top of page

ეთიკური არჩევანის პრობლემა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მზად ხართ განაჩენის გამოსატანად_

23.06.2026

მაკა ვასაძე

ეთიკური არჩევანის პრობლემა

(შირახის „ტერორი“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე)

 2025-2026 წლების სეზონი მარჯანიშვილის თეატრში ერთობ დატვირთული გახლდათ. სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა განსხვავებულ ესთეტიკაში შექმნილი დადგმები განახორციელეს - წარმატებული, ნაკლებად წარმატებული და ასევე, წარუმატებელიც.    ვფიქრობ, წარმატებულთა შორისაა, ფერდინანდ ფონ შირახის პიესის მიხედვით, ფსიქოლოგიური თეატრის ხერხებით, რეჟისორ თემო კუპრავას  დადგმული „ტერორი“. რეჟისორმა რთული ამოცანა დაისახა, ვინაიდან ფსიქოლოგიური ხერხებით წარმოდგენის შექმნა რთული და სარისკოა. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას, ეს ეხება, როგორც რეჟისურას, ასევე მსახიობთა ნამუშევარს.

ორიოდე სიტყვა პიესის ავტორის შესახებ.

ფერდინანდ ფონ შირახმა პროფესიით იურისტმა, ადვოკატმა სისხლი სამართლის საქმეში, 45 წლის ასაკიდან მწერლობას მიჰყო ხელი. თავიდან წერდა პატარა მოთხრობებს, შემდეგ რომანებიც გამოაქვეყნა, პროზაული ნაწარმოებების მიხედვით დაწერა პიესებიც. შირახი, პროფესიიდან გამომდინარე, მოსათხრობ ამბებს პროზისა თუ დრამისთვის, რეალური იურიდიული პრაქტიკიდან იღებს და ქმნის მხატვრულ ვერსიებს. შირახის პირველივე მოთხრობების კრებული „დანაშაული“ (Verbrechen 2009) ბესტსელერად იქცა. წარმატებული დებიუტის შემდეგ, მან რამდენიმე მოთხრობების კრებული, რომანი და პიესა გამოაქვეყნა. შირახის ნაწარმოებები არა ერთი საინტერესო ფილმის, ტელეფილმის, სპექტაკლის ინსპირაციად იქცა.

დრამატული ტექსტის და დადგმის მთავარი სათქმელი.

 პიესაშიც და სპექტაკლშიც ადამიანის ეგზისტენციალური არჩევანის პრობლემაა წამოწეული. ყოველი ადამიანი, თუკი ის პიროვნებაა, აკეთებს ინდივიდუალურ არჩევანს, ხშირად ეს არჩევანი ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ დაწესებულ მორალურ, ზნეობრივ თუ სამართლებრივ კანონებს. პიესაში და სპექტაკლშიც დაპირისპირება ინდივიდის მიერ გაკეთებულ არჩევანსა და სამართლებრივ კანონებს შორის უკიდურესი სიმწვავით არის გადმოცემული. რეჟისორი დრამატურგიულ მასალას ერთგულად მისდევს და თითქმის არაფერს ცვლის, სპექტაკლი სასამართლო პროცეს ასახავს, რომლის მსვლელობის დროს ერთგვარი ინტელექტუალური დუელი წარიმართება  ბრალდებულს, ბრალმდებელს, ადვოკატს, მოსარჩლეს და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. შემოქმედებითი ჯგუფი (პიესიდან გამომდინარე) მაყურებელს ნაფიც მსაჯულთა როლის შესრულებას სთავაზობს. როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს რა მორალური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო? ტერორისტმა თვითმფრინავი გაიტაცა და სტადიონზე ჩამოგდებას აპირებს, გამართლებულია თუ არა 164 მგზავრის, ადამიანის სიცოცხლის გაწირვა, რაც კოხმა გააკეთა, სტადიონზე მყოფი 70 ათასის გადასარჩენად? ვერდიქტის გამომტანნი კი ჩვენ ვართ, მაყურებელი. გადაწყვეტილების მიღება ურთულესია, მაგრამ ისევე, როგორც წარმოდგენა-სასამართლოს უშუალო მონაწილე-პერსონაჟებმა, მაყურებელსაც გვეკისრება არჩევანის გაკეთების პასუხისმგებლობა. თემო კუპრავას მიერ წარმართული სასამართლო პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ საბოლოო ჯამში, მაყურებელი - ნაფიც მსაჯულთა უმრავლესობა ყოველთვის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. რეჟისორმა და მსახიობებმა ხაზგასმულად წინა პლანზე გამოიტანეს კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაუმართლებელი ქმედება. იმ სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია ფრენების უსაფრთხოებაზე, თითქმის 1 საათი ჰქონდა იმისთვის რომ სტადიონი მაყურებლისგან დაეცალათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და არჩევანის გაკეთების პასუხისმგებლობა მთლიანად სამხედრო მფრინავს ლარს კოხს დააკისრეს.

სცენოგრაფია, თანამედროვე ტექნოლოგიები, კოსტიუმები.

რეჟისორმა და სცენოგრაფმა ანკა კალატოზიშვილმა სპექტაკლის ჩანაფიქრის შესაბამისი ატმოსფერო შექმნეს. სცენა სასამართლო დარბაზის ასოციაციას ქმნის, რომელშიაც თეთრი და შავი ფერები სჭარბობს. გამოყენებულია აგრეთვე ციფრული ვიდეო-პროექცია (დათა დვალიშვილი), რომელიც ორგანულად არის შერწყმული სცენოგრაფიასა თუ სპექტაკლის კონცეფციასთან. ანკა კალატოზიშვილმა პერსონაჟთა კოსტიუმებიც შავ-თეთრ ფერებში გადაწყვიტა, ერთადერთი მოსამართლის მანტია გამოირჩევა, წითელი ფერისაა, რატომ ჩემთვის გაუგებარია. ამით ალბათ, რეჟისორსა და მხატვარს, თავმჯდომარის, როგორც სასამართლო პროცესის მთავარი ფიგურის გამოყოფა სურდათ, ვფიქრობ, ეს სრულიად ზედმეტი იყო და ჩემზე უგემოვნობის შთაბეჭდილება დატოვა. მგონია, რომ ამის გაკეთება რაღაც სხვა შტრიხებით შეიძლებოდა.

პერსონაჟები და მსახიობები

თემო კუპრავამ პროკურორის, ადვოკატის და მოსარჩლის როლებზე ორი შემადგენლობა შეიყვანა სპექტაკლში (ნატალია გაბისონია/ანუკი ბუბუტეიშვილი, ნინი ნოზაძე/ნინი კვირიკაშვილი, ანიკო ეზიაშვილი/თეა ალფაიძე). სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე, ქალ ტიპაჟთა იმ შემსრულებლებზე ვისაუბრებ, რომლებიც პირადად ვნახე.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ რეჟისორმა კარგად იმუშავა მსახიობებთან, თითოეულ მათგანს პერსონაჟების განხორციელებისთვის სწორი ამოცანები დაუსახა. მსახიობებს გააზრებული აქვთ თავიანთ ტიპაჟთა ხასიათები, ბუნება, მათი ქმედება გმირის შინაგანი მდგომარეობის გამომსახველია. მსახიობთა პლასტიკა, მეტყველების მანერა, ჟესტიკულაცია პერსონაჟის სახის შექმნას ემსახურება. ტექსტის სწორად გააზრებაა და გადმოცემა ამ დადგმაში მნიშვნელოვანია, რასაც მსახიობები კარგად ართმევენ თავს.

ეკა ჩხეიძის სასამართლოს თავმჯდომარე - ძლიერი, თანამდებობის შესაფერისი პიროვნება, ზოგ შემთხვევაში ცოტათი ცინიკური, აქვს იუმორის გრძნობაც, როცა სჭირდება იყენებს ქალურ მომხიბვლელობას.

ნინი კვირიკაშვილი - ადვოკატი, ქალბატონი ბიგლერი (პიესაში ბატონი ბიგლერია), ვფიქრობ ზედმეტად ნერვიულ ტიპაჟს ქმნის, გადამეტებულად გამოხატავს მღელვარებას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი არ არის დარწმუნებული თავისი კლიენტის სიმართლეში. გარდა ამისა მომეჩვენა, რომ რომ მისი ჟესტიკულაცია, მიმიკაში ასახული მღელვარება ხელოვნური და არაბუნებრივია. ალბათ, აჯობებს რეჟისორი კიდევ თუ იმუშავებს მსახიობთან და დახვეწენ თამაშის მანერას.

ანუკი ბუბუტეიშვილი - პროკურორი, ქალბატონი ნელსონი, სწორად აგებს პერსონაჟის ხასიათს. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, რომელიც არც იმას უარყოფს, რომ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებამ დააკისრა კოხს ტრაგიკული არჩევანის გაკეთება. მსახიობი კარგად ფლობს სხეულს, არ აჭარბებს შინაგანი, ემოციური მღელვარების გადმოცემისას. მისი პლასტიკა და მეტყველების მანერა  დინჯი, გაწონასწორებული, თავის თავში დაჯერებული ადამიანის გამომხატველია.

პაატა ინაურის ბრალდებული ლარს კოხი, ვფიქრობ, მსახიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინტერესო და წარმატებული როლია. ნახევარტონებით, მწირი ჟესტიკულაციით, დახვეწილი პლასტიკით, დინჯი მეტყველებით მსახიობი ქმნის ღირსეული სამხედრო ოფიცრის ტიპაჟს, რომელსაც ეჭვი არ ეპარება გაკეთებული არჩევანის სისწორეში.

ალეკო მახარობლიშვილის მოწმე - კრისტიან ლაიტერბახი, პლასტიკით, მეტყველებით, ქმედებით ტიპური ჩინოვნიკის სახეს ძერწავს. მახარობლიშვილის ლაიტერბახი უსიამოვნო ადამიანის გამოხატულებაა, ხოლო მისი ბოლო ფრაზა-მოთხოვნა არასამუშაო დღეს სასამართლოში გამოცხადების გამო საზღაურის მოთხოვნა, ამ პერსონაჟის სულმდაბლობის დამაგვირგვინებელი პასაჟია. ერთადერთი შენიშვნა მექნება, ხანდახან მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მსახიობს ტექსტი ავიწყდებოდა.

თეა ალფაიძის - თანამოსარჩლე - ქალია, რომელმაც ვერ მოინელა ქმრის დაღუპვა, მისთვის კოხის დასჯა, ალბათ, რაღაც თვალსაზრისით შვების მომგვრელი იქნება. მსახიობი არ აჭარბებს ემოციების გამოხატვისას, მისი დარდი აბსოლუტურად ბუნებრივი და თანაგრძნობის გამომწვევია.

გიორგი სირბილაძე, ირიკო აბულაძე, ელენე ჭავჭავაძე ზუსტად ასრულებენ რეჟისურის მიცემულ ამოცანას და ქმნიან დაბალი რანგის მქონე სასამართლო მოხელეების ტიპაჟებს. 

რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა ინტერაქციული სპექტაკლით „ტერორი“ თანამედროვე საზოგადოებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი, მტკივნეული პრობლემა წამოსწია: ტერორიზმი, ადამიანის მიერ თავისუფალი არჩევანის საკითხი, ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების საკითხები, სახელმწიფო სტრუქტურების უპასუხისმგებლობა, სახელმწიფო სტრუქტურების და ინდივიდის დაპირისპირება.

ვფიქრობ, „ტერორი“ მარჯანიშვილის თეატრში ბოლო პერიოდში დადგმულ წარმოდგენებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, პრობლემატიკითა, თუ, მხატვრულ-შემოქმედებითი თვალსაზრისით.

bottom of page