
„ფესტი ვალი გურიაში“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„ფესტივალი გურიაში“
დღესდღეობით, თითქმის ყველა რეგიონში ტარდება თეატრალური ფესტივალი. მეც ნელ-ნელა ვუერთდები სხვადასხვა ფესტივალს, ვეცნობი მათ სპეციფიკას, ვცდილობ შევიგრძნო და შევისწავლო ის უნიკალური ატმოსფერო, რაც თითოეულს თან ახლავს.
ჩემს გამოცდილებას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებ ფართოს ან ღრმას, თუმცა უკვე შემიძლია დავასკვნა, რომ თითოეული ფესტივალი თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა თეატრალური სივრცისთვის. ისინი განსხვავდებიან, როგორც შინაარსითა და ფორმით, ისე მიზნებით - ზოგი ახალგაზრდა შემოქმედებს აძლევს გამოჩენის საშუალებას, ზოგიც უკვე ჩამოყალიბებულ თეატრებს და მათ გამოცდილებას აერთიანებს. არსებობს ფესტივალები, რომლებიც კონკრეტულ პრობლემატიკას ეხება და ისეთიც, რომელიც საერთაშორისო კონტექსტში ცდილობს დიალოგის დამყარებას. ვფიქრობ, რომ ყველა ფესტივალი საჭიროა. თითოეული მათგანი ემსახურება კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიას.
შეიძლება გაიგოთ კითხვა: რა საჭიროა ამდენი ფესტივალი?! თუმცა პასუხი ცალსახაა: არც ერთი მათგანი არ არის ზედმეტი! პირიქით, მათი არსებობა მოწმობს, რომ ქართულ თეატრს აქვს პოტენციალი იყოს მუდამ ძიებაში მყოფი სივრცე და მეტიც, გვახსენებდეს, რომ თეატრი ცოცხლობს ყველგან და არა მხოლოდ დედაქალაქში.
5-15 ივლისს ოზურგეთი და ჩოხატაური თეატრალური ცხოვრებით ახმაურდა - გაიმართა ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათე წელს და მეხუთე სეზონს ითვლის. ფესტივალისთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღია - ერთდროულად ხუთგზის გამართული ღონისძიება და ათწლიანი ისტორია მოწმობს მის მდგრადობასა და მიზანმიმართულ განვითარებას.
ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი კი ამბობს, რომ მომავალი, მეექვსე სეზონი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგან კვლავ საიუბილეო წელს აღნიშნავს - „ნოდარ დუმბაძე 100 და ოზურგეთის თეატრი 160“, რაც უკვე იწვევს მოლოდინსა და ინტერესს, თუ როგორ განვითარდება ფორმატით განსხვავებული და შინაარსით ღირებული ფესტივალი შემდეგ სეზონსა და ეტაპზე.
ფესტივალი, პირველ რიგში, შემოქმედებითი დიალოგის სივრცეა, სადაც თეატრები ერთმანეთს ხვდებიან, აზრებს ცვლიან, ეცნობიან და ურთიერთობებს აყალიბებენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის კონკურსის ელემენტი. პრიზები და გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფესტივალის მთავარი ღირებულება მაინც ის შემოქმედებითი თანაარსებობა და ურთიერთპატივისცემაა, რაც სხვადასხვა თეატრს აერთიანებს საერთო სივრცეში.
ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების სპექტაკლები, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. შერჩეული რეპერტუარი მაქსიმალურად ითვალისწინებდა სხვადასხვა ასაკის მაყურებელს. ვნახეთ, თოჯინური, არავერბალური თუ კლასიკური სპექტაკლები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოეზიაც არ დარჩენილა უყურადღებოდ და ფესტივალის ფარგლებში გორის დრმატული თეატრის სპექტაკლი „მე მოვალ სიზმარი“ და ნინო ფილფანის საავტორო პერფორმანსი „რადგან ყველა ომი ტყუილია“ ვიხილეთ.
ყველა საკონკურსო სპექტაკლი აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ტექსტებზე, რადგან სწორედ ქართული მწერლობის პოპულარიზაციას ემსახურება აღნიშნული ფესტივალი. ვფიქრობ, მაყურებლისთვის განსკუთრებით საინტერესო და სასიამოვნოა სხვა ქვეყნის დასების მუშაობა ქართულ მწერლობაზე. ათი დღის განმავლობაში კი ვნახეთ: ისრაელის თეატრის სპექტაკლი – „სისხლის კვანძი“, უზბეკების წარმოდგენილი – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის – „ძაღლი“ და აზერბაიჯანის თეატრის კოპროდუქცია ოზუგეთის თეატრთან სპექტაკლით – „კუკარაჩა“. ყველა უცხოელმა კონკურსანტმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე იმუშავა და გვაჩვენეს თავიანთი ინტერპრეტაციები - როგორ ხედავენ ისინი ქართულ ისტორიებს. პირადად ჩემთვის, ცალსახად გამორჩეული იყო ისრაელის ბეერ-შევას ფრინჯ თეატრის სპექტაკლი „სისხლის კვანძი“ - ნოდარ დუმბაძს მოთხრობის „სისხლი“ მიხედვით. ისინი სხვადასხვა ხერხით გვიყვებოდნენ ნოდარ დუმბაძის ამბავს, ერთი ობოლი ბიჭის ისტორიას, რომელიც მსახიობებმა სცენაზე გააცოცხლეს, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად - ქორეოგრაფიული ელემენტებით. რეჟისორი სპექტაკლის ვიზუალური ეფექტურობისთვის პროექციასაც იყენებს და ასე, კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის წარმოდგენას. სპექტაკლის ნახვის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, თუ რამდენად ძლიერია ნოდარ დუმბაძის პროზა -ტექსტები, რომლებიც წლების შემდეგაც, სრულიად უცხო სივრცეშიც კი ცოცხლობს და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მაინც აქატუალური და სულისშემძვრელია.
ფესტივალი ნამდვილად იყო ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე. ეს იყო რთული, დამღლელი, მაგრამ საოცრად საინტერესო დღეები. დღეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართულ ლიტერატურას შეუძლია სცენაზე გადმონაცვლება და ახალი სიცოცხლის პოვნა.
ფესტივალს დიდი გეგმები და მიზნები აქვს - ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ვფიქრობ, ასეთ მიზანს განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ქართულ თეატრალურ სივრცეში. როგორც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასო ჩიგოგიძე ამბობს: „ეს ფესტივალი უკვდავია, რადგან ქართული მწერლობაა უკვდავი“ - დაე, მართლაც ასე იყოს.
დასასრულს, მსურს რჩევის სახით გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც ვერ ვუწოდებ უბრალო დეტალს - ეს არის ფესტივალის ერთი სუსტი წერტილი, რომლის გაუმჯობესება კიდევ უფრო გააძლიერებს ფესტივალის საერთაშორისო და კულტურულ მნიშვნელობას.
ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი აქვს: მოწვეულნი არიან უცხოელი ჟიურის წევრები, მონაწილე დასები და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს უნიკალური გარემო ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, თუმცა ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ვხედავ - სპექტაკლებს არ ახლავს სუბტიტრები. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მომავალ წლებში ეს პრობლემა მოგვარდეს და სუბტიტრები გახდეს ფესტივალში მონაწილეობის წინაპირობა - საერთაშორისო ენაზე მომზადებული ტექსტები წარმოდგენებს ყველასთვის უფრო გასაგებს გახდის. სუბტიტრები მხოლოდ უცხოელი სტუმრებისთვის არ არის საჭირო, მნიშვნელოვანია ასევე მასპინძელი ქვეყნის მაყურებლებისთვის. როდესაც სპექტაკლები უცხო ენაზე იმართება (მაგალითად: უზბეკურად, ყაზახურად ან ებრაულად), მათი სრული მნიშვნელობისა და ემოციური ღირებულების აღქმა მაყურებლისთვის ხშირად რთულია. შესაბამისად, სუბტიტრების არსებობა ხელს შეუწყობს როგორც ლიტერატურული ტექსტის სწორად გაგებას, ისე წარმოდგენების გაცოცხლებას და შეფასებას.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ვუსურვებ დიდხანს არსებობას, მრავალფეროვან თეატრალურ გამოცდილებას და კიდევ უამრავ ისეთ სეზონს, როგორიც წელს იყო (და კიდევ უფრო შთამბეჭდავს).