
„ფული ჯოჯოხეთს ანათებს“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
„ფული ჯოჯოხეთს ანათებს“
ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, რა არის თუ არა სიყალბის, ფარისევლობის, უვიცობისა და მექრთამეობის დღესასწაული, რომელიც ადამიანებს როგორც სანელებლიანი ღვინო, ისე აბრუებს?! ადამიანების ამ მანკიერებზე ირონიითა და სარკაზმით სასაუბროდ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის, სარეჟისორო ხელოვნების მიმართულების სტუდენტმა - ტარიელ კუბლაშვილმა ნიკოლო მაკიაველის კომედიას, „მანდრაგორას“ მიმართა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე „ააჟღერა“.
სპექტაკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კანცონები, რომლებშიც იგულისხმება მოქმედების შეფასება - კომენტირება, რასაც ხუთი სტუდენტისგან შემდგარი ქორო (ნინუცა ცაგარეიშვილი, ელენე ჭავჭავაძე, ნინი მაჭავარიანი, გიორგი სირბილაძე და დაჩი მუჯირიშვილი) ასრულებს. ქოროს წარმომადგენლები ექსპოზიციონერებიც არიან, რომელთა შესრულებაში პიესაში არსებული კანცონა და პროლოგი კომპაქტურადაა შერწყმული. მსახიობების წარდგენით კი ისინი „მეოთხე კედელს“ ამსხვრევენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია მაყურებელთან ილუზორულობისგან დაცლილი კომუნიკაციის ჩამოყალიბება.
რამდენიმე კანცონა წარმოადგენს ცნობილი სიმღერების „ქავერს“ შეცვლილი ტექსტით, მაგალითად „Pa Panamericano”-ს ნაცვლად „ნეტავ ახლა რა მოხდება“ ჟღერს, „Hit The Road Jack” მაგივრად კი, ნიჩას (ლაშა მორჩილაძე), უფრო სწორად კი კალიმაქოს (დაჩი ცაავა) ძის დაბადების აღსანიშნად „ვაჟი, ვაჟი, ვაჟი“. ადაპტირებული ტექსტი მუსიკალურ ნაწარმოებთან თანხვედრაშია, კონტექსტურია, მაგრამ ღამის შოუების ბენდების შექმნილი „ქავერების“ ასოციაციას ბადებს. შესაბამისად, ორიგინალური მუსიკის შექმნა და მასზე ტექსტის მორგება მეტად მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტური სპექტაკლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იმდენად მწირია, რომ კომპოზიტორთან მუშაობა ფანტასტიკის ჟანრის ეკვივალენტი ხდება. ამის მიუხედავად, არსებობს არაერთი მუსიკალური კომპოზიცია, რომელზეც შესაძლებელია სასურველი ტექსტის მორგება.
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ჰამბურგის დრამატურგიაში“ ერთმანეთს ადარებს ტრაგედიისა და კომედიის ჟანრის შემსრულებლებს და ამბობს, რომ კომედიაში მოქმედი პირნი მოიცავენ არა ერთ, არამედ რამდენიმე პერსონას, ტარიელ კუბლაშვილის „მანდრაგორას“ ყურებისას კი ზუსტად ლესინგის სიტყვები გამახსენდა, რადგან მსახიობთა ძირითადი ნაწილის შესრულებაში ცალსახად იკვეთება ის, რომ ისინი რამდენიმე შრიან ნიღაბს ატარებენ, რომელთა ცვლა დამოკიდებულია ამა თუ იმ მოვლენაზე. მაგალითად, დაჩი ცაავას კალიმაქო ყურებამდე შეყვარებული, ცანცარა, ვნებით აღვსილი მამაკაცია, ამავდროულად კი, ბუნებრივად ირგებს სახელგანთქმული ექიმის ნიღაბს, რომელიც დამაჯერებლად, სრული სერიოზულობით ესაუბრება თავის შტერ პაციენტს. სავარძელში ჩამომჯდარი, ნიჩას შარდის მოლოდინში მყოფი კალიმაქო იმდენად ითავისებს ექიმს როლს, რომ ოსიპ ბრაზის შესრულებულ ანტონ ჩეხოვის პორტრეტს გახსენებს.
სანდრო ფოლადაშვილის სირო კალიმაქოს ერთგული მსახურია, რომელიც თავისი ბატონის თითოეული ინტონაციით ხვდება თუ რა სურს მას. იგი პატრონის გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. მსახიობის მიმიკები, ჟესტები და მოძრაობები მომენტალურად ცვალებადია, დაუვიწყარია მსახიობის გრიმასები აყროლებული ქოთნის ჭერისას. ფოლადაშვილმა გაცნობიერებულად შექმნა კარიკატურული სახე, რომელიც ორგანულად ერწყმის როგორც პიესის, ისე დადგმის სტილისტიკას.
ეპატაჟურ სახეს ქმნის ანა თოგოშვილი სოსრატას შესრულებით. მსახიობი მაყურებელს წარმოუდგენს ჰედონისტ, ნიმფომანიაკ ქალს. კაცის დანახვისას სოსტრატა ვერ იმორჩილებს სხეულს, ვნებით იჟღინთება, რაც განსაკუთრებით ჩანს ლიგურიოსთან (რაჟდენ ლაღაძე) ვნებიან ცეკვაში, უფრო მეტად კი, სიროსთან დუეტში. სოსტრატას ვულგარული ჩაცმულობა (მხატვარი- ნუცა კერესელიძე) ბადებს იმის განცდას, რომ მისი პერსონაჟი ტიპური „მამაშაა“, რაც ლოგიკურია, რადგან იგი საკუთარი შვილის (ნანა ბიბილაშვილი) სუტენიორია, თანაც, ტყუილად კი არ მოიხსენიებს მას ბერი ტიმოთეო (ნიკა გუგუნავა), როგორც „ქვეყნის ნათრევ ქალად“.
რაჟდენ ლაღაძე ლიგურიოს სახით ქმნის გამჭრიახი გონების კაცის სახეს, რომელიც ფულის სანაცვლოდ ყველას და ყველაფერს ერგება, მან იცის ვის, როგორ და რანაირად უნდა მიმართოს. მსახიობის შესრულება მანერულობას მოკლებულია და გამოირჩევა სისადავით, იგი უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას თავისი პერსონაჟის ფსიქოლოგიურ შტრიხებზე.
ნიკა გუგუნავას შესრულებულ ბერ ტიმოთეოზეც თავისუფლად ითქმის, რომ იგი არაერთ ნიღაბს ატარებს, მრევლი ქალის (თამარ ქადაგიძე) შიშით კეთილშობილი ღვთისმსახურის ნიღაბს ოდნავ იფარებს, რადგან ამ ნიღბიდან ნაწილობრივ და ზოგჯერ მთლიანად გამოსჭვივის მომხვეჭელი, ქუჩის ბიჭის სახე, რომელსაც თვალი მუდამ შესაწირი ყუთისკენ აქვს. გუგუნავა თავისი პერსონაჟის ჭეშმარიტ ბუნებას ამჟღავნებს ღმერთთან დიალოგში, რადგან იცის, რომ ღმერთის გარდა, ყველას „დაბოლება“ შეუძლია. მსახიობი გამოირჩევა სისხარტით, რადგან იგი მომენტალურად იცვლის მიმიკას, ინტონაციას, დგომის მანერას და მის შესრულებაში იკვეთება ისიც, რომ იგი დიდ სიამოვნებას იღებს ფულზე დახარბებული ფარისეველი მღვდლების მხილებისგან. ის, რომ ტიმოთეო ღმერთზე მეტად, შესაწირზეა შეყვარებული, იკვეთება თუნდაც იმაში, რომ იგი დახმარების გაწევის დაპირების შემთხვევაში ბიბლიას ხსნის, თითქოს, ამ საქმეს უფლის სახელით აკეთებდეს, ფულსაც იჯიბავს.
თამარ ქადაგიძის მრევლი ქალი სახასიათო შტრიხებითაა დახუნძლული, კუზიანი დედაკაცი ერთდროულად სიცილსა და შიშს გგვრის თავისი დამანჭული სახით, რომელსაც სათანადო მიმიკისა და გრიმის შერწყმით ხატავს, საუბრის მანერა კი მაწყევარ მოხუცს მოგაგონებთ. თუ თავიდან შედარებით პატიოსანი ქალია, რომელიც შესაწირს წირავს, შემდეგ კი ბერთან ერთად ინაწილებს ეკლესიისთვის შეწირულ თანხას. გუგუნვავა-ქადაგიძე ბერისა და მრევლის შთამბეჭდავ დუეტს ქმნიან.
მესერე ნიჩას მხატვრული სახე გამოძერწა ლაშა მორჩილაძემ, რომელიც ექსცენტრიკულობით გამოირჩევა, რაც სავსებით შესაფერისია უვიცობით ბედნიერი კაცის განსახიერებისას. იგი ბოლომდე ვერ ხვდება, რომ თავიდან ფეხებამდე მოტყუებულია, აქეთ ჰგონია, რომ სხვების მოტყუება მოახერხა. ნიჩა მდიდარია, მაგრამ ამავდროულად ძალზე ხარბი მამაკაცია, რადგან „ინდულგენციისთვის“ ბერის შემოთავაზებული თანხის გადახდა ენანება. თავიდან ნიჩას ყრუს თამაში უჭირს, მაგრამ როგორც კი იგებს გადასახდელი თანხის საფასურს, მაშინვე უტრირებულად იწყებს როგორც თავის დაყრუებას, ისე დაბრმავებას. ნიჩა კია უგუნური, მაგრამ სწორედ მისი ბაგეებიდან ჟღერს ფრაზები - „დიპლომმა დაკარგა ფასი“ და „კანონების გამკაცრებაში მაგრები არიან“, მაგრამ დღეს სწორედ ნიჩასნაირი უდიპლომოების ხელში ვართ, რომლებსაც კანონების გამკაცრებაში ბადალი არ ჰყავთ.
ჩნდება კითხვა - რატომ არ წამოწია რეჟისორმა ის, რომ ლუკრეცია რეალურად თავისი გარემოცვისა და ოჯახის მსხვერპლია, უუფლებო გოგოა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ეშმაკურმა ფაქტმა იგი გააბედნიერა, სიყვარული და სიყვარულის ნაყოფი ჩასახა მასში. ნიჩა მოხუცი, ძველი საზოგადოების გადმონაშთია, ხოლო კალიმაქო აღორძინების, საღი აზრის სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ, რომელიც უვიცობის განსახიერებისგან განსხვავებით, ნაყოფს იძლევა.
ნანა ბიბილაშვილის ლუკრეცია მანერულობით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით ვერბალურ მეტყველებაში იკვეთება, შესაბამისად მისი პერსონაჟი ბუნებრიობის სანაცვლოდ ხელოვნურობას იძენს. მსახიობი შედარებით ბუნებრივია სპექტაკლის ფინალურ სცენებში, როდესაც, როგორც ინსტაგრამ დივა ბავშვს აძინებს და კალიმაქოს სექსუალური თვალსაზრისით მოსვენებას არ აძლევს.
სპექტაკლის ქორეოგრაფი თავად ნანა ბიბილაშვილია, თითოეული მსახიობის არავერბალური გამოხატულება პერსონაჟის გრძნობათა ბუნებას ნათლად ასახავს.
ნუცა კერესელიძის მხატვრობა გამოირჩევა ყოფითობით, სიმბოლურობას მინიმალისტურ დეტალებში ამჟღავნებს - წითელი კედელი და კარი - კალიმაქოს სახლი - ვნების ბუდეა, ხოლო ეკლესია სრულ სიშავესა და სიბნელეშია და მხოლოდ გახსნილ ბიბლიაში ჩადებული ფულით ნათდება, ტყუილად არ უთქვამთ, რომ „ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს“. სცენასთან ზედა კუთხეებში ბუტაფორიული მანდრაგორას ფესვებია ჩამოკიდებული, კონტექსტი კი გასაგებია, მაგრამ მხატვრობის საერთო ესთეტიკას მოწყვეტილია და უმოქმედოა.
სპექტაკლის ერთ-ერთი ეფექტური სცენაა ლუკრეციას და სოსტრატას ვიზიტი ბერ ტიმოთეოსთან - რეჟისორი მიმართავს სცენური გაყინვის ხერხს - მსახიობები რამდენჯერმე სხვადასხვა ექსპრესიულ-კომიკურ პოზებში იყინებიან, ამით ქმნიან ფოტომონტაჟის ესთეტიკას, რომელსაც ხშირად მიმართავდნენ ფრანგული „ახალი ტალღის“ კინემატოგრაფისტები, მაგალითად გოდარის ფილმში „ქალი ქალია“ (1961), სადაც ჟან-პოლ ბელმონდო და ანა კარინა სხვადასხვა პოზებში გაშეშებულნი არიან კადრთა რიგში.
სპექტაკლის ფინალური სცენაც არანაკლებ ეფექტურია, სცენა ბრუნავს და თითოეულ ბრუნზე ვხედავთ პერსონაჟის ან პერსონაჟთა ყოფას კომიკური ელფერებით, მაგ. როგორ გახდა სირო სოსტრატას საყვარელი, ლიგურიო კალიმაქოს ახალი მსახური, ერთმანეთთან შეკრული ბერი და მრევლი.
საბოლოო ჯამში, ტარიელ კუბლაშვილის საკურსო ნამუშევარში აშკარად გამოვლინდა ის, რომ მომავალ რეჟისორს მსახიობებთან მუშაობის უნარი აქვს. მსუყედ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში კონტექსტურად იყენებს სხვადასხვა სარეჟისორო ხერხს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კლასიკურ ტექსტს თანამედროვე ჟღერადობას ანიჭებს.