top of page

 ფიროსმანის ამბავი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

651914149_10241207682867143_8921925838538428027_n.jpg

29.04.2026

მაია კიკნაძე                 

ფიროსმანის ამბავი    

 

ნიკო ფიროსმანი ამბობდა: „უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლო, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ  შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ…“ (ლადო გუდიაშვილის დღიურიდან)

                                                          

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა  და მოხეტიალე მთავრის თეატრის სპექტაკლი „ფიროსმანი,“გენიალური მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო  ისტორიებს  მოგვითხრობს (სპექტაკლის ავტორი, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ნიკა ლუარსაბიშვილი).

სპექტაკლი, რეჟისორმა თოჯინური თეატრისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით  განახორციელა.  თოჯინების შემქმნელებმა ნინო კიტიამ და ირინე ყველიაშვილმა მომცრო თოჯინები გააკეთეს. მათი სახეები, გარეგნობა ძალზედ შთამბეჭდავად გამოიყურებიან სცენაზე ( მაგ. ვაჭრის სახასიათო  სახე, მეეზოვის კოლორიტული ფიგურა თავისი მეტყველი თვალებით, მოხუცი ფიროსმანი და ა შ.)

სპექტაკლის დეკორაციის,  განათებისა და  ზოგიერთი რეკვიზიტის (მაგ. დრაკონი) საშუალებით, რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი ჯადოსნურ სამყაროს ქმნის, თუმცა ინარჩუნებს  ყოფით რეალისტურ გარემოს და წარმოგვიდგენს  გლეხების,  ხელოსნებისა  თუ „მდაბიო’’ მოქალაქეთა წრეს. წრეს, რომელშიც ფიროსმანმა მთელი ცხოვრება გაატარა.

 სპექტაკლის მოქმედება სხვადასხვა სიბრტყეზე ვითარდება.  შავ სამოსში გამოწყობილ მეთოჯინეებს  (ლევან ბაიდაური, გიორგი თოთაძე, ალექსანდრე კვეზერელი/ლუკა ხეცურიანი, მარი კიტია,ნიკა მჭედლიშვილი,  ნანიშა მეტრეველი/ ნიკალაი ამოევი, ლუკა ჭულუხაძე, ლელა ხაჩატუროვი) განსხვავებულ  სივრცეებში  უწევთ თოჯინებისა და  ნივთების ერთდროულად ტარება, რასაც მეთოჯინეები ოსტატურად ართმევენ თავს.

სპექტაკლში, ნიკა ლუარსაბიშვილი დიდი სიყვარულით გადმოგცვემს  ფიროსმანის  დაბადებას მის გარდაცვალებამდე (დაბადებისა და გარდაცვალების სცენები საუკეთესოა). რეჟისორი ხაზს უსვამს დედის როლს მხატვრის ცხოვრებაში, რომელიც მთელ სპექტაკლს მთავარ თემად გასდევს. დედის მიერ წაკითხული სახარება, რომელსაც ფიროსმანი შემდეგ რამდენჯერმე იმეორებს, მას კვლავ ბავშვობაში  აბრუნებს. დედის თემას სპექტაკლში ანვითარებს ყურძნის მარცვალი,  რომელიც სპექტაკლში საკრალურ მნიშვნელობას იძენს და მხატვარს  ცხოვრების გზას  „უნათებს.“  

ფიროსმანის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრებას, რეჟისორი წარმოგვიდგენს  დროსა  და ეპოქასთან კონტექსტში. აქ გადმოცემული საქართველოს ისტორიული მოვლენები, მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდს ასახავს. ამ ისტორიულ-პოლიტიკური პერიპეტიების ფონზე (დრაკონი შესაძლოა ამ საშინელი ვითარების  სიმბოლოდ აღვიქვათ), გვხვდება  თბილისისთვის დამახასიათებელი ყოველდღიურობა, სავაჭრო დუქნებისა და კაფეების ჩათვლით. ხარბი ვაჭრისა და  ნიკალას დიალოგი კიდევ უფრო ხაზს უსვამს ფიროსმანის კაცთმოყვარე ბუნებას, მის პიროვნულ სიმტკიცეს,  გაუტეხელობას,  მორალური პრინციპების მდგრადობას,  მის ოცნებას ვაჭრის ქისისაგან მალე დააღწიოს თავი.   

 სპექტაკლში ერთერთი დამამახსოვრებელი სცენაა ფიროსმანის დაბადების ეპიზოდი. სოფელი, სადაც ნიკალა გაიზარდა, შემდეგ მისი შემოქმედების წყაროდ იქცა (სოფლის დღეობები, ქორწილი, რთველი, ნადირობა, ფრინველები და ა შ).

 სპექტაკლში რეჟისორი ფიროსმანის ცხოვრებას, გარკვეულ ეპიზოდებად გადმოგვცემს, რაც მხატვრის ასაკთანაც არის დაკავშირებული. ასაკთან დაკავშირებით იცვლება თოჯინის სახეც, მისი მოცულობაც. ამდენად, ფიროსმანის როლს რამდენიმე თოჯინა განასახიერებს. 

სპექტაკლში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მეეზოვეს სახეს, რომელიც შემდეგ ფიროსმანმა დახატა. ის დასაწყისში მთხრობელად გვევლინება და ფიროსმანის წიგნით ხელში, უკვე გარდაცვლილი მხატვრის ცხოვრების  ამბებს იხსენებს. სპექტაკლში, მთხრობელის ფუნქციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ამიტომ რეჟისორმა ორი მთხრობელი  (წამყვანი) გამოიყვანა, რომელიც ჩართულია მოქმედებაში და მომხდარ ამბებს კომენტარს უკეთებს. გამხმოვანებლებს,  გია კიტიას და ლევან წულაძეს როლები განაწილებული აქვთ. არქივში დაცულ ისტორიებს   არქივარიუსი (ლევან წულაძე) გადმოგცვემს, ცხოვრებისეულ მოვლენებს კი მეეზოვე (გია კიტია).

 თოჯინურ სპექტაკლში გამხმოვანებელს ( ფიროსმანი-არჩილ სულაქველიძე, პატარა ნიკო-ნიკოლოზ ღუღუნიშვილი, ფიროსმანის დედა-მარი კიტია,  ელისაბედი-ნანიშა მეტრეველი, ლადო -ალექსანდრე კვეზერელი, დიმიტრა-ნიკა ლუარსაბიშვილი, მარგარიტა-მარიამ გულაშვილი, ქალანთაროვები, რკინიგზისა და კაფე შანტანის დირექტორი-ჯეჯი სხირტლაძე),  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ის გარკვეულ მუხტს აძლევს სპექტაკლს და  თოჯინური პერსონაჟის ხასიათსა და  მის თვისებებს უსვამს ხაზს. მაგ.  ცოლ-ქმარ ქალანთაროვების დიალოგში,  აქცენტით  მოლაპარაკე თოჯინებს (ჯეჯი სხირტლაძე) კოლორიტული ნოტები შეაქვს სპექტაკლში. ეს ეპიზოდი რეჟისორმა ჩრდილების თეატრის პრინციპით წარმოგვიდგინა.

სპექტაკლში,  ნიკა ლუარსაბიშვილი მხატვრის ცხოვრების ისეთ დეტალებს გვიყვება, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება (მაგ. აქტრისა მარგარიტას ეპიზოდი), თუმცა აქვე მაყურებელს საშუალება ეძლევა  უცნობი ფაქტებიც მოისმინოს. ერთ- ერთ ეპიზოდში, როდესაც ფიროსმანი „ორთაჭალის ტურფას“  გამოსახავს,  ტილოზე თეთრი ფერის გამოყენებას იმით ხსნის, რომ ამით „ტურფას“ ცოდვების ჩამოწმენდას ცდილობს.  ლადო გუდიაშვილის თოჯინის შემოყვანამ, სპექტაკლს მეტი სიმძაფრე შესძინა.   უსამართლობის განცდა, რომელიც მხატვრის, როგორც ხელოვანის „არ აღიარებას“ მოჰყვა, გამოვლინდა  „კავშირის“ მხატვრების გულგრილ დამოკიდებულებაში, რომლებიც მეტ ყურადღებას ფულად სარგებელს (პრემიებს) უთმობენ,  ვიდრე ახალი ხელოვანის გამოჩენას. ამ ეპიზოდშიც ცხადი გახდა, რომ  ხალხის  წიაღიდან გამოსული მხატვარი, რომელსაც  თავისებური ტექნიკა და ხატვის მანერა გააჩნდა „აკადემიური მხატვრობა,“ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის შემოქმედებაზე.   

სპექტაკლი, მთლიანობაში ძალზე საინტერესოდ  არის წარმოდგენილი, თითოეული სცენა ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან, რაც პირველ რიგში მიუთითებს არა მხოლოდ ლუარსაბიშვილის ფანტაზიის უნარსა და  ფორმისეულ  გადაწყვეტაზე,  არამედ  სპექტაკლის  ლიტერატორულ მხარეზე, დრამატურგიულად გამართულ მასალაზე.

ფიროსმანის ნახატების ფონზე, კარგად იკითხება სპექტაკლის სული, მისი ხასიათი, რომანტიკული განწყობა, ირონია, საკრალური თუ ყოფითი დეტალები, რითაც მთელი სპექტაკლია გაჯერებული. სპექტაკლს ძალიან მოუხდა „შენ ხარ ვენახოს“ მუსიკალური გაფორმება, რომელიც ყურძნის, მიწის (სამშობლოს) ასოციაციებს,  კიდევ უფრო ამძაფრებს.

პიესის ფინალს,   მთხრობელი სპექტაკლის მთავარი ფრაზით ამთავრებს: „ადამიანი იბადება, ცოცხლობს და კვდება.. და რა რჩება მისგან...ნიკალა კი...“  

bottom of page