top of page

ფესტივალის დაბადება

78999115_134968877936107_671493139590440

ფესტივალის დაბადება

თიკო გაბელაია

წელს პირველად აჭარის რეგიონი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მასპინძელი გახდა. „გაიგე და დაინახე მეტი“ - ასეთია საფესტივალო მოწოდება, ფესტივალის მრავალფეროვანი თეატრალური პროგრამის დამაინტრიგებელი ქვეტექსტი... მაყურებელი ქართველი და უცხოელი თანამედროვე რეჟისორების: მიხაილ ტალჰაიმერის, დევიდ ესპინოზას, გოგა თავაძის, გიორგი სიხარულიძის, იაცეკ გლომბის, პაველ ვოლაკის, კატრინა დვორაკის, ანდრო ენუქიძის, გიორგი ჩხაიძის, მინე აჯარის, ემილიანო პელიზარის სპექტაკლებს იხილავს.

გახსნის ცერემონიაზე ფესტივალის დირექტორმა  - ანდრო ენუქიძემ - ისაუბრა  ფესტივალამდელ სამზადისზე. პროცესზე, რამაც ხორცი შეასხა შვიდი წლის წინ ჩასახულ საერთაშორისო ფესტივალის დაარსების იდეას, მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას, „ქართუ ფონდს“ - თეატრისათვის საუკეთესო თეატრალური ინფრასტრუქტურის უსასყიდლოდ შექმნისთვის.

სტუმრებს მიესალმა მაია ხაჯიშვილიც (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი). მან იმედი გამოთქვა ფესტივალის სამომავლო პრესპექტივაზე, უსურვა მის ორგანიზატორებს, შემექმედებითი ჯგუფის წევრებს მსოფლიო თეატრალურ რუკაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

გახსნის მცირე ცერემონიის შემდგომ, ბათუმის პროფესიული თეატრის დიდი სცენა დაეთმო ყველა დროისა და ხელოვნების ყველა სფეროს უდიდესი ინტერესის საგნადქცეულ ევრიპიდეს ტრაგედიას  - „მედეა.“  (ბერლინერ ანსამლი. გერმანია. რეჟისორი მიხაილ ტალჰაიმერი.) უფრო ზუსტად კი, ანტიკური ნაწარმოების მიხედვით, „მედეას“ თანამედროვე ინსცენირებას.

მედეა ტალჰაიმერის ტრაგიკული მსხვერპლი თუ ტრაგიკული გმირი?...

ბერძნული მითოსის ერთ-ერთი უპოპულარულესი პერსონაჟის, კოლხი მედეას დრამის კიდევ ერთი ორიგინალური ინტერპრეტაცია ბრეხტისა და ჰაინერ მიულერის თეატრალური ტრადიციის გამგრძელებელმა ბერლინერ ანსამბლმა წარმოადგინა. (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ტრადიციის მქონე თეატრი გერმანიაში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლივერ რისი.)

ამ სპექტაკლის თანამედროვეობა არ გამოიხატება კლასიკური ტრაგედიის კონცეფციის რღვევაში. ტალჰაიმერის სარეჟისორო ნამუშევარში ნაწილობრივ შენარჩუნებულია ტრაგედიის დედნისეული დრამატურგია, მისი საათივით აწყობილი მექანიზმი, რომელიც  ე.წ. „სამი ერთიანობის კანონს“ ეფუძნება... საყურადრებო ისაა, რომ „ანტიკის მონაპოვარი“ თანადროულს გვაგონებს თავისი ბუნებრიობითა და გამომსახველობით. რა თქმა უნდა,  სპექტკალის ზოგი ელემენტი შეცვლილია (მაგალითად:. თანამედროვე ვარიანტში მეტი პირობითობაა სცენოგრაფიაში, შემცირებულია ქოროს წევრთა რაოდენობა - კორინთელი ქალების გუნდი გაერთიანებულია ერთ მსახიობში, ტრაგედიის ნაწყვეტები, მსახიობის რეპლიკები - თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი სინტაქსითაა ნაგები, თუმცა ტექსტში ასევე გვხვდება „მედეას“ დედნისეული ფრაგმენტებიც და ა.შ.)

მაყურებლის ყურადღებას თადვაპირველად იპყრობს  სპექტაკლის ვიზუალური მხარე, ესთეტიკა.  ძუნწად განათებული, პირქუში ატმოსფერო, ავისმომასწავებელი, მუქი სარბიელი ტრაგიკული სიუჟეტისა, სადაც, დროდადრო, „ფისტოლეტის“  (მიმართული განათება) შუქით განათებულ სივრცეში, ჩნდებიან მედეასთან საბედისწეროდ შეკავშირებული ტრაგედიის პერსონაჟები. უგულვებელყოფილია სასცენო რეკვიზიტი. შავ, კუბებით ნაგებ ამაღლებულ, ვცელ პლატფორმაზე თამაშობს მედეა, ას ოცი წუთის განმავლობაში. თითქოს სპექტაკლის სცენოგრაფია იმისთვის გაქრა, რომ მაყურებელმა შეძლოს კონცენტრაცია პერსონაჟთა მდგომარეობებზე, ამ ხერხით უფრო მკვეთრი პორტრეტები შეიქმნა, გამძაფრდა მათი აღქმის შემდგომი შთაბეჭდილებაც..

პიესის პერსონაჟები დემოსტრაციულად შემოდიან მედეას სამყოფელში. გვესმის მათი მძიმე, მიწიერი ნაბიჯების ხმა. მათი ყოველი მიხვრა-მოხვრა საგანგებოდაა „პედალიზებული“. ისინი მედეას წინაშე გამომსვლელებს უფრო მოგვაგონებენ. ერთ წერტილში იკრიბება ყოველი მონოლოგი და ცხარე დიალოგი. იქ, სადაც მედეა „სუფევს“...  დიახ, იქ, იმ განცალკევებულ, ამაღლებულ სცენასა, თუ „კვარცხლბეკზე“,  ღვთაებათა ძეგლებისთვის განკუთვნილ პედესტალს რომ გვაგონებს. ღვთაებასავით მრისხანებს ნაღალატევი ქალი (შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობა - კონსტანს ბეკერისა) ... ყოველი პერსონაჟი თითქოს ანგარიშვალდებულია მასთან, ყოველი პერსონაჟი პიესისა მასთან ათანხმებს, მას ეთათბირება.... თვით კორინთოს მეფეც (კრეონი - მარტინ რენჩი) მედეას წინაშე მეფის მედიდურობას ივიწყებს. სპექტაკლის ყოველ პერსონაჟს აქვს ერთგვარი გაუცნობიერებელი გაუცხოება და მოწიწება ქალის ძლევამოსილებისადმი.

სპექტაკლის მრავალ ღირსებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერლინერ ანსამბლის, დასის თითოეული მსახიობი, მათ მიერ შექმნილი დასამახსოვრებელი სახეები. მათ შორის გამოვარჩევდი - იასონისა და ძიძის პერსონაჟებს. (მსახიობები: სტეფანია რეინპერგერი,  მარკ ოლივერ შულცე.) რომელთა წარმოთქმული რეპლიკები და მონოლოგები, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, იწვევს მაყურებლის გულწრფელ თანაგანცდას.

საოცრად ორიგინალურია კომპოზიტორის - ბრედ ვერდისა და ვიდეო დიზაინერის  - ალექსანდერ დიუ პრელის ერთობლივი ნამუშევარიც, რომელიც წარმოადგენს სპექტაკლის ერთ-ერთ კულმინაციას. ერთგვარი ციფრული „პიქტიგრამები“, მედეას იასონთან ბედნიერი თანაცხოვრების ხანაზე ყვება. ამ სცენას ებმის იასონის გოდება,  საიდანაც ვიგებთ, რომ მედეამ შვილები დახოცა თავისივე ხელით.

რა ადგილი მიუჩინა ამ პერსონაჟს რეჟისორმა თავის დადგმაში, ვინ არის ის თანამედროვე მაყურებლისთვის, ტრაგიკული მსხვერპლი თუ ტრაგიკული გმირი?  

ტალჰაიმერის მედეა მკვეთრად გამოხატული ქალღმერთის მხატვრული სახე არაა, არც გრძნეულისა, არც მხოლოდ ბოროტმოქმედის ან შურისმაძიებელი ქალის. თანამედროვე მედეა გვაფიქრებს უჩვეულო ინდივიდუალობით,  რომელშიც შერწყმულია ადამიანური ბუნებისთვის უცხო და ამავდროულად ნაცნობი თვისებები. ის მოკვდავივით შეპყრობილია შურისძიების წყურვილით და ამავდროულად ქმნის ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი დაუოკებელი ქალის სახესაც. ამ ნიშნით ტალჰაიმერის თანამედროვე მედეა გაქვს მითოსურ პერსონაჟებს.  დროდადრო, ეს ქალი ავანსცენაზე ინაცვლებს. დგას აუდიტორიის პირისპირ ჩადენილი აქტით განატანჯულიც და ამაყიც, თავს დატეხილი უბედურებების მძიმე საგზლით... მაყურებელი ქვევიდან შესცქერის პლატმორმაზე მდგარ ქალს. მედეა ჩვენს ზემოთაა,  ხელისგულივით დასცქერის შემფასებელთა აუდიტორიას. მართლაც დამაფიქრებელი რიტორიკული მიზანსცენაა...

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“,

13.12.2019

bottom of page