top of page

  გენერალი მოდის!..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

publika.ge-307841657-833532784477367-9101012713001715038-n.jpeg

ლუკა  გოჯორაშვილი

გენერალი მოდის!..

 

“ომი იმდენად უსამართლო და მახინჯია,

რომ ყველა, ვინც ომობს, ცდილობს

საკუთარ თავში დაახშოს სინდისის ხმა”

ლევ ტოლსტოი

 

    

სამეფო უბნის თეატრი ყოველთვის სთავაზობს მაყურებელს მხატვრული ღირებულების მქონე, ღრმა შინაარსის მქონე სპექტაკლებს. მათ შორის თამამად შეიძლება დავასახელოთ ნინო ხარატიშვილის საავტორო  სპექტაკლი “მსახურთა შემოდგომა”.ეს ერთ-ერთია იმ პიესათა შორის, რომელიც ქართულ სცენამდე გერმანულ სცენაზე გაცოცხლდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და რეჟისორია. მისი პიესა  ანა კორძაია-სამადაშვილის თარგმანით  წარმატებით დაიდგა სამეფო უბნის თეატრში. სიუჟეტი საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან  ბევრ ქვეყანაში ომი მძვინვარებს. მწერალი, პიესაში გვაჩვენებს, თუ რას იწვევს ომი და არეულობა  ადამიანებისთვის. რისი გამოვლა უწევთ მათ, ვისაც ომი არ დაუწყიათ, ამ დროს კი  “მაღალჩინოსნები” მარტივად უვლიან გვერდს ყველა უბედურებას.  სცენოგრაფია იულია ბ. ნოვიკოვას ეკუთვნის, რომელიც მაყურებელს ომის განწყობას უქმნის. დეკორაცია, ერთი შეხედვით მინიმალისტური, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ გადატვირთულია.

 

სცენაზე არ დევს არც ერთი ფერადი ნივთი, ყველაფერი რკინისაა და იმ უფერულ, ცივ და დაძაბულ გარემოს ქმნის, რომელიც ბრძოლას მოყვება. არც ერთი ნივთი არ რჩება გამოუყენებელი სპექტაკლის განმავლობაში, მიუხედავად მათი სიმრავლისა. თავად კოსტუმებიც, რომელიც ამ სახლის მსახურ ქალებს აცვიათ,  მხიარული და პოზიტიური ფერებისგან არიან დაცლილნი (კოსტუმების მხატვრები : გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია, ავთანდილ მოდებაძე), ფერადოვნება კი მხოლოდ მდიდარი ხალხის ტანისამოსს შემოაქვს სცენაზე. 

    

სცენაზე პირველი ჩნდება ყველაზე ახალგაზრდა მსახური ლუსი, რომელსაც ნატუკა კახიძე ანსახიერებს. ლუსი საკმაოდ გულუბრყვილო, მორჩილი და ნაზი გოგონაა. მას  გარეთ მიმდინარე მოვლენები საკმაოდ აწუხებს,  ცდილობს ყველაფრის საქმის კურსში იყოს, თუმცა ეს არ გამოსდის. ნატუკა კახიძე  თავისუფალად მოძრაობს  სცენაზე. მისი შესრულება რეალისტურია. მსახიობი ახერხებს, მთელი სპექტაკლის განმავლობაში  შეინარჩუნოს ბუნებრიობა ყოველგვარი გადამეტების გარეშე. კახიძის- ლუსის უნდა, რომ გააღწიოს იმ ვაკუუმად ქცეული, ჩარაზული სივრციდან, რომელში ყოფნასაც უფროსი მსახური რინა აიძულებს. ლუსი ერთადერთი დადებითი პერსონაჟია თავისი უბრალო და კეთილი ხასიათით, თუმცა მიუხედავად ამისა, ემპათიის გრძნობას დანარჩენი ორი პერსონაჟიც  იწვევს. კახიძის გმირი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ საბოლოოდ ისიც უარყოფით და ცხოვრებისაგან გაბოროტებულ პერსონაჟად მოგვევლინოს.

 რინასა /ნინო ბუდული/ და კაელას /ნატა მურვანიძე/ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ლუსის მოტყუება და მისი გამოყენება, ლუსის  იძულებულს ხდის, რომ საბოლოოდ მათ  არაჰუმანური   წესებით შეებრძოლოს.

 

სპექტაკლის განმავლობაში, ნელ-ნელა ირკვევა , თუ რა უბედურება მოუტანა სამივე მსახურს  ომმა. ახლობლების დაკარგამ,  ტრამვებმა და ცხოვრებისეულმა სირთულეებმა, ისინი გაბოროტებულ ადამიანებად აქცია. 

 

რინას, გენერლის საყვარელ მსახურს, აშკარად დიდი გავლენა აქვს სხვა პერსონაჟებზე და „უფროსობს“ კიდეც. მას ყველაზე მეტად ეშინია იმის აღიარების, რაც გარეთ ხდება და ალბათ ეს თავისი წარსულიდან არის გამოწვეული, რომლის შესახებაც ლუსიმ არ იცის.  რინა კი კაელას თანდასწრებით, მის დასამცირებლად  ლუსის  კაელას ამბავს უყვება, რაც მას თავს გადახდა და ფსიქიკა დაურღვია. ცოტაოდენი საჭმლის გულისთვის, ის  ომში მონაწილე ჯარისკაცების, ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა და  ამ ამბის გახსენებაზე პანიკური შეტევა ეწყება.

 

ნატა მურვანიძე/კაელა/ ამ როლს ისე თამაშობს, რომ მაყურებელს, პერსონაჟის მიმართ  შეცოდებისა და ემპათიის გრძნობა აღეძვრება.

 

ორი მოსამსახურის  ერთმანეთის მიმართ ზიზღის მიუხედავად, მათ საერთო ინტერესები-ლუსის ჩაგვრა, ამოძრავებთ.  მსახიობი ნატა მურვანიძე, კარგად ხატავს თავისი გმირის ბუნებას და ახერხებს პერსონაჟის სხვადასხვა მხრიდან წარმოდგენას. ვინაიდან, რინამ კაელა დაამცირა, ამის საპასუხოდ

 

ის  რინას უხდის სამაგიეროს. რინას შვილის ტანსაცმლით შეიმოსება და ისე წარსდგება მის წინაშე, რაც რინას პერსონაჟის გატეხვასა და ემოციურ განადგურებას იწვევს. მალე გაირკვევა, რომ თურმე  რინას  მარტოს მოუწია ვაჟის აღზრდა, მისთვის კარგი განათლების მიცემა, მაგრამ მისი  შვილი მოწინააღმდეთა ბანაკს შეეკვრება. რინა კი  ცდილობს  მისი შვილის გამართლებას და ყველაფერს  აკეთებს მის დასახმარებლად, თუმცა  საბოლოოდ დახმარების ნაცვლად, მას სიკვდილს მოუტანს. 

 

რინას როლს განუმეორებელი ნინო ბურდული ასრულებს. მიუხედავად პიესის შინაარსისა, მისი გამოჩენისთანავე სცენა ბევრად უფრო დინამიური და ცოცხალი ხდება. აღსანიშნავია სცენა, სადაც მსახიობი თავის შვილს დასტირის. თითქოს გაუგებარი საუბრით, თუმცაღა ხმის ინტონაციითა და ტანში ჟრუანტელის მომგვრელი სევდით, მისი მოქმედება  ყველაფერს გასაგებს ხდის. ნინო ბურდულს, ამ დაძაბულ ეპიზოდში შემოაქვს იუმორი და სიტუაციის განმუხტვასაც  ახერხებს.

 

ამ ყველაფრის შემდეგ, ნატუკა კახიძის ლუსის სევდიანი ბავშვობა და დევნილობის ტრავმაც სააშკარაოზე გამოდის. ის მსახურებისგან იგებს, რომ მისი არცერთი მშობელი ცოცხალი არ არის, რის შესახებაც მან დიდი ხანია იცის.  თუმცა, რინა და კაელა მის გასამწარებლად, ახსენებენ, თუ როგორ მოუწია მშობლიური სახლის დატოვება  მაშინ, როდესაც მისთვის ყველაზე ლაღი და ბედნიერი წლები უნდა ყოფილიყო.

    

საბოლოოდ,  ლუსი გადაწყვეტს,   ბატონებიდ ტანსაცმელში გამოწყობილ მსახურებს/ კაელა, რინა/ ბოლო მოუღოს და ძალაუფლება თავად აიღოს ხელში, ამისთვის  თოფსაც დაისაკუთრებს. თოფს, როგორც ძალაუფლების, სიკვდილის, დამარცხებისა და გამარჯვების სიმბოლოს. 

 

რეჟისორი ნინო ხარატიშვილი,   სპექტაკლში გვაჩვენებს, თუ როგორ ცვლის ადამიანებს უბედურება და თავის გადარჩენისათვის, არსებობისათვის ბრძოლა. ამ ყველაფერმა სრულიად გულჩვილი და ნაზი არსებაც კი შეიძლება ისეთ მონსტრად აქციოს, რომ თავად მონსტრებიც კი შეაშინოს. ეს ყველაფერი კი ომს მოაქვს, ომს, რომელიც ასე მძვინვარებს მსოფლიოში და ჩვეულებრივ მოქალაქეებს სიცოცხლეს უნადგურებს, ცხოვრებას უწამლავს. ხოლო ისინი, ვინც ერთპიროვნულად გადაწყვეტენ ომის დაწყებას უვნებლები რჩებიან. “გენერალი გაიქცა” და მსახურებს უწევთ იცხოვრონ საკუთარ პრობლმებთან ერთად.

P.S. “მთავრობა იგებს ან აგებს ომს, ხალხი კი მაინც წაგებულია”_ბერტოლტ ბრეხტი.

bottom of page