top of page

რამდენიმე სიტყვა გელა ისიანზე, რომელიც რაჭაში ემსახურება თოჯინების თეატრს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.MlKHhqtvlrcMXCFJYlGjrY57AwPIxkjMt001K7yXtrg.jpg

მანანა თევზაძე
რამდენიმე სიტყვა გელა ისიანზე, რომელიც რაჭაში ემსახურება თოჯინების თეატრს

 

თითქოს სათაურშივე გავთქვი ამ ჩანაწერების გახსენების მიზანი, თეატრალურ საზოგადოებას წარვუდგინო მსახიობი, რეჟისორი, საოცრად მორიდებული და კეთილშობილი პიროვნება - გელა ისიანი.

თეატრალურ ინსტიტუტში ერთ დროს ვსწავლობდით. სხვადასხვა პედაგოგები გვასწავლიდნენ მსახიობის ოსტატობას, მეტყველებას, მაგრამ თეორიული და ზოგიერთი პრაქტიკული საგანი, მაინც ერთად გვიტარდებოდა. ინსტიტუტი, იმ 70-იან წლებში, პატარა და სულისმოსათქმელი სასწავლებელი იყო, პედაგოგები და სტუდენტები მალე დავმეგობრდით და ამ მეგობრობამ დიდხანს გვასულდგმულა. რაც შეეხება მოსწავლეებს, მაშინ ჩასახული ახლობლობა წლების შემდეგ ლამის ნათესავად გვაგრძნობინებს ხოლმე ერთმანეთის თავს.

გელამ თოჯინების თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი  დაამთავრა. მის ჯგუფში იყვნენ: მაგული ტყეშელაშვილი, მარგალიტა მიქელაძე, ლალი სიყმაშვილი, იური ფოფხაძე, მოგვიანებით ზეინაბ წულუკიძეც შეუერთდათ და თოჯინასთან მუშაობას, მის გაცოცხლებას, თავიდან არაჩვეულებრივი რეჟისორი გივი სარჩიმელიძე ასწავლიდათ, შემდეგ კი ასევე განსაკუთრებული ოსტატი, რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი, შოთა ცუცქირიძე. რას გავაწყობთ, დღეს ისინი აღარ არიან, მაგრამ მათი აღზრდილი და ჩამოყალიბებული მსახიობები თავად არიან თოჯინების თეატრის ოსტატი მსახიობები. მართალია, გელას გარდა, დღესდღეისობით თოჯინების თეატრში არც ერთი მათგანი არ არის, სხვა გზა ირჩიეს, თუმცა კვლავ ხელოვნებას ემსახურებიან.

 გელა ისიანმა თეატრისადმი თავისი სიყვარული ქალიშვილსაც გადასდო, ნანუკა ისიანმა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და ამჟამად ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის მსახიობია. წლების შემდეგ სწორედ ნანუკამ შეგვახვედრა ერთმანეთს ძველისძველი ამახანაგები და გელამ კვლავაც მორიდებით მიამბო რაჭაში თავისი არტისტული ცხოვრების ამბავი.

გელა ქალაქ ონშია დაბადებული, 1950 წლის 6 იანვარს. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, გამოირჩა ხელოვნების სიყვარულით და თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩააბარა. დრამის მსახიობისა და თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობის დიპლომით ხუთი წელი ფოთის სახელმწიფო თეატრში იმუშავა, ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა როლებიც შეასრულა, მაგალითად, ოლეგ კოშევოი - „ახალგაზრდა გვარდიაში“, ხლესტაკოვი - „რევიზორში“, შემდეგ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გადავიდა, იქ გოგი ქავთარაძესთან და იური კაკულიას  სპექტაკლებში გამოდიოდა: „საბრალდებო დასკვნა“, „მეცამეტე თავმჯდომარე“, მაგრამ ეტყობა მშობლიური კუთხის, რაჭის სიყვარულმა სძლია და კვლავ ონს მიაშურა, კულტურის სახლს და სახალხო თეატრს ჩაუდგა სათავეში, დადგა სპექტაკლები: გურამ ბათიაშვილის „ვალი“, ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, „საბრალდებო დასკვნა“, „დიდრო“...

პარალელურად თოჯინების თეატრიც ჩამოაყალიბა, საბავშვო სპექტაკლები დადგა: „ბატის ჭუკი“, „კომბლე“, „სამი გოჭი“, „მხიარული ზღაპარი“...

ეს ყველაფერი 1974-1998 წლებში ხდება, სპექტაკლებით მონაწილეობს, როგორც სახალხო თეატრების, ასევე თოჯინების თეატრების ფესტივალებში - „გურჯაანი 99“, „ბორჯომი 2000“ და ფოლკლორულ მასალებზე შექმნილი  სპექტაკლით „ანეტა და რაჟიკო“ მაყურებლისა და ჟიურის მოწონება და აღიარება მოიპოვა, დაჯილდოვდა კულტურის სამინისტროს საპატიო დიპლომებითა და სიგელებით, ხალხური შემოქმედების მეთოდური ცენტრის დიპლომით ეროვნული ფოლკლორის ერთგულებისათვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდბელი პროფკავშირების სიგელით „ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისათვის“.

ონის თოჯინების თეატრს „სახალხო თეატრის“ წოდებაც მიენიჭა და გელას მიერ დადგმულმა სპექატკლმა ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ ვანის საერთაშორისო ფესტივალზე 2000 წელს, მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო დამდგმელი რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი - გელა ისიანი  საპატიო სიგელით, სულ მალე კი ხელოვნებაში გაწეული წვლილისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

ონის სახალხო თეატრიცა და თოჯინების თეატრიც სხვადასხვა წლებში წარმატებით მონაწილეობდა დათვალიერებებში და საკავშირო ფესტივალების სამგზის ლაურეატია.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში თოჯინების თეატრი არ არის, ამიტომ ონის თოჯინების სახალხო თეატრმა თავისი სპექტაკლებით  ყველა აქაური სოფელი, სკოლა, ბაღი,  კურორტები მოიარა: უწერა, შოვი, ამბროლაური, ცაგერი... ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა სპექტაკლის ჩატარება და ბავშვების დაინტერესება, გახარება.

მაგრამ ყველაფერი რომ დროებითია და ცვალებადი? წარმატებას რომ იმედგაცრუებაც მოსდევს ხოლმე? ისე მოხდა, რომ გელა ისიანი იძულებული გახდა მის მიერ შექმნილი თეატრიდან წამოსულიყო და კიდევ კარგი, რომ ამბროლაურის სახალხო თეატრის რეჟისორად მოახერხა მუშაობის დაწყება,  აქაც შექმნა თოჯინების თეატრი და თუმცა გული სტკივა, რომ წლების განმავლობაში საკუთარი ხელით შექმნილ, რეგიონში ერთადერთ თოჯინების თეატრის შენობაში, რომელსაც დიდი მოწონება და აღიარება ჰქონდა მოპოვებული, 80 კაციანი დარბაზი, თავისი თეჯირითა და ყველა ატრიბუტით, გაანადგურეს. მას შემდეგ ონის რაიონში თოჯინების თეატრი აღარ არსებობს და გულსატკენია, რომ გელას შრომა ასე დაუფასებელი დარჩა.

მაგრამ ეს მუხლჩაუხრელი გელა ისიანი კვლავ არ ისვენებს, მუშაობს, ამბროლაურში სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორი და თოჯინების თეატრის რეჟისორია, დგამს სპექტაკლებს თოჯინებში: „ოქროს წიწილა“, „წითელქუდა“, „ მელაკუდას თავგადასავალი“, „სამი მეგობარი“, ხოლო სახალხო თეატრში: „ზვავი“, „დარისპანის გასაჭირი“, „ვალი“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“... მის მიერ დადგმული სპექტაკლები კვლავაც იმსახურებენ საპატიო დიპლომებსა და სიგელებს.

გელას ოცნებაა, სანამ ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს თავს, ამბროლაურში თოჯინების 100 კაციანი თეატრი აშენდეს, სადაც თოჯინებს, რომლებიც 40 წელია ემსახურებიან ჩვენს პატარა, ლამაზ ბავშვებს და მათ სულიერ საზრდოს სთავაზობენ, საკუთარი ბინა ექნებათ და გელას შრომაც, რომელიც 20 წელი ემსახურა თეატრალურ ხელოვნებას ჯერ ონში, ხოლო შემდეგ 24 წელი - ამბროლაურში, დაფასდება! იგი ხომ თითქმის 50 წელია უღალატოდ ემსახურება ხელოვნებას, თავის სპეციალობას!

გელას სხვა ოცნებაც აქვს, ამბროლაურის სახალხო თეატრში რაფიელ ერისთავის კომედია „ეჭვიანი“ და ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“,  ხოლო  თოჯინების თეატრში - ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დადგას!

როგორ ძალიან მინდა, რომ გელა ისიანს ოცნებები შესრულდეს, ეს მართალი და შრომისმოყვარე კაცი ყველანაირ სიკეთეს იმსახურებს.

bottom of page