top of page

გისოსებს მიღმა გაზაფხულია?!

780_19814317_1464110637006388_763990500_

გისოსებს მიღმა გაზაფხულია?!

დავით ბუხრიკიძე

 

პანტომიმის თეატრმა „დანაშაულისა და სასჯელის“ მარადიულ თემას პატიმართა მღელვარე სხეულები, პოლიციელთა ძალადობა და „ცოცხების“ მეტაფორა შეაშველა

 

ცოტა შორიდან მოვუაროთ, ადრესატამდე მშვიდობით რომ მივიდეთ. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, როცა თეატრი საკუთარი ტრადიციის, ფესვებისა თუ არქეტიპების ნებაყოფლობითი ტყვეა და ათეული წლების განმავლობაში, საკუთარი მითოსური წარსულიდან გამომდინარე, ცდილობს მომავლის აშენებასა თუ უკვე არსებულის მუდმივ რეკონსტრუქციას.

 

ჯერ კიდევ შორეულ 1976 წელს თბილისის ფილარმონიასთან არსებულმა პანტომიმის თეატრმა, რომელსაც თითქმის შემოვლილი ჰქონდა მთელი საბჭოთა კავშირი და ორიგინალური რეპერტუარითაც გამოირჩეოდა, სახელმწიფო სტატუსი მიიღო! ფაქტობრივად, საბჭოეთში პირველად დაუშვეს პრეცედენტი, როცა სახელმწიფო პანტომიმის თეატრი თავისი სტატუსით დრამატულ თეატრს გაუთანაბრდა. თეატრის დამფუძნებელი და დღემდე მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ამირან შალიკაშვილი კი „საბჭოთა მარსელ მარსოდ“ შერაცხეს.

 

სხვათა შორის, ქართველმა მიმმა საერთაშორისო „კურთხევა“ თავად მარსოსგან 1973 წელს მოსკოვში მიიღო, სადაც პანტომიმის თეატრი გასტროლებზე იმყოფებოდა.... ეს ლეგენდები დღემდე, ოცდამეერთე საუკუნეშიც ცოცხლობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, წონაშიც არ იკლებენ.

 

პარადოქსია, რომ ლამის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე პანტომიმის სახელმწიფო თეატრი დღემდე ერთგვარ, „უმანკო ჩასახვის სავანედ“ რჩება დასისთვისაც და მაყურებლისთვისაც. იცვლება დრო, ფორმაცია, კლასები, ადამიანები... თეატრებიც, მაგრამ უცვლელი რჩება მრავალტანჯული და მრავალშენობაგამოვლილი  პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი პრინციპები, ნაცნობ სტერილურობაში გავარჯიშებული სხეულების ენა, უკვე მიგნებული ფორმების მუდმივი ტირაჟირება და ა.შ.

 

ახალი დროისა და ახალი თაობის რეჟისორთა ნამუშევრებიდან შეიძლება აღვნიშნოთ დავით შალიკაშვილის  „ტიტუსი“, „შექსპირის სონეტები“ და ლუკა ჩხაიძის „ლუარსაბი“. რაც შეეხება ახლახან, ივლისის დასაწყისში გამართულ პრემიერას, რომლის სახელწოდებაა „გისოსებს მიღმა“: პანტომიმის თეატრის მსახიობი და უკვე რეჟისორიც, ირაკლი ბიბილური შეეცადა თითქმის ერთსაათიანი წარმოდგენა ახლებური, თანამედროვე და მნიშვნელოვანი სოციალური გზავნილებით დაემუხტა. თუმცა  კარგად ნაცნობი პლასტიკური ეტიუდების კვალი და სხეულთა წვრთნისა და აღჭურვის მისეული „პროგრამა“ უფრო კლასიკური პანტომიმის ვექტორისკენ იხრება.

 

ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, პოლიციელთა ძალადობა პლასტიკის ენაზე აამეტყველო. სწორედ ისინი (გიგი ლორიასა და თათია გვასალიას კარგი დუეტი) უმკლავდებიან სასტიკად ქურდებსაც, მეძავებსაც (სალომე ოკუჯავა) და ყალთაბანდებსაც, თუმცა სადო-მაზოხისტური თამაშებისთვისაც რჩებათ დრო. სპექტაკლის დასაწყისში  საკმაოდ თამამი და ირონიული სცენაა, რომელშიც ძაღლ-პოლიციელს საყელური უკეთია, მეორე პოლიციელი კი მათრახით ხელში მის მოთვინიერებას ცდილობს. თუმცა მალე ისინი როლებს გაცვლიან და უკვე მოძალადე ხდება მსხვერპლი...

 

როლების გაცვლის სიმბოლურ (ვისთვის კი პოლიტიკური ალუზიით დატვირთულ!)  სცენას მაყურებელი ფინალშიც იხილავს, როდესაც გისოსებს მიღმა მყოფი პატიმრები „მოულოდნელად“ ციხის კამერის გარეთ აღმოჩნდებიან, ხოლო თავად მოძალადე პოლიციელები - კამერაში. რეჟისორი კორუფციულ გარიგებაში მონაწილე ხარბი  დირექტორისა (გიორგი გურგენიძე) და პატიოსანი მუშის (ვასილ კიპაროიძე) ეპიზოდებს ჩაპლინის მსგავს გეგებსა და იუმორსაც დაურთავს, ხოლო პარიკმახერისა (შოთა ქერაშვილი) და მისი კლიენტის (გიორგი ზვიადაძე) სცენაში, როდესაც პარიკმახერი ყურს მოაჭრის კლიენტს -  სრულიად გასაგებ და მისაღებ ირონიას. თეთრი ბინტით ყურშეხვეული კლიენტის ნახვისას მაყურებელს ვან გოგთან ასოციაციაც უჩნდება, თუმცა სიუჟეტს სულ სხვა მიმართულებით მივყავართ...

 

სპექტაკლის მეორე, ფინალურ ნაწილში პატიმრებისა და სამართალდამცველების (იგივე პოლიციელები) ურთიერთობას, რეჟისორი უფრო სარკასტული ხერხებით გვიჩვენებს. ყველაზე დაჩაგრული მაინც ციხეში შემთხვევით მოხვედრილი არქიტექტორია (ამ როლს თავად რეჟისორი, ირაკლი ბიბილური თამაშობს). ყველაზე უკეთესად კი თავს  მაცდური „ნასედკა“ (გიორგი აფშილავა) გრძნობს, რომელიც საჭირო შემთხვევაში ნარკოტიკების გამსაღებლად... და მრავალჭირნახულ ცოხცად გადაიქცევა. ასე რომ, უახლეს წარსულთან ასოციაცია მაინც გარდაუვალია.  აღსანიშმავია, რომ ორ როლს თამაშობს სოფო ლოლაძე, რომელიც ჯერ დოლარის ტომარას განასახიერებს, შემდეგ კი - ციხეში შემთხვევით მოხვედრილ ქალს.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, „გისოსებს მიღმა“ მაინც გაზაფხულს აღმოაჩენთ, რადგან პოლიციელებს, ქურდებს, მუშებს, გადამყიდველებს, მეძავებსა და ინტელექტუალებს „სხეულის ენის“ ფლობა თურმე თანაბარი წარმატებით შეუძლიათ. მთავარია, რეჟისორს ფორმის შეგრძნებამ, გემოვნებამ და იუმორმა არ უმტყუნოს.

bottom of page