top of page

გამარჯობა  ჯაყო!..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

414738016_3699201670366819_3525195095590651530_n.jpg

თამარ ქუთათელაძე

გამარჯობა  ჯაყო!..

 

      

მიხეილ ჯავახიშვილის რომანისტიკის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ შედევრში, 1925 წელს შექმნილ „ჯაყოს ხიზნებში“,  შესამჩნევია ავტორის ბრაზი და მრისხანება სულ ცოტა ხნის წინ განცდილი ქართული ინტელიგენციის  აღმაშფოთებელი პოლიტიკური უმწიფრობის, მოუქნელობის, დანაშაულებრივი შეცდომებისადმი. მიუხედავად ამისა, რომანსა თუ მისი თავდაპირველი ინტერპრეტატორის - თემურ ჩხეიძის სამივე დადგმაში, აშკარად კრთის თანაგრძნობაც მიმნდობი, დაბნეული, ქრისტიანული მორალით გაჟღენთილი, რევოლუციის დემოკრატიზაციის სასიკეთო შედეგებისადმი იმედიანად, რწმენით განწყობილი თავადისა და მისი მეწყვილეს ტრაგიკული თავგადასავლისადმი. რომანსა თუ ამ დადგმებში, ერის ეს ორი სახელოვანი გვარის - ხევისთავთა და ყაფლანიშვილთა უკანასკნელი მემკვიდრეები მორჩილად ეზიდებიან თავიანთ მწარე ხვედრს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდადრეკილნი, თვინიერად დაატარებენ თავიანთ მძიმე ჯვარს. მათ სწამთ რომ ეს სასტიკი და სამარცხვინო „სასჯელი“ დამსახურებულიცაა და იმავდროულად დაუმსახურებელიც, რამეთუ მსხვერპლნი არიან ადამიანისადმი ნდობისა თუ რევოლუციური ცვლილებებისადმი, საკუთარი ქვეყნის ნათელი მომავლისადმი უქრობი იმედიანი განწყობის. გარდა ამისა, მათი ბედკრული ხვედრი ძალზე წააგავს და ენათესავება  მშობლიური ერისა და ქვეყნის ამჟამინდელ, სავალალო მდგომარეობას. 

          

მიმდინარე სეზონში ქართველმა მაყურებელმა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ კიდევ ერთი ახალი, უდავოდ საინტერესო ინტერპრეტაცია იხილა. სპექტაკლი ამჯერად ფოთის თეატრის მინიატურულ სცენაზე დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ. ერთმოქმედებიანი წარმოდგენა ძალზე ლაკონურია და თითქმის ერთი ამოსუნთქვით ვეცნობით XXI სააუკუნის თვალთახედვიდან წარმოდგენილ ეროვნულ ტრაგედიას. სანახაობას რეჟისორი თავზარდამცემი მიზანსცენით იწყებს. დარბაზში შესული მაყურებლის თვალთახედვის არეში უმალ ხვდება ცარიელ სცენაზე, ე.წ. აეროპორტის მოსაცდელში, თვითმფრინავთა განრიგის განათებულ კედელთან მდგარი მამაკაცის ხმელ-ხმელი ფიგურა (მსახიობი გენა შონია). იგი ძალზე დიდხანს, მოთმინებით ელის ე.წ. საპატიო სტუმარს. მას ხელში მუყაოს დაფა უკავია, რომელზეც შავი შრიფტით არის გამოკვეთილი მისი სასურველი ვიზიტორის სახელი - ჯაყო. როგორც ჩანს ნანატრი სტუმარი კარგა გვარიანად აგვიანებს თვითმფრინავიდან ჩამობრძანებას, ის კი ელის და ელის მისთვის ამ ერთადერთ, უკანასკნელ იმედს. 

      

წარმოდგენის პირველივე მიზანსცენა სამარცხვინო ბოძზე აკრავს ხევისთავთა ჩამომხმარ ნაშიერს,  ყოფილი მოჯამაგირის მოჯამაგირედ გადაქცეულ, მის კრძალვით მომლოდინეს. სცენას ევლინება გრძელ შავ ბეწვის ქურქში გახვეული, ჟღალი ფერის თმა-წვერიანი ჯაყო. იგი სრულიად განსხვავდება წინამორბედ დადგმებში ასახული ტყაპუჭიანი, გატყიურებული ნახევრადმხეცისგან, სავარაუდოდ ჯერ კიდევ უხვად რომ აფრქვევდა საქონლის სურნელს. გარდა ამისა, ახალი დროის მერყევი ფერიცვალების ჟამს, გამოირჩეოდა გარკვეული სიფრთხილითა და შიშითაც. ამ მხრივ, ფოთის სცენაზე მსახიობ გიორგი სურმავას მიერ დიდი ოსტატობით, სრული ფსიქოფიზიკური გარდასახვის მართლაც უჩვეულო უნარით წარმოდგენილი პერსონაჟი, სრულიად უშიშარია და თითქოს ივანე მრისხანესაც წააგავს. გია სურმავას ჯაყო თითქოს კარგა ხანია დაშორდა მის ე.წ. არქეტიპს და იერარქიულ კიბეზე ასკუპებული, საკუთარი საქმოსნური ხრიკების მოსაჭახრაკებლად, თვითმფრინავით დაქრის სამყაროს კიდით კიდემდე. თავდაჯერებული, ბატონკაცურად გაჯგიმული, მთასავით ზორბა სტუმარი, ცივად, თითქმის ცინიკურად ეგებება სრულიად დამიწებულ, წარმოდგენის დასაწყისიდანვე ჯაყოს მსახურად და მსხვერპლად გააზრებულ მასპინძელს, რომელიც დიდის მოწიწებით ჩამოართმევს ჩანთასა თუ ჩექმებს.

     

სპექტაკლს რეფრენად გასდევს tom waits – Russian Dance - ის მუსიკალური კომპოზიცია. იგი სანახაობის კრიტიკულ ეპიზოდებში ქარიშხალივით შემოიჭრება ხოლმე სცენაზე, ამძაფრებს ემოციური სცენების აღქმის ძალას, ტრაგიკული სანახაობის მასშტაბს, კიდევ უფრო აჩქარებს სპექტაკლის ტემპო-რიტმს, ცდილობს სცენაზე მყოფი ერის გადაგვარებული ნაშიერნი შეუბრალებლად მოხვეტოს და გადაისროლოს  ისტორიის სანაგვეზე, მოუსავლეთში. რეჟისორი და სცენოგრაფი (სცენოგრაფი - ანანო დოლიძე) სცენაზე ქმნიან გალანტურ და იმავდროულად სასტიკ სცენოგრაფიულ სურათს. ცოლ-ქმრის დაცარიელებულ ბინასა თუ თავშესაფარ-სასტუმრო-საძინებელში, ყოველგვარი ავეჯით განძარცვულ გარემოში, მხოლოდ უზარმაზარი ლოგინია გაშლილი. სცენის მთელ სიგანეს წვდება ქათქათა  ზეწარი, რომელიც სუდარადაც აღიქმება, ხოლო მოგვიანებით, ჯაყოს მიერ გაბახებული პატარძლის ერთადერთ „სამშვენისად“.

       

სცენოგრაფიის  თეთრ-შავ სივრცეში  ღონიერი, ფართე ნაბიჯებით, ძვირფასი გრძელი ქურქის კალთების ფრიალით ამაყად დააბოტებს საკუთარი უჩვეულო აღზევებით გათავხედებული, გენეტიკური სიველურით დაღდასმული ჯაყო. იგი უხვად, თამამად, დაუფარავად ამჟღავნებს მის მხეცურ საწყისს, სრულიად უწვრთნელ ჯიშსა და ჯილაგს. ავანსცენის კიდესთან, ნათავადართა საცხოვრისში, ყოფილი ნაბატონარის საძინებელს დაპატრონებული, უტიფრად თელავს თეთრ ზეწარს, მირთმეულ შემწვარ ქათამს მარტოდმარტო გლეჯს და თქვლეფს, მოგვიანებით კი ასევე მხეცურად აუპატიურებს გაღატაკებულ, ლამის საცვლებისამარა დარჩენილ, გაკნაჭულ მარგოს. ახალგაზრდა ქალბატონის დაუფლების ეს მიზანსცენა წააგავს საკუთარი ნადავლის დაპატრონების აქტს. ჯაყოს ღონიერ, ქონიან თათებში გამომწყვდეული, მშიერი ჩიტივით უღონოდ აფართხალებული, დატორილი და ნაცემ-ნაგვემი ქალი (მსახიობი ანი ანდღულაძე), უშედეგოდ იბრძვის მოძალადის მოსაცილებლად.

          

ეროვნული კლასიკის ამ გათანამედროვებულ ნამუშევარში რეჟისორი გვთავაზობს რომანის არსობრივ თემაზე, ყველაზე დიდ ტკივილზე აქცენტს. ნიკა ჩიკვაიძის კონცეფციით, ახალი ეპოქის ჯაყომ კარგად იცის ფულისა თუ ქონების ყადრი და მას სარფიანად განკარგავს კიდეც. აქ ერთმანეთს ენაცვლება ჩემოდნების საკონტროლო ბილიკი, ღირსებადაკარგული თეიმურაზ ხევისთავის საძინებელი, ხოლო მოგვიანებით, საქმიან, აჩქარებულ რიტმში გარჯილი ჯაყოს მსახურთა ჯარი. მტაცებელ ნამოჯაგირალს  ხევისთავთა საგვარეულო ნაშინდარში ფეშენებელური სასტუმრო გაუმართავს. სცენის სიღრმეში ვხედავთ წამსვლელ-მომსვლელ სტუმართა ჩემოდნების რიტმულ მოძრაობას. აქვე, სულ ცოტა ხნის წინ თეიმურაზის თანამეცხედრე მარგო, უსწრაფესად გარდაიქმნება ჯაყოს ერთგულ თანამოაზრედ. ტანსაცმლით დახუნძლულ ბორბლებიან საკიდზე ამხედრებული, თანამედროვე ყაიდაზე გაპრანჭული, თეთრჩარჩოიანი მზის სათვალემორგებული, მსუყე ცხოვრებას, ფერად ჭინჭებსა თუ ხარა-ხურას დახარბებული, ყოფილი მოჯამაგირის ღირსებადაკარგულ ხასად ჩამოქვეითებული ქალი, ამიერიდან სპექტაკლის ფინალამდე ამრეზით უგულებელყოფს ნაქმრევის არა მხოლოდ სიახლოვეს, არამედ მისდამი უმცირეს თანაგრძნობასაც კი.

       

რეჟისორმა პარტერის შუა რიგებში მიუჩინა ადგილი რამინ კილასონიას ივანეს და თეიმურაზთან მოკამათე და გამკიცხავი მისი ტექსტი, ერისა და უზენაესის ხმად გაიაზრა. დიდი სიმკაცრით შეკრულ, ძალზე კომპაქტურ წარმოდგენაში, რეჟისორი თითქოს სცენაზე მიმდინარე მოვლენების მსაჯულად წარმოგვიდგა, რომელიც უმოწყალოდ შოლტავს სხვადასხვა ტომის ჯაყოთა ხელგაშლილ მასპინძლად, შემდგომ კი მსხვერპლად, თვინიერ მოჯამაგირედ გადაქცეულ, წარსულისა თუ თანამედროვე ქართული ინტელიგენციის შეუსმენელ, გადაგვარებულ, მხოლოდ ბიოლოგიური არსებობისთვის, მხოლოდ თვითგადარჩენისთვის გარჯილ თანამემამულეებს.

bottom of page