
ფაბრიკის გოგოები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ნუცა კობაიძე
ფაბრიკის გოგოები
ავტორი - ფრენკ მაკგინესი / თარგმანი - თამარ გელაშვილი
რეჟისორი- სოსო ნემსაძე
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი
მონაწილეობენ: ლაშაო გაბუნია (როჰანი), გიორგი კაკალაშვილი (ბონერი), ეკატერინე ქვრივიშვილი (ელენი), თამარ კანდელაკი (უნა), ანკა დიდმანიძე (ვერა), ანა შარვაძე (რებეკა), ბარბარე ჩალაძე (როზმარი).
ფრენკ მაკგინესის პიესა - „ფაბრიკის გოგოები“, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ადამიანების სოლიდარობაზეა. მოქმედება ხდება სამკერვალო ქარხანაში, სადაც ფაბრიკის 5 მუშაკი ქალი გაიგებს მოსალოდნელი შემცირების შესახებ. სწორედ აქედან იწყება სიუჟეტის კვანძის შეკვრა - ფაბრიკის ქალთა ქორო გადაწყვეტს საპროტესტო აქციის გამართვას თავიანთი საარსებო წყაროს დასაცავად. ეს არ არის მხოლოდ სამუშაოს დაკარგვის შიში. პიესაში და განსაკუთრებით მის სცენურ ვერსიაში ამ განცდამ კოლექტიური სახე მიიღო: პერსონაჟების დიალოგები, მათი მზერით, ჩუმი გადაძახილი და ფიზიკური დაძაბულობა ერთ მთლიან ემოციურ ფონად ყალიბდება, რომელიც გაურკვევლობის ფსიქოლოგიურ წნეხს ასახავს. მათი შფოთი თანდათან გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც სიჩუმეს ხმაურად აქცევს.
რეჟისორი სოსო ნემსაძე ხაზგასმით წარმოაჩენს თუ რა შეუძლია კოლექტიურ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ პიესა დაიწერა 1982 წელს, მუშათა უფლებების შესწავლა და სისტემურ გამოწვევებთან ბრძოლა დღესაც აქტუალური რჩება. სოსო ნემსაძე სპექტაკლში აქცენტს აკეთებს კოლექტიურ სოლიდარობაზე და ქალების ერთიან ძალაზე, როგორც სოციალური წინააღმდეგობის ძირითად ბერკეტზე. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში დიალოგები გარკვეულ მონაკვეთებში დინამიკას მოკლებულია, რეჟისორი რჩება ტექსტის ერთგული, რაც ერთის მხრივ დასაფასებელია, თუმცა ჩნდება კითხვა - რამდენად ამართლებს ეს. სწორედ რეჟისორის კომპეტენციაშია იმ ეპიზოდების მოდიფიცირება ან ამოღება, რომლებიც სცენური ეფექტურობის თვალსაზრისით ფუნქციური აღარ არის.
სპექტაკლში (ისევე როგორც პიესაში) დიალოგები სრულად ვერ ასახავს დრამატულ სიმძაფრეს და კულმინაციამდე საკმაოდ ინერტულად თამაშდება, თუმცა მსახიობები ცდილობენ ამ სტრუქტურული სირთულის გადალახვას. სცენაზე ხუთი განსხვავებული ქალის პორტრეტი თანდათან იკვეთება. მათი მეგობრობა, შინაგანი კონფლიქტები და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სოციალურ საკითხებს უფრო თვალსაჩინოს ხდის. ერთ მხარეს არიან მუშა ქალები, რომლებსაც ცხოვრებისეული გამოცდილება, შრომა და ბრძოლის სურვილი აერთიანებს. მეორე მხარეს კი — მათი ზემდგომი მამაკაცები, რომლებსაც არ აქვთ არც ემოციური კავშირი და არც ცოდნა იმ ფიზიკური შრომის მასშტაბის, რაც ამ ქალების ყოველდღიური რეალობაა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თავიანთ პერსონაჟებს ემოციურად ვერ ავითარებენ და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ერთგვაროვანი გამომეტყველებით თამაშობენ, არც ხასიათის ტრანსფორმაციას განიცდიან და არც ფსიქოლოგიური სიღრმისკენ მიდიან, მაინც შესამჩნევია საერთო დრამატურგიული ატმოსფერო. ისინი კოლექტიური მუხტით ახერხებენ სცენაზე განვითარებულ მოვლენებში მაყურებლის ჩართვას.
როზმარი - გოგო სანტა კლაუსის წითელი პალტოთი ქარხანაში მომუშავე მექანიკურ თოჯინას წააგავს. გაშეშებული, უემოციო გამომეტყველებითა და მოძრაობებით ბარბარე ჩალაძე როზმარის პერსონაჟს ქარხნის რუტინული ცხოვრებით გამოწვეულ რობოტად გარდაქმნის. მისი მეორადში ნაყიდი პალტო ცინიკური კომენტარების საგანი ხდება, სამსახურში ყოველდღიური დაგვიანება კი გაღიზიანებას იწვევს. როზმარი დაუმორჩილებელია. ქალები, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულები, გამოხატავენ თავიანთ ფარულ დაპირისპირებას ერთმანეთის მიმართ. აქ ვხვდებით, რომ სოლიდარობა არ არის მარტივი, ეს სცენა ოსტატურად გადმოსცემს შიდა დაპირისპირებას, რომელიც ფინალში დიდ განხეთქილებად გადაიქცევა.
ლაშაო გაბუნია (როჰანი) ქედმაღლური, ცინიკური თავდაჭერილობით წარმოგვიდგენს თავის გმირს — თითქოს თავადაც აღარ სჯერა იმ ინსტიტუციური წესრიგის, რომელსაც იცავს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ზემდგომის პოზას. მას მოღეღილი პერანგი, პიჯაკი და პიჟამას შარვალი აცვია. ეს უჩვეულო კოსტიუმი აშკარად კონტრასტშია ქარხნის მკაცრ, სტრუქტურულ რეალობასთან. თითქოს საერთოდ არ სჭირდება ფორმალობა, რადგან ძალაუფლება მის ხელშია. ასე, რომ გარეგნულობა და მანერები აღარაფერს წყვეტს. ლაშაო გაბუნია სცენაზე ვაშლით ხელში ჩნდება — მშვიდად ღეჭავს და პარალელურად თანამშრომლებს სთავაზობს ნებაყოფლობით წასვლას: „ვინც თავისი ნებით წავა, მაქსიმალურ კომპენსაციას მიიღებს.“ ეს სარკაზმით სავსე სცენა გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება შეიფუთოს მორალური ძალადობა „არჩევანის“ შეთავაზებით.
ბონერი (გიორგი კაკალაშვილი) თავდაჯერებულია და ხშირ შემთხვევაში, ცივი ირონიით დატვირთული რეპლიკებით მოქმედებს. მისი პერსონაჟი კარიკატურულადაც კი აჩვენებს თუ როგორ შეიძლება გულგრილობამ და მექანიკურმა მმართველობამ ადამიანი ადამიანურობას მოკვეთოს. თვალშისაცემია ხელმძღვანელების სექსისტური დამოკიდებულება — ქალები მათთვის მხოლოდ სამუშაო ძალაა, რომელიც იოლად ჩანაცვლებადია, რაც ქმნის სისტემური ძალადობის მოდელს - პატრიარქალური კონტროლი ნორმად არის ქცეული. როჰანი და ბონერი წარმოადგენენ იმ დისტანცირებულ და უგულო ადმინისტრაციულ სტრუქტურას, რომელსაც თანამშრომლები ყოველდღიურად უპირისპირდებიან.
ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა სცენოგრაფია, რომელიც განსაკუთრებით აღსანიშნავია — წრიული მექანიზმი სპექტაკლის შინაარსობრივ განზომილებად იქცა. სცენის მუდმივი ცირკულარული მოძრაობა მოქმედებას ყოფს სურათებად, რაც ერთდროულად მიანიშნებს როგორც რუტინაზე, ისე იმ წრიულობაზე, რაშიც პერსონაჟების ყოველდღიურობაა მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მთლიანად რეალისტურია, ნეონური განათების თამამმა გამოყენებამ ატმოსფერო კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. ცივი და მკვეთრი განათება, რომელიც სცენაზე უცხო ელემენტად უნდა აღვიქვათ, პირიქით — ორგანულად ერწყმის წარმოდგენას, რომელიც ხაზს უსვამს შრომის მექანიკურ და თითქმის დეჰუმანურ ბუნებას. ტექნიკური გადაწყვეტა - სცენოგრაფია/განათება - არამხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სიუჟეტურ ფუნქციასაც ატარებს და სპექტაკლის ვიზუალურ ნაწილს აშკარად აქცევს მის ძლიერ მხარედ.
დაბოლოს, მიზნად არ მქონია ყველა პერსონაჟის დეტალური განხილვა, მინდოდა იმ ასპექტებზე კონცენტრირება, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - სად გადის პირადი ღირსების, სოლიდარობისა და წინააღმდეგობის ზღვარი? ეს სპექტაკლი სრულყოფილი არაა — არც ტექსტით, არც რიტმით, არც ემოციური სიღრმით. თუმცა ის მაინც ამბობს სათქმელს.