top of page

ფრთხილად, კიდევ აბრახუნებენ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

511561454_1034103688905653_9084573613389868922_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ფრთხილად, კიდევ აბრახუნებენ

 

რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა, რომელიც საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანებას ხელმძღვანელობს, გაერთიანების რჩეულ მსახიობებთან ერთად, „თოჯინების სახლში“ ახალი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს.

 

საქართველოს სხვადასხვა თოჯინების თეატრის მსახიობები და ვახტანგ ქორიძის შექმნილი თოჯინები, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ ჯავახიშვილის მუდამ აქტუალურ და თემებით ამოუწურავ რომანს „ჯაყოს ხიზნები“ თამაშობენ. რომანში წამოჭრილი თემები რომ აქტუალურია ამას მისდამი ქართველი რეჟისორების ცხოველი ინტერესიც ადასტურებს, მაგრამ ნიკა საბაშვილის სპექტაკლი ბევრი ფაქტორით გამოირჩევა სხვა ინტერპრეტაციებისაგან. პირველი და უმნიშვნელოვანესი, ვფიქრობ, სპექტაკლის კონცეფციაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნარატივისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ სპექტაკლში არ არსებობს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები, აქ ყველა დამნაშავეა, ცოდვილია, შეცდენილია, ნაღალატევი და გაბითურებულია.  მიუხედავად იმისა, რომ ნიკა საბაშვილის სპექტაკლში მთავარ, ცენტრალურ პერსონაჟებს - მარგოს, თეიმურაზს, ჯაყოს თავიანთ ქმედებებზე ახსნაც აქვთ და მოტივიც, არ აქვს გამართლება. ვფიქრობ, ნიკა საბაშვილმა კამერულ სივრცეში დადგმული სპექტაკლით, მეტი მასშტაბი შესძინა მიხეილ ჯავახიშვილს რომანს და ნაწარმოებიდან ისეთი პასაჟებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც თითქოს ყველას მიავიწყდა, ან აქამდე არ მიუქცევიათ ყურადღება.

 

თოჯინებითა და მსახიობებით გათამაშებული „ჯაყოს ხიზნები“ ქართული თოჯინების თეატრში პირველი მცდელობაა ამ ნაწარმოების სცენური ინტერპრეტაციის. ვფიქრობ, თოჯინების თეატრი დრამატულისგან განსხვავებით მეტ და მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა აჩვენო ის, რასაც დრამატულ თეატრში ტექნიკურად შეუძლებელია. სწორედ ამ შესაძლებლობებს იყენებს ნიკა საბაშვილი და უჩვეულოდ კამერულ სივრცეში, მსახიობებითა და თოჯინებით წარმოგვიდგენენ რომანს ადამიანებზე, ცხოვრების უსამართლობასა და კანონზომიერებაზე, კრიტიკულ გარემოში მოქცეულ ადამიანთა გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ შეცდომებზე, ვნებებსა და გრძნობებზე, გათელილ ღირსებასა და მუდმივ უსამართლობაზე...

 

ვინც ნიკა საბაშვილის შემოქმედებას კარგად იცნობს, აღმოაჩენს, რომ „ჯაყოს ხიზნები“ მის წინარე სპექტაკლებს არ ჰგავს, ცხადია მასში იგრძნობა რეჟისორის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ხერხების ერთგულება, ის კვლავაც ავლენს ფანტაზიისა და სათეატრო გამომგონებლობის ჩვეულ უნარს, თუმცა აქ ის ღრმად მოაზროვნე რეჟისორადაც მოგვევლინა, რომელიც მხოლოდ ფოკუსებით კი არ ხიბლავს მაყურებელს, არამედ თანმიმდევრული მსჯელობით, ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემების ღრმა გააზრებით და მისი სათეატრო ხერხებით ორიგინალურად გადმოცემით.

 

„ჯაყოს ხიზნები“ გარდა იმისა, რომ უდავოდ საინტერესო მხატვრული პროდუქტია, უახლეს ქართულ თეატრში მნიშვნელოვანი პროექტიცაა, რადგან ერთმა დადგმამ გააერთიანა ახალციხის, ბორჯომის, ქუთაისისა და თბილისის თოჯინების თეატრების მსახიობები. სპექტაკლზე მუშაობა და სამაგიდო რეპეტიციები შემოქმედებითმა ჯგუფმა ლევილის მამულში დაიწყო და საპრემიერო წარმოდგენა ახლა შედგა. სიმბოლურია, რომ სპექტაკლი საქართველოზე და ქართველებზე იქ მომზადდა, სადაც ემიგრაციაში წასული ქართველები სახლობდნენ, რომლებმაც იქ პატარა საქართველოს მოდელი შექმნეს, სიყვარულითა და სიძულვილით, ერთმანეთის გვერდში დგომითა და გაუტანლობით. სწორედ ადამიანის ამ ბუნებაზე გვესაუბრება სპექტაკლი და არა დრომოჭმულ და ათასგზის გადაღეჭილ მეტაფორებზე, სადაც მარგო საქართველოს განასახიერებს და ჯაყო ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც ისაკუთრებს ყველაფერს, მატერიალურს და არამატერიალურს, რაც გააჩნია თეიმურაზს.

 

ნიკა საბაშვილი სპექტაკლს სამეულის - მარგოს (მარიამ ლომიძე), ჯაყოსა (დავით ბერიძე) და თეიმურაზის (აბელ სოსელია) ურთიერთობებზე აგებს.

 

ნიკა საბაშვილი მიმართავს შერეულ პლანს. ერთმანეთს ენაცვლება თოჯინა და შავ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები. ყველა პერსონაჟი შავ, სტილიზებულ, ირიბად აჩეხილ ტანისამოსშია გამოწყობილი (კოსტიუმების ავტორი ნიკა საბაშვილი), არც ესაა შემთხვევითი და არც ის, რომ თოჯინები თბილ თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, თითქოს უსულო საგნებს (რომლებსაც მაღალი ოსტატობით აცოცხლებენ მსახიობები) უფრო აქვთ სული და ემოცია, ვიდრე ბნელ კოსტიუმებში გამოწყობილ პერსონაჟებს.

 

ნიკა საბაშვილი მიმართავს გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვან გამას- ცოცხალ პლანში მუშაობს ე.წ. მსხვილი ხედით, ხოლო თოჯინებით საერთო ხედს იყენებს, რითაც უფრო ამძაფრებს ატმოსფეროს აღქმას (მხატვარ-სცენოგრაფიც ნიკა საბაშვილია). მთელი სცენა ერთი მაგიდაა, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედება, რომელიც ხან საწოლად გადაიქცევა, ისე როგორც რეკვიზიტს აქვს მრავალი ფუნქცია. დანა-ჩანგალი ხან პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენება, ხანაც მეტაფორულად ის ხანჯლებია, სადაც ქორწილზე ნეფე-პატარძალს ტრადიციისამებრ გამოატარებენ. რეჟისორი მიმართავს უკიდურეს მხატვრულ პირობითობას.

 

მარიამ ლომიძის მარგო თავდაპირველად ქედმაღლურად უყურებს ჯაყოს, ამას ის არაერთი დეტალით გამოხატავს (არ სიამოვნებს მისი შეხება, ხელს იწმენდს, მისი გასვლის მერე ჰაერს ანიავებს, მის დაბალ სოციალურ სტატუსს და IQ დასცინის...), ამავდროულად ის ეგოისტიცაა, რადგან არ უწევს ანგარიშსს თეიმურაზის სურვილებს, რომელიც მის კეთილდღეობასაც განაპირობებს. მარიამ ლომიძის მარგო არც ისეთი კდემაა, როგორსაც წარმოაჩენს თავს, საჭიროების შემთხვევაში ის „კლანჭებსაც აჩენს“, რითაც დემონსტრირებას ახდენს იმისა, რომ სურვილის შემთხვევაში მის სურვილს წინ ვერავინ აღუდგება, სინამდვილეში მარგო მორჩილი ქალი კი არ არის, არამედ საკუთარ კომფორტზე მზრუნველი. მეორე მოქმედებაში მარიამ ლომიძის მარგო გარეგნული მომხიბვლელობა და ღვთისმოსაობაც შიშვლდება და მას აღვიქვამთ არა როგორც გარემოებათა მსხვერპლს, არამედ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ქალს. მგონი ჯაყოს მასკულინურობამ, ბრუტალურობამ და ქონება-გავლენამაც მოხიბლა. არც ესაა გასაკვირი, ეგეც ბუნებრივია გარკვეულ მოცემულობაში. მარიამ ლომიძე ამ გამოაშკარავებას (ვერ ვიტყვი მეტამორფოზას თქო) გვიჩვენებს ოსტატურად და დამაჯერებლად. განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ბოლო ეპიზოდში, როცა სარკეში მონოლოგის დროს საკუთარ თავს სცემს და სჯის.

 

სასიამოვნო სიურპრიზი და აღმოჩენა იყო დავით ბერიძის მიერ შესრულებული ჯაყო, რომელიც გვიჩვენებს პერსონაჟის ხასიათის განვითარებას, ხატავს ტიპაჟს, რომელიც ერთდროულად გახსენებს კონკრეტულ პროტოტიპებს და ამავდროულად ძალიან განზოგადებული ტიპაჟიცაა. დავით ბერიძის ჯაყო არ მალავს ნამდვილ სახეს, ის თავიდანვე გამოაშკარავებულია, მისი ზრახვები და ხასიათი თავიდანვე ცნობილია, თუმცა მასთან გამკლავება შეუძლებელია.

 

მოულოდნელი არ იყო, რომ აბელ სოსელია თეიმურაზის ორიგინალურ და საინტერესო მხატვრულ სახეს შექმნიდა. მისი თეიმურაზი ტრაგიკული პერსონაჟია, რომელიც მისმა უნიათობამ, უმოქმედობამ და უსუსურობამ დაღუპა და გათელა მისი ღირსება და ავტორიტეტი. აბელ სოსელიას თეიმურაზი უნებლიეთ ანადგურებს და ანიავებს მამა-პაპათაგან მემკვიდრეობით დატოვებულ მამულს. აბელ სოსელიას თეიმურაზი ისეთი პოეტური სულის ადამიანია, რომელსაც აკლია პრაგმატულობა, არ შეუძლია პროგნოზირება და ვერ ფლობს კრიზისიდან თავის დაღწევის უნარებს. თეიმურაზს არც თავის დაცვა შეუძლია და არც საყვარელი ქალის, ამიტომაც მან ვერც მამულს უპატრონა, ვერც ცოლს და ვერც საკუთარ თავს. საბრალო და სასაცილოა კრიტიკულ და კრიტიკულ ეპიზოდშიც კი, როცა ჯაყოს მაგიდასთან მოლაპარაკებას და შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობას სთავაზობს, იგი პრობლემის მოგვარებისას მუდმივად არაეფექტურ ხერხებს მიმართავს და მუდმივად უშვებს შეცდომებს.

 

ნიკა საბაშვილის ვერსიაში სამივე ცენტრალურ პერსონაჟს აქვს თავისი სიმართლე, მაგრამ სამივე უარყოფითი პერსონაჟია, მათი მიზნები და სურვილები არ არის  კეთილსინდისიერებასა და შრომისმოყვარეობაზე დაფუძნებული, აი, ამიტომაც არიან ისინი უარყოფითი პერსონაჟები. მათი განათლებულობაც და სოციალური სტატუსიც მოჩვენებითია და ბრჭყვიალა. ისინი სარკეში თავიანთ მონოლოგებში აანალიზებენ შეცდომებსა და განვლილ ცხოვრებას და მიდიან იქამდე, რომ მონანიება, შეცდომებთან თვალის გასწორება და პატიება არის გამოსავალი, თუმცა ამასობაში ცხოვრებამაც განვლო და უკვე გვიანია.

 

მნიშვნელოვანი როლები აკისრიათ სპექტაკლში მეთოჯინე-მსახიობებს -თეა კიწმარიშვილს, რამონა მიქელაძეს, თათია ბაქრაძეს, მიხეილ ბერიძეს და ოთარ ფადარაშვილს, რომლებიც ეპიზოდურ როლებსაც ასრულებენ და ქმნიან საინტერესო ტიპაჟებს. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სპექტაკლში განათების მხატვრებს კახა წიკლაურსა და თენგიზ წიქარიშვილს.

 

სპექტაკლი კარებზე კაკუნით იწყება და შემოდის სტუმარი ჯაყო და ფინალიც ასე უსიამოვნო კაკუნით მთავრდება, რაც იმის მომასწავებელია, რომ სამყარო წრეზე ბრუნავს, იცვლება ეპოქები, მაგრამ მიუხედავად ერთმანეთის მიმართ მიტევებისა, ადამიანები არ იცვლებიან, კაცობირობა ისეთივე უხეში და ხარბი (როგორც ჯაყო), უნიათო და უსუსური (როგორც თეიმურაზი), მოღალატე (როგორც მარგო) რჩება, როგორც ქვეყნიერების დასაბამში იყო.

bottom of page