top of page

გაწირული და განწირული ადამიანების შესახებ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

217972419_5785455351525984_2939748959419796138_n.jpeg

ლელა ოჩიაური

გაწირული და განწირული ადამიანების შესახებ

ქართულ თეატრში გრძელდება საუბარი და მსჯელობა  საჯაროდ, სახალხოდ ჯერ უთქმელსა და „დახურულ“ თემებზე. საკითხებზე, რომლებიც ბადებენ ფიქრს და საზოგადოებას, ზოგჯერ - უკვე არაერთხელ აღწერილის, განხილულის რევიზიას, ზოგჯერ - ახალ საკითხებსა და პრობლემებზე დიალოგს სთავაზობენ; ცნობიერებაში  მყარად გამჯდარი,  ჩაკირული შეხედულებების, ცხოვრებისეული პოზიციის გადახედვისკენ, განსჯისკენ, დაფიქრებისკენ „მოუწოდებენ“.

ასეთი შემთხვევაა, ილიაუნის თეატრში,  რეჟისორ გელა გულიაშვილის  სადიპლომო სპექტაკლი „უხერხემლო“ (რომელიც, უნდა ითქვას, მეტია, ვიდრე სადიპლომო/სასწავლო ნამუშევარი. დადგმის ხელმძღვანელი - ვანო ხუციშვილი, ტექნიკური რეჟისორი - მაკა მეტრეველი), ალექს ჩიღვინაძის ამავე სახელწოდების პიესაზე.

ძალიან სევდიანი და ნაღვლიანი ამბავია, მეტიც - ტრაგიკული, როგორც ყველა ამბავი, რომელიც სიკვდილს და მით უფრო, ახალგაზრდას სიკვდილს უკავშირდება. მაგრამ ეს თავისთავადაც მძიმე და დრამატული ისტორია კიდევ უფრო მძიმდება და რთულდება, სხვა  რამდენიმე ფაქტორის გამოც. სიკვდილიც არის და სიკვდილიც. და ამიტომ მიწევს, სიუჟეტთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე ყურადღების გამახვილება და შინაარსის მოკლედ მოყოლაც.

სადღაც საქართველოს რომელიღაც რაიონის რომელიღაც სოფელში, სოფლის უბრალო სახლში, ყველგან რომ არსებობს და ათასობით რომაა, შუა ასაკის წყვილი - მართა - მაიკო ხორნაული და მამია - გიორგი ცერცვაძე - შვილს გლოვობს და  დასაკრძალად ემზადება. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში, სახლში სიჩუმე, სიცარიელე და სიცივე იგრძნობა. მხოლოდ დედა არღვევს დროდადრო სიჩუმის „ტრადიციას“ და ხმადაბლა რთავს შვილის საყვარელი მუსიკის ჩანაწერს.

გლოვის ტრაგიკულ რიტუალს ერთი შემზარავი გარემოება უფრო ამძიმებს. გარდაცვლილი ტრანსსექსუალი ქალია - ელა და ამიტომ, სოფელი სასაფლაოზე მისი დაკრძალვის წინააღმდეგია, მღვდელი უარს ამბობს წესის აგებაზე და მეკუბოვე - კუბოს დამზადებაზე.  მანამდე კი, რამდენიმე წლით ადრე, საზოგადოების მხრიდან და შეიძლება,  ფაქტის პირადი მიუღებლობის გამოც,  საზოგადოების შიშით სასოწარკვეთის მიზეზით, მშობლებმა  ერთადერთი შვილი სახლიდან გააგდეს და ბედისა და საკუთარი თავის ანაბარა მიატოვეს. მიუსაფრობასა და სიმარტოვისთვის გაწირეს.

ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რითი გარდაიცვალა ელა - მოკლეს, თავი მოიკლა, რაიმე ავადმყოფობასა თუ შემთხვევითობას ემსხვერპლა. თუმცა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. რადგან მთავარი - უარყოფისა და გარიყვის ფაქტი უკვე თავისთავადაა, წლების წინათ, ჩადენილი „მკვლელობა“.

და ახლა, როდესაც ყველაფერი დამთავრებულია, ელასთან გამოსამშვიდობებელ ბოლო საღამოს, მის სახლში, მის მშობლებთან მისი ორი მეგობარი - ნინო - ანიკო შურღაია და დანიელი - გიორგი მაქაძე ჩადიან. მოქმედების მთავარი ნაკადიც სწორედ აქედან იშლება. აქ ტრიალდება ამბის ძირითადი ხაზი.  დანაშაულის გრძნობა, რომელიც მამიასა და მართას ტანჯავთ, ვეღარ იმალება და კათარსისიც აქედან იწყება.

გელა გულიაშვილისა და სცენოგრაფ თეო კუხიანიძის გადაწყვეტით, მოქმედება ჩაკეტილ სივრცეში, ორ პატარა, ერთმანეთში გამავალ, თხელი, გამჭვირვალე  ფარდით  გადატიხრულ ოთახში (აქედან ერთი - ასე ვთქვათ, მისაღები და სამზარეულოა, მეორე - ალბათ, სასტუმრო ოთახი - სადაც მიცვალებული ასვენია და პანაშვიდისთვის გამზადებული რამდენიმე სკამი დგას), თვალით უხილავ სარდაფსა და უხილავ გარესივრცეში ვითარდება. თუნუქის „ფეჩი“, ძველი ავეჯი (ასეთი ალბათ ყველა ოჯახს ჰქონდა, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქშიც და სოფელშიც), კედელზე - ხალიჩა, ხალიჩაზე - ჯვარედინად და არასწორად დაკიდებული ხმლები (არა იმიტომ, რომ ისინი ფინალში აუცილებლად ამოქმედდებიან, არამედ, როგორც სამშვენისი, ერთადერთი სიმდიდრეც, ტრადიციული ცხოვრების წესისა და აზროვნების, ვაჟკაცობისა და გმირი წინაპრების თაყვანისცემის  თავისებური მეტაფორა), ერთ კუთხეში კუბოკრულ მუშამბა გადაფარებული მაგიდა დგას, კარადები (ჭურჭლითა და წიგნებით), ტანსაცმლის საკიდი, ზედ შემოდებული შავი ქოლგა, საწვიმარი ბოტები, თასში -ხილი, გრაფინში -  წყალი და სხვა და სხვა.  ყოფის ელემენტები. ნამდვილი და არა ბუტაფორული რეკვიზიტი და დეკორაცია. არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. უბრალოდ, სადად და ღარიბულად.

აქ ყველას თავისი „პირადი კუთხე“ აქვს,  სადაც  თავის საიდუმლოს მალავს - მამა, კარადის თავზე - სასმელს (რომელსაც ჩუმად სვამს), დედა - ტახტის გადასაფარებლის ქვეშ - სიგარეტს (რომელსაც მალულად ეწევა), ტახტის ქვეშ კი, ძველი, ჩრჩილის შეჭმული თეთრეული და შვილის ნივთებია. მათ შორის, ჩანთა. კოსმეტიკით. ინტერიერს დროდადრო სანთლების შუქი ანათებს. შიდა სივრცეც ცუდად განათებულია. ღამეა. წვიმს და პირქუში და მძიმე ატმოსფერო ამ წვიმითა და ნაღველით იჟღინთება.  ყველაფერი ერთად კი, პერსონაჟების ყოველ ფრაზასა თუ ნაბიჯთან, გამომეტყველებასა თუ ქმედებასთან ერთად, ქმნის მეტყველ ატმოსფეროს, განწყობას. გარემოს ცოცხალ და უშუალო შეგრძნებას. მაყურებელში თანადასწრებისა და თითქოს თანამონაწილეობის გრძნობას ბადებს,  ანიჭებს არა მხოლოდ დამკვირებლის, არამედ, შეიძლება, მოთვალთვალის და ფუნქციაც კი.

სპექტაკლის მთავარი გმირი, არყოფნის მიუხედავად, ელაა. ოთხივე პერსონაჟი  მხოლოდ მასზე  საუბრობს, იხსენებს და მოვლენებიც მის გარშემო ვითარდება - ყველგან და ყველაფერში მისი ფიზიკური და „სულიერი“ არსებობა, კვალი იგრძნობა. ელა თითქოს არსადაა და თან, ყველგანაა, ყველაფერს მართავს და განკარგავს.

მაიკო ხორნაული, გიორგი ცერცვაძე, ანიკო შურღაია და გიორგი მაქაძე მოვლენების განვითარებასთან ერთად გრძნობების, განწყობის გრადაციებს გადიან, გარდაისახებიან,  ცვლიან ინტონაციებს, გამომეტყველებას, პლასტიკას  და ამ გარდასახვას მიზეზები, საფუძველი და შედეგები აქვს. რაც პასუხია მათი შინაგანი მდგომარეობის, განწყობის ცვლილებაზე. პრობლემებში ღრმად შესვლასა და მომხდარისა და მოსახდენის გაცნობიერებაზე. ნამდვილი სახეების გამომჟღავნებაზე.

ანიკო შურღაია ქმნის პრაგმატული, შეიძლება არა გულგრილი, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე ახალგაზრდა ქალის სახეს, რომელიც ინფორმაციის მიღებას უფრო ცდილობს და ამისთვის, პროვოცირებასაც არ ერიდება, ვიდრე ნამდვილი განცდისა და თანაგრძნობის გამოხატვას. თუ გამომჟღავნებას. ის არასდროს კარგავს მიზნის მისაღწევად დასახული სტრატეგიის გეგმას და მკაცრ ჩარჩოებში ჩაწერილი, კარგად ჩამოყალიბებული, კარგად დადგმული თამაშის წესებით მოქმედებს.

დანიელი ნინოს ანტიპოდია. ელას ნამდვილი მეგობარი, ადამიანი, რომელსაც უყვარს და რომლის გულახდილობაც, სითბოც, ხასიათის სირბილეც, სიმტკიცეს და სითამამეც გარდამტეხი აღმოჩნდება მოვლენების განვითარების პროცესში. გიორგი მაქაძის გმირმა ზუსტად იცის, ვინაა, რა უნდა, რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს. მასში ფიზიკური ძალა და შინაგანი სიძლიერე თანაარსებობენ და უკან დახევისა და დათმობის, შეგუების საშუალებას არ აძლევენ.

შვილის გარეშე გასული წლების, უსუსურობის განცდისა და სოციალური მდგომარეობის სიმძიმე და დანაშაულის მწვავე გრძნობა განსაკუთრებით მამიას (ფიზიკურადაც კი) ეტყობა. გიორგი ცერცვაძის იერი, პლასტიკა, ხმა, ხმის ტემბრი, მეტყველების მანერა  ფიზიკურად და მორალურად მოტეხილი, თითქოს უხეში, ფეთქებადი და გულცივი, სინამდვილეში, თბილი და მოსიყვარულე  კაცის სახეს წარმოგვიდგენს, რისთვისაც მსახიობი ზუსტად მოძებნილ, მდიდარ  ხერხებს იყენებს.

მართა, ასე თუ ისე ცდილობს, არ დანებდეს, თავშეკავებულია, საქმიანიც კი.  კოხტად აცვია, მოხდენილად გამოიყურება, უფრო გახსნილიცაა,  ნაკლებადაა შებოჭილი, გულახდილია, გულისხმიერი, უფრო უშიშარიც და მებრძოლ ბუნების. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი და დედაა. კულმინაციურია დატირების სცენა, როდესაც მართა დიდი ხნის დაგუბებულ გრძნობებს მისცემს გამოსავალს, ზედმეტობის, პათეტიკურობისა და ყალბი ემოციების გარეშე. და ბრწყინვალედ გათამაშებულ ეპიზოდით სამსახიობო ოსტატობის კლასს აჩვენებს.

მამიასა და მართას აშკარად ეტყობათ სოციალური მდგომარეობაც და ცხოვრების წესიც, მიზნებიც, სურვილებიც, ინტერესებიცა და სხვანაირი წარსულის კვალიც. ისინი ვერ გაუმკლავდნენ საზოგადოების „მორალის“ გავლენისა და ფარისევლობის ძალას და ემორჩილებიან იმას, რასაც არ უნდა დამორჩილდნენ. ამიტომაა, რომ მუდმივად აწუხებთ და აფორიაქებთ დანაშაულის - გამოხატული და უთქმელი გრძნობა.

მაიკო ხორნაული და გიორგი ცერცვაძე ქმნიან თითქოს დაბეჩავებული, მაგრამ, სინამდვილეში, საკმაოდ ძლიერი, კეთილშობილი და მოსიყვარულე ადამიანების სახეებს.  მათ შეუძლიათ,  წყვდიადიდან და უხერხემლობიდან ნათელში, მყარ ნიადაგზე გავიდნენ და ადამიანობის არსს დაუბრუნდნენ.  მათ უნდა გაარღვიონ  გაუცხოების, ჩაკეტილობის, მდუმარების კედელი და ახმაურდნენ. სხვანაირად, არც შეიძლებოდა ყოფილიყო. და ეს მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ დაგვიანებულია, იმის მიუხედავად, რაც მოხდა და რასაც აღარაფერი ეშველება, იმის მიუხედავად, რომ აღარაფერი (დრო, ნამოქმედარი, ნაფიქრალი, ნათქვამი, უთქმელი) აღარ დაბრუნდება და აღარაფერი შეიცვლება.

პროცესი მაყურებლის თვალწინ მიმდინარეობს. ის მომსწრეა, როგორ იქცევა მიუღებლობა მიმღებლობად, როგორ გადადის  ჩაკეტილი და ჩარაზული უხილავი ბარიერები გახსნილ სივრცეში,  როგორ იცვლება გამოუვალობის შეგრძნება შეცნობით, გაცნობიერებით.  ტვირთის სიმძიმეც თითქოს მსუბუქდება. ნამდვილი გრძნობები იწყებენ მოქმედებას. და ნათლად ჩანს, როგორ მთავრდება შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან კაპიტულაციით.

„უხერხემლო“ სპექტაკლია ადამიანების შესახებ, რომლებსაც საზოგადოება წირავს, რომელსაც მტრობს, რადგან მისნაირი არაა, მისნაირად არ ფიქრობს, არ ცხოვრობს და  მისთვის ჩვეულ ნორმებში ვერ თავსდება.

ალექს ჩიღვინაძის პიესა იმ ტრანსსექსუალებს ეძღვნებათ, რომლებიც იდევნებიან ან რომლებიც მოკლეს. მოკლეს და იდევნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება არ აღიარებს მათ ნებას, იდენტობას, უფლებას თუ თავისუფლებას, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, როგორებადაც თავს გრძნობენ ან როგორც უნდათ იცხოვრონ.

ამავე დროს, „უხერხემლო“ არაა პიესა და სპექტაკლი მხოლოდ ტრანსგენდერებისა თუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შესახებ. არც მხოლოდ მშობლებისა და შვილების ურთიერთობის საკითხებსა და მათ  დაპირისპირებასა თუ უთანხმოებაზეა. ადრესატებისა და სამიზნეების სპექტრი უფრო ფართოა. ესაა სპექტაკლი მათზე, რომლებიც სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, საზოგადოებრივი „ნორმების“, პოზიციების, შეხედულებების. ფიზიკური თუ პიროვნული განსხვავებულობის გამო იდევნებიან, ვისიც არ ესმით ან არ უნდათ გაუგონ, ვის არსებობასაც არ ცნობენ, ვინც მიუღებელია და ვინც შეიძლება, ან მორალურად ან ფიზიკურად გაწირონ, უარყონ მათი სურვილი, ნება და არჩევანის თავისუფლება.

ალექს ჩიღვინაძის პიესაში და გელა გულიაშვილის სპექტაკლში პრობლემა თითქოს გვარდება და ელაც იმარჯვებს, სიკვდილის შემდეგ. ესაა გამარჯვება სიკვდილის ფასად. თუმცა, ისტორიამ ბევრჯერ გვიჩვენა, რომ ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს თავისუფალი და ყველგან შეიძლება იყოს - მონა. ყოველთვის შეიძლება გააკეთოს არჩევანი და თუნდაც, დამარცხდეს, მაინც გაიმარჯვოს. ეს ლიტერატურაშიც არაერთხელ შეგვხვედრია, ანტიკური ეპოქიდან დაწყებული, ხელოვნების სხვა სფეროებშიც და რაც მთავარია, ცხოვრებაშიც.

ანტიგონესეული დილემა და მამიასა და მართას ანალოგიური გადაწყვეტილება თამამი ნაბიჯია, რითაც ისინი ამარცხებენ სიკვდილს და საკუთარი ყოფნის არსებობას ამართლებენ. ელას მშობლები მის მხარეს დგებიან, მიდიან საზოგადოების ცრუ მორალისა და დოგმების  წინააღმდეგ, იღებენ რეალობას, ისეთად, როგორიც არის, აღიარებენ მის ამგვარობას. და ამიტომ, მათ სულებშიც ნათდება და  ცა იხსნება.

და ჩვენც, თუ ცოტათი მაინც შემწყნარებლები და ჩვენივე კომპლექსებისგან უფრო თავისუფლები ვიქნებით, ნაკლებად - ფარისევლები და მორალისტები, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ლაღად, მსუბუქად, ბედნიერად და მშვიდად შევძლებთ ცხოვრებას.

P.S. ბიოლოგიაში არსებობს  ტერმინი და ცნება - უხერხემლო ცხოველები. „ასეთი ორგანიზმები ყველა ცოცხალი სახეობის 95 პროცენტს შეადგენენ. მრავალფეროვნების გამო, უხერხემლოებს არ აქვთ განსაზღვრული ჰაბიტატი. ჩვენ შეგვიძლია მათი განთავსება ნებისმიერ სივრცეში ან გარემოში, იქნება ეს წყალი, ჰაერი თუ მიწა... თუმცა, მათი მნიშვნელობა ბევრ სხვა ასპექტშია... ისინი პასუხისმგებელნი არიან ყვავილების დამტვერვაზე და ემსახურებიან საკვებს სხვა სახის ცხოველებისთვის, რითაც სრულდება ცხოვრების ციკლი... ისინი ხელს უწყობენ ნიადაგის ხარისხის შენარჩუნებას, ასუფთავებენ გარემოს, დაშლის თვისებების გამო და აკონტროლებენ მავნებლებს, რაც ხელს უწყობს ეკოსისტემის ბალანსს... ისინი ემსახურებიან თავდაცვასა და თავდასხმას მტაცებლების წინააღმდეგ“. (https://www.renovablesverdes.com/ka/que-son-los-animales-invertebrados/).

P.P. S. ალექს ჩიღვინაძეს „უხერხემლოსთვის“ მიღებული აქვს მიხეილ თუმანიშვილის ფონდის კონკურსის - ახალი ქართული პიესა -  I პრემია „თუმანიშვილის ვაშლი“, 2017 წელს. გელა გულიაშვილის სპექტაკლი  „უხერხემლოს“  მესამე დადგმაა. პირველი, ტყიბულის თეატრში, რეჟისორ ლალი კუბლაშვილს ეკუთვნის, რაშიც იმერეთის თეატრალური ფესტივალის პრემია მიიღო. მეორედ, დავით თურქიაშვილმა, ზუგდიდის თეატრში წარმოადგინა, რომლისთვისაც 2020 წელს „წინანდლის“ პრემია მიანიჭეს. ალექს ჩიღვინაძემ, პიესის საფუძველზე, კინორეჟისორ გიგიშა აბაშიძის ფილმის სცენარზეც იმუშავა. ფილმი უკვე საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და იმედია, არც კინოსურათი და არც „ილიაუნის“ სპექტაკლი პროფესიონალებს უყურადღებოდ არ დარჩებათ.

ფოტო ილიაუნის თეატრის ვებგვერდის ფოტო გალერეადან

bottom of page