top of page

„გაჰქრეს ეს ჟამი ბარემღა, ნეტავი რას იგვიანებს?!“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

118579947_1844961668975999_1424386036194

ლაშა ჩხარტიშვილი

„გაჰქრეს ეს ჟამი ბარემღა, ნეტავი რას იგვიანებს?!“

 

აკაკის ლექსიდან „გამოიცვალა დრო“ სათაურში გამოტანილი ეს ფრაზა განსაკუთებული მნიშვნელობით ჟღერს ჭიათურის თეატრის სპექტაკლში „რაც არ იწვის, არ ანათებს“, რომელიც ქართველთა უკუღმართ ეპოქაზე გვიამბობს, როცა „ვირი კოკობ ვარდს უგალობს და ბულბული ვირებ ღრიალებს“. დასანანია, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ნათქვამი ეს ფრაზა დღესაც აქტუალურად ჟღერს...

პანდემიის შემდგომ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ახალი სეზონის დაწყებამდე უკვე ორი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა თეატრის ეზოში, რომელიც საგანგებოდ რეგულაციების გათვალისიწნინებით მოეწყო, სპექტაკლი „ვინი პუჰი“ დადგა, ხოლო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ აკაკი წერეთლის პოეზიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „რაც არ იწვის, არ ანათებს“ შესთავაზა თეატრს მონატრებულ მაყურებელს, რომელიც პოეტის სახლ-მუზეუმში, სოფელ სხვიტორში, წერეთლების საგვარეულო სახლის ეზოში განხორციელდა.

პანდემიამ ერთგვარად აიძულა კიდეც თეატრები მოეძებნათ ახალი ფორმები და ურთიერთობის ხერხები მაყურებელთან. ბევრი თეატრი თავად მივიდა მაყურებელთან, ამ შემთხვევაში მამუკა ცერცვაძის ახალი სპექტაკლიც ამ იდეას ახორციელებს, ხოლო სპექტაკლი უფრო მნიშვნელოვან, მრავალსაუკუნოვან ეროვნულ გამოწვევებს ეხმიანება და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ერის გამოფხიზლების პროცესის დაწყებას ემსახურება.

რეჟისორმა მთლიანად აითვისა სივრცე, რომელიც საშუალებას იძლეოდა სათეატრო ნაწარმოების უფრო სახიერად, ქმედითად და მასშტაბურად წარმოდენის (მხატვარი ბარბარა ასლამაზი). სპექტაკლში მოქმედება ძირითადად აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში მიმდინარეობდა, თუმცა რეჟისორმა ლოგიკურად გამოიყენა ოდა სახლის აივანი, სახლ-მუზეუმის ფასადი და კიბეები, გორაკი, რომელიც მუზეუმს ესაზღვრება და ეზოში მდგარი უზარმაზარი და მრავალწლოვანი კაკლის ხე.

წარმოდგენა, რომელიც მთლიანად აკაკის ნაკლებად ცნობილ, ან ნაცნობ პოეზიაზე და პროზის ეპიზოდებზეა აგებული, მოთელვითი რეპეტიციით, ერთვარი ტრენაჟით იწყება, რომელიც სიმფონიური ორკესტრის აწყობის პროცესს მოგაგონებთ. პანდემიის პერიოდში გაყინულ პროცესს თან ახლავს უამრავი გამოწვევა, რისი გადალახვაც მსოფლიოს ყველა თეატრს მოუწევს, გამონაკლისი ამ მხრივ, არც ჭიათურის თეატრის დასია, რომელსაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეხვედრა უწევს მაყურებელთან. სასიამოვნოა, რომ დასი არ დაძაბუნებულა და პანდემიით გამოწვეული იარა მათ ერთი შეხედვით არ ეტყობათ.

წარმოდგენის ძირითადი ღერძი - აკაკის პოეზიის პატრიოტული თემატიკაა, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის იდეა. ჩვენს წინ აკაკის პოეზიის საშუალებით იხატება საქართველოს დღევანდელი სახე - ჩინოსნებით, მეძავებით, ფარისევლებითა და გარეწრებით, ძველი დიდების ნაშთით -იავნანათი, მოკლედ ქართველნი დიდებულებითა და სიდარბაისლით, თითქმის ყველა იმ თვისებით, რითაც გამოირჩევა ქართველი სხვა ერებისგან.

სპექტაკლში მონაწილეობენ ჭიათურის თეატრის მსახიობები: გიორგი ჩაჩანიძე, კოტე კახიშვილი, ანზორ ცაბაძე, აჩიკო ხვედელიძე,თამუნა ჯაჯანაშვილი, სოფო ლეთოდიანი, სოფო გოგოლაძე, ამირან ნასყიდაშვილი, გია კენჭოშვილი, გოჩა აბაშიძე, გელა მოდებაძე და ლიკა კევლიშვილი, რომელიც გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრიდან მიიწვია ჭიათურის თეატრმა. წარმოდგენაში მონაწილე მსახიობები არ კითხულობენ აკაკის ლექსებს, ისინი აცოცხლებენ ტიპაჟებსა და გმირებს პოეზიის ხერხითა და არტისტული საშუალებით. ქმნიან ისტორიულ ზოგად სახე-ტიპებს, რომლებიც ჩვენი თანამედროვეები არიან.

პროფესიული თვალსაზრისით, სპექტაკლში მაინც იკვეთებიან ჭიათურის თეატრის ლიდერი მსახიობები: ამირან ნასყიდაშვილი, გოჩა აბაშიძე და გიორგი ჩაჩანიძე. ამირან ნასყიდაშვილის პროფესიონალიზმი ჩანს ტექსტის არა მხოლოდ გააზრებულ, გამართულ, ზუსტ ინტონაციურ გაჟღერებაში, არამედ მის პლასტიკასა და ტექსტის მელოდიურ აღქმაში, ისე როგორც, ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს ტიპაჟთა ხასიათს გოჩა აბაშიძე. მსახიობი არაერთ ტიპაჟს ქმნის, რომლებსაც საერთო თვისებების მიუხედავად მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებებით აცოცხლებს. ყველა ფრაზა, რომელსაც წარმოდგენის მსვლელობის დროს აკაკი წარმოთქვამს, რომელიც ქართველთა ცხოვრების წესს გარედან აკვირდება, ხანაც ერთვება მათ ყოფაში, გააზრებული აქვს გიორგი ჩაჩანიძეს. მის მიერ წარმოთქმული ტექსტი არ ჟღერს, როგორც ლექსი, არამედ როგორც ანტიკური ეპოქის დრამატული პოეზია. გიორგი ჩაჩანიძე მუდმივად ჩართულია წარმდგენის მსვლელობაში ისე, როგორც თავად მაყურებელი. დუმილის დროსაც კი, მაყურებელს თვალი გაურბის მეორე პლანზე გადასული მსახიობისთვის, ვინაიდან ის იქ, უკან არ გვერდით, უბრალოდ არ დგას, განიცდის, გამოხატავს თავის პოზიციას და დამოკიდებულებას იმის მიმართ, რასაც მაყურებელი ხედავს. მათი ზომიერი დრამატულობა არის ის ბეწვის ხიდი, რაზეც უწევთ გავლა წარმოდგენაში მონაწილე ყველა მსახიობს.  ამ პრინციპს იზიარებს მთელი დასი (იშვიათი გამონაკლისების გარდა, სადაც პათეტიკა სჭარბობს), ისინი პოეზიას მაყურებელს აწვდიან როგორც მელოდიურ დრამატურგიას, თავისი ლირიკითა და დრამატიზმით. ქალ მსახიობთაგან კი გამოირჩევა ლიკა კევლიშვილი, გორის თეატრის მსახიობი, რომელიც წარმოდგენაში თავის ეპიზოდს მთავარ მოვლენად აქცევს. მსახიობმა მიაგნო ზუსტ ბალანს დრამატულობასა და პათეტიკურობას შორის, თუმცა ქართული ლექსი მუდმივად უბიძგებს მკითხველს გმირულ-რომანტიკული სტილისტიკისკენ, რასაც დამორჩილება სჭირდება.

წარმოდგენას, ზემოთ ნახსენებ ირსებებთან ერთად სხვა ღირსებებიც გააჩნია, უპირველეს ყოვლისა, ეს წარმოდგენის მუსიკალური პარტიტურაა, ცოცხალი შესრულებით, ორიგინალური და აკაკის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური თემების თანხლებით. ორიგინალური მუსიკა (კომპოზიტორი და შემსრულებელი ბეჟო ამირანაშვილი) მეტ მასშტაბს სძენს წარმოდგენას და ანზოგადებს პრობლემას, რომელსაც არა ვიწრო ჭუჭრუტანიდან უნდა შევხედოთ, არამედ გლობალურად. საინტერესოდ იმუშავა მხატვარმა ბარბარა ასლამაზმა, რომელმაც აამუშავა და ფუნქციურად დატვირთა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზო თავისი დამხმარე ნაგებობით. ძალზედ ორიგინალურად გადაწყვიტა კოსტიუმები, სადაც იმერელ თავადებს არა ნაციონალური ტრადიციული ტანისამოსი აცვიათ, არამედ წარჩინებულ იმერულთა კაბები, ტაძრის ფრესკებზე რომ გვინახავს. სპექტაკლის უჩინარი მონაწილეთაგან ყველას მნიშვნელოვანი წვლილი მიუღძვის წარმოდენის მომზადებაში, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხმის ოპერატორი მარინა კვირიკაძე, რომელიც სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგა (მსახიობები რადიო მიკროფონებით მუშაობდნენ), რომელმაც რთულ მისიას წარმატებულად გაართვა თავი, ვინაიდან წარმოდგენის მსვლელობის დროს არცერთი ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა.

ჭიათურის თეატრი პანდემიის შემდეგაც ინარჩუნებს მხატვრულ ხარისხს და პროფესიულ დონეს, რაც წარმოდგენაში „რაც არ იწვის, არ ანათებს“ ვლინდება კიდეც.

bottom of page