
ფესტი ვალი, რომელიც მომავალს აყალიბებს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

20.07.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
ფესტივალი, რომელიც მომავალს აყალიბებს
სენაკში რეგიონული თეატრების XII საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. წლების განმავლობაში ფესტივალი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ სივრცედ ჩამოყალიბდა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ჩამოსულ თეატრალურ დასებს აერთიანებს. მისი მთავარი ღირებულება მხოლოდ წარმოდგენების ჩვენება არ არის. ფესტივალი ახალგაზრდა რეჟისორების, მსახიობების, თეატრმცოდნეების, სცენოგრაფებისა და სხვა თეატრალური პროფესიის წარმომადგენლების შეხვედრის, გამოცდილების გაზიარებისა და შემოქმედებითი დიალოგის პლატფორმად იქცა.
საფესტივალო პროგრამა მხოლოდ სპექტაკლების ჩვენებით არ შემოიფარგლება. ათი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან არტ-ბანაკში, პროფესიულ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებში, რომლებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან. მათ შორის არიან: რეჟისორი და ათენის კონსერვატორიის დრამატული სკოლის პროფესორი გიორგოს ზამბულაკისი, მუსიკოსი და მეტყველების თერაპევტი ევა გლოვაცკა-ფიერეკი, დირიჟორი და მუსიკოლოგიის დოქტორი შიო აბრახამია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სასცენო მეტყველების პედაგოგი და სახელმძღვანელოების ავტორი მანანა ბერიკაშვილი, ქართული სცენის გამოჩენილი ოსტატი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და თეატრის მკვლევარი ლაშა ჩხარტიშვილი.
ფესტივალი ათი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ თეატრებს უმასპინძლებს. პროგრამაში წარმოდგენილია როგორც საპრემიერო, ისე სარეპერტუარო სპექტაკლები, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა რეჟისორების დადგმებია ან ახალგაზრდა მსახიობთა მონაწილეობით არის შექმნილი. საფესტივალო ჩვენებები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენებზე გაიმართება.
ფესტივალის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდა რეჟისორთა კონკურსიც. მონაწილეები პროფესიულ ჟიურის საკუთარ სარეჟისორო პროექტებს, მხატვრულ კონცეფციასა და მათი განხორციელების გეგმას წარუდგენენ. გამარჯვებული შესაძლებლობას მიიღებს, საკუთარი იდეა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიულ თეატრში განახორციელოს. ამასთანავე, არტ-ბანაკის მონაწილეები ბერძენ რეჟისორთან და პედაგოგთან, გიორგოს ზამბულაკისთან, ათი დღის განმავლობაში ერთობლივ წარმოდგენაზე იმუშავებენ, რომელსაც ფესტივალის დასასრულს მაყურებლის წინაშე წარადგენენ.
ფესტივალი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საპრემიერო სპექტაკლით, ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილით“ გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ დადგა. სიმბოლურიც იყო, რომ ფესტივალის დასაწყისი სწორედ ახალგაზრდა რეჟისორის ახალი ნამუშევრით აღინიშნა, რადგან ფორუმის კონცეფციაც ახალი თაობის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას ეფუძნება. გიორგი ჭანტურია იმ ახალგაზრდა რეჟისორთა თაობას ეკუთვნის, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იკიდებს ფეხს ქართულ თეატრში. თითოეული ახალი სპექტაკლი ადასტურებს, რომ რეჟისორი პროფესიულად იზრდება, საკუთარი სასცენო ენის ფორმირებას აგრძელებს და სულ უფრო თამამად ეძებს კლასიკური ტექსტების თანამედროვე ინტერპრეტაციის გზებს. „სისხლიანი ქორწილი“ სწორედ ამ შემოქმედებითი ძიების კიდევ ერთი ეტაპია.
დამლაგებელი ხომ არ გჭირდებათ?!
ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“ იმ იშვიათ პიესათა შორისაა, რომლის ყოველი ახალი სცენური ინტერპრეტაცია თითქმის ყოველთვის ახალ კითხვას სვამს, ვიდრე მზა პასუხს იძლევა. ვნებას, თავისუფლებას, ტრადიციას, შურისძიებასა და ბედისწერას შორის მოქცეული პერსონაჟები მუდმივად გვახსენებენ, რომ ტრაგედია ერთი კონკრეტული ადამიანის არჩევანის შედეგი არასოდეს არის. იგი მრავალი მიზეზის, სურვილისა და გარემოების თანხვედრით იბადება.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შექმნილი „სისხლიანი ქორწილი“, რომელიც რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის გახსნის სპექტაკლად შეირჩა, გიორგი ჭანტურიას რეჟისორული ინტერპრეტაციაა. ტექსტის ადაპტაცია ნინია სადღობელაშვილს ეკუთვნის.
გიორგი ჭანტურია ლორკას ტრაგედიას არსებითად არ ცვლის, თუმცა მასში ერთ მნიშვნელოვან აქცენტს სვამს, უფრო სწორად, ააქტიურებს იმას, რაც პიესაში ჩადებულია და მას მისი დადგმის პრიორიტეტად აქცევს. რეჟისორი ქმნის პერსონაჟს, რომელიც მოვლენათა უხილავ მამოძრავებელ ძალად იქცევა. დამლაგებელი აღარ არის მხოლოდ ეპიზოდური ფიგურა. იგი თითქოს ყველგან არის, ყველაფერს ხედავს, ყველაფრის შესახებ იცის და ხშირად სწორედ მისი გამოჩენა თუ ჩარევა ახალ მიმართულებას აძლევს მოქმედებას. ის არც ბედისწერაა, არც სინდისი, არც სიკვდილი, მაგრამ თითოეულის ნიშნებს ატარებს. სწორედ ამიტომ სპექტაკლის ყურებისას სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: ხომ არ არის სწორედ ეს ქალი იმ ტრაგედიის უხილავი ორგანიზატორი, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება?
ამ კონცეფციის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარიამ მღებრიშვილის პერსონაჟის მიერ სპექტაკლის საფინალო შეთავაზება მაყურებელს - „დამლაგებელი ხომ არ გჭირდებათ?!“, რომელიც მხოლოდ ყოფითი ფრაზა აღარ არის. იგი იქცევა ირონიულ რეპლიკად, რომლის მიღმაც იმალება ადამიანი, ვინც თითქოს სხვის ცხოვრებასაც „ალაგებს“, თუმცა ამ დალაგების შედეგი წესრიგი კი არა, ქაოსი, დაპირისპირება და გარდაუვალი ტრაგედიაა. პირველი შთაბეჭდილება სწორედ ამ კონცეფციას ემსახურება.
სპექტაკლის ვიზუალური სამყარო თავიდანვე მკაფიო სტილისტიკურ ჩარჩოს ქმნის. გვანცა ჯავახიშვილის სცენოგრაფია უკიდურესად ასკეტურია. სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ვენური სკამი, ორი მაგიდა და სარკისებრი მეტალის თაღებია, რომლებიც სივრცეს არქიტექტურულ სიმკაცრეს ანიჭებს. დეკორაცია არ ცდილობს ესპანური გარემოს რეალისტურ აღდგენას. პირიქით, იგი პირობითი, თითქმის რიტუალური სივრცეა, სადაც ადამიანური ვნებები ყოველგვარი საყოფაცხოვრებო დეტალების გარეშე იშლება. განსაკუთრებით საინტერესოა სარკისებრი თაღების გამოყენება. მათი ზედაპირი პერიოდულად ირეკლავს პერსონაჟებს, სინათლესა და მოძრაობას. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სივრცე თავად იმახსოვრებს მომხდარს, ხოლო თითოეული ტრაგიკული მოვლენა ამ სარკეებში კვალს ტოვებს. ეს გადაწყვეტა ლორკას პოეტურ სამყაროს ორგანულად ეხმიანება და სცენოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეტაფორად იქცევა.
არანაკლებ ფუნქციურია ვენური სკამებიც. ისინი მუდმივად იცვლიან დანიშნულებას და სხვადასხვა ეპიზოდში სხვადასხვა დრამატურგიულ დატვირთვას იძენენ. ზოგჯერ ძალაუფლების სიმბოლოა, ზოგჯერ ოჯახური დიალოგის ადგილი, ზოგჯერ დაკითხვის, მოლოდინის, გლოვისა თუ აღსარების სივრცედ გარდაიქმნება. ერთი და იგივე საგნის მრავალფუნქციური გამოყენება სცენოგრაფიას დინამიკას სძენს და რეჟისორს სივრცის თავისუფლად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს.
კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკა სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპონენტია. კომპოზიტორი არ იმეორებს ესპანურ ფოლკლორს, თუმცა მის მუსიკალურ ქსოვილში მკაფიოდ იგრძნობა ანდალუსიური ტემპერამენტი, რიტმი და მელოდიური ინტონაციები. მუსიკა დრამატურგიის თანაავტორი ხდება, ქმნის ემოციურ ატმოსფეროს და ხშირად იმ განცდას გამოხატავს, რომელსაც პერსონაჟები სიტყვებით აღარ ამბობენ.
სამწუხაროდ, წარმოდგენის დასაწყისში სწორედ მუსიკა იქცევა პირველ პრობლემად. საექსპოზიციო ნაწილში იგი იმდენად ფარავს მსახიობთა ტექსტებს, რომ მაყურებელი ფაქტობრივად ვერ ისმენს პირველ მონოლოგებს და დიალოგებს, რომელიც კონტრასტული მონაცვლეობის პრინციპზეა აგებული. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ბალანსდება ხმოვანი სურათი და ტექსტი აღსაქმელი ხდება. ეს ტექნიკური ხარვეზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლორკას პიესაში პირველი დიალოგები ატმოსფეროსა და პერსონაჟთა ურთიერთობების საფუძველს ქმნის.
მსგავსი ორჭოფობა შეიმჩნევა მხატვრული განათების გადაწყვეტაშიც. კონცეფცია საინტერესოა, თუმცა მსახიობებს სიბნელეში უწევთ თამაში. მეტაფორულად სიბნელე აქ შემთხვევითი არ არის. იგი პერსონაჟთა შინაგან სამყაროს, მათ შიშებს, დაუცხრომელ ვნებებსა და გარდაუვალ ტრაგედიას გამოხატავს, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდში მხატვრული ჩანაფიქრი პრაქტიკულ პრობლემად გადაიქცევა. უკანა პლანზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოქმედებები ხშირად საკმარისად არ ნათდება. ამის გამო მაყურებელი კარგავს არა მხოლოდ ცალკეულ დეტალებს, არამედ პერსონაჟებს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ნიუანსებს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს იმ სცენებში, სადაც რეჟისორი პარალელურ მოქმედებებს ავითარებს და სწორედ უკანა პლანზე ტოვებს დრამატურგიულად მნიშვნელოვან აქცენტებს.
ლორკას სამყაროში დედა ყოველთვის კონკრეტულ ადამიანზე მეტია. იგი ტრადიციის, ოჯახის, მეხსიერებისა და შიშის მატარებელია. გიორგი ჭანტურიას სპექტაკლშიც სწორედ ამ ფუნქციას იტვირთავს ნანა ბუკიას მიერ შექმნილი დედა. მსახიობი თავიდანვე წარმოგვიდგება ქალად, რომელსაც ცხოვრების სიმძიმე სხეულშიც, მზერაშიც და დუმილშიც დაუგროვდა. მისი მკაცრი ხასიათი შინაგანი სისასტიკის შედეგი არ არის. ეს იმ ადამიანის თავდაცვის ფორმაა, რომელმაც უკვე გადაიხადა საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე საფასური და ახლა სასოწარკვეთილი ცდილობს შვილის გადარჩენას. სწორედ ამიტომ ყოველი გაფრთხილება, ყოველი რეპლიკა და ყოველი მზერა მომავალი ტრაგედიის წინასწარმეტყველებად აღიქმება.
ნანა ბუკია ამ როლში მისთვის დამახასიათებელ ძლიერ სასცენო ენერგეტიკას ავლენს. იგი არ თამაშობს მხოლოდ დარდიან დედას. მის პერსონაჟში ერთდროულად იგრძნობა ძალაუფლების სურვილი, პასუხისმგებლობა, შიში და მუდმივი შინაგანი დაძაბულობა. იგი ცდილობს შვილის ბედიც განსაზღვროს, მაგრამ თანდათან აცნობიერებს, რომ ადამიანის ვნებაზე არც გამოცდილება მოქმედებს და არც ავტორიტეტი. სწორედ ეს შინაგანი წინააღმდეგობა ხდის მის პერსონაჟს ცოცხალს და მრავალშრიანს.
ნანა ბუკიას საინტერესო პარტნიორობას უწევს რეზო ჯოჯუა, რომელიც გოგოს მამის როლში ღირსეულ და გამოცდილ ოჯახის უფროსს ქმნის. მათი შეხვედრის სცენა ჩვეულებრივი საქორწილო მოლაპარაკება არ არის. ორი ოჯახის მეთაური თითქოს უხმოდ ეჯიბრება ერთმანეთს. დიალოგის მიღმა მუდმივად იგრძნობა უპირატესობის დამტკიცების სურვილი, სოციალური სტატუსის წარმოჩენა და ძალთა ფარული გადანაწილება. ეს ეპიზოდი რეჟისორს ზედმეტი ეფექტების გარეშე აქვს გადაწყვეტილი და სწორედ მსახიობთა ურთიერთქმედება ქმნის მის დრამატულ მუხტს.
ნანა ბუკიას პერსონაჟის სრულიად განსხვავებულ პოლუსს წარმოადგენს მარინა დარასელიას მოახლე. მსახიობი როლს სახასიათო პლანში აგებს და ტრაგიკულ სიუჟეტში მსუბუქ, ზოგჯერ ირონიულ ტონალობას შემოაქვს. მისი პერსონაჟი ოდნავ კარიკატურულიც კია. ეს კონტრასტი დედის სიმკაცრესა და მოახლეს უშუალობას შორის სპექტაკლის რიტმს მრავალფეროვანს ხდის.
ფედერიკო გარსია ლორკას დრამატურგიაში დამლაგებლის პერსონაჟი მოვლენათა განვითარების მასშტაბური მონაწილე არ არის, ხოლო სპექტაკლში იგი თითქმის დამოუკიდებელ დრამატურგიულ ხაზად ყალიბდება. დამლაგებელი აღარ ასრულებს მხოლოდ ყოფით ფუნქციას. იგი სხვა პერსონაჟებისთვის შეუმჩნევლად ერთვება პერსონაჟთა ურთიერთობებში, თითქოს აკვირდება, აფასებს, ზოგჯერ კი თავადაც უბიძგებს მოვლენებს ტრაგიკული განვითარებისკენ. ამ თვალსაზრისით, გიორგი ჭანტურიას გადაწყვეტა გარკვეულ ასოციაციას იწვევს გიორგი სიხარულიძის რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ ინტერპრეტაციასთანაც, სადაც სწორედ მოახლე იქცა იმ ფიგურად, რომელიც უხილავად წარმართავდა პროცესებს და ტრაგედიის ერთგვარ კატალიზატორად გვევლინებოდა. თუმცა გიორგი ჭანტურია ამ ხერხს საკუთარი რეჟისორული ამოცანის შესაბამისად იყენებს და დამლაგებელს არა მხოლოდ მოქმედ პირს, არამედ მოვლენების პროვოცირების მეტაფორადაც აქცევს.
ერთი შეხედვით, მარიამ მღებრიშვილის დამლაგებელი მხოლოდ მომსახურე პერსონალია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება მოვლენათა ეპიცენტრში, თუმცა მოქმედების განვითარებასთან ერთად ირკვევა, რომ დამლაგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დამკვირვებელი. მან ყველაფერი იცის, ყველას უსმენს, ყველას აკვირდება, ყველას საიდუმლოს ფლობს. ის უხილავად გადაადგილდება პერსონაჟებს შორის და სწორედ იგი აღვივებს კონფლიქტს, აძლიერებს ეჭვს, აღრმავებს დაპირისპირებას და ადამიანების ვნებებს მიმართულებას აძლევს.
მარიამ მღებრიშვილი ამ პერსონაჟს აშკარა დემონურ ნიშნებს არ ანიჭებს. პირიქით, იგი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანის ნიღბით მოქმედებს, რაც მის არსებობას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. იგი არასოდეს კარგავს სიმშვიდეს, თითქმის ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას და ზუსტად იცის, სად უნდა გაჩერდეს და სად უნდა ჩაერიოს. ამ ინტერპრეტაციით რეჟისორი ბედისწერას ადამიანურ სახეს აძლევს. ლორკასთან ტრაგედია თითქოს თვითონ იბადება ადამიანური ვნებებისგან, ხოლო გიორგი ჭანტურიას დადგმაში ჩნდება პერსონაჟი, რომელიც ამ ვნებებს მიმართულებას აძლევს. იგი წარმოდგენის უხილავი რეჟისორია, რომელიც თითქოს ყველას ბედს საკუთარი ხელით გადააადგილებს.
ელენე ქურთიშვილი სარძლოს სრულიად განსხვავებული ტიპაჟით ქმნის. მისი პირველი გამოჩენა არ ტოვებს ტრადიციული პატარძლის შთაბეჭდილებას. პირიქით, იგი სცენაზე შემოდის თავდაჯერებული, თითქოს გარეგნულად მშვიდი, მაგრამ შინაგანად გაუცხოებული ქალი, რომელსაც საკუთარი მომავლის მიმართ არც მღელვარება ეტყობა და არც სიხარული. თავიდანვე იგრძნობა, რომ ეს ქორწინება მისთვის ცხოვრების მთავარი ოცნება არ არის. მსახიობი პერსონაჟს მასკულინური ხასიათის ნიშნებს ანიჭებს. იგი ძლიერია, ჯიუტია, საკუთარ სურვილებს არ თრგუნავს და ვნებას გონებაზე მაღლა აყენებს. ამავე დროს, ელენე ქურთიშვილი გაურბის ვულგარულობას. მისი სარძლო არ ცდილობს მაყურებლის სიმპათიის მოპოვებას, თუმცა არც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით პერსონაჟად იქცევა. სწორედ ამ წინააღმდეგობების წყალობით, ტრაგედიის დასასრულს, როდესაც იგი ერთდროულად ორ გვამთან აღმოჩნდება და პირველად სრულად აცნობიერებს საკუთარი არჩევანის შედეგს, მისი ტკივილი დამაჯერებელი და ადამიანური ხდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეპიზოდი, როდესაც სასიძოს დედა და ლეონარდოს ცოლი მას თითქმის ერთდროულად ეკითხებიან: „ვინ მოგცა ტირილის უფლება?“ ამ მომენტში მსახიობი აღარ იცავს საკუთარ პერსონაჟს. იგი სრულად იღებს დანაშაულის სიმძიმეს და მაყურებლის თანაგრძნობას სწორედ ამ შინაგანი ნგრევით იძენს.
გიგა აბულაძის ლეონარდო სპექტაკლის ყველაზე ძლიერი მამაკაცური ფიგურაა. მსახიობის ბრუტალური ფაქტურა, შინაგანი ენერგია და თავშეკავებული ემოციურობა ქმნის პერსონაჟს, რომლის გამოჩენაც სცენაზე მყისიერად ცვლის ატმოსფეროს. იგი არ არის მხოლოდ აკრძალული სიყვარულით შეპყრობილი კაცი. მის არსებობაში მუდმივად იგრძნობა დაუმორჩილებლობა, შინაგანი აგრესია და ის ვნება, რომელსაც თავადაც ვეღარ აკონტროლებს. საინტერესოა, რომ რეჟისორი მის მიმართ ინტერესს მხოლოდ სარძლოს თვალით არ გვაჩვენებს. მარიამ მღებრიშვილის დამლაგებელიც აშკარად ილტვის ლეონარდოსკენ, ცდილობს მიუახლოვდეს, შეეხოს, დაუმალავი სიმპათიით უყურებს. ეს ხაზი პერსონაჟის მიზიდულობის ძალას კიდევ უფრო ამძაფრებს და ლეონარდოს ტრაგიკულ ბუნებას დამატებით ელფერს სძენს.
სალომე ბუღაძის მიერ შესრულებული ლეონარდოს ცოლი მცირე სცენურ დროში ახერხებს ერთ-ერთი ყველაზე სასოწარკვეთილი ქალის მხატვრული სახის შექმნას. განსაკუთრებით ემოციურია ეპიზოდი, როდესაც ფეხმძიმე ქალი ლეონარდოს საკუთარ მუცელზე ხელის დადებას სთხოვს, მაშინ როდესაც კაცის ფიქრი უკვე სხვაგანაა. სალომე ბუღაძე ამ სცენას ზედმეტი პათოსის გარეშე აგებს. ერთი ამოსუნთქვა, ერთი მოთქმა და რამდენიმე წამიერი პაუზაც კი საკმარისია, რომ მაყურებელმა ამ ქალის მთელი ცხოვრების ტრაგედია დაინახოს. იგი ხვდება, რომ კარგავს არა მხოლოდ ქმარს, არამედ იმ მომავალსაც, რომლის გადარჩენას ჯერ კიდევ ცდილობს.
არანაკლებ საინტერესოა ირაკლი სამუშიას სასიძო. მსახიობი პერსონაჟს შაბლონური კეთილშობილი შეყვარებულის სახით არ წარმოგვიდგენს. იგი ერთდროულად რომანტიკოსიც არის და შინაგანად დაუცველიც; შეყვარებულიც არის და საკუთარ ღირსებაზე მტკივნეულად დამოკიდებულიც. ირაკლი სამუშია ოსტატურად გვიჩვენებს ადამიანს, რომელიც თავიდანვე გრძნობს, რომ სარძლოს გული ბოლომდე ვერ მოიპოვა, თუმცა ამ სიმართლეს ბოლომდე არ აღიარებს. განსაკუთრებით ძლიერია ფინალისკენ მიმავალი გზა, როდესაც ფეხშიშველი, მოგვიანებით კი წელზემოთ შიშველი, სასოწარკვეთილი დაედევნება გაქცეულ წყვილს. ამ ფიზიკურ გაშიშვლებას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. თითქოს პერსონაჟს ერთდროულად ეცლება ღირსებაც, იმედიც და მომავლის რწმენაც. სწორედ ამ ეპიზოდებში ირაკლი სამუშია ქმნის თავისი გმირის ყველაზე დამაჯერებელ და ემოციურად დატვირთულ სახეს.
გიორგი ჭანტურია და ტექსტის ადაპტაციის ავტორი ნინია სადღობელაშვილი ლორკას ტექსტს პატივისცემით ეპყრობა, თუმცა ცდილობს თანამედროვე თეატრალური გამომსახველობითი საშუალებებით ახალი ინტერპრეტაცია შესთავაზოს მაყურებელს. მოქმედება ხშირად სცენის ფარგლებს ტოვებს და პარტერში ინაცვლებს, რაც სივრცეს დინამიკას სძენს და მაყურებელს მოვლენების უშუალო მონაწილედ აქცევს. ეს გადაწყვეტა ორგანულად მუშაობს და ხელოვნურობის განცდას არ ტოვებს. ასევე შთამბეჭდავადაა გადაწყვეტილი ქორწილის სამზადისი, სადაც მუსიკა, ქორეოგრაფია და პლასტიკური მოძრაობა (გიორგი კაკალაძე) ერთმანეთს ერწყმის და ტექსტის გარეშე გადმოსცემს პერსონაჟთა განწყობას, მოლოდინსა და იმ ფარულ დაძაბულობას, რომელიც მომავალ ტრაგედიას წინ უსწრებს.
თუმცა სპექტაკლი ყოველთვის ვერ ინარჩუნებს იმ სიცხადეს, რომელსაც ლორკას რთული პოეტური სამყარო მოითხოვს. რეჟისორი ხშირად ენდობა ატმოსფეროს, ვიზუალურ ეფექტსა და სიმბოლურ ნიშნებს, მაგრამ ცალკეულ ეპიზოდებში მოქმედების ლოგიკა იკარგება. ზოგი მიზანსცენა ბოლომდე არ იკითხება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი მოქმედება უკანა პლანზე ვითარდება და არასაკმარისი განათების გამო მაყურებლის მზერის მიღმა რჩება. შედეგად, სპექტაკლი ზოგჯერ უფრო განცდების ნაკადად აღიქმება, ვიდრე მკაფიოდ განვითარებულ დრამატულ პროცესად. ამ მხრივ საინტერესო პარადოქსიც იჩენს თავს. წარმოდგენის ძლიერი მხარე სწორედ მისი ატმოსფეროა. მუსიკა, მხატვრული სივრცე, შავი და ვერცხლისფერი კოსტიუმების მკაცრი ესთეტიკა, მსახიობთა პლასტიკა და საერთო ვიზუალური სტილი ქმნის უცნაურ თეატრალურ სამყაროს. მაგრამ იქ, სადაც რეჟისორი უფრო მკაფიო ფსიქოლოგიური ურთიერთობების განვითარებას უნდა დაეყრდნოს, ფორმა ზოგჯერ შინაარსზე წინ გადის. სწორედ ამიტომ, სპექტაკლი ყველაზე ძლიერად მოქმედებს არა ცალკეული სიუჟეტური ეპიზოდებით, არამედ საერთო ემოციური ატმოსფეროთი.
„სისხლიანი ქორწილი“ არ არის უნაკლო დადგმა. მას აქვს ტექნიკური და რეჟისორული ხარვეზებიც, რომლებიც ზოგჯერ ხელს უშლის მაყურებელს ლორკას ტრაგედიის ყველა შრის სრულფასოვნად აღქმაში. მიუხედავად ამისა, გიორგი ჭანტურიას ინტერპრეტაცია საინტერესო მცდელობაა, კლასიკური ტექსტი თანამედროვე სასცენო ენით წაიკითხოს, ხოლო მარიამ მღებრიშვილის დამლაგებელი ისეთ ცენტრად იქცევა, რომლის გარეშეც ეს წარმოდგენა სრულიად სხვაგვარად აღიქმებოდა.
სწორედ ამიტომ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ მეხსიერებაში ყველაზე დიდხანს რჩება არა სისხლიანი ფინალი, არამედ ერთი, თითქოს სრულიად ყოფითი და ირონიულად დასმული კითხვა: „დამლაგებელი ხომ არ გჭირდებათ?“ გიორგი ჭანტურიას პასუხი ამ კითხვაზე აშკარაა. ზოგჯერ საკმარისია ერთი ადამიანი, რომელიც უხილავად გადაანაწილებს სიტყვებს, ეჭვებსა და ვნებებს, რათა ტრაგედია გარდაუვალი გახდეს. სწორედ ამ პერსონაჟის გარშემო აგებული რეჟისორული კონცეფციაა ზუგდიდის თეატრის „სისხლიანი ქორწილის“ ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი მიგნებაა.
ფოტო: მიხეილ შენგელია