top of page

ფრენის მეტაფიზიკა და მიწაზე დარჩენილი სპექტაკლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

659051673_1582597220537292_9190160282368047134_n.jpg

29.03.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

ფრენის მეტაფიზიკა და მიწაზე დარჩენილი სპექტაკლი

 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის საპრემიერო სპექტაკლი „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ (რიჩარდ ბახის ტექსტის მიხედვით) პროგრამის ანოტაციაშივე აყალიბებს წარმოდგენის იდეურ-ფილოსოფიურ ველს. აქ საუბარია ინდივიდის თვითგამორკვევაზე, მიზნის ძიებაზე, თავისუფლებისკენ სწრაფვაზე და იმ შინაგან წინააღმდეგობებზე, რომლებიც ადამიანს გარემოსთან, საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან აყენებს დაპირისპირებაში. ანოტაცია ხაზს უსვამს, რომ ეს არის ისტორია არა მხოლოდ ფრენის, არამედ გზის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საზღვრების გადალახვის პროცესის შესახებ.

 

სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი: რეჟისორი ლელა ჭინჭარაული, დამდგმელი მხატვარი - მარიამ გიგაური, სცენოგრაფი გიორგი გოგიტიძე,  კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი, პროექტის დიზაინერი სოფიო ჭინჭარაული, მედია პროგრამისტი დავით დიასამიძე, რეჟისორის თანაშემწე ირაკლი იორამაშვილი - წინასწარ აყალიბებს მოლოდინს სინთეზურ თეატრალურ ფორმაზე, სადაც ვიზუალური, მუსიკალური და ტექნოლოგიური კომპონენტები ერთიან ქმედით სისტემაში უნდა გაერთიანდეს. თუმცა სწორედ ამ კომპონენტთა ურთიერთკავშირის პრობლემა ხდება სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი სუსტი წერტილი.

 

რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ იმ ტიპის ტექსტია, რომელიც თავიდანვე მოითხოვს არა მხოლოდ თხრობის, არამედ ქმედების ენაზე გადატანას. ეს არის ინდივიდის, თვითგადალახვისა და თავისუფლების ძიების ისტორია, სადაც სიუჟეტურ ხაზზე მეტად მნიშვნელოვანი არის ფილოსოფიური განზომილება: პიროვნების ბრძოლა სტანდარტულ გარემოსთან, მასასთან, კოლექტიურ წესრიგთან. სწორედ ამ კონტექსტში, სცენური ვერსია უნდა ეყრდნობოდეს არა მხოლოდ ტექსტის რეპრეზენტაციას, არამედ მის ტრანსფორმაციას ქმედით თეატრალურ ენად. წარმოდგენაში ეს საწყისი ამოცანა მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება: ტექსტი ისმის, მკაფიოდ და სწორად, თუმცა არ გარდაიქმნება მოქმედებად, არ იძენს ვიზუალურ და ქმედით სიცოცხლეს, რის შედეგადაც სპექტაკლი რჩება ლიტერატურულ თეატრის გარკვეულ სახეობად, პროზის დეკლამაციურ გადმოცემად.

 

რიჩარდ ბახის ტექსტი თავისი არსით იგავურია, რაც თეატრისგან მოითხოვს არა ილუსტრაციას, არამედ მეტაფორულ ტრანსფორმაციას. სპექტაკლში კი ტექსტი რჩება დომინანტად, ის დეკლამაციურია, მკაფიო, მაგრამ „ნივთიერი“. ლელა ჭინჭარაულის დადგმაში კი სიტყვა და ვიზუალი პარალელურ რეჟიმში არსებობენ. მაყურებელი ისმენს ფილოსოფიურ პასაჟებს თავისუფლებაზე, მაგრამ სცენაზე ვერ ხედავს ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის „ფიზიკურ ოფლს“. მარიონეტული ტექნიკა, რომელიც თავისთავად პირობითობის უმაღლესი ფორმაა, აქ ხშირად მხოლოდ ილუსტრაციულ ფუნქციას ასრულებს, ნაცვლად იმისა, რომ სულის შფოთვის ეკვივალენტი გახდეს.

რეჟისორული კონცეფცია აშკარად აგებულია მულტიმედიურ რესურსებზე, რომლებიც ფართოდ და ინტენსიურად არის გამოყენებული. ვიზუალური გარემო, ცვალებადი პეიზაჟები, დახვეწილი და მომნუსხველი სივრცეები, რომელიც შექმნილია შემოქმედებითი ჯგუფის მიერ, ქმნის ძლიერ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას. მულტიმედიური გადაწყვეტები, ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად ეფექტურია, თუმცა მათი ჭარბი გამოყენება სპექტაკლს აქცევს უფრო ვიზუალურ ინსტალაციად, ვიდრე ქმედით თეატრალურ ფორმად ანუ სპექტაკლად. ამ ვიზუალურმა სიმდიდრემ ვერ უზრუნველყო დრამატურგიული დინამიკა.

 

როდესაც ვიზუალური ეფექტი თავისთავად სრულყოფილია, ის მსახიობსა და თოჯინას ართმევს „სიცარიელის შევსების“ ფუნქციას. მულტიმედია აქ არა მოქმედების გარემო, არამედ მისი შემცვლელია. ფერადი პეიზაჟები და მომნუსხველი სივრცეები სპექტაკლს ვიზუალურ მედიტაციად აქცევს, რაც ანელებს ტემპო-რიტმს. თეატრი კი, განსაკუთრებით მოზარდი მაყურებლისთვის, მოითხოვს არა მხოლოდ ჭვრეტას, არამედ თანამონაწილეობას დინამიკაში. აქ კი „თოლია“ ვიზუალური ინსტალაციის ტყვეობაში ხვდება.

 

სპექტაკლი, მიუხედავად მოძრავი გამოსახულებებისა, შინაგანად დუნე ტემპო-რიტმით ვითარდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი ლელა ჭინჭარაული მიზანმიმართულად ცდილობს ინტიმური, ლირიკული, მედიტაციური ატმოსფეროს შექმნას, რაც ანოტაციაში დეკლარირებულ ფილოსოფიურ განზომილებასაც შეესაბამება, თუმცა თეატრში ეს არ კმარა. სიტყვა უნდა გახდეს ქმედითი, დიალოგი უნდა იქცეს მოქმედების მამოძრავებელ ძალად, ხოლო ვიზუალი ამ მოქმედების ორგანულ გაგრძელებად. აქ კი ეს კავშირი ირღვევა.

 

სპექტაკლის ერთ-ერთი საინტერესო კონცეპტუალური პასაჟია თოლიის გაიგივება პატარა უფლისწულთან და მფრინავთან, რაც ეხმიანება ინდივიდის გამორჩეულობისა და თვითმყოფადობის თემას. ეს ინტელექტუალურად გამართული და ლოგიკურად არგუმენტირებული იდეაა, თუმცა იგი რჩება მხოლოდ ჩანაფიქრად,  არ ვითარდება და არ გარდაიქმნება მოქმედების ხაზად. პერსონაჟის მონაცვლეობა თოლიასა და ბიჭუნას შორის ესთეტიკურად სუფთა და ტექნიკურად გამართულია, მაგრამ დრამატურგიულად არასაკმარისად დატვირთული.

 

რეჟისორი აქტიურად იყენებს მარიონეტულ ტექნიკას, რაც ამ თეატრის მსახიობთა გამოცდილებიდან გამომდინარე ბუნებრივ არჩევანს წარმოადგენს, თუმცა ამ სპექტაკლში აშკარად გამოიკვეთა, რომ დეტალებზე და გამომსახველობით საშუალებებზე მუშაობა არასაკმარისია. ფორმა ვერ იძენს იმ სიზუსტესა და შინაარსობრივ სიღრმეს, რომელიც კონცეფციის რეალიზებისთვის იყო საჭირო.

 

დრამატურგიული კონფლიქტი, თემის და ინდივიდის დაპირისპირება, პიროვნების თვითგამორკვევა და მიზნის ძიება, შენარჩუნებულია, თუმცა მისი სცენური რეალიზაცია ფრაგმენტულია. პერსონაჟის შინაგანი ტრანსფორმაცია უფრო დეკლარირებულია, ვიდრე ნაჩვენები.

 

ვიზუალური და ტექნიკური გადაწყვეტები წინააღმდეგობრივია. პეპლების გამოჩენა არაორგანულად აღიქმება. მათ არ აქვთ მკაფიო ამოცანა. ჩრდილების გამოყენება, მიუხედავად ესთეტიკური სიზუსტისა, ტექნიკურად არ არის ბოლომდე გაწმენდილი და ქმნის „ჭუჭყის“ ეფექტს. ამ ფონზე განათების გადაწყვეტა, როდესაც იგი დარბაზში გადმოდის და ატმოსფეროს მაყურებელზე ავრცელებს, ერთ-ერთ ეფექტურ ეპიზოდად რჩება.

 

მუსიკალური გაფორმება, რომლის ავტორია გოგი ძოძუაშვილი, ქმნის ატმოსფეროს და განწყობას, თუმცა ვერ ახდენს სცენური მოქმედების აქტიურ განვითარებას. სპექტაკლი მთლიანობაში იტანჯება ტემპო-რიტმის პრობლემით: ბევრი ეპიზოდი გაწელილია, დიალოგები დინჯია და სტატიკური ეპიზოდები ჭარბობს, რომელსაც დინამიკური სცენები ენაცვლება, თუმცა ის შინაარსობრივად არ არის ხშირ შემთხვევაში დატვირთული, განსაკუთრებით ეს ეხება ფრენის სცენებს, სადაც თოჯინები უბრალოდ ირხევიან. რჩება განცდა, რომ ჩვენ ვუყურებთ თოჯინებს, რომლებიც მოძრაობენ მექანიკურად და არა პერსონაჟებს, რომლებიც ცოცხლობენ.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ: ვანო მაღლაკელიძე, რევაზ ხოფერია, ლევან მიდილიში, სალომე ცაგურია. პერსონაჟებს ახმოვანებენ: გიორგი ბაბილოძე, მანანა გოგიტიძე, სალომე ცაგურია, სოფიო ცინცაძე, გიორგი არველაძე.

 

ფინალური შთაბეჭდილება ორმხრივია: ერთი მხრივ, გვაქვს დახვეწილი, ვიზუალურად გამართული წარმოდგენა; მეორე მხრივ, თეატრალური ქმედების დეფიციტი. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეპიზოდი, სადაც რეჟისორი თავად ერთვება სცენურ მოქმედებაში. ჟესტი ორიგინალურია, თუმცა საერთო ტონალობასთან სრულ თანხვედრაში არ მოდის.

 

შედეგად, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის საპრემიერო სპექტაკლი „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ რჩება იდეებსა და ფორმებს შორის გაჩხერილ სპექტაკლად, სადაც ძლიერი კონცეპტუალური და ვიზუალური პოტენციალი ბოლომდე ვერ გარდაიქმნება მოქმედებაზე დაფუძნებულ თეატრალურ ფორმად.

bottom of page