top of page

2016 წლის მიმოხილვა

13015196_1274610825900002_88668412217117

მაკა ვასაძე 

 

2016 წლის მიმოხილვა

მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბატონო სანდრო, არ დაგეთანხმეთ, რომ არ ჩატარებულიყო ეს განხილვა, იმიტომ რომ იმ ადამიანებს, ვინც მოვიდნენ აინტერესებთ ჩვენი აზრი და ჩვენი შეკრების მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენი თეატრემცოდნეების, კრიტიკოსების აზრი გაგვეზიარებინა მათთვის თქვენი ეგიდით. მე უნდა გამეკეთებინდა მოხსენება მხოლოდ ფესტივალებზე. ბატონ ლაშას, ბატონ გოგის, ქალბატონ ირინას უნდა შეეჯამებინათ სეზონი, ესაუბრათ იმ ტენდენციებზე და იმ პრობლემებზე, რაც არსებობს დღეს ქართულ თეატრში.

მინდა, რომ ოპონირება გავუწიო ბატონ მერაბ გეგიას. ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ, რომ თუ ჩვენი აზრები არ დაემთხვეოდა, ამის შესახებ ხმამაღლა, ტრიბუნიდან განგვეცხადებინა. დიალოგის რეჟიმში ერთმანეთს ოპონირებას გავუწევდით. და არ მითხრათ, ახლა, რომ ვარ ოპტიმისტი. ოპტიმიზმი არ მომიშალოს ღმერთმა, იმიტომ რომ ამის გარეშე ადამიანის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. ბატონო სანდრო, თუნდაც თქვენი ახალი თეატრის შექმნა. მერამდენე თეატრი შექმენით? ჩვენ გავაკეთეთ თქვენი თეატრის შეჯამება. ბატონ გურამთან ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა. მე ვთვლი, რომ ეს მოვლენაა, იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდა თაობას მიეცით საშუალება თავიანთი ნამუშევრები წარედგინათ მაყურებლის წინაშე. ახლა, რაც შეეხება რეგიონულ თეატრებს. ბატონო სოსო, წელს თქვენმა სპექტაკლმა „ალუბლის ბაღი“ აიღო საქართველოს თეატრალური საზოგადოების საუკეთესო ჯილდო - გრანპრი. ეს იმას ნიშნავს,  რაც ახსენა ბატონმა მერაბმა, რომ ახალმა  ტენდენციებმა, ახალმა მიმართულებებმა, ახალმა ძიებებმა თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა. ბრწყინვალე სპექტაკლია.

 ბატონი მერაბ თავაძე თავად ესწრება განხილვას და მინდა გითხრათ, რომ სამეფო უბნის თეატრი ჩემთვის არის სამაგალითო თეატრი, იმიტომ რომ იქ მივიდა ახალგაზრდა თაობა. რა თქმა უნდა, იცით, რომ თეატრი ბატონი მერაბ თავაძისა და ქ-ნ იზა გიგოშვილის შექმნილია, მაგრამ მივიდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც თავის სიტყვას კიდევ იტყვის და თქვეს უკვე. დათა თავაძის სპექტაკლი „ტროელი ქალები“ ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია, ასე ვთქვათ, ქართული თეატრის სივრცეში. ამ სეზონზე რუსთაველის თეატრმა, ეს ბატონმა მერაბ გეგიამ აღნიშნა, 137-ე სეზონი არაჩვეულებრივი სპექტაკლით „დაკანონებული უკანონობა“ დახურა. მარჯანიშვილის თეატრმა ბატონი გურამ ბათიაშვილი აქ გახლავთ, „უცხოობაში“ Begalut“, ვისთან ერთადაც დაიწერა ეს ამბავი, რა თქმა უნდა, დრამატურგის პიესაზე დაყრდნობით, მაგრამ ახალი ამბავი შეიქმნა და რაც მთავარია, ახალი სტილისტიკა შემოვიდა ქართულ თეატრში. ლევან წულაძემ იქ მხოლოდ დოსტოევსკის წერილის ერთი ფრაგმენტი გამოიყენა და ბატონი გურამი მიყვებოდა რეპეტიციებზე სიტყვა საერთოდ როგორ გაქრა. ანუ არავერბალური თეატრის საუკეთესო ნიმუში გვაჩვენეს დრამატულ თეატრში სეზონის ბოლოს. მე პირადად, აღფრთოვანებული ვარ. ჟან ჟენე პირველად დაიდგა საქართველოში. სამი მსახიობი, სამი ვარსკვლავი იდგა სცენაზე. იყო ლაპარაკი, რომ მსახიობები გაქრნენ. არა ბატონო. მეც მახსოვს რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, ეროსი მანჯგალაძე, ოთარ მაღვინეთუხუცესი, აკაკი ვასაძეც კი მახსოვს სცენაზე, მარინე თბილელი, სერგო ზაქარიაძე. საბედნიეროდ, მე მატარებდნენ ამ ფანტასტიკურ სპექტაკლებზე. ჟან ჟენეს ამ დადგმამ, სადაც  სამი ქალბატონი იდგა სცენაზე, საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარი დადეს, თანამედროვე ენით რომ ვისაუბროთ.

საავტორო თეატრი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენს თეატრში  ასე ვთქვათ, რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული, - ბატონი გოგი, ბატონო სანდრო, თქვენ დამეთანხმებით, რომ ქართული თეატრი მაინც მსოფლიო თეატრალური ტენდენციების გვერდით იდგა და არასოდეს არ ჩამოუვარდებოდა და მე ვთვლი, რომ დღეს საავტორო თეატრი, სარეჟისორო თეატრი ასე ვთქვათ, არის მოდაში. და ამ ტენდენციებს მიყვება ქართული თეატრი. ბატონ სოსოს ნამუშევარი სწორედ ამ სტილისტიკაში იყო დადგმული, მაგრამ ნამდვილად გამოიკვეთა ორი-სამი მსახიობი. ბატონო მერაბ, ერთად ვნახეთ ეს სპექტაკლი და დამეთანხმებით. ბატონი სანდროს სტუდენტები არაჩვეულებრივები არიან. მართალია მცირე სივრცეში, მაგრამ მათი მეტყველება გვესმოდა. ვთვლი, რომ მეტყველება არის ყველაზე დიდი პრობლემა. ბატონო ლევან, ქუთაისის თეატრი მუშაობს არაჩვეულებრივად იმ თვალსაზრისით, რომ სეზონზე რამდენიმე სპექტაკლს უშვებს. ბატონმა ლევანმა აღადგინა იმერეთის ფესტივალი. თელავის თეატრში შარშან კლაისტის „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაიდგა, სადაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ვანო იანტბელიძემ და არა მარტო მან.  და რაც მთავარია, ახალგაზრდებს იწვევენ თეატრები და აძლევენ საშუალებას, რომ დადგან. დღეს ბატონი თემურ ჩხეიძის მაგისტრანტის სპექტაკლის პრემიერაა ზუგდიდში და ამიტომაც ბატონი ბადრი ვერ ჩამოვიდა. შეიქმნა თემურ ჩხეიძის სახელოსნო სამეფო უბნის თეატრთან ერთად, სადაც მუშაობენ და სწავლობენ ახალგაზრდები. მათ დადეს სარეჟისორო ნამუშევრები, რომლებიც ვნახეთ. აი ახლა ბატონი გურამის ჟურნალში არის ბატონი თემურის საბაკალავრო ჯგუფის ნამუშევარი. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ თეატრი დღეს ცოცხლობს და მიჰყვება იმ პროცესებს რა პროცესებიც არსებობს მსოფლიო თეატრში. მე ვერ ვიტყცი, რომ ქართული თეატრი კრიზისს განიცდის. არ დაგეთანხმებით. არ განიცდის კრიზისს ქართული თეატრი. რეგიონული თეატრების ფესტივალზე ფოთში, ვთქვი, რომ არაჩვეულებრივი საქმე გაკეთდა და იმერეთის რეგიონის თეატრების ფესტივალი ძალიან კარგი საქმეა, იმიტომ რომ ჩვენ, პროფესიონალებს გვქონდა საშუალება გვენახა და მთლიანი სურათი შეგვექმნა, რა კეთდება რეგიონებში. ეს ორი ფესტივალი ამის საშუალებას გვაძლევს. ახლახანს რკინის თეატრში   ალექსანდრე ქოქრაშვილის საინტერესო პიესა „მეზუნია ჩიტები“ დავით ანდღულაძემ დადგა. სპექტაკლში ნინელი ჭანკვეტაძე და დათო როინიშვილი თამაშობენ. ეს დადგმა მიუძღვნეს ფოთის რეგიონულ ფესტივალს. ჩემი მოხსენება ასე იწყებოდა. ხშირად ისმის კითხვა რა საჭიროა ამდენი ფესტივალი? მე გეტყვით, რომ საჭიროა კი არა აუცილებელია. და რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი. თბილისში არის ძალიან ბევრი პატარ-პატარა ფესტივალი. მაგალითად, სამეფო უბნის თეატრში „არდი-ფესტი“, „პიესები ჰორორი“, თეატრალურ უნივერსიტეტს აქვს „ეტიუდების ფესტივალი“.  მაგრამ თბილისში კიდევ არის ორი გამორჩეული ფესტივალი. ეს არის „საჩუქარი“, რომელიც 1997 წელს დაიწყო ქ-ნმა ქეთი დოლიძემ, 2008 წელს შეწყდა და 2012 წელს კვლავ  აღდგა და წელს რიგით მესამე ფესტივალია. ერთადერთი შენიშვნა მაქვს ქალბატონ ქეთის დაარსებული ფესტივალის მიმართ. ერთი თვის განმავლობაში გრძელდება ეს ფესტივალი. თავიდან როდესაც დაარსდა ეს ფესტივალი,  იმდენად დატვირთული იყო, რომ ყოველდღიურად რაღაცა ხდებოდა. დღეს აღარ არის სპექტაკლების თვალსაზრისით ასე დატვირთული და ეს ფესტივალი ერთ კვირაში შეიძლება მოთავსდეს. მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ ფესტივალს თავისი პერიოდი აქვს -  ორი კვირა ან ათი დღე. არაჩვეულებრივი მსახიობები და რეჟისორები ჩამოდიან. მარტო დიმიტრი კრიმოვი რად ღირს. ენ ბოგარტის სპექტაკლი არასდროს დამავიწყდება, მაგრამ მაინც ვთვლი,რომ შემჭიდროვებაა საჭირო. კომედიის ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. იმერეთის ფესტივალზე აღმოვაჩინე ახალი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე, რომელმაც შარშან და წელს აიღო წლის საუკეთესო მსახიობი. სრულიად ახალგაზრდაა და გამოკვეთილად ნიჭიერი. და წლევანდელ ფოთის ფესტივალზე გიორგი შალუტაშვილის „მეთევზე ერთი, ორი..“ მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი მისი საუკეთესო ნამუშევარია. ორკაციანი კამერული ტიპის სპექტაკლი, სადაც ორი მსახიობი - დათო როინიშვილი და გიორგი ჩაჩანიძე თამაშობენ.

კომედიის ფესტივალს ვუბრუნდები. ბატონმა სოსომ წელს საინტერესო რამ მოიფიქრა. ყოველი სპექტაკლის შემდეგ თეატრმცოდნეები ვხვდებოდით დასებს და იქვე სპექტაკლების მინიგარჩევა გვქონდა. ზოგს სწყინდა, ზოგს - უხაროდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მგონია, რომ სწორი იყო ბატონი სოსოს ეს ახალი ინიციატივა. ამ ფესტივალის ჟანრი განსაზღვრულია, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან ჩამოაქვთ დრამა ან ტრაგედია. ეს ალბათ თვითონ იმ თეატრების დანაშაულია, ვინც თავის რეპერტუარიდან არჩევს ასეთ სპექტაკლს.

ისევ დავუბრუნდები თემურ ჩხეიძის სახელოსნოს, სადაც არაჩვეულებრივი სპექტაკლი შეიქმნა, ლილი და ნანა ხურითების მონაწილეობით. ეს იყო მაგისტრანტების პირველი ნამუშევარი.

სამწუხაროდ, სოხუმის თეატრის სპექტაკლი შარშან ვნახე ფოთის რეგიონულ ფესტივალზე - დავით საყვარელიძის მიერ დადგმული ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“, რომელიც თავის დროზე დაიწერა როგორც რადიო-პიესა და აქვს ჯილდოები აღებული არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ეს იყო არაჩვეულებრივი ნამუშევარი, სადაც ლილი ხურითმა მხოლოდ ხმით, ვერბალურად შექმნა სახე-პერსონაჟი.

მარჯანიშვილის თეატრს აქვს არაჩვეულებრივი ინიციატივა. მათ უკვე ოთხი სცენა აქვთ და ახალგაზრდებს ადგმევინებენ სპექტაკლებს. ასევე რუსთაველის თეატრს ძალიან ხშირად საყვედურობენ, რომ არ იწვევენ ახალგაზრდებს. არა, ბატონებო და ქალბატონებო. იწვევენ და ადგმევინებენ. მე ვიცი ეს ზუსტად. აყავთ ახალგაზრდა მსახიობები, რეჟისორები. ახლაც ქასთინგი მიმდინარეობს.

ბატონო სანდრო, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნიჰილისტურად არ ვარ განწყობილი ქართული თეატრის მომავლის მიმართ. ერთი კიდევ მინდა ვთქვა. ეს არის ჩვენი უბედურება. საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა, არასოდეს არავისტი არ ვყოფილავარ, მაგრამ პირწიგნაკი მეც მაქვს გახსნილი და რა ხდება,  გია როინიშვილი - ჩემი ბავშვობის მეგობარი, პარალელური კლასელი, უნიჭიერესი მსახიობი, რომელმაც ილიას თეატრში კრეონის არაჩვეულებრივი სახე შექმნა. ახლახანს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში, ახალგაზრდა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა დადგა „მოხუცი ქალის ვიზიტი“ ასევე არაჩვეულებრივი სახე შექმნა, რა უნდა ამ პოლიტიკაში გამაგებინეთ?! ან ირაკლი ჩოლოყაშვილს ან ზაზა პაპუაშვილს რა უნდათ პოლიტიკაში?! არტისტი სცენაზე უნდა იდგეს. არტისტი სცენიდან უნდა ამბობდეს თავის სიტყვას. მე ვთვლი, რომ ზაზა უნიჭიერესი მსახიობია და უნიჭო პოლიტიკოსი. რეჟისორი შეიძლება კიდევ წავიდეს, იმიტომ რომ რეჟისორი არის სპექტაკლის მმართველი. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ხელოვანი უნდა დარჩეს ხელოვანად. რეჟისორმა სპექტაკლებით უნდა უთხრას თავის სათქმელი მაყურებელს, თავის გულისტკივილი მსახიობმა თავის ნიჭით და არტისტიზმით გამოხატოს. დავანებოთ ამ პოლიტიკას თავი. პოლიტიკა აკეთონ პოლიტიკოსებმა, ეკონომისტებმა, იურისტებმა, სოციოლოგებმა. მე ძალიან მიყვარს თეატრი და გული შემტკივა, როდესაც ნიჭიერი რეჟისორი და მსახიობი მიდის სხვაგან, მარცხნივ ჩემთვის და არ რჩება იქ, სადაც უნდა უნიჭო ადამიანი კი  ყველგან უნიჭოა. დიდი მადლობა და დიდი ბოდიში.

 

მაკა ვასაძე -  ორი სიტყვა მინდა მოგახსენოთ მერიის დაარსებული თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორების შესახებ. ეს არის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც ყოველთვის ითვალისწინება შენიშვნას, ყოველთვის გვერდში გიყენებს პროფესიონალ თეატრმცოდნეებს თუ არათეატრმცოდნეებს, ითვალისწინებენ ყველას აზრს და ვითარდებიან წლიდან წლამდე. ძალიან ბევრი ციფრი მქონდა მოყვანილი რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში გარდა უცხოური პროგრამისა ქართული შოუქეისის მეშვეობით. რამდენი რეჟისორი გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რამდენი სპექტაკლი გავიდა და ა. შ. ამ გუნდის წევრები კონფერენციების თანაორგანიზატორებიც არიან და ყოველ წელს ახალ ინიციატივას გვთავაზობენ. გმადლობთ.

bottom of page