top of page

გემრიელად მივირთვით

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

431781560_415400064470966_9155198572855451039_n.jpg

თამთა ქაჯაია

გემრიელად მივირთვით

 

ქალზე ძალადობა თითქმის ყველა ქვეყანაში გლობალურ პრობლემად ითვლება. კანადელი წარმოშობის მარგარეტ ეტვუდმა, 1985 წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარმეტყველური რომანით ილაპარაკა „მხევლის წიგნში“, სადაც ნათლად არის აღწერილი როგორ ართმევენ ქალს ყველანაირ უფლებას, მათ მიერ ჩადენილი „ცოდვების“ სახელით. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით ირანში არსებულ მდგომარეობაზე მუდმივად გვესმის მრავალფეროვანი მოსაზრებები, მარჯან სატრაპმა წიგნში „პერსეპოლისი“ დეტალურად აღწერა ირანის რევოლუციამდე არსებული მიზეზები და შედეგები. დასავლური კულტურის სტერეოტიპული დამოკიდებულება - როგორ აღიქვამდნენ მას, როგორც ირანელ ქალს. უამრავი ლიტერატურის დასახელება შეიძლება ქალების ემანსიპაციაზე, ჩაგვრასა და ძალადობაზე, თუმცა, აქ შევჩერდები.

ახალციხეში 12 მარტს თოჯინების თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა, ასევე სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახალციხის დრამატულ თეატრში. უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის - თოჯინების თეატრმა არ დააყოვნა და რეპერტუარში მათთვის განკუთვნილი სპექტაკლები დაამატა. სწორედ ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით „გემრიელად მიირთვით“, გაიხსნა თეატრი, რომლის რეჟისორი ლექსო ჩემია გახლავთ, მოქმედი გმირი - ანა ხუბუტია. ჩემთვის ორმაგად სასიხარულო ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა რეჟისორები ქართველი დრამატურგების შემოქმედებაზე აკეთებენ არჩევანს, რადგან ეს ერთგვარი წახალისება და მოტივაციაა ეროვნული დრამატურგიისთვის. თუკი რაიმე ლიტერატურა არსებობს ქალების ემანსიპაციაზე, უმეტესად მისი ავტორები თავად ქალები არიან. ამ შემთხვევაში პიესის ავტორიც და რეჟისორიც  მამაკაცია - რაც წინგადადგმული ნაბიჯი და ორმაგად სასიხარულო ფაქტია.

ერეკლე დეისაძის მონოპიესაში ნარატივი ქართველი, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ქალის გარშემო ვითარდება, რომლის მიზნები და ოცნებები ბანალური და სხვებისგან არაფრით გამორჩეულია. მისთვის მნიშვნელოვანი ოჯახური კერაა, „ქალურ ბედნიერებას“ ქმარ-შვილში, ოჯახზე მზრუნველობაში ხედავს. პერსონაჟის ოცნებებისა და დამახინჯებული ტრადიციების მსხვრევაზე მოგვიანებით გავაგრძელებ.

ანა ხუბუტია ერთი საათის განმავლობაში სრულიად იხარჯება სცენაზე. იგი ქმნის ქართული, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი გოგონას მხატვრულ სახეს, რომელიც ცდილობს გამოარკვიოს სად იმალება ჭეშმარიტება, ზედაპირზე, ყოველდღიურ ქცევაში თუ სოციალური ნიღბების მიღმა. ანი ხუბუტიას გმირის ოცნებების მსხვრევა მისი ოცნების ასრულებიდან/ქორწინებიდან იწყება. მსახიობი დამაჯერებლად გადმოსცემს ჩაგრული ქალის ყოფას, ფინალურ სცენაში კი როდესაც მისი შურისძიების დრო დგება სრულიად გარდაისახება და სუსტი ქალიდან თავდაჯერებული, გათავისუფლებული ქალის სახეს ქმნის. ანა ხუბუტია სპექტაკლის შუა ნაწილში მონოტონურია, საპრემიერო ღელვამ სძლია თუმცა, როგორც აღვნიშნე ფინალურ სცენაში მსახიობი ბოლომდე გაიხსნა და ღირსეულად შეასრულა დაკისრებული მისია. იგი ოსტატურად ცვლის გარემოს, დაძაბულ სცენებში იუმორ ნარევი ტრაგიზმით განმუხტვის საშუალებას აძლევს მაყურებელს. სპექტაკლში გამოყენებულია ინტერაქციული ხერხი, მაყურებელი მუდმივად თანამონაწილეა პროცესის და მოდუნების საშუალება არ ეძლევა.

მოძალადე ქმარი - უსახო, კოსტიუმით, ქუდით და ფეხსაცმელებით გამოსახული ფიტულია, რომელსაც მსახიობები მართავენ (ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი, მიხეილ ბერიძე). მათი გამოცდილება, უსულო თოჯინას სიცოცხლის უნარიან პერსონაჟად აქცევს. სცენის დეკორაციას (მხატვარი - ლელა ფერაძე) შავი შირმები წარმოადგენს - ქმედითი, ფუნქციური და მოძრავია. წითელი ლენტებს ხან სისხლის დანიშნულება აქვს ითავსებს, ხან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხორცის, რაც ტრივიალური და გაცვეთილია.

პიესის ტექსტი ლექსო ჩემიამ შეკვეცა, ამოიღო შემდეგი პასაჟები [...] „ყველაზე უკეთ ვასაბი გამომდიოდა, წარმატებით ავითვისე ორმოცამდე იტალიური პასტის და პიცის მომზადების რეცეპტი, თუმცა ხორცთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა“.. ცხადია ამით პიესის ფაბულა არ იცვლება, თუმცა მეტაფორულად მრავლის მომცემი ტექსტია, რაც ფინალურ სცენას მიესადაგება და პასუხობს. ასევე, [...] „მივხვდი, რომ მღალატობდა საყვარელი ჰყავდა... სხვის ხინკლებში გამცვალა, ხინკალი ერთადერთი იყო რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა“. პიესის დასაწყისში მონოლოგიდან ვიგებთ, რომ წყვილის ურთიერთობა სტომაქზე გავლით, (კაცის სიყვარული ხინკლისადმი) იწყება. ქალისთვის ღალატი იდენტიფიცირდება სიტყვებში „სხვის ხინკლებში გამცვალა“. ხინკალი - როგორც ტრადიცია [....] „მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხინკალი თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალს. ჩვენთვის ქართველებისთვის ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის, მარადიული, მოძრაობის სიმბოლო“...

რეჟისორმა სხვადასხვა ხერხი/ფორმა გამოიყენა სპექტაკლში მაყურებლის ჩართულობისთვის, რითაც სპექტაკლი გაამრავალფეროვნა. შეგნებულად ვარიდებ თავს კონკრეტული სიტუაციების გაშიფვრას, რომ მოულოდნელობის ეფექტი არ დაკარგოს წარმოდგენამ იმ მაყურებლისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ უნახავთ სპექტაკლი. რეჟისორმა სწორ ადგილას, სწორ პრობლემაზე დაიწყო საუბარი.

 ჩარლი ჩაპლინი ერთადერთი რეჟისორი იყო ჰოლივუდში, რომელმაც იცოდა შიმშილი. მან ეს ყველაფერი არ იცოდა მხოლოდ წიგნებიდან, ფილმებიდან ან თეატრიდან, ჩაპლინს ეს გრძნობა ნამდვილად განცდილი ჰქონდა. როდესაც, ვსაუბრობთ ქალების ძალადობაზე, რთულია განიცადო შენთვის მხოლოდ ზედაპირული, სიუჟეტად მოყოლილი ამბავი. რთულია განიცადო ის, რაც პირადად არ გაგივლია და არ განგიცდია. რაც არ უნდა ვუთანაგრძნოთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მაინც ყველანი ზედაპირული მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ვართ.  ფინალურ სცენაში, მსხვერპლი, ჩაგრული ქალი მკვლელად გვევლინება, რაც საყოველთაოდ გაცვეთილ ფრაზას „ძალადობა წარმოშობს ძალადობას“ ამართლებს. საზოგადოებისგან გარიყული ქალი მკვლელ პერსონად გვევლინება, მიზეზი კი დახმარებისკენ არ გაწვდილი ხელია, რამაც გვაიძულა ყველას ერთად, გაუაზრებლად, გემრიელად მიგვერთვა.

 

პ.ს. ამ თემაზე თეატრის შენობიდან საუბარი ერთი პატარა, მაგრამ ამავედ დროს დიდი გადადგმული ნაბიჯია.

bottom of page