top of page

ლაშა ბუღაძის ერთი დაუდგმელი პიესის გამო

BB25A48F-85A8-4984-811D-278A57FD5BD1_w10

ევროპის დაისი ანუ რატომ არის მედეას მოდელი  კვლავაც  აქტუალური?

 

გუგა მგელაძე

 

-1.

 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით დიღომში, კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში, ,,ახალი დრამის ფესტივალი’’ გაიმართა. ვფიქრობ,   თუ ამ პროცესს თეატრალურ და  გნებავთ, სოციალურ პრიზმაში გავატარებთ, ცხადზე ცხადი გახდება ერთი მეტად საგულისხმო მომენტი:   აღნიშნული ფესტივალი გადის  ბურჟუაზიული თეატრის  სქემატური ( არ მინდა ვთქვა, ჩანაფტალინებული) სივრციდან და ის ერთმნიშვნელოვნად ახალი სამოქმედო არეალის  ათვისებას   და დრამის პოპულარიზაციას, მის შემოქმედებით რეანიმაციას  ისახავს მიზნად ( თუმცა ეს სრულებითაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს,რომ   უკვე განხორციელებული დადგმები არ მოიცავდნენ სხვა ჟანრობრივ მახასიათებლებსაც).

აქვე  ისიც ითქვას,რომ აღნიშნული ღონისძიება ტექსტზე და დრამატურგის ხმაზე, თუ იდეურ პოზიციაზე ორიენტირებული უფროა, ვიდრე ,,სანახაობაზე’’,  გართობასა და ერთგვარ პოსტმოდერნულ   აჯაფსანდალზე ( რაც  ასე გახშირდა  ქართულ თეატრალურ რეპერტუარებში!)

პრაქტიკულად,  ,,ახალი დრამის ფესტივალი’’  5  სხვადასხვა თაობის, გემოვნების, ესთეტიკური პოზიციისა და ხედვის მქონე დრამატურგს აერთიანებს. ესენია: ლაშა ბუღაძე, დავით გაბუნია, დათა თავაძე, პაატა ციკოლია და  ნანა ექვთიმიშვილი. მათ შორის  აშკარად უნდა  გამოვყოთ ალბათ ყველაზე პროდუქტიული და პრობლემის აქტუალობის და მისი გაშუქების თვალსაზრისით, მეტად ორიგინალური სტილის  მქონე დრამატურგი, რომელიც  ჩემი თვალთახედვით,  ქართული სატირის მეტრია.

1 ივლისს   გურამ მაცხონაშვილის მიერ სწორედ ლაშა ბუღაძის  პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,ანტიმედეა’’ პრემიერა გაიმართა.

შემდეგ თავში მე ამ   დრამატურგიული  ტექსტის  რამდენიმე ასპექტზე ვისაუბრებ.

 

 

 

-2.

მედეა რომ ყველა ეპოქის სოციო-პოლიტიკურ--ისტორიულ-ფსიქოლოგიური ასპექტისა და ეგზისტენციალური კონტექსტის გათვალისწინებით ქალ პროტაგონისტთა შორის ერთ-ერთი  ყველაზე წინააღმდეგობრივი ფსიქოტიპია, ეგ  ლიტერატურაში და მით უმეტეს თეატრში მეტნაკლებად გაცნობიერებულმა პიროვნებამ  ისედაც იცის.

 პრინციპში, ევრიპიდესეული სქემა  იმდენად უნივერსალურია,რომ  მედეას მოდელი გასცდა კლასიკურ დრამატურგიულ საზღვრებს და   მასალის სახით ხელოვნების კუთვნილებად იქცა.

გავიხსენოთ თუნდაც  პიერ პაოლო პაზოლინისეული ,,მედეა’’, ეჟენ დელაკრუას  ფერწერული ტილო,რომელზეც შვილების მკვლელობის მომენტია ასახული.  ან ჟან ანუის და შემდეგ უკვე დარიო ფოს ამავე სახელწოდების  პიესები.

ქართულ დრამატურგიაში მედეას   ვარიაციები გვხვდება თამაზ ჭილაძის კომედიაში სახელწოდებით ,,კიკაბუ-კიკაბუ’’ და ჯანრი კაშიას  ანტი აბსურდში ( ავტორისეული განსაზღვრებაა!) ,, მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ’’.

ერთი სიტყვით, ფაქტი სახეზეა: ევრიპიდეს ამ კონკრეტულ ტექსტს დღემდე ციტირებენ.  კულტურის ისტორია  ხომ მედეას თემის რეცეფციებითაა გაჯერებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მედეას არქეტიპის ანალიზი,   შევეცდებით ლაშა ბუღაძის პიესის  და გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლის რამდენიმე ასპექტის დამუშავების შედეგად   სამომავლო საკვლევი მასალის კონტურები და ერთგვარი ორიენტირი დავსახოთ.

 

                                                   ***

ლაშა ბუღაძის პიესა ,,ანტიმედეა’’  საყურადღებოა არამარტო პრობლემატიკის, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც.

საერთოდ, მის დრამატურგიაზე საუბრისას საეჭვოდ მოაზროვნე მოკრიტიკოსო სუბიექტები მუდმივად აპელირებენ ბუღაძის სტილის მეტად ორგანულ კომპონენტებზე: სარკაზმსა და  სატირაზე, თუმცა ნეგატიური კუთხით: რომ მისი ტექსტები მხოლოდ   ამ სტილისტურ ხერხებზეა აგებული და მხოლოდ  სოციალურ-პოლიტიკურ-მენტალური სიმახინჯეების  ირონიზირებას ისახავს მიზნად.

კაცმა რომ თქვას, ამ სტერეოტიპის დამსხვრევა მისი,  ბოლო წლებში დაწერილი, რამდენიმე პიესითაც შეიძლება. ესენია:  ,,Homo ex maxina’’ ,  ,, ლისისტრატე’’ ,,პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’ ( რომელიც ლონდონში,  როიალ ქორთის თეატრში დაიდგა)  უფრო ადრინდელებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ ,პანთეონი’’,,მრევლიანა’’ ,   ,,ნუგზარი და მეფისტოფელი’’  და ა.შ.

ამით იმის თქვა მინდა,რომ   შეუძლებელია ბუღაძის ტექსტები მოვაქციოთ მხოლოდ სოციალური სატირის ჩარჩოში.

 მაგ. ,,ლისისტრატე’’ თავისი არსით  დრამაა.  ,,პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’ კი შავი იუმორით გაჯერებული აბსურდის კომედია (  ცხადია, ჟანრობრივი დიფერენციაცია აქაც პირობითია!)

რაც შეეხება  ,,ანტიმედეას’’, რომელიც 2017 წელს დაიწერა,  აქ უკვე  დრამატურგი   გარდა სიუჟეტური ხაზისა ფორმაზეცაა ორიენტირებული.

თუ ამ პიესას სტრუქტურულად გავაანალიზებთ,  რამდენიმე  ნიუანსზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება:

  1. პერსონაჟთა სოციო-პოლიტიკური  მდგომარეობების ირონიზირება.

ეს  ჯერ კიდევ მოქმედ პირთა ჩამონათვალში შეინიშნება.

დავაკვირდეთ: დრამატურგი მედეას სტატუსს, მის ეგზისტენციალურ ბიოგრაფიას ასე აღწერს: ცოლი, ყოფილი ცოლი, ემიგრანტი, ანტიმოქალაქე ნომერი 2411.

იასონს კი აი, ასე:  ქმარი, ყოფილი ქმარი, მომავალი სიძე, საქმრო.

 

  1. ტექსტი არ არის შეზღუდული დრო-სივრცითი არეალით, ანუ კითხვისას არ ჩნდება თეატრალურობის, სცენის ასოციაცია... გარდა ამისა,  სიუჟეტი ევროპის დაისის პერიოდში, მის ანტიუტოპიურ, ერთგვარ აპოკალიპტურ მომავალში ვითარდება, თუმცა ცხადზე ცხადია რომ ტექსტი დღევანდელობას რეფლექსირებს.

 

  1. გვესმის ავტორის ხმა. ის  ხშირად  აანალიზებს პერსონაჟთა მდგომარეობებს, ქცევებს, პოზიციას, რაც აქამდე არ გვხვდებოდა ლაშა ბუღაძის სხვა დრამატურგიულ ტექსტებში.

 

მაგ: ,,ცოლი, უფრო სწორად ყოფილი ცოლი ( მედეა) მუდმივ კონტაქტშია  თავის  მაყურებელთან, საიდანაც აქტიურად იღებს გამამხნევებელ რეაქციებს. სპეციალურ ზონაში ყოფნის მიუხედავად, ის მუდმივ ცოცხალ კავშირშია ქოროსთან-საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილთან,რომელსაც თითქმს ყოველწამიერად აბარებს ანგარიშს.’’

სხვათა შორის, მედია ქოროს დუმილი ( რომელიც ევრიპიდესეული დრამისგან განსხვავებით ბუღაძის პიესაშიუტექსტოდ შემოდის, ხოლო სპექტაკლის მსვლელობისას კისოციალური ქსელისთვის დამახასიათებელი ბინარული ოპოზიციებით ( LIKE-DISLIKE)აფიქსირებს თავის პოზიციას,ფინალში ცენტრალური პროტაგონისტისსულიერიკატასტროფისდა სოციალური მარცხისერთ-ერთიმაპროვოცირებელი ხდება, მაგრამმოდით, დავიწყოთ თავიდან.

 

  •                                                     

სათაური ,,ანტიმედეა’’ უკვე ის სემანტიკური კოდია,რომელიცმკითხველისდა მაყურებლისმხრიდან დეკოდირების აქტსგულისხმობს.

 

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე ნიუანსი უნდა გამოვყოთ:

  1. მართალია, ლაშა ბუღაძე   მასალისთვის ევრიპიდესეულ სქემას იღებს: უცხოს, როგორც საშიში წარმონაქმნის, მიუღებლობის  და სხვა კულტურაში მისი მყარი სოციალური თუ პოლიტიკური  სტატუსის კონსტრუირების კრახი,  მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით,რომ ,,ანტიმიდეა’’   ერთი კონკრეტული ქალის ისტორიაა. ბრეხტის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ესაა მედეას მოდელი, რომელშიც ნებისმიერი პიროვნება მოიაზრება.

  2. ვნახოთ,რას ამბობს მედეა მერვე  სცენაში  ,, ანტის’’ შესახებ: ,, მე კიდე ანტი-ცოლი ვარ... ანუ ანტი-კლასიკური ცოლი... კლასიკური ნეგატიურ კონტექსტში, ცხადია... და არა ანტი-მოქალაქე-მახინჯი, ხელოვნური ნეოლოგიზმი... (...) თქვენ არასწორად ხმარობთ სიტყვა ანტის. მე ვარ ანტი-ცოლი და არა ისეთი, როცა იციან,რომ ეს კაცი სადღაც დადის, ვიღაცასთან, შეიძლება უყვარს კიდეც ის ვიღაც სხვა ან რაღაც სხვა და არ იმჩნევენ,ვითომც  არაფერი.’’

ფაქტობრივად, დრამატურგი წარმატებით  ახერხებს   მითის დეკონსტრუქციას  და მის  გადმოტანას მხატვრული აზროვნების სისტემაში.

  ისმის ლოგიკური შეკითხვა:  რას ვგულისხმობ  დეკონსტრუქციაში?

უპირველეს ყოვლისა,მოდით  პიესის სამოქმედო არეალი მოვნიშნოთ: ანტიმედეას ისტორია   ანტიუტოპიურ მომავალში, ევროპის დაისის პერიოდში ვითარდება.

,,ჯერ კიდევ ორი თვით ადრე არავის სჯეროდა, რომ ისინი. ვინც ,,საიდანღაც ჩამოსულებზე’’ და ,,ეთნიკურად თუ ნაციონალურად არატრადიციულ ევროპელებზე’’ ლაპარაკობდნენ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდნენ ბოლო არჩევნებზე, ხოლო გამარჯვებიდან სამ კვირაში რეფერენდუმს ჩაატარებდნენ საკითხზე: უნდა გაჩნდეს თუ არა, ნაციონალური ცნება ,,ევროპელი’’ და უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ევროპელები აგრესიულად განწყობილი ემიგრანტებისგან?’’-  ასე იწყება პირველი ეპიზოდი.

მაშ, ასე: არჩევნებზე ულტრა-ნაციონალისტებმა გაიმარჯვეს. გაერთიანებული ევროპის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგინდა 6 დისკრიმინაციული თეზისი  სახელწოდებით  ,ვინაა ავთენტური ევროპელი’’,   რომელიც არჩევნებიდან 20 დღეში   ამოქმედდა.

 პიესისგან განსხვავებით, სპექტაკლი  კრეონის, ამ ჰომოფობი ( სინამდვილეში კი ლატენტური ჰომოსექსუალი) პოპულისტის  ერთგვარი პრესკონფერენციით იწყება, რომელიც  ისტერიულადაა შეპყრობილი აქტუალურად ყოფნის სურვილით. ეუბნება კიდეც ქალიშვილი გლავკე: ,,აუტანელია შენი ეგოცენტრიზმი! არ შეიძლება,რომ ადამიანი 71 წლის ასაკში მაინც შეეგუოს თავის არააქტუალობას და სხვას მისცეს ცხოვრების უფლება? რატომ უნდა იყო სულ შენ აქტუალური და არა მე?’’

,,ეს პარტია ( იგულისხმება არჩევნებში გამარჯვებული პარტია!-გ.მ) ჩემი შვილობილია. მე მისი ერთ-ერთი მამა ვარ და დედაც, სხვათა შორის! აი, ამ ხელებით ვაშენე მთელი ოცი წელი,, მეტიც. სხვებთან ერთად, ცხადია... და რა, ცუდი ჩავიდინეთ რამე? ბოდიშს ვიხდი მართლა... ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა. ჩვენ გავიმარჯვეთ. რეფერენდუმმა ყველაფერი შეცვალა. აი, ესაა მთავარი!

კრეონი  პოპულისტია. ასეთი პოლიტიკოსები მუდამ ზიზღის ენით საუბრობენ: ,, მე აგრესიული უცხოელები არ მომწონს ჩემ ქვეყანაში, თორემ პატიოსან და მოწესრიგებულ ხალხს არაფერს ვერჩი! (...) , მაგრამ ან გადაკეთდნენ, ან ჩვენ დაგვემსგავსონ ან დაბრუნდნენ  თავიანთ ქვეყნებში, ყველგან გახსნან თავიანთი მწვანეკედლებიანი საჩაიეები (...) მე მივესალმები პოლიტიკის გამკაცრებას მათ მიმართ. პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს’’.

სწორედ ამ მკაცრი პოლიტიკის წყალობით გადაწყდა უზარმაზარი კედლის მშენებლობა  გაერთიანებული ევროპის  სრულ პერიმეტრზე.

 გარდა ამისა , დისკრიმინაციული კანონის შესაბამისად, მოქალაქე მედეა მოათავსეს სპეციალურ დახურულ ზონაში, რომელსაც 24 საათის განმავლობაში  ევროპის ტერიტორიის დატოვება უწევს. ცხადია,  შვილების გარეშე.

ჰერმეტულობის მიუხედავად, მედეა მუდმივ კონტაქტშია თავის ქოროსთან ანუ მხარდამჭერებთან.   ესაა  საზოგადოების ყველაზე სენსიტიური ნაწილი,  მედეას  სოციალური კარკასი:

,, თქვენ მე მიყურებთ და ამ გზით მიცავთ... თქვენი არსებობით, თქვენი დამოწმებით, რომ აქ ხართ, ჩემს გვერდით! ჩემს თავს ერთმანეთს უნაწილებთ, ერთმანეთს უზიარებთ ჩემს პრობლემას...’’

პრაქტიკულად,   ეს მედია ინტერვენციაა, ანუ როცა  უკიდურესად ინტიმური სივრცე საჯაროვდება და მასში მედია რეალობა ან თუნდაც საზოგადოებრივი პოზიცია იჭრება.

ესეც  მედეას  მორიგი სოციალური  ნიღაბია. მას სჭირდება  გულშემატკივრები, მისი იდური პოზიციის გამზიარებლები, თუმცა საბოლოოდ,  ქოროს სამარცხვინო, ლაჩრული სიჩუმით ის კიდევ ერთ დარტყმას იღებს.

საგულისხმოა ერთი მომენტიც: იასონთან  საუბრის ბოლო ეპიზოდში,  მედეა დროებით ეთიშება მისით დაინტერესებულ ქოროს და  როგორც კი ინტიმური, სივრციდან  მედია რეალობა გაიწოვება, პერსონაჟი  დრამატურგის თქმით,  ,,მორჩილი, უსუსური და სასოწარკვეთილი ხდება’’. მედეას სისუსტე  ყოფილი ქმრისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდება.

მანამდე იასონი  ხომ მედეას სავსებით ლოგიკურად საყვედურობს:  ,,გულწრფელობამ პოპულარული გაგხადა. ნიჭიერი ქალი ხარ. რაც უფრო მეტად გაშიშვლდები-ემოციურ სტრიპტიზს ვგულისხმობ- უკაცრავად, თუკი ეს ტერმინი ვინმეს ყურში მოხვდება...-ჰო მოკლედ, ეგზჰიბიციონიზმი კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს გაგიჩენს.’’

მედეას ხალხის გულწრფელობაში ეჭვიც არ ეპარება. ის ამბობს: მე ახლა ორი პრობლემის ალეგორიას წარმოვადგენ: ერთი მხრივ, დაჩაგრულ და რეპრესირებულ არალეგალური სტატუსით მცხოვრებ ემიგრანტს და მეორე მხრივ- მოტყუებულ და დამცირებულ ქალს (...) აი, ესაა ძველი ევროპა. ესენი მიყვარს, ესენი მიცავენ’’.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი რეპლიკა: ახლა მე საზოგადოებრივ პოზიციას გამოვხატავ და ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი. ისევე, როგოგორც შენ. ჩვენ ცხოვრებას ახლა ევროპელი ულტრა-ნაციონალისტები წარმართავენ’’.

ან ეს: ,, ახლა ჩემი პრობლემა საჯაროა. ჩათვალე, რომ მარტოები ვართ’’.

ეს  თანამედროვე მედეას სოციალური ორეულია...

                                                     

 

 

 

                                                   ***

            როგორც ხედავთ, პიესაში ( და პრინციპში, სპექტაკლშიც)  ყველა პროტაგონისტს  საკუთარი,  მათთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიციები აქვთ.

დრამატურგი უარს ამბობს იასონის ფსიქოტიპის  ევრიპიდესეულ ვერსიაზე და საკმაოდ საინტერესო მოდელს გვთავაზობს.

ჩვენ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ  იასონი მასების კაცია, მასობრივი ცნობიერების მატარებელია, უბრალოდ ისიც მედეას მსგავსად  დრამატული ყოფითი კონტექსტის მსხვერპლია.

ერთ-ერთ ეპიზოდში ის ამბობს: მასზე ახლო ადამიანი არავინ მყავს. თუმცა ბოლო წლები სრულიად შეუძლებელი იყო მასთან ფიზიკური კონტაქტი. ინცესტუალური კავშირის განცდა მქონდა. ბანალური ფსიქოტიპი: მე შვილი ვიყავი, ის დედა-ჭკვიანი მზრუნველი და ორგანიზებული, მაგრამ მე არ ვარ შვილი და თუკი შვილი ვარ, მაშინ ეს შვილი მოსაკლავია.’’

ცხადია,  ეს არ არის ტრაფარეტული ფსიქოანალიტიკური დისკურსი ( მიუხედავად იმისა,რომ  ეს შრე გლავკესა და კრეონის დიალოგშიც  საცნაურდება). ვფიქრობ, ფსიქოანალიტიკური მომენტი პერსონაჟთა გონებაში მიმდინარე რთული სააზროვნო  პროცესების თუ მათთვის დამახასიათებელი ისტერიულობისა და ეგზისტენციალური აბსურდის განცდის   ანალიზისთვისაა საჭირო.

 

                                                            ***

  ლაშა ბუღაძის პიესა არ არის იდეალურ პერსონაჟთა კალეიდოსკოპი.  ანტი-მედეამ, თავისი არსით,  წარსულში პოლიტიკურად  წამგებიანი და  მოდით პირდაპირ ვთქვათ, კატასტროფული,   ნაბიჯები   გადადგა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იგი ულტრა-ნაციონალისტების აქტივისტთა სიაში ჩაეწერა და  გარკვეული პერიოდი მათ  პროპაგანდისტულ პროკლამაციებს არიგებდა.  იასონის თქმით,  თავად ემიგრანტმა მედეამ, ამ  ევროპული კულტურისთვის უცხო ინდივიდმა , ემიგრანტების მტერ პოლიტიკოსებს მისცა ხმა,რომლებიც ხელისუფლებაში  უცხოს განდევნის ლოზუნგით მოვიდნენ.

,,შენ იბრძოლე მათი გამარჯვებისთვის... . (...) შენი უტვინობისა და ილუზიის გამო, რომ შრომას დაგიფასებდნენ და თავისიანად მიგიღებდნენ’’- სამართლიანად საყვედურობს   ექს -ქმარი ექს- ცოლს.

მე გადარჩენის ინსტინქტი მამოძრავებდა...- პასუხობს მედეა.

თუმცა იასონს ეს პასუხი არ აკმაყოფილებს: ,,  შენ გეგონა, რახან ჩემი ცოლი ხარ- ძირძველი  ევროპელის... ცხადია ამ სიტყვებს ირონიით ვამბობ, გული მერევა ასეთ ლექსიკაზე...- მოკლედ, ევროპელის ცოლობა გადაგარჩენდა და  მეტიც, უფრო მაღალ საფეხურზე გადახვიდოდი...’’

ის თავის ექს ცოლს უფრო მძიმე ბრალდებასაც უყენებს: ,, შენ გძულდა ახალი ხალხი... შენ ჩათვალე,რომ უკვე აქაური ხარ და უფლება გაქვს გაღიზანდე და გაბრაზდე ამ ჩამოთრეულებზე. მე შენ გციტირებ. შენ ვერ აიტანე ხუთი წლის წინ, სამი წლის წინ და ორი წლის წინ ჩამოსული ხალხი.’’

ბრალდება წაყენებულია.  იასონი  რაციონალურად აანალიზებს მედეას მიერ   დაშვებულ  ფატალურად პოლიტიკურ თუ პოლიტიკურად ფატალურ შეცდომებს.

იასონს მის მხარდამჭერებზეც ეცინება. ამიტომაც ეუბნება  ირონიით: ესენი არიან  ძველი ევროპელები?

აქაც  არ ცდება იასონი.  პიესის ბოლოს მედეა  ქოროს გარეშე რჩება ( მათ ანუ  საფეთქლებში ლიბიდომოწოლილთა მასას ,,სხა’’ უფრო აინტერესებდა.  შესაბამისად,   თავიანთი მოჩვენებითი, ილუზორული, საპნის ბუშტივით უპერსპექტივო სიმპათიით  ცდილობდნენ თავიანთი   არასრულფასოვნების კომპენსირებას).

 

                                                   ***

           პიესის 7  სცენა ( თუ ეპიზოდი?) კრეონისა და მედეას დიალოგს ეთმობა.

კრეონმა რეალურად არც კი იცის თუ  რატომ სურს პოლიტიკურად საშიშ ქალთან საუბარი: ,,რატომ მოვიდა? ქალიშვილზე ზრუნვის თუ ამ ქალის ( მედეას)-ანუ პრობლემის მიმზიდველობის გამო? რა ჯადოა ასეთი,რომ ვერაფრით ახერხებს აქტუალური ამბის მიღმა ყოფნას?’’-  იკითხავს დრამატურგი.

პრინციპში,  ის ვინც კარგად იცნობს ევრიპიდეს პიესას, არ გაუჭირდება  პირველ ეპისოდიონთან პარალელების გავლება. ეს სცენა  ორიგინალის ერთ-ერთი უმაგრესი რეცეფციაა...

ევრიპიდესთანაც და ბუღაძესთანაც კრეონი მედეას განდევნის გადაწყვეტილებას ასე ასაბუთებს: ,, არ დაგიმალავ, პირდაპირ გეტყვი: მეშინია, ჩენს ასულს არა ავნო რა!’’

ეს მამის და ამავდროულად პოლიტიკოსის ეგზისტენციალური შიშია: შიში უცხოსი,  შიში ,,ბარბაროსისა’’.

გაიფიქრებს კიდეც ბუღაძის პერსონაჟი: ,,მე ჩემი ქალიშვილი მიყვარს. ეს მამის სენტიმენტალიზმია,ბარბაროსო! შენ რა იცი მშობელი რას გრძნობს...’’

 

მედეა  შოვინისტ ჩინოვნიკზე გაცილებით გამჭრიახი აღმოჩნდება   და  თავისი მედია ძალაუფლების დახმარებით (ამჯერად საბოლოოდ!) კრეონის პოლიტიკურ ანულირებას, მის ეგზისტენციალურ კასტრაციას მოახერხებს.

 კრეონის მიერ  მედეას მოქრთამვის  და  მისი  ფაშისტოიდური რეპლიკების ამბავი ხმის ჩამწერი აპარატურის მეშვეობით  საზოგადოებაში მომენტალურად გავრცელდება.

კრეონი  ინფარქტის შედეგად საავადმყოფოში გადაჰყავთ.  ,,იწამლება’’ მისი ქალიშვილი ანუ იასონის საცოლე.

მედეა კი  ფინალური  აქტისთვის ემზადება...

 

                                                   ***

 

ხომ გახსოვთ ,,მედეას’’ ექსოდოსის ეს სულისშემძვრელი ეპიზოდი?

მედეა: ჯერ ნუ სტირი! შენ ის იკითხე სიბერეში რანაირი მოგიწევს გლოვა!

იასონი: ვაი, შვილებო!

მედეა: ჩემი შვილები არიან და არა შენი!

იასონი: მერედა, ამიტომაც დახოცე?

მედეა: შენ რომ მეტანჯე, სწორედ იმიტომ  !( კურსივი ჩემია-გ.მ.)

 

ლაშა ბუღაძის  პიესის დასკვნითი სცენა კი  მედეას მონოლოგით სრულდება.  აქ ის კვლავ ქოროს მიმართავს (  ღირებულებამოშლილი და ინდიფერენტული საზოგადოებისთვის ის სილის გაწვნას აპირებს)

მედეა:  ჩემი შვილები ჩემთან ერთად არიან. ახლა კარის შემომტვრევას დაიწყებენ. თქვენ თქვენი თვალით ნახავთ ყველაფერს. და უმორჩილესად გთხოვთ, ბოლომდე მიერთგულოთ’’ (...) აი, კარზე აკაკუნებენ... აქ დარჩით.  მორჩა... ბოლომდე უყურეთ ყველაფერს’’  ( პიესა ამ რეპლიკით სრულდება!)

ცხადია, მაყურებელი აღარ ესწრება შვილების მკვლელობის ეპიზოდს და არც ის ვიცით, როგორი დიალოგი გაიმართება  ექს ქმარსა და ექს ცოლს შორის, თუმცა ამჯერად ჩვენთვის კვლავ მედეას მოდელია საყურადღებო.

 საერთო ჯამში,  ესაა  შიზოფრენიულ პოლიტიკურ კონტექსტსა  და  მტკივნეული გარდაქმნების ეპიცენტრში მოხვედრილი ქალის ტრაგედია.

მიუხედავად იმისა, რომ პიესა თითქოს  ევროპის უახლოეს მომავალს აღწერს, ის  დღევანდელობას რეფლექსირებს.  პიესა ჩვენზეა, ჩვენ შიშებსა და ნევროტულ აკვიატებებზე...

                                                                                                         10.07.18.

bottom of page