top of page

გალაქტიონი, ზენათი, შაშა, პიტია და სხვები...  და ღორების „ფერმა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

e30f5eba-863f-45fc-a953-824033725423.jpeg

06.08.2026

ლელა ოჩიაური

გალაქტიონი, ზენათი, შაშა, პიტია და სხვები...  და ღორების „ფერმა“

გაპარატახებული, დაცარიელებული გარემო. გარეშე მტერი, ოკუპირებული მიწა და მტრად და ოკუპანტად ქცეული „შინაურები“. ხელისუფლების ძალადობა. გარემოებებსა და პოლიტიკურ ვითარებას შეგუებული, მორჩილი საზოგადოება. ფიზიკური და სულიერი სიღატაკე.  გაუსაძლისი პირობები. უმომავლობა.

ასეთ პრობლემებს მოიცავს რეჟისორ სოფიო ქელბაქიანის „ბაკულას ღორები“ - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში - სოციალური სატირა, პოლიტიკური, „მძაფრსიუჟეტიანი“, თანადროულ პრობლემებზე აგებული დრამა, დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლში მოქმედება რამდენიმე ეპიზოდშია მოქვეული და ერთიან, ეპიზოდების მიხედვით, სხვადასხვა ადგილად, პირობითად, წარმოსახვით დაყოფილ სცენასა და ნაწილობრივ, დარბაზში ვითარდება - გალაქტიონის სახლში/კარმიდამოში და სოფლის კანცელარიაში (ისევე, როგორც მოთხრობაში).

დეკორაციის შემადგენლობაშია სცენის აგურის კედლები (გაცვეთილი და გახუნებული).  ავანსცენაზე -  2 უბრალო მაგიდა და ასევე იაფფასიანი 2 სკამი დგას. მეორე პლანზე - შავი მუშამბის ფარდა, რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი, გამხდარი ძაღლის ფიტული გორგოლაჭებზე, ბევრი ფურცელი - პროტოკოლებისა და „დანოსებისთვის“, ხის ყუთში გამხმარი, მეჩხერი ბალახი, თუ ლელი, როგორც ჭაობში. უკუღმა დაკიდებული ფერადი ვედრო-სანათებით, არაბუნებრივად განათებული სივრცე თავისთავად ატმოსფეროს ქმნის და სარეჟისორო გადაწყვეტის თავისთავად ფორმაში ერთიანდება.

სოფიო ქელბაქიანი და სცენოგრაფი ავთო მოდებაძე ქმნიან მეტაფორულ, სიმბოლოებით აგებულ ვიზუალურ სამყაროს, რომლის რეალური საზღვრები წაშლილია, საზოგდოების, რომელიც  დიქტატორული მმართველობის პირობებში ცხოვრობს, და შედგება -  ხელისუფლების, მისი  ხელქვეითებისა და უუფლებო მოქალაქეებისგან.  

ამბავი, ძირითადი სიუჟეტური ხაზი უცვლელია, რომელიც მოთხრობის მთავარ გმირებს - გალაქტიონი - ჯანო იზორია, ზენათი - თამარ აბშილავა, შაშა - გენა შონია, ვასილ ივანიჩი - გია სურმავა - მიჰყავთ; რეჟისორის კონცეფციასა და მთავარ იდეას კი გამოხატავენ - პიტია - ანიკო შურღაია (რომელსაც მოთხრობაში დიდი ფუნქცია არ აქვს) და  სამი  ალეგორიული პერსონაჟი (რომლებიც რამდენჯერმე იცვლიან როლებს, სხვადასხვა სახედ იქცევიან და რეჟისორის „გამოგონილები“ არიან) – „ქორო“ - რამინ კილასონია, მარტინ ღამბარაშვილი და თემურ გოგინავა.

მსახიობები სხვადასხვა „მხარეს“ მდგომი, განსხვავებული თვისებებისა და პოზიციის პერსონაჟების სახეებს სხვადასხვა მხატვრული ხერხის ერთიანობით ქმნიან. სიტყვითა და ქმედებით, პლასტიკით, მოძრაობით, სინქრონულად თუ ასინქრონში, ცეკვით, სიმღერით, თუ დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ნომრებით, ხმაშეწყობილად თუ კონტრაპუნქტით.

ჯანო იზორიას გალაქტიონი უსუსური, არაფრისმაქნისი და გაუბედავია. აღარ აქვს მნიშვნელობა, ასეთი ბუნებისაა, თუ ცხოვრების პირობებმა აქციეს ასეთად. მისი მსგავსი, ბევრია და მსახიობი ძალიან მკაფიო და ზუსტი დეტალებით ქმნის მერყევი, შემგუებელი, შეშინებული, დამფრთხალი ადამიანის ტიპს, რომელსაც და რომლის ოჯახსაც ამცირებენ, რადგან თვითონ აძლევს უფლებას. მსახიობი პროცესში აჩვენებს გალაქტიონის საბოლოო დაცემასა და საკუთარი თავის მიმართ პერსონაჟის დამოკიდებულებას გამოხატავს.

გიორგი სურმავას ვასილ ივანიჩი - სეკრეტარი სოფლის კანცელარიაში - სასტიკი  შარჟია დაბალი რანგის მოძალადე მოხელეზე, რუსი იქნება თუ ქართველი, რომელიც ყველაფერსა და ყველას ბილწავს. კოსტუმში, სათვალეებით -  სიმპატიურად, სოლიდურადაც კი გამოიყურება, თუმცა, მსახიობი მალევე ააშკარავებს და ინტენსიური შტრიხებით ფერავს პრიმიტიული, უზნეო ბოგანოს სახეს, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს. და ისიც სრულად იყენებს ძალაუფლებას.

მას ერთგული ქვეშევრდომებიც ჰყავს - ლაქიები, რომელთა შორის, ვისაც სახელი და ადამიანის სახე, პირდაპირი მნიშვნელობით, ჯერ შენარჩუნებული აქვს - შაშაა.

გენა შონიას შაშას, ერთი მხრივ, შეფერებული აქვს სამსახურებრივი მდგომარეობა, თითქოს თავმოყვარეცაა, თითქოს გაცნობიერებული აქვს, სად იწყება მისი და სად მთავრდება უფროსის უფლებები,  მაგრამ სხვაზე უკეთ იცნობს სისტემას და ზუსტად იცის, თამაშისა და ურთიერთობების რომელი წესები უნდა გამოიყენოს და დაიცვას. შაშა წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანია. მას დაკარგული აქვს „სამშობლოს“ არსებობის განცდა და საკუთარ თავსა თუ იდენტობასაც კარგავს. მაგრამ მაინც ახერხებს გაბრძოლებას ღირსების დასაცავად და მცირედით, ერთი რეპლიკითა და მტკიცედ, პოზიციის შენარჩუნებას.

ვასილ ივანიჩის განუყრელ ამალაში ასევე შედიან - პოლიციელები თუ დაცვის წევრები –  შავ მაისურიანი და შარვლიანი (პოლიციის არაოფიციალურ უნიფორმასავით) სამეული - რამინ კილასონია, თემურ გოგინავა და მარტინ ღამბარაშვილი, უფროსის ნებისა და ბრძანებების (უთქმელადაც კი) მექანიკური შემსრულებლები.

ისინი, პერიოდულად, უხილავი ბაკულას ხილულ ღორებად იქცევიან. ადამიანის სხეულიან, ღორის ნიღბებიან-თავებიან არსებებად (სპექტაკლის პროგრამის მიხედვით - „ქორო“) - რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ მინიჭებული და რომლებისთვისაც დაშვებულია უკანონობა და ძალადობა.

რა თქმა უნდა, ბაკულას დასაშინებლად კვლავ მიწვეული სტუმრებისთვის სუფრა ისევ იშლება. პირდაპირ მიწაზე გაფენილ ქსოვილზე, მეჩხერად დაწყობილ თეფშებზე მწირი საკვებით. სადღეგრძელოებსაც ამბობენ, ყანწებით ხელში და ცეკვავენ და მღერიან. და შემდეგ, ერთსულოვნად, ღორებთან ერთად სუფრის - ოჯახის, საზოგადოების  - განადგურებას იწყებენ.

ვასილ ივანიჩი ზენათის აუპატიურებს. შეიძლება, პიტიასაც. ზენათი თვითონ ხდება მსხვერპლი, შვილი რომ გადაარჩინოს.

პიტიასა და ზენათიზე ძალადობისა და სუფრის - მიწის წაბილწვის სცენაში ყველა პერსონაჟია ჩართული. მოქმედება პლასტიკით, ცეკვით გადმოიცემა, სიმღერისა და მუსიკის თანხლებით. კომპოზიტორი - თამარ ფუტკარაძე-ლაშხი და ქორეოგრაფები - ირინა კუპრავა და კობა დარახველიძე, მსახიობების გუნდთან ერთად, ზუსტ ტონალობას აძლევენ და მკვეთრად გამოხატავენ როგორც ამ კონკრეტული და დრამატული სცენის, ასევე სპექტაკლის საერთო ხასიათსა და სარჟისორო ხერხების გამომსახველობას.

ჰარმონია ამ სამყაროში დიდი ხანია დარღვეულია. უკანონო ბრძანებები, წესები და უსამართლო კანონები მართავენ ყველაფერსა და სახეცვლილი ტრადიციის გზასაცდენილ მსვლელობას. ძალადობა, ფიზიკური თუ მორალური - მიღებულია და პირდაპირი და ალეგორიული მნიშვნელობით, იმ რეალობის ამსახველია, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, რადგან მათივე გულგრილობამ, სიმხდალემ და შემგუებლობამ შექმნა ასეთი პირობები და ცხოვრება.  

პროცესში, სპექტაკლის კონცეფციიდან და  სივრცეში განვითარების ფაქტორიდან გამომდინარე, მაყურებელიც ჩართულია და არა მხოლოდ უყურებს და აკვირდება მოვლენებს, მათი მიხედვით, პირად არჩევანსაც აკეთებს. მასაც უყურებენ და აკვირდებიან.

ასეთ დროს, მორიგი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს. წრე ყველას გარშემო შეიძლება შეიკრას. სწორედ ამ, ფინალურ ეპიზოდში იკვეთება სპექტაკლის მთავარი იდეა, კონფლიქტი კულმინაციას აღწევს და აშკარაა, რომ რეალობა ბევრად მძიმე და გამოუვალია, ვიდრე მანამდე ჩანდა, რადგან საქმე ადამიანის ღირსების საბოლოოდ დაკარგვასა და ნების დათრგუნვას ეხება.

თამარ აბშილავას ზენათი უბრალო, ალერსიანი და ნამდვილი „ოჯახის ქალია“. მსახიობი ქმნის ასეთი ქალების ტიპაჟს. სპეციფიკურად მეტყველებს. თავისებურად, „გამოთქმით“, დაზეპირებულივით წარმოთქვამს სიტყვებს, გაზვიადებულად და საპირისპიროდ - თავშეკავებითა და შეფარვით  გამოხატავს ემოციებს. იგი მომხდარს ალბათ ყველაზე მწვავედ აღიქვამს, ანუ ცხადად  ხედავს და გრძნობს იმას, რაც სინამდვილეში ხდება.

სწორედ ზენათი ეძებს გამოსავალს არსებული მდგომარეობიდან. პირველ ნაბიჯებს იგი დგამს. ზენათია, ვინც გალაქტიონს აიძულებს, ჯერ მფარველი იპოვოს კანცელარიაში (ანუ, უწყებაში, რომელიც ადამიანებს ძალდობისგან უნდა იცავდეს და არ იცავს) და ოჯახი ღორებისგან გადაარჩინოს, რომელიც შემდგომ, საკუთარი სხეულით ეფარება და იფარავს გალაქტიონს და მამისგან განსხვავებით, მოძალადისგან იცავს პიტიას.

სწორედ ასეთი ცხოვრების პირობებსა და ბოროტებას უპირისპირდება, დედასთან ერთად და მასზე უფრო აქტიურად გამოხატულ  ამბოხს აწყობს, ანიკო შურღაიას, თეთრ ქართულ კაბაში გამოწყობილი, ნაწნავებიანი პიტია. დასაწყისში მშვიდი, მოკრძალებული, ჯერ ჩუმად და გაუბედავად ცდილობს თავის გადარჩენას. ბავშვი, რომელსაც აღმოაჩნდება ბოროტებისთვის  წინააღმდეგობის გაწევის, მასთან დაპირისპირების უნარი, რომელსაც თანდათან ემატება ძალა და ბოროტებას აქტიური ქმედებით, ფიზიკურად, „ცეცხლითა და მახვილით“ უპირისპირდება. ჩირაღდანმომარჯვებული პიტია  ღორების თავდასხმას იგერიებს, მოძალადეებს არ ემორჩილება  და ამარცხებს. ახალი თაობა ოჯახის, საკუთარი ღირსებისა და მომავლის გადასარჩენად.

პიტიას იერი, გამომეტყველება, ემოცია, სასოწარკვეთილი ცეკვა - უფრო ზუსტად, მოძრაობები ქართული  ცეკვის ელემენტებით - იკონიკური სახეა, რომელიც დავით კლდიაშვილის მოთხრობის იდეას, სოფიო ქელბაქიანის ვერსიით, ახალ და თანადროულ დატვირთვას აქტიურად და ლოგიკურად ანიჭებს.

რა თქმა უნდა, არც კლდიაშვილთან და არც ქელბაქიანთან, ღორებისგან აოხრებული ბოსტანი არაა უბრალოდ ბოსტანი. ფიზიკური და მორალური ძალადობის მეტაფორაა - დანაკარგებისა და ანექსირებული ქვეყნ(ებ)ის, დაპყრობილი მიწების მიკრომოდელი.

ისევე, როგორც ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაში“, ცხოველებმა, ამ შემთხვევაში, ღორებმა ადამიანების ადგილი დაიკავეს, მათი „სახე“ მიიღეს, ან, პირიქითაც შეიძლება  - ადამიანები იქცნენ ღორებად. არც ვასილ ივანიჩია ერთი უზნეო და ამორალური რუსი, არც მისი ხელქვეითებია გამონაკლისი, არც შაშაა მხოლოდ შაშა, არც გალაკტიონისნაირებია ერთეულები, მაგრამ, არც პიტია და ზენათია - უმცირესობა. 

სოფიო ქელბაქიანის „ბაკულას ღორები“ იმ საზოგადოებაზეა, რომელმაც გაყიდა და  შეუძლია გაყიდოს; მათზე, ვინც მართავს ქვეყანას, რომელსაც ღირებულებები დაკარგული და წართმეული აქვს.

გამოსავალი და გადარჩენა კი - მოქმედებასა და დაუმორჩილებლობაშია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი  მართლა საღორედ, ღორების ფერმად შეიძლება იქცეს. და ასე რომ არ მოხდეს, ზენათი და პიტია უპირისპირდებიან ძალადობას, რომელიც კი არ ანადგურებს,  წინააღმდეგობის სურვილს უმძაფრებს და ძალას მატებს მათ.

დოკუმენტურად, ისტორიულადაც და მხატვრული გამოცდილებითაც დადასტურებულია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და ისიც ცნობილია, რომ სამოთხეში მსახურება სჯობს ჯოჯოხეთში მეუფებას. უბრალოდ, ზოგჯერ ამის შეხსენებაა საჭირო.

bottom of page