top of page

ფესტივალი დამთავრდა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

361608768_312808327760148_1026625281751232077_n.jpeg

გუბაზ მეგრელიძე

ფესტივალი დამთავრდა

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს მიეძღვნა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციის განვითარებაში, მხარი დაუჭიროს ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, სახელის უკვდავყოფას, გურიაში გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს რეგიონში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.

საფესტივალო წარმოდგენებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 5 ივლისიდან 15 ივლისამდე მასპინძლობდა. ფესტივალი გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, სადაც. წარმოდგენილი იყო ქართული მწერლობის არაერთი ნიმუშის სცენური ვერსია. ათი დღის განმავლობაში  თეატრის სამი სცენა შვიდი უცხოური თეატრის რვა სპექტაკლსა და 18 ქართული თეატრის სპექტაკლს მასპინძლობდა. მაყურებელმა ნახა ნოდარ დუმბაძისა და ქართველი კლასიკოსი მწერლების პროზაული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ 27 სპექტაკლი. ფესტივალის დევიზი გახლდათ „ნოდარ დუმბაძე - ქართული მწერლობა“. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ფესტივალს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრო და გადაჭედილი დარბაზის მაყურებლის ინტერესზე მეტყველებდა. ფესტივალის მასშტაბი ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA) 23 წევრი ქვეყნის თეატრების წარმომადგენლობაზე გრძელდებოდა და მასში ეტაპობრივად მონაწილეობენ.

ფესტივალზე ოზურგეთის  თეატრმა წარმოადგინა პორტუგალიის ქ. ბრაგის თეატრალურ კომპანიასთან ერთად შექმნილ სპექტაკლი „ცის კარი,“ ხოლო ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურის კულტურის სასახლეში კი ნაჩვენები იყო მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ხუთი სპექტაკლი.

მნიშვნელოვანია, რომ წელსაც ფესტივალში სპექტაკლ „იუდათი“ მონაწილეობდა საომარ ვითარებაში მყოფი ხერსონის (უკრაინა) აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი, ასევე - თეატრალური დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, პორტუგალიიდან, ორი თეატრი ყაზახეთიდან. გაიმართა ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA) დამფუძნებელი ქვეყნების სამიტი. ფესტივალს დაესწრო 700-ზე მეტი სტუმარი და ყოველ სპექტაკლზე მაყურებელთა დარბაზი მსურველებს ვერ იტევდა.

ფესტივალის ჟიური წელს საერთაშორისო წარმომადგენლობით დაკომპლექტდა და, წინა ფესტივალისგან განსხვავებით, მისი წევრები იყვნენ მწერლები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები: ნინო სადღობელაშვილი (თავმჯდომარე), მარინა ბუზუკაშვილი, გუბაზ მეგრელიძე, ნერმან ატიკი (ევრაზიის თეატრალური ასოციაციის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კვიპროსიდან,  კირენია თეატრი-სამხატვრო ხელმძღვანელი), კუბილაი ერდელიქარა (ევრაზიის თეატრალური კავშირის გენერალური მდივანი,  ქ. სტამბული,  მალთეფეს მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), იუსუფ ჯაფაროვი (ევრაზიის თეატრალური ასოციაციის წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, მსახიობი და პროდიუსერი),  რუი მადეირა (ევრაზიის თეატრალური  ასოციაციის წარმომადგენელი პორტუგალიიდან, რეჟისორი, ბრაგის თეატრალური კომპანიის დირექტორი).  

საგულისხმოა, რომ მასპინძელი თეატრი კონკურსში ტრადიციულად არ მონაწილეობდა.

ფესტივალის მიმდინარეობისას, ტრადიციულად, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, მის მშობლიურ მხარეში გაიმართა მწერლის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და წიგნების პრეზენტაცია „ნოდარ დუმბაძე“ (საიუბილეო კრებულის შემდგენლები ქეთევან დუმბაძე და გიორგი კაკაბაძე) და „ნოდარ დუმბაძე ქართულ სცენაზე“ (შემდგენელი დიმიტრი ხვთისიაშვილი).  ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა 15 ივლისს. თეატრის ფოიეში გაიმართა პრეზენტაცია წიგნ-ალბომებისა: „ბეჟან ნაკაიძე,“ „ამირან ქადეიშვილი“ (შემდგენელი ლია კილაძე), „დონ კიხოტი ოზურგეთიდან - ვასილ ჩიგოგიძე“ (ავტორი ლაშა ჩხარტიშვილი).

ფესტივალის დამფუძნებლების: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოზურგეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოსა და უცხოეთის პროფესიულ თეატრალურ დასებსა დათეატრებს, სხვადასხვა რეგიონის კულტურის სახლებთან ან სხვა გაერთიანებებთან არსებულ სამოყვარულო დასახალხო თეატრებსა დადასებს, და ფესტივალის დებულებით განსაზღვრულ სხვა სუბიექტებს.

ამასთანავე, ხელი შეეწყობა საქართველოს რეგიონებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციასა და შემოქმედებითი, თეატრალური პროცესების გააქტიურებას, საქართველოსა და უცხოეთის პროფესიული თეატრალური დასებისა და თეატრების, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამოყვარულო/სახალხო თეატრების/დასების ქართულ თეატრალურ სივრცეში ინტეგრაციას, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში კულტურულ-შემოქმედებითი პროცესების წახალისებას.

ფესტივალის შესახებ აზრი გამოთქვეს სტუმრებმა:

 

გერმან ატიფი  (ევრაზიის თეატრალური ასოციაციის კვიპროსის წარმომადგენელი): ათ დღეში 27 სპექტაკლის ნახვა დიდი ქრონომეტრაჟია. საერთოდ, ევროსტანდარტად მიღებულია 60-1.20 წუთიანი სპექტაკლები. ვფიქრობ, მოწვეული თეატრების სპექტაკლები წინასწარ აუცილებლად უნდა ინახოს, ვინაიდან შარშან უკეთესი შთაბეჭდილება დამრჩა. მნიშვნელოვანია, რომ ვეცნობით სხვადასხვა თეატრების, რეჟისორების, მწერლების შემოქმედებას და ვამყარებთ პირად ურთიერთობებს, რაც სამომავლოდ ერთობლივი დადგმების პერსპექტივას ქმნის. კუბილაი ერდელი ქარა (ევრაზიის თეატრალური ასოციაციის გენერალური მდივანი): ქართული თეატრი საინტერესო თეატრია. ვფიქრობ, იგი მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ბევრი თეატრი მინახავს და მოხიბლული ვარ. კარგია, რომ ვნახეთ აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და პორტუგალიის თეატრების დადგმები, რაც მეტ ინფორმაციას გვაძლევს. მეც ვფიქრობ, რომ სპექტაკლები წინასწარ უნდა შეირჩეს.

მარინა ხარატიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი): სტატისტიკას თუ შევავლებთ თვალს ფესტივალის დიაპაზონი თვისობრივად გაიზარდა. ამისათვის დიდი ძალისხმევაა გამოყენებული, სადაც ჩანს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის, ასევე დამფუძნებელთა ინიციატივა. ძალიან სასიხარულოა, რომ ფესტივალს ასეთ მხარდაჭერას უცხადებენ. ეს კი ზრდის ფესტივალის მონაწილეთა პასუხისმგებლობასა და სწრაფვას პროფესიული დაოსტატების ზრდისკენ. სტუმრებოი ეცნობიან ქართულ თეატრს, მათ ცნეს ფესტივალის რანგი და სიამოვნებით მონაწილეობენ, რაც მათ სამომავლოდ დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. მიხარია, რომ ამ ფესტივალში ვმონაწილეობდი და წარმატება მინდა ვუსურვო ვასიკო ჩიგოგიძესა და მთელ მის დაუღალავ გუნდს.

დავით ბუხრიკიძე (არტ კრიტიკოსი): ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. კარგია, რომ პირველ რიგში გეოგრაფიულად გაიზარდა მონაწილე თეატრების რაოდენობა. ერთის მხრივ ეს კარგია და მიუთითებს თეატრისადმი მძლავრ ინტერესზე, ასევე, ვასილ ჩიგოგიძისა და მისი გუნდის მიერ გაწეულ კარგ სამუშაოზე. სამწუხაროდ, მეორეს მხრივ მოიკლო სპექტაკლების ხარისხმა. წინა წლებში უფრო საინტერესო დადგმები ვიხილეთ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ყოველთვის უნდა ეძიონ რაიმე ახალი კონცეფცია ამ ფორუმის განვითარებისთვის. ასევე კარგი იქნება გაბედული, ახალგაზრდული თეატრების, თუ სპექტაკლების მოწვევა, რაც ახალ სახელებს წარმოაჩენს.

უცხოური სპექტაკლებიდან ავღნიშნავ აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის დადგმას გ. ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით „წერილი ნაძვებს“. რეჟისორმა ნ. გულაჰმადოვამ გარემო გაათანამედროვა და გადაიტანა დაძაბულ მილიტარისტულ გარემოში. აქ ვხედავთ, ომიდან დემობილიზებულ ადამიანს, რომელიც საკუთარი სულიერი ტრამვების მოშუშებას მთის გარემოსა და ნაძვების ჰარმონიულ სამყაროში ცდილობს. კაშკადარინის თეატრის მიერ დადგმული ნ. დუმბაძის „ჰელადოს“ რეჟისორ კ. გოგიძის დადგმით სცენოგრაფიითა და წარმოსახული გარემოთი გამოირჩეოდა.  ფესტივალზე რეჟისორ ელ. მაცხონაშვილის სამი სპექტაკლი ვიხილეთ, რაც მის შრომისუნარიანობაზე მეტყველებს, მაგრამ დადგმის ხერხები და მიგნებები ხშირად მეორდება, რაც სპექტაკლებს ხარისხს უკარგავს. თელავის თეატრის სპექტაკლი „ჩუმად, რეპეტიციაა!“ არ იყო ბოლომდე დამთავრებული. რეჟისორმა პ. გულიაშვილმა სათანადო ფორმას ვერ მიაგნო. უდავოდ ფავორიტი გახლდათ თავისუფალი თეატრის სპექტაკლი დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“, რომელიც გამოირჩეოდა გ. მარგველაშვილის რეჟისორული მიგნებებით. მაგრამ, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დადგმა დიდი ხნის განმავლობაში არ გათამაშებულა. ეს განსაკუთრებით პირველ მოქმედებას ეტყობოდა.

ფესტივალმა უნდა გამოარჩიოს და სპექტაკლების სელექცია მოახდინოს. უნდა შემცირდეს სპექტაკლების რაოდენობა, რომ ფესტივალი უფრო კომპაქტური, მრავალფეროვანი და მაღალმხატვრული რომ გახდეს. ამიტომ ორგანიზატორებმა მეტი უნდა იმუშაონ მოსაწვევ თეატრებთან.

გოგი ყაჯრიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): ეს ფესტივალი ყველაზე გრანდიოზული აღმოჩნდა ბოლო დროს ჩატარებულ ფესტივალებს შორის. მასში მონაწილეობდნენ, აზიის, ევროპისა და ქართული თეატრები. განსაკუთრების აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური კოლექტივები ერთმანეთის სპექტაკლებს ესწრებოდნენ, იზიარებდნენ მათ შემოქმედებასა და მეტ გამოცდილებას, მეტ ინფორმაციას იძენდნენ. პროგრამა შეესაბამებოდა ფესტივალის ძირითად მიმართულებას სცენაზე პროზაული ნაწარმოების ინსცენირებასა და ნ. დუმბაძის შემოქმედების ინტერპრეტაციას. ფესტივალს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომლის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა სამი ქართველი და ოთხი უცხოელი თეატრალური სპეციალისტი. ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში წარმოებდა სპექტაკლების შეფასება ბლოგერების მიერ და ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ფესტივალის საიტზე.

გურამ ბათიაშვილი (დრამატურგი): ოზურგეთის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა უკვე თავი დაიმკვიდრა და საინტერესო  რეალობად იქცა. იგი წარმოაჩენს ბოლო სეზონის განმავლობაში თეატრის ცხოვრების შემოქმედებითი ზრდისა, თუ პოზიციის დათმობის კარდიოგრამას - უმეტესწილად კი შემოქმედებითი ზრდისა, რადგან ფესტივალის ფაქტორი რეჟისორთა, მსახიობთა მობილიზებას განაპირობებს. ეს ერთი გარემოება. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ქართული თეატრის მდგომარეობით დაინტერესებულ პირთ, საშუალება გვეძლევა ვიცოდეთ, თუ რა ხდება, რა პრობლემებით ცხოვრობს ჩვენი დროის ქართული თეატრი. არის, თუ არა იგი დღევანდელი, თანამედროვე, როგორია საშემსრულებლო დონე, სცენოგრაფია. ეს კი თეატრალურ კრიტიკას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

ფესტივალის მასშტაბმა გზა გაუხსნა ქართულ მწერლობას საზღვარგარეთის თეატრალური სცენისკენ, უცხოელი ხელოვანნი დაინტერესდნენ თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებებით და რიგ შემთხვევებში საინტერესო შედეგ გამოჩნდა. უფრო სხვაგვარად დანახული, უფრო სხვა თვალით შეფასებული მოვლენები ამდიდრებენ სასცენო ისტორიას, ხელს უწყობენ ორიგინალურად დანახული თვალით ნაწარმოების ახლებურად შეფასებას. ამას გარდა, საფუძველი ეყრება საერთაშორისო მჭიდრო შემოქმედებით მეგობრობასა და ერთობლივ დადგმებს, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის. 

 

ვფიქრობ, სამომავლოდ გულდასმით უნდა შეირჩეს საფესტივალო პროგრამა, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოს და მაყურებლისთვისაც ადვილად აღქმადი იყოს. ამ ფესტივალში მონაწილეობა თეატრებისთვის გამარჯვების ტოლფასად უნდა აღიქმებოდეს.

bottom of page