top of page

ფრთხილად, რასაც მოიხვეჭ ცხოვრებაში, არ შეგრჩება!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.​

 

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.​

 

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

1V0B4988.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ფრთხილად, რასაც მოიხვეჭ ცხოვრებაში, არ შეგრჩება!

 

ფესტივალის „საჩუქარი“ ძღვენი ქართველ მაყურებელს

 

ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „GIFT“, რომელიც სათავეს გასული საუკუნიდან იღებს, ყოველ წელს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს ქართველ მაყურებელს. მრავალი ქარტეხილისა და გამოწვევის მიუხედავად, ფესტივალი განაგრძობს ცხოვრებას და ინარჩუნებს როგორც მაღალ სტანდარტს, ისე პროგრამის მხატვრულ ხარისხს. წელს ფესტივალში, რამდენიმე ქართულ თეატრთან ერთად, ორი უცხოური სათეატრო კომპანია მონაწილეობს: კრაიოვას ეროვნული თეატრი (რუმინეთი) დეკლან დონელანის სპექტაკლით „ოიდიპოს მეფე“ და კომპანია Osmosis Euripides Laskaridis (საბერძნეთი) „ლაპის ლაზული“ (იდეის ავტორი და რეჟისორი ევრიპიდის ლასკარიდისი).

 

სათეატრო სამყაროში დეკლან დონელანი ცნობილია კლასიკური ნაწარმოებების ახლებური ინტერპრეტაციებით. ის თავის დადგმებში არა მხოლოდ მკვეთრად უსვამს ხაზს თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს, არამედ შესაბამის ადეკვატურ ფორმაში აქცევს. ბრიტანელი რეჟისორისა და კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნული თეატრის კოლაბორაცია - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ სწორედ ამ სინთეზის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში შეიქმნა და რა გასაკვირია, რომ ის ეხმიანება პანდემიას, რომელიც კაცობრიობამ უკვე წარსულს ჩააბარა. გაკვრით, მაგრამ რეჟისორი ეხება პანდემიის გამომწვევ მიზეზებსაც, რომელიც პირდაპირ კავშირშია სოფოკლეს პიესის კონცეფციასთანაც. ხიდებს ანტიკურ ტრაგედიასა და დღევანდელობას შორის დეკლან დონელანი თანმიმდევრულად, ლოგიკურად და ოსტატურად აგებს. მოქმედება დღეს და ახლა მიმდინარეობს, მაყურებელი ბოლომდე ჩართულია პროცესში (ოიდიპოსთან ერთად მაყურებელიც მოვლენების ეპიცენტრშია), უფრო მეტიც, ის არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ მონაწილეა მისი. რეჟისორი იყენებს ინტერაქტივის უკიდურეს ფორმას, მსახიობები მაყურებელთა შორის არიან მუდმივად, ისინი ეხებიან დამსწრე საზოგადოებას, მიმართავენ, ესაუბრებიან. მაყურებელსაც აქვს საშუალება მისთვის სასურველი დისტანციით ადევნონ თვალი მოქმედებას.

 

დეკლან დონელანის დადგმა - „ოიდიპოს მეფე“ რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ ასპექტზე აკეთებს აქცენტს: ყველაზე მეტად, რაც თვალსა და ყურში გხვდება, ეს ძალაუფლების მიმართ დამოკიდებულებაა. რეჟისორი სიღრმისეულად იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებიც ინდივიდებსა და საზოგადოებას მართავს. ასევე გვიჩვენებს თუ რამდენად ადვილია, ადამიანმა დაკარგოს თავი და ადგილი საზოგადოებაში, როცა ის ცვლილებებს ვერ უმკლავდება და პირისპირ ეჯახება, რომელიც ანგრევს მას როგორც პიროვნებას. ეს პროცესი კი მას გმირად აქცევს. აი ასეთ ასოციაციებს ბადებს სპექტაკლი.

 

რეჟისორი ხაზს უსვამს და გვიჩვენებს პროცესს, როგორ შეუძლია ადამიანმა იმოქმედოს საკუთარი ბედისწერის წინააღმდეგ, ებრძოლოს და გაექცეს იმას, რაც მისი არჩევანი არ ყოფილა. ამავდროულად გვიჩვენებს პოლიტიკური ლიდერის, ამ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პერსონის პირად, გაუაზრებელი, ირაციონალურ გადაწყვეტილებას, რა გავლენა და შედეგი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე, ხალხზე. როგორც შეიძლება შეცვალოს უბრალო ადამიანების, მოსახლეობის ბედისწერა მეფის ერთმა პირადმა საქციელმა ან გადაწყვეტილებამ.

სპექტაკლი ალტერნატიულ სივრცეში თამაშდება, ამჯერად, ის წარმოდგენილი იყო აბრეშუმის თეატრის პავილიონსა და დამხმარე სათავსოებში. მაყურებელი მომაკვდავი პაციენტის პალატაში აღმოჩნდება, რომლის საწოლსაც გარს ახვევია უნიფორმაში გამოწყობილი სამედიცინო პერსონალი. იქვე ახლო-მახლო, მაყურებელთან ერთად მღვდელიც დგას. ამ დროს სიტუაციაში გასარკვევად და შეწუხებული საზოგადოების გასამხნევებლად ჯერ დედოფალი იოკასტა გამოჩნდება (რაც შემთხვევითი არ არის), ხოლო შემდეგ კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი - ოიდიპოსი (კლაუდიო მიჰაილი) გამოჩნდება. რომელსაც საუბარში სხვა უფრო გაშლილ სივრცეში გადავყავართ. აქედან იწყება ოიდიპოსის მოგზაურობა დროსა და სივრცეში მაყურებლის თანხლებით. მაყურებელი მუდმივად დაყვება ოიდიპოსს, ის ყოველმხრივი ლიდერია, რომელსაც ხალხი ენდობა და ბრმად მიჰყვება ყველგან. სპექტაკლის მოქმედებას, ატმოსფეროს, ხასიათს და ტემპო-რიტმს ოიდიპოსის როლის შემსრულებელი მსახიობი კლაუდიო მიხაილი განსაზღვრავს. ის არის ერთპიროვნული ლიდერი როგორც დამსწრე საზოგადეობას, ისე სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს შორის. ახალგაზრდა მსახიობი გვიჩვენებს ოიდიპოსის ტრანსფორმაციის ურთულეს გზას - ძლევამოსილი მეფიდან სასოწარკვეთილ ადამიანამდე. კლაუდიო მიჰაილის სპექტაკლის დასაწყისში წარმოგვიდგენს თანამედროვე პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც ხელთ უპყრია ძალაუფლება და მის შესანარჩუნებლად ცდილობს მოქალაქეების კეთილგანწყობა მოიპოვოს, ის თვალთმაქცი და ფარისეველია, ხოლო როცა მას პირადი ტრაგედია დაატყდება თავს, უსუსურ, საბრალო, უბრალო ადამიანად გადაიქცევა, რომლის მიმართაც მაყურებელს კეთილგანწყობა და თანაგანცდის გრძნობა და სენტიმენტები უჩნდება. ამ განცდების გამოსაწვევად მსახიობი ძალ-ღონეს, ნიჭს, პროფესიულ ოსტატობას არ იშურებს. მეფობისას კლაუდიო მიჰაილი იყენებს დეკლამაციის ხერხს, პოზიორობს, როგორც პოლიტიკოსი. მსახიობი ტემპერამენტითა და ექსპრესიულობით გამოირჩევა, რითაც აგიტატორს ემსგავსება, ხოლო მას შემდეგ, რაც ოიდიპოსის შემსრულებელი, ბედისწერასთან ბრძოლაში დამარცხებულ ადამიანს წარმოაჩენს, მისი ამაღლებული ტონალობა და საუბრის სტილი/მანერა დაბლდება, მეტი გულწრფელი ემოციით იჟღინთება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გამომსახველობითი საშუალებების თვალსაზრისით კლაუდიო მიჰაილი-ოიდიპოსის საფინალო სცენა-მონოლოგი, ერთგვარი გამომშვიდობება ხალხთან, რომელსაც მსახიობი უშუალოდ, სცენური გულწრფელობით, სინანულით, ბედისწერასთან დამარცხებით გამოწვეული სასოწარკვეთით წარმართავს. ოიდიპოსი განწმენდილი და ვალმოხდილი ტოვებს „თებეს“, მაყურებელი კი ჭეშმარიტად უთანაგრძნობს მას.

კლაუდიო მიჰაილს აქვს ქარიზმა (როგორც პოლიტიკოსებს), პროფესიული გამოცდილება და ოსტატობა. მას უყურადღებოდ არ რჩება სპექტაკლის მონაწილე არც ერთი მოქალაქე-მაყურებელი, ის აკონტროლებს ყველას და ყველაფერს მაშინაც კი, როცა მისი მზერა და გონება სხვაგანაა. რეჟისორ დეკლან დონელანთან ერთად ოიდიპოსი - კლაუდიო მიჰაილიც მუდმივ კვლევაშია, გამოძიების პროცესშია ჩართული. გამოძიების შედეგები კი ოიდიპოსს საბოლოდ ანგრევს ყველა თვალსაზრისით.

მსახიობთა შორის გამოირჩევა რამონა ტრაგულესკო - იოკასტას როლის შემსრულებელი, არა იმიტომ, რომ ის მთავარ როლს ასრულებს, არამედ იმიტომ, რომ მისი თითოეული გამოჩენა და წარმოთქმული სიტყვა (მიუხედავად იმისა, რომ რუმინული ენა არ გვესმოდა) იპყრობს მაყურებლის ყურადღებას და იწვევს ცხოველ ინტერესს, რომელსაც განსხვავებული ქარიზმა და ატმოსფერო შემოაქვს სპექტაკლში. დედოფლის პირველივე გამოჩენა ეფექტურია და მსახიობი ამ ეფექტს არ კარგავს წარმოდგენის დასრულებამდე. განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია რამონა ტრაგულესკოს შესრულება, როცა ის ხვდება, რომ დაფარული სიმართლე გაცხადდა. მის თვალებში და უხმოდ საკმაოდ გრძელი მანძილის გავლისას ჩანს უზარმაზარი ტრაგიზმი, სასოწარკვეთა, გამოთხოვება სიცოცხლესთან. ულამაზესი და ამავდროულად შემზარავი, ტრაგიზმით დატვირთული სცენაა თვალბედათხრილი ოიდიპოსის უკანასკნელი ტანგო გარდაცვლილ დედოფალთან, შეუძლებელია ამ ეპიზოდმა მაყურებელში თანაგანცდა პერსონაჟების მიმართ არ გამოიწვიოს.

მსახიობთა ანსამბლში ასევე აღსანიშნავია ვლად უდრუსკუ, კრეონის როლის შემსრულებელი, რომელიც ერთადერთია, რომელიც ღია ოპონირებას უწევს მეფე ოიდიპოსს. მსახიობის ფაქტურა, მოძრაობის პარტიტურა და ქმედებები სანდოობას აჩენს სასოწარკვეთილ საზოგადოებაში. კრაიოვას ნაციონალური თეატრის „ოიდიპოს მეფე“ მსახიობთა შესრულების თვალსაზრისით ანსამბლური სპექტაკლია, აქ ეპიზოდური როლების შემსრულებლებიც კი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩართული არიან ფაქტობრივად ყოველი ეპიზოდის განვითარებაში. აღნიშვნის ღირსია ეუჯენ ტიტუ. მისი სცენა კლაუდიო მიჰაილთან თამაშდება უკიდურესი გულწრფელობით, უშუალობით, სიმარტივით და სცენური სიმართლით. მაყურებელი მათ დიალოგს სულგანაბული, შეძრწუნებული, ცხოველი ინტერესით უცქერს და უსმენს. ეს საკვანძო ეპიზოდია, რომელშიც ფეხზე დგომით დაღლილი მაყურებელიც კი დიდი ინტერესით აკვირდება და ჩართულია მის წარმართვაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის ამ დიალოგის შინაარსი. მსახიობები: კლაუდიო მიჰაილ, რამონა დრაგულესკო, ვლად უდრესკუ, თამარა პოპესკუ, ეუჯინ ტიტუ, ალექს კალანგიუ, კორინა დრუქ, ბრუნო ნოფერი, იულია კოლანი, ნიკუ ვიქოლი, რალუკა პაუნ, მარიან პოლიტიკ, ანჯელ რაბაბოკი გვიჩვენებენ სცენური პარტნიორობის შესანიშნავ მაგალითს.

დეკლან დონელანი ინტენსიურად მიმართავს პირდაპირი, შემხებლობითი ინტერაქტივის ხერხს. წარმოდგენის მონაწილეები მუდმივად უშუალო კავშირში არიან დამსწრე მაყურებელთან. სპექტაკლის მოქმედი გმირები ხალხიდან, საზოგადოების წიაღიდან აღმოცენდებიან მოულოდნელად და ერთვებიან სიუჟეტის წარმართვაში. სპექტაკლის ფორმის გადაწყვეტა-გააზრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სცენოგრაფი ნიკ ორმეროდი. მხატვარი ქმნის ატმოსფეროს და სივრცეს, რომელიც დახვეწილია, სადა, უშუალო და რაც მთავარია, სრულ ჰარმონიაშია რეჟისორის კონცეფციასთან. მხატვარი ქმნის დახვეწილ თანამედროვე კოსტიუმებს, რომელიც მათ სოციალურ სტატუსთან ერთად, უპირველესად, მათ ხასიათს გამოხატავს.  

რეჟისორი მკაფიო ხაზებს ავლებს ოიდიპოსის ისტორიის, პიესაში წამოჭრილი პრობლემების აქტუალურობაზე და მას გლობალურ სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებთან აკავშირებს. გარდა ამისა, სპექტაკლში კარგად ჩანს „ემოციების თაობა“, რომელიც გრძნობებს არ მალავს და საჯაროდ გამოხატავს უტრირებულად. სწორედ ასეთია ახალგაზრდა, ვნებიანი და ქარიზმატული ოიდიპოსი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს იოკასტა, მაგრამ ბედისწერასთან უძლურია, რაც მოიხვეჭა, ყველაფერი დაკარგა. ამ კანონზომიერებასა თუ მოსალოდნელ პერსპექტივაზე მიუთითებს და აფრთხილებს მას კრეონი, რომელმაც თავად მოიხვეჭა ბევრი, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, შექმნა სახელმწიფო და სისტემა, მაგრამ დაკარგა ყველა და ყველაფერი, რამაც აზრი დაუკარგა მის ცხოვრებას. სწორედ ასეთ გაფრთხილებად უნდა მივიღოთ დეკლან დონელანისა და კრაიოვას ეროვნული თეატრის კოლაბორაცია „ოიდიპოს მეფე“.

ფოტოები: ილია ბაბურაშვილი

bottom of page