top of page

„გაუმარჯოს მიწისქვეშეთს!“

„სამწუხარო ადამიანების“ სამწუხარო ბედი

WhatsApp Image 2026-06-22 at 12.23.10 (1).jpeg

26.07.2026

სტატია მომზადებულია ეროვნული სასახლის

თეატრის მოყვარულთა კურსის ფარგლებში

დეა გრემელაშვილი

„გაუმარჯოს მიწისქვეშეთს!“

„სამწუხარო ადამიანების“ სამწუხარო ბედი

ფიოდორ დოსტოევსკი ის ავტორია, რომელიც საუკუნეზე მეტია აქტუალობას არ კარგავს. თემები, როგორიცაა: დეპრესია, იზოლაცია, დანაშაულის განცდა, კომპლექსურობა და ზედმეტ ფიქრებში ჩაკარგვა, მას ჯენ-ზი თაობის ერთ-ერთ ფავორიტ მწერლად აქცევს. „თეთრი ღამეებისგან“ და „ძმები კარამაზოვებისგან“ განსხვავებით, მისი მოთხრობა „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ შედარებით ნაკლებად პოპულარულია. ეს ნაწარმოები ფოკუსირდება ინტელექტუალი ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებსა და სამყაროსთან მის რთულ დამოკიდებულებაზე. სწორედ ამ რთული მასალის საკუთარი ხედვით გაცოცხლება გადაწყვიტა რეჟისორმა ლევან წულაძემ სპექტაკლში „იატაკქვეშეთის ადამიანი“, რომლის პრემიერაც 8 აპრილს გაიმართა თეატრ სახელოსნო 42-ში.

სპექტაკლი არ გხდის იძულებულს, რომ ყურების დროს სიუჟეტის დეტალების "სერჩვა" დაიწყო; პირიქით, სიუჟეტი მათთვისაც აბსოლუტურად გასაგები იქნება, ვისაც მოთხრობასთან შეხება არ ჰქონია. დარბაზში შესულ მაყურებელს სცენაზე ხვდება მოცუცქნული ოთახი, ბალიშებით სავსე სავარძელი და მეორე მხარეს დიდი ეკრანი, სადაც იატაკქვეშეთია გამოსახული. ეს გარემო პერსონაჟის შინაგანი სამყაროს ვიზუალური პორტრეტია - გარედან სარდაფი, თუმცა შიგნით წიგნებით სავსე, კომფორტული და თავისებურად ლამაზი ადგილი. ეს არის დახშული, მძიმე გარემო, სადაც გმირი საკუთარ ფიქრებშია გამომწყვდეული. სპექტაკლის პირველი მოქმედება მთლიანად 40 წლის უსახელო გმირის (ნიკა კუჭავა) ფილოსოფიური მონოლოგია, რომელიც სრული სასოწარკვეთილებისა და უიმედობის განცდას უქმნის მაყურებელს. რეჟისორი ამახვილებს ყურადღებას თანამედროვეობისთვის მტკივნეულ და აქტუალურ თემებზე: გაუნათლებელთა ძალაუფლება, „ბრბოს“ ფენომენი, რომელიც ბრმად მიჰყვება თავდაჯერებულ უგუნურებს. ისმება კითხვა: რა როლი აქვს მოაზროვნე ინდივიდს ასეთ სამყაროში, რომელიც თავის ადგილს ვერ პოულობს და ვერაფერს აღწევს. მონოლოგი სცილდება ლიტერატურულ ჩარჩოებს და ეხება ომებს, სასტიკ სისხლისღვრას, რომელსაც რეალურად არავინ იწონებს, თუმცა უგუნურად მაინც ინერციით აგრძელებენ. პერსონაჟი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეცნიერებასაც, იმ „ოლოგიებს“, რომლებშიც ადამიანები ყველაფრის პასუხებს ეძებენ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავში ჩაიხედონ.

იგი ბოლოს მიდის დასკვნამდე, რომ ეს სამყარო განადგურდება და ყველაფერი გახდება მიწისქვეშეთი. პირველი მოქმედების დინამიკა პიკს აღწევს ამ საფინალო ეპიზოდში. „გაუმარჯოს მიწისქვეშეთს!“ ყვირის გმირი და მის უკან ეკრანზე ქალაქის ნგრევის, წარღვნისა და წყვდიადის კატასტროფული სურათი იშლება. ეს ვიზუალური მეტაფორა ბიბლიურ ალუზიას ბადებს და დაბადებაში აღწერილ დედამიწის დასაბამის მდგომარეობას მოგვაგონებს.

მეორე მოქმედება თავიდან შედარებით უფრო იმედისმომცემია და რბილი, თუმცა ნელ-ნელა მიდის იმ ჩაკეტილი ატმოსფეროსკენ, რითიც თავიდან დაიწყო. ეს უკვე ე.წ. ფლეშბექია და 3 წლით ადრე გადავყავართ, როცა მთავარმა გმირმა კლუბში გაიცნო პატარა გოგო ლიზა (ნინა ლორთქიფანიძე). აქ რეჟისორი დოსტოევსკისეულ პირველწყაროს საინტერესოდ ცვლის, ბორდელის ნაცვლად მოქმედება თანამედროვე ღამის კლუბში გადააქვს, რაც არა უბრალოდ გარემოს შეცვლა, არამედ დროის კონტექსტის გადატანაა თანამედროვე ესთეტიკაში, თანაც ამით (დოსტოევსკისგან განსხვავებით) ცოტა პატივს სცემს ახლად შემოსულ პერსონაჟს. ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი მაშინ დგება, როცა მთავარი გმირი, თითქოს ცივი, უგრძნობი და სარკასტული ადამიანი, თოთო ბავშვზე უზომო სიყვარულით და სისათუთით საუბარს იწყებს, ისე ემოციურად, რომ გოგოს ცრემლებამდე მიიყვანს. ეს მომენტი ნათელი მომავლის იმედს ბადებს, რომელსაც სამწუხაროდ ეჭვები და შიშები სძლევს, და ბოლოს ორივე გმირი უარესად იკეტება თავის თავში, რაც კაცის მიერ კედელზე ცარცით დახატული წითელი კუბითაც გამოიხატება. თავის ისედაც ვიწრო სამყაროს კიდევ უფრო ავიწროებს და იტოვებს მხოლოდ სასოწარკვეთილებას.

სპექტაკლში ბევრჯერ მახვილდება ყურადღება პრობლემებზე, რაც თანამედროვე ადამიანისთვის აქტუალურია, მაგალითად, ხალხმრავალ ადგილებში შფოთვის მატება და პანიკური შეტევების ქონა, მწარე სიცარიელისგან ნარკოტიკული ნივთიერებით გაქცევის მცდელობა. პერსონაჟები, რომლებსაც რეჟისორი „სამწუხარო ადამიანებად“ ნათლავს, სინამდვილეში იდენტობადაკარგული ფიგურები არიან, რომლებიც საკუთარ ფიქრებში ჩაკარგულნი, რეალობისგან გაქცევას ამაოდ ცდილობენ და საკუთარი თავის ტყვეები ხდებიან.

მსახიობებისთვის მსგავსი პერსონაჟების განსახიერება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან დოსტოევსკისეული ტექსტი უფრო ფიქრებსა და ნააზრევზეა ორიენტირებული, ვიდრე ქმედებებზე. ამ გამოწვევას შემსრულებლები საინტერესოდ პასუხობენ. ნიკა კუჭავა ქმნის შინაგანად ჩამსხვრეული, ეგზისტენციალური კრიზისით შეპყრობილი კაცის მხატვრულ სახეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პირველი მოქმედების ხანგრძლივი მონოლოგი, სადაც ის ახერხებს, რომ ვრცელი ფილოსოფიური მონაკვეთები მაყურებლამდე ტემპო-რიტმული ვარდნის გარეშე მიიტანოს. მისი შესრულება თავისუფალია ყალბი პათეტიკისგან და ის არ ცდილობს გმირის იდეალიზაციას; პირიქით, გმირი იმდენად ადამიანურად ახლობელია, რომ მისი რადიკალური გადაწყვეტილებებიც კი ლოგიკურ-ფსიქოლოგიურ ჯაჭვში ჯდება.

რეჟისორი არ ჩამორჩება თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს სპექტაკლში ისე ორგანულად რთავს, რომ ეს მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი არაა. ეკრანზე რამდენჯერმე ნაჩვენები ანიმაციები სანახაობას მეტ სიღრმეს და ემოციურობას სძენს. ამასთან, უკეთ გვაჩვენებს პერსონაჟების შინაგან სამყაროს. აღსანიშნავია მუსიკაც, "Halstead Manor", რომელიც სპექტაკლის მსვლელობის დროს მეორდება კულმინაციურ მომენტებში.

საბოლოო ჯამში, ლევან წულაძის „იატაკქვეშეთის ადამიანი“ არის მწვავე და აქტუალური პრობლემების გამოხატულება, რომელიც სარკესავით ირეკლავს დღევანდელობას და თანამედროვე ადამიანის შინაგან ბრძოლას. სპექტაკლის ფინალი, კედელზე დახატული წითელი კუბითა და ნგრევის ვიზუალური მეტაფორით, სიმბოლურად კრავს იმ მანკიერ წრეს, რომელშიც პერსონაჟი საკუთარი ნებით იმწყვდევს თავს. სპექტაკლი აღწევს მაყურებლის გულამდე და უზომო სევდიანობის გარდა, დარბაზიდან გამოსულს გიტოვებს უამრავ შეკითხვას საკუთარ თავთან და სამყაროსთან დაკავშირებით. პარალელებს ავლებ გმირებთან, ფიქრდები: ვინ ხარ შენ? რაში ეთანხმები? რაში არ ეთანხმები? რაში ჰგავხარ სცენაზე გაცოცხლებულ გმირებს? საბოლოოდ კი ხვდები, რომ ყველანი არასრულყოფილი ადამიანები ვართ არასრულყოფილ სამყაროში, ამიტომ მსგავსი შინაგანი ძრწოლისთვის თავის არიდება უმეტესობა ჩვენგანისთვის შეუძლებელია.

სპექტაკლში არის უამრავი საინტერესო დეტალი, სიუჟეტური ხაზი, ფრაზა, ქმედება, მეტაფორა, რაც მთლიან გამოცდილებას საინტერესოს და განსაკუთრებულს ხდის (ყველაფერზე სასაუბროდ მე არც კომპეტენცია მიწყობს ხელს და არც ცხოვრებისეული გამოცდილება). ამიტომ გირჩევთ წახვიდეთ და თავად შეიგრძნოთ ამ ტრაგიკული ადამიანების სევდიანი დასასრული, რომლებიც უნამუსოდ იცხოვრებენ 50, 60, 70, 80 და 90 წლამდე.

bottom of page