უშუალოდ რეპეტიციების პროცესი თუ საპრემიერო და შემდგომი ჩვენებები?
რეპეტიციები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ის შეგრძნება პირველად რომ რაღაცას ამოიცნობ, თუნდაც ერთ იოტისოდენა მარცვალს მიაგნებ და მიფრინავ, ვეღარაფერი გაჩერებს. აღმოჩენებს მსახიობი რეპეტიციებზე აკეთებს, თუ ეს წერტილი ვერ დაიჭირა დამთავრებულია. თემურ ჩხეიძესთან სამაგიდო რეპეტიციები სამი თვე გრძელდებოდა, სცენაზე გადასვლას რომ დავაპირებდით ყველა ნიუანსი გააზრებული, დაზუსტებული გვქონდა, ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიშა თუმანიშვილი გვეუბნებოდა: არის ა და ბ პუნქტი, როგორც გინდათ მიდით, ოღონდ დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდით, მაგრამ ამ გზაზე ერთხელ ხომ უკვე დაინახეთ ხე? ახლა სხვა, ახალი გზა გამონახეთო. მუდმივად საჭიროა პერსონაჟის განვითარებაზე ფიქრი.
მსახიობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ფიზიკური მზაობაა, რამდენად ითვალისწინებდა თქვენი ცხოვრების წესი ამას? რადგან მხატვარს თუ ტილო აქვს, მუსიკოსს კი ინსტრუმენტი, მსახიობისთვის ხომ სხეულია მისი ტილოც და ინსტრუმენტიც.
ფიზიკურად აქტიური ნამდვილად ვიყავი, ძალიან მიყვარდა ცხენზე ჯირითი და დღემდე მიყვარს, ვსეირნობ ველოსიპედით და ქალაქში მოტოციკლეტით დავდივარ, ასე თავს ბევრად ახალგაზრდად ვგრძნობ. მანქანა მყავს, თუმცა იშვიათად ვსარგებლობ, ძალიან არ მიყვარს კომფორტი.
გაქვთ თუ არა რიტუალი სცენაზე გასვლის წინ?
დიახ, მაქვს. ტაძარში მივდივარ ხოლმე და სანთელს ვანთებ. ერთხელ მეგობარმა მითხრა მოძღვარს შეგახვედრებო, მეც დავთანხმდი, დამინახა თუ არა მღვდელმა მითხრა: შენთან საქმე რთულად არის, ისეთი როლები გაქვს ნათამაშები რომ ძალიან ცოდვიანი ხარ, ამიტომ სცენაზე გასვლის წინ ღმერთს პატიება სთხოვე ხოლმეო. ჩამეცინა და სამუდამოდ დავემშვიდობე. ჩემთვის თეატრი ტაძარია, ეს ჩემი ცხოვრებაა, საქმე რომელსაც შევეწირები. ასეთი ფიცი გვქონდა ბატონ მიშასთან „დამთავრდა, მცირე ხუმრობას ნუ მიწყენ, ვარ უზომოდ შეყვარებული ქართულ თეატრზე, სანამ არსებობენ წმინდა კედლები - შევეწირები!“
ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდეთ კვლავ მსახიობის პროფესიას აირჩევდით?
ამ პროფესიაში ყოფნა ბრძოლაა, დიდი ბრძოლა. ყველაფერი ადამიანის სულთან და ფსიქიკასთან არის დაკავშირებული, რასაც მაყურებლის ერთი ტაში გადაწონის. პატარა ბავშვივით ვარ, წერტილისოდენა მიხარია და მწყინს. ვთვლი რომ სწორი გზა ავირჩიე და თავიდან რომ ვიწყებდე კვლავ მსახიობი ვიქნებოდი.