top of page

„ღია შუშაბანდი“

ახმეტელის თეატრში

24059233_906426989516121_544841415400061

გუბაზ მეგრელიძე

„ღია შუშაბანდი“ ახმეტელის თეატრში

 

დრამატურგ შადიმან შამანაძის პიესა ,,ღია შუშაბანდი” დაწერისთანავე პოპულარული გახდა და საქართველოს თეატრების სცენებზე წარმატებით განხორციელდა. ამ 28 წლის წინ დაწერილი ნაწარმოები არ კარგავს აქტუალობას. მისი ზოგიერთი პასაჟი დღეს განსაკუთრებული სიმწვავით გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების პრობლემებს დღევანდელ ყოფაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უნებლიეთ იბადება კითხვა _ რა შეიცვალა არსებულ სინამდვილეში? ირკვევა, რომ პატიოსნად მშრომელი ადამიანისთვის ყოველ ეპოქასა და სოციალ-პოლიტიკურ წყობაში ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევა უჭირს, ვინაიდან სინდისთან კომპრომისზე არ მიდის და საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად რთული ყოფითი პრობლემების წინაშე რჩება. აი, ასეთი ახალი იდეური ტრანსფორმაციით წარმოგვიდგინა რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა სპექტაკლის ძირითადი სათქმელი. იგი თავის პოზიციას ასე გამოხატავს: ,,მაყურებელი გულგრილი არ დარჩება კაპანაძეების ოჯახში დატრიალებული ამბების მიმართ. საერთო გაჭირვების, უმძიმესი სოციალური ფონის მიუხედავად, პერსონაჟები მაქსიმალურად ცდილობენ არ დაკარგონ ადამიანური სახე და ის მთავარი ღირებულებები, რისთვისაც არსებობს ადამიანი ამქვეყნად” (გაზ. ,,ახალი თაობა”. 2011. 30. 09. #232. გვ. 8). სცენაზე ვხედავთ გაურემონტებელი ბინის ინტერიერს, რომლის ჩამოქცეულ ჭერზე ნათურა ბჟუტავს, ხოლო კედლებზე ჩამოხეული შპალერის ნაგლეჯები შემორჩენილა. სცენოგრაფი აივენგო ჭელიძე ზუსტად ასახავს ცხოვრების სიდუხჭირისგან შეჭივრებული ოჯახის გაუსაძლის ყოფას, სადაც ძველი და იაფფასიანი ავეჯი დგას, ხოლო კუთხეში სიმბოლურად მოწყობილი სამზარეულოა განლაგებული. სცენის უკანა პლანზე არსებულ ღია შუშაბანდიდან კი დაუმთავრებელი კორპუსის კარკასი ჩანს, რაც ამ ოჯახის გარეთ არსებული საერთო საზოგადოებრივი ყოფის გამომხატველია. სპექტაკლი იწყება ოჯახის დიასახლის გიულის დიალოგით შვილთან. იგი შეწუხებულია ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრით, რასაც ამირანის უსაქმურობა და ოჯახისადმი უყურადღებობა ემატება. მსახიობი თ. ბეჟუაშვილი გადმოსცემს გმირის ფიქრს ოჯახური ყოფის გასაუმჯობესებლად. იგი ოჯახის ყოველ წევრს გატაცებით უყვება თავის მომავალ გეგმებს სახლის რემონტთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხად ირონიულ დამოკიდებულებას და უყურადღებო მოსმენას იღებს, რასაც სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, არც მის რჩევა-დარიგებებს იზიარებენ შვილები. გიული გატაცებულია თავისი გეგმის გაზიარებით და ვერც კი ამჩნევს ოჯახის წევრთა დამოკიდებულებას, ვინაიდან ამ ჩანაფიქრის განხორხიელების შემთხვევაში უკეთესი მომავლის იმედი აქვს. მეუღლის შემოსვლისას შეცბება, რადგან ყოველდღიური სმისგან გათანგულს, შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. გიული ხედავს, რომ დათიკოს ასეთი ყოფის გამო, მის დასახულ გეგმებს განხორციელება არ უწერია და ამიტომაც მეუღლის მზრუნველობის საპასუხოდ დაცინვასა და შეურაცხყოფას იღებს. ოჯახის წევრები ხედავენ რა მის მეოცნებე ბუნებას, რასაც რეალური ცვლილება არ მოჰყვება, არავის უნდა არც ასეთი არსებობა და არც მისი შემწვარი კარტოფილი. ყველას ამოუვიდა მისი ფუჭი აქტიურობა, თუმცა ვერც ისინი პოულობენ გამოსავალს. Mმსახიობი კარგად გადმოსცემს იმ მცირე სიხარულს, რაც ახალი კაბის ყიდვითაა განპირობებული და მის ყოფაში ქალური სიხალისე შემოაქვს. აქ მსახიობი ხაზს უსვამს გიულის იმ ქალურ საწყისს, რასაც ოჯახის წევრები ვერც კი ამჩნევენ, თუმცა მასაც ყურადღება, დაფასება და თანაგრძნობა სჭირდება. იგი ვერც რაიონში მცხოვრებ ავადმყოფი დედისთვის იცლის და მის მდგომარეობას მხოლოდ ავისმომასწავებელი სატელეფონო ზარის მოლოდინი ახსენებს, რაც სულ სხვა მიზეზებითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში წინასწარ გამოვლენილი არაადეკვატური რეაქცია გმირს კომიკურ ელფერსაც სძენს. იგი უკეთესი მერმისის მიღწევას ბრძოლით კი არა (როგორც ეს პიესაშია), არამედ ოჯახის წევრებში პასუხისმგებლობის გაღვიძებისა და შეგნების გზით ცდილობს. გიულის ეს პიროვნული დრამა მსახიობს მაყურებლამდე გასაგებად მოაქვს. ამირან ქაჩიბაიას ამირანი ამ დუხჭირ ცხოვრებაში რაიმე საქმის გამონახვას ცდილობს. დილით ეს გამახნევებელ ვარჯიშში გამოიხატება, რაც დედის ,,ჭკუის დარიგების” მოსმენის თავიდან აცილებისა და ყურადღების გადატანის საშუალებაცაა. შემდგომ, დედის რემონტის გეგმას ირონიული ჟესტიკულაციით აფასებს და უპერსპექტივობის დამოკიდებულებას გამოხატავს. მას თავისი პრობლემები აწუხებს. თეატრში მცირე ხელფასზე მომუშავე გამოსავალს ეძებს. იგი გაბრაზებულია მამაზე, რომელიც შუამავლობას და უპატიოსნო გზით ფულის შოვნას უკრძალავს. მშობლის მიმართ ირონიულადაც არის განწყობილი, ვინაიდან ხედავს, რომ მან ცხოვრებას ალღო ვერ აუღო და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამირანი სათანადო რეაქციას დედის იმ სიტყვებზეც გამოხატავს, როდესაც ცოლის მოყვანას უხსენებს. ჩაის სმის დროს, ამირანს მოულოდნელობისგან ლუკმა ყელში ეჩხირება, ვინაიდან ასეთ გარემოში ცხოვრებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. ა. ქაჩიბაიას გმირი ოჯახის წევრთა მიმართ თითქოს ინდიფერენტულია, მაგრამ ვიზუალურად თავისი განცდის დასაფარად, ხან შუშაბანდში ზურგშექცევით ზის, ხან ყველაფერი ხუმრობაში გადააქვს და ,,არტისტობს”. დედასთან, ძველი სკამების შეკეთების საპროტესტოდ ,,ტორეადორობს”, ტარაკანის დაჭერისა და მოკვლის ,,ცერემონიალს” ირონიულად ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი ყოფითი პორობების გამოსახატად ატარებს. ამ მომენტში სცენის შუქი მხოლოდ მას ანათებს და მონოლოგის წარმოთქმისას წინა პლანზე წამოიწევს მისი განცდები, რომელშიც ოჯახურ დრამას მწარე ხუმრობით ასახავს. ხანაც ქურდებისთვის მეზობლის ბინის გაძარცვის ,,ნაკოლის” მიცემას გაითამაშებს, რითაც მშობლების პატიოსნად ცხოვრებას დასცინის. მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ვინაიდან თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. სტუმრების წინ კი თავმოყვარეობის შელახვას ვეღარ უძლებს და მამას ფიზიკურად შეეხება. ამ მომენტში ამირანი სამაგიეროს უხდის მამას ,,ბითუროს” გამუდმებით ძახილისა და ცხოვრებისეული შეხედულებების სხვაობისთვის, რის გამოც ამირანს თავის გემოზე ცხოვრებას უკრძალავს. დედისა და ამირანის ბოთლების ჩასაბარებლად წასვლის შემდეგ, სცენაზე ყამარი შემოდის. გვანცა კანდელაკის გმირი პირად პრობლემებზე უფრო ფიქრობს ვიდრე ოჯახში შექმნილ ვითარებაზე. მეგობართან სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ ყოფილ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, მასთან შერიგება აღარ უნდა. ეს პრობლემა მოგვიანებით ძმასთან დიალოგის დროს იჩენს თავს, როდესაც აღელვებული ყამარი საწოლზე აქვითინებული დაწვება და მისი განცდები უფრო იკვეთება გაცრუებული იმედების გამო. ამიტომ თავისი ემოცია დედაზე გაბრაზებით გადააქვს. მისთვის მომაბეზრებელია ლობიოსა და კვერცხის მენიუ და მიხმარების ნაცვლად დედას უყვირის და დიასახლისობის სურვილიც არა აქვს. მის გეგმებსაც ინფანტილურად ისმენს, რადგან რაჭაში ექსკურსიაზე წასვლას გეგმავს და თავისი სტიპენდიით დედას არ ეხიდება. მას გათვითცნობიერებული აქვს ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ მშობლებისადმი ირონიული განწყობის გამო, მათ მათხოვრებსაც უწოდებს. ყამარი გულთბილ დამოკიდებულებას დედის მიერ კაბის ყიდვასთან დაკავშირებით ავლენს. უხარია სიახლის შეგრძნება და დედას კაბის ჩაცმას აიძულებს, რაშიც მისი დაფარული დამოკიდებულება ვლინდება. გ. კანდელაკი ერთმანეთს უთავსებს გმირის პირადი პრობლემისა და არსებული ყოფის განცდას, რომლის ფონზეც აირეკლება მისი დამოკიდებულება ოჯახის წევრებისადმი. მსახიობ ნუგზარ ყურაშვილის დათიკო, მოუწყობელი ცხოვრების გამო ერთი შეხედვით გალოთებულია, თუმცა არც ისე მთვრალია სინამდვილეში, როგორც ამას წარმოსახავს. ეს მისი ნიღაბიცაა და გამოსავალიც. ამ ხერხით იგი შელახულ თავმოყვარეობას მალავს და პიროვნული დაუკმაყოფილებლობა ოჯახის წევრებზე გადააქვს. დათიკოს აღიზიანებს ცოლის გადაჭარბებული ყურადღება. უინტერესოდ უსმენს მისი რემონტის გეგმას, ვინაიდან უგემური საჭმლის ,,პრობლემა” უფრო აღელვებს, თანაც ისეთ კერძებს მოითხოვს, რომელთა მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია. ამიტომაც გაღიზიანებულია, არ მოსწონს ცოლის მოუწესრიგებლობა, ჩაუცმელობა, ოჯახში დისკომფორტს გრძნობს და გამოსავალს სახლიდან წასვლაში ხედავს. ამავე მიზეზით მოჰყავს სახლში შემთხვევით გაცნობილი სტუმრები. მათი თანდასწრებით იწყებს ოჯახურ ,,გარჩევას” _ ყამარს ეფერება და მისი მომავლის იმედი აქვს, ხოლო ამირანს ,,ბითურს” უწოდებს. მართალია, წყენის მიზეზს არ აკონკრეტებს, მაგრამ ქვეცნობიერად არ უნდა ვაჟმაც თავის მსგავსი უსახური ცხოვრება გაიაროს. იგი გაკვირვებულია ამირანის ხელის შებრუნებით, რასაც არ მოელოდა, ამას სტუმრის შეგონება ემატება არასწორი საქციელის გამო და შვილის სანაცვლოდ, აქამდე პატივისცემით მოპყრობილ სტუმრის მიმართ ემოციას გინებით ავლენს. აყალმაყალის შემდეგ, მეუღლესთან მარტო დარჩენილს ახსენდება მისი შვილების გამზრდელი სიდედრი, რომლის სანახავად ჩასვლისთვის ვერ მოიცალა. მსახიობი აქამდე თავშეკავებულ ნამდვილ ემოციას ახლა ავლენს, მეუღლის პატივსაცემად ახლა სვამს მის სადღეგრძელოს, სტუმრებთან რომ ამცირებდა. ამ დროს წამოსცდება გულწრფელად ნათქვამი: ,,ასე სატანჯველად გამაჩინე დედიკო?” რაშიც მისი სულიერი დრამა ჩანს. სპექტაკლში საინტერესოდ გამოიყურება მზია ტალიაშვილის რუსი მეზობელი, რომელიც გაწამებულია ამ ოჯახის დაუდევრობით, რის გამოც ახლად გარემონტებული ბინა წყლით ჩამოურეცხეს და კარგად ხვდება ამირანის მიერ გათამაშებულ ოინებს. მამუკა მაზავრიშვილის პირველი სტუმარი უხერხულობას ვერ მალავს დათიკოს იძულებით ოჯახში ამოყვანის გამო. თავის აღშფოთებას ნაძალადევი ღიმილით ფარავს, როდესაც დათიკო ცოლს მის თვალწინ შეურაცხყოფს. ამიტომ ჭიქის აღებისას სათქმელს დაბნეულად ეძებს და ოჯახის გულკეთილობას უხერხულად ადღეგრძელებს. მის გმირში ჩანს, რომ ასეთ ოჯახურ ყოფას უცხო გარემოდ არ აღიქვამს, მაგრამ დროულად გაცლას ამჯობინებს. სამწუხაროდ, მეორე სტუმრის როლში ზურაბ წიკლაურმა სცენაზე თავისი ფუნქცია ვერ იპოვა და სტატიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეჟისორმა პიესისეული ფინალი შეცვალა. დათიკოს ინფარქტის სცენის ნაცვლად იგი მეუღლეს დასაძინებლად მიჰყავს. სცენაზე და-ძმა რჩება, რომლებიც ჩახუტებულები იწყებენ ერთი ჯამიდან ჭამას, რითაც დრამატული ფინალი სამომავლო პერსპექტივით იცვლება.

2011

bottom of page