top of page

განა ჯაყოს აზნაურობა არ შეჰშვენის?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

415282705_1367172060608359_4874209054870798652_n.jpg

თამთა ქაჯაია

განა ჯაყოს აზნაურობა არ შეჰშვენის?!

 

ფოთის თეატრში გასული შემოდგომის სეზონზე პოლიკარპე კაკაბაძის  „ყვარყვარე თუთაბერის“ (რეჟისორი-საბა ასლამაზიშვილი),  ზამთრის სეზონზე კი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ (რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე) პრემიერა გაიმართა. როგორც ჩანს ფოთის თეატრმა ინტერესი ეროვნულ კლასიკოს მწერლებზე შეაჩერა და მათ პოპულარიზაციას მიჰყო ხელი. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან მაყურებელს ჭირდება გემოვნებიანი, გათანამედროვებული კლასიკა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალზედ საფრთხილო თემაც არის. საფრთხილოა, რადგან ქართველი მაყურებელი უფრო მეტად არ გაპატიებს ეროვნული დრამატურგიის დაკნინებას და გაუფაასურებას. როდესაც ასეთ ნაწარმოებს კიდებ ხელს ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მრავალი ნიუანსის სწორად გათვალისწინება, მაგალითად ტექსტის სწორი ადაპტაცია, მნიშვნელოვან და ძირითად თემებზე აქცენტირება, ანუ სწორი გაფილტვრა. ასევე მნიშვნელოვანია სპექტაკლის ფორმა, მსახიობების შესაძლებლობები, უფრო კონკრეტულად, რამდენად აქვს მსახიობს უნარი, როლის შექმნის დროს, გადმოსცეს მეოცე საუკუნის გმირების გრძნობები და  განცდები, მაყურებლამდე  მიიტანოს ისე თითქოს ეს მისი საკუთარია. ცხადია, ეს მხოლოდ ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებს არ ეხება, მაგრამ მაყურებელი უფრო მკაცრი და დაუნდობელია როდესაც ეს მის წარსულს/ისტორიას ეხება. თუმცა ნიკა ჩიკვაიძემ ყოველივე ზემოთ აღნიშნულს  თავი გაართვა და საინტერესო სპექტაკლიც შემოგვთავაზა, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად აღვწერ.

ნაწარმოების სათაურშივე ნათელია, რომ აქ მთავარი ჯაყოს ხიზნები არიან და არა თავად ჯაყო.   ჯაყოს ხიზანი - თეიმურაზ ხევისთავი ნაწარმოებშიც და სპექტაკლშიც ქართველი ხალხის ინტელიგენციის, არისტოკრატიის კრებით სახეს წარმოადგენს რომელიც კარგავს ყველაფერს, ცოლს, ქონებას, ღირსებას, ადამიანობას და სიცოცხლის უფლებასაც კი მაგრამ მაინც არაფერს არ აკეთებს.

სპექტაკლში მოქმედება აეროპორტში იწყება, სადაც ვხედავთ ჯაყოს მომლოდინე თეიმურაზს (გენა შონია), ჯაყო თვითმფრინავის კიბიდან, ღმერთკაცივით ჩამოდის. საინტერესოა რატომ აირჩია მოქმედების ადგილად რეჟისორმა მაინცდამაინც აეროპორტი. ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ დღეს ეს ჩვენი თანამედროვე ყოფაა, აეროპორტი გახდა ქართველებისთვის ის ადგილი საიდანაც ჩვენი სტუმართმოყვარეობის, ადათ-წესების, და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია იწყება -  ჯაყოს შემოდის ყველა სახლში. აეროპორტიდან თეიმურაზი და ჯაყო პირდაპირ მარგოს და თეიმურაზის (ანი ანდღულაძე) საძინებელში აღმოჩნდებიან (ქალი როგორც ჩემოდანი ისე გადადის ერთი კაციდან მეორეს ხელში). ჩემოდნების ჰორიზონტალური ბილიკი საძინებლად გარდაიქმნება (სცენოგრაფი - ანანო დოლიძე). ეს სცენა მძაფრად აღგვაქმევინებს როგორ თმობს თეიმურაზი ყველაზე ძვირფასს,  პირად და ინტიმურ სივრცეს ისე რომ არანაირი უხერხულობის და დანაკარგის განცდა არ აქვს. სახლში შესვლისთანავე, თეიმურაზი მორიდებით და კრძალვით ფეხსაცმლის გახდას სთხოვს, შემდეგ კი  პირველი მისი ქმედება/მიზანსცენა შლის ნარატივს რომელიც  ვითარდება. ცოლ-ქმრის დაცარიელებულ სახლში არანაირი ნივთი აღარ არსებობს, დამშეული და გაცხოველებული ჯაყო  სიშლეგით შემწვარი ქათმის ჭამას იწყებს და მათ საძინებელში უკითხავად გამოიძინებს კიდეც. გამოღვიძებული და მოსვენებული ჯაყო, ხელებზე წამოცმული ფეხსაცმლით, ოთხით მოსიარულე, როგორც ცხოველი თეიმურაზს ისე გაიტაცებს ნაშინდარში, რომ მარგო  გონს მოსვლას ვერ ასწრებს.

ნაშინდარში ჩასული მარგო პირდაპირ ჯაყოს მკლავებში აღმოჩნდება, და tom waits – Russian Dance - ის მუსიკის ფონზე აუპატიურებს. სცენის სიღრმეში ვხედავთ, შავი ფერის ჩემოდნებს სადაც ერთი  წითელია - მუსიკა, განსხვავებული ფერის ჩემოდანი, და გახდილი ჯაყოს ჩექმები პირდაპირ ჩვენს დამპყრობელ ქვეყანაზე მიგვანიშნებს. გაუპატიურების სცენა ერთ-ერთი ტრაგიკული, შემაძრწუნებელი და უმძიმესია. რამდენიმე ეპიზოდში მეორდება ჯაყოს და მარგოს სექსუალური აქტი,  ჰორიზონტალურ ბილიკზე, ზეწრის ქვევით შემძვრალი მარგო და ჯაყო ერთმანეთისკენ მიილტვიან, თეიმურაზის თვალწინ, მაგრამ ის მაინც ვერ ხედავს ვერაფერს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლის პირველ ნახევარში ჯაყო თეიმურაზს ნათლიმამათი მიმართავს, ხოლო ქათმის დაკვლის სცენიდან მისი სახელი „ბრინკათი“ იცვლება. სახელის ცვლილების მიზეზი ნაწარმოებში გაშლილია, რადგან ბრინკას პერსონაჟი ჯაყო ჯივაშვილის ბიძაშვილია, რომელსაც თეიმურაზი ორას მანეთად ისე მიყიდის მიწას რომ არც იცის ვინ არის. ხოლო სპექტაკლში ეს ყველაფერი არ ჩანს და ბუნდოვანია. რეჟისორმა ივანეს (რამინ კილასონია) პერსონაჟი,  შუა პარტერში ხალხის ხმად აქცია.

 

ჯაყოს პერსონაჟს გრძელი შავი ქურქი, ჟღალი ფერის წვერი და თმა (სლავურ გარეგნობაზე მიუთითებს) აქვს. მისი მანევრული ლაპარაკი, ქცევა აბსოლუტურად ბუნებრივია. მისი ყველა ქმედება გააზრებული და ორგანულია, სამსახიობო შესაძლებლობები მაქსიმალურად არის წარმოჩენილი ამ როლში.   მსახიობი გია სურმავა ქმნის ჯაყო სახეს, და ყველა იმ ემოციას ბადებს მაყურებელში რაც ნაწარმოების კითხვისას გიჩნდება. რაც შეეხება ანი ანდღულაძეს, ვფიქრობ ბოლომდე არ აქვს პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა გათავისებული და სათანადოდ ვერ გადმოსცემს იმ ტრაგიზმს რაც მარგოს ცხოვრებაში ხდება.  გენა შონია თეიმურაზის როლი შემსრულებელი მოზომილად და დიდი სიფრთხილით ასრულებს როლს. მისი როლის შესრულებაში ვერ ნახავთ ვერანაირ პათეტიკას და გადაჭარბებულ ემოციას. როგორც ნაწარმოებში პერსონაჟის მიმართ გიჩნდება ამბივალენტური დამოკიდებულება, იგივე ხდება სპექტაკლშიც

  • „ვნახე განვიცადე, მწამდა, ვსტიროდი“ 

  • „მეც ვნახე, მეც განვიცადე, ახლაც მწამს და ახლაც ვტირი“ - 

 

პ.ს ნიკა ჩიკავიაძემ ფოთის თეატრში „მარინა რევიას “შემდეგ მორიგი საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა მაყურებელს, რომლის ნახვა 12 თებერვალს, თავისუფალ თეატრში  შეგეძლებათ.

bottom of page