top of page

„ფიწალი დისნეი“ - თეატრში ათონელზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

435649964_449738594081297_7612929863206474146_n.jpg

ანი ცხვედაძე

„ფიწალი დისნეი“ - თეატრში ათონელზე
 


 

ვისაც რთული თანწყობილი წინადადებების კითხვა უჭირს

და „დასერჩვა“ ეზარება, ძალდაუტანებლად

შეუძლია ამ ტექსტს ‘თვალები დაუხუჭოს’

და მშვიდად გაეცალოს.

 

<რეჟისურა> - როგორც თეატრალური ხელოვნების იერარქიული სუბორდინაციის პიედესტალი, ოფიციალურად მე-20 საუკუნეში დეკლარირდება...


საუკუნეების მანძილზე რეჟისორის ფუნქციის კოორდინირებას ასრულებდა სხვადასხვა პირი, ხან დრამატურგი, ხან მსახიობი, ხან ანტრეპრენიორი და ა.შ. მე-20 საუკუნის მოდერნიზმმა რაფინირებულობასთან ერთად, ბუნებრივად მოითხოვა სახელთა წოდებების მკაცრი დიფერენციაცია პროფესიულ-თეატრალურ წიაღში; ასე გაიმიჯნა თეატრალური პროდუქტის შექმნის მთავარი მაორგანიზებელ-წარმმართველის პროფესიული სტატუსი, რომელსაც ეწოდა <რეჟისორი>.


რეჟისორი, როგორც თეატრის სუბორდინაციული სქემის ერთგვარად მთავარი ჰიპოსტასი.
მას შემდეგ, მსოფლიო თეატრისა და კინოს ისტორიას ჰყავს არაერთი გენიოსი „რეჟისორის სტატუსით“, რომელთა პროფესიული შკალა/სკალა, როგორც ასეთი, უმაღლეს ნიშნულს მოიცავს და მოიაზრებს!..

„თეატრი ათონელზე“ უანგაროდ ღიაა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ყოველგვარი <ახლობლური კომპრომისების> გარეშე. აგერ უკვე ერთი წელია ამ კომპრომისებისგან თავისუფალი თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლი, რომლის სადადგმო ჯგუფს რეჟისორი არ ჰყავს. თანამედროვე ინგლისელი დრამატურგის, ფილიპ რიდლის პიესის „ფიწალი დისნეის“ პირველი პრეცედენტული დადგმა საქართველოში, რომლის თარგმანზე გურამ ღონღაძემ იმუშავა. მხატვარი: თამრი ოხიკიანი, მუსიკა: გიორგი გიგაშვილი, ნიკალა ზუბიაშვილი, მსახიობები: სანდრო სამხარაძე, ნიკუშა ბაქრაძე, სოფიო ზერაგია, ლაშა მებუკე. სწორედ ეს ხალხია ის, ვინც შეძლო შეექმნა იმდენად თვითმყოფადი <თეატრალური პროდუქტი> რომ ვერ მიმხვდარიყო, თუნდაც დილეტანტი თეატრის მაყურებელი - რეჟისორის არარსებობას სპექტაკლის შექმნის პროცესში და მისი უშუალო განსხეულებისას სავსე პუბლიკით მეთვალყურეობის მომენტში. მეტიც, სულაც არ ეტყობა დადგმას რაიმე სახის ლაფსუსი, მიზანსცენების აგების, მოქმედი გმირების სახე-ტიპაჟების დემონსტრირების თვალსაზრისით, ან კიდევ, მუსიკისა და მხატვრობის სტრუქტურულ ფაბულასთან სინთეზირების ასპექტში.

მუდმივ ლეთარგიასა და ვიზიონერულ ხილვებში მყოფი ჰეილის (სოფიო ზერაგია) ვერბალური პარტია ძმასთან დიალოგში, ცხადად აჩვენებს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი შიშების მთელ არსენალს. პრესლისა (ნიკუშა ბაქრაძე) და კოსმო დისნეის (სანდრო სამხარაძე) პერსონაჟები კი უტრირებული ეგზალტაციით წარმოგვიდგენს, როგორც ჩაკეტილობისა და ტოტალური ინტროვერტების ლატენტურ შფოთვებს; იმდენად, კოსმოს ექსტრავერტულობის, ამავე დროს, დახვეწილი პერფექციონიზმის, სილამაზისა და სისუფთავის მიღმა, რა დოზით შესაძლებელია იმალებოდეს <აბსტრაჰირებული სრულყოფილების> პანთეიზმით შებღალვის საშიშროება _ ტოქსიკური ფობიების ნაირსახეობით...


ლაშა მებუკე, იგივე ფიწო/ფიწალი, როგორც კოსმო წარმოთქვამს მის სახელს, სანახაობის არაპროტაგონისტი გმირია, რომლის ეპიზოდური შემოსვლა მთლიან სქემაში ესოდენ ეფექტურია. ლაშა მებუკეს ფიწალის მიერ, მრავალჯერ განმეორებული „დამარწიე“ - სამი წუთის შემდეგ, ინერციით მელოდიურ ჟღერადობად ტრანსფორმირდება, რომელიც, ასევე ინერციული სიცილის საბაბი ხდება მაყურებლისთვის.

საბოლოოდ, ოთხივე გმირი ერთმანეთის შიშებზე კონცენტრირებისა და მანიპულირების სხვადასხვა ხარისხის მაგალითს ქმნის. ცნობიერსა და არაცნობიერ პლასტებში ჩაკარგული ფობიების უწყვეტი ლივლივია - პრესლისა და ჰეილის, პრესლისა და კოსმოს ვერბალურ-ფიზიკური ინვერსია.

<ჰიპერბოლურ ფეტიშში> რეზულტატი არის შიშებზე, უუნარობასა და დაუცხრომელ ჰედონიზმზე - (ჰედონიზმს კოსმო ტარაკნების ჭამისას, ხოლო პრესლი ჭარბი შოკოლადის დოზის მირთმევით განიცდის) - დამარცხება/გამარჯვების უწონადობა.,

ციკლური შეჯიბრი პაროქსიზმსა და შერბილებას, ნორმირებულ დოგმებსა და აბერაციას შორის არის, სწორედ „ფიწალი დისნეის“ დემონსტრატულობის მაგისტრალური შრე.

პრესლისა და კოსმოს ერთდროულად ფრივოლურ-პიეტეტური ლექსიკის <სინკრეტიზმი> მუსიკალური აკომპანირების ალუზიას წარმოშობს, მათ არტიკულაციურ მელოდიურობას უნდა უსმინო, რათა კმაყოფილება განიცადო _ ხმის ტემბრებისა თუ ინტონაციების თამაშის მშვენიერებით.

 

პოსტერი: ივა ქიმერიძე

 

bottom of page