„ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – „სული ობოლი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანი ცხვედაძე
„ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – „სული ობოლი“
„ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ - მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლის სახელწოდებაა. ავტორი და რეჟისორია - გიორგი სავანელი. სცენოგრაფია და კოსტიუმები - საბა ნარიმანიშვილი; მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრა ლორთქიფანიძე, გიორგი სავანელი; პრემიერა შედგა 2021 წლის 4 დეკემბერს, ხოლო სპექტაკლის აღდგენილი ვერსია მაყურებელმა იხილა 2023 წლის 25 მარტს.
მოქმედ გმირთა ჩამონათვალი და შემსრულებელი მსახიობების სია შემდეგნაირია: ნიკოლოზ ბარათაშვილი - ნიკოლოზ ფაიქრიძე; სოლომონ დოდაშვილი - დათო როსტომაშვილი; მელიტონ ბარათაშვილი - გიორგი სავანელი; ეფემია - ასმათ ქურციკიძე; ჟანდარმერიის უფროსი - კახა გაბელაია; მთავარმართებელი როზენი, გრიგოლ ორბელიანი, დენშჩიკი იორგენ - ვაკო კობერიძე; ეგზარქოსი მოისეი, სასამართლოს კანცელარიის უფროსი ილინსკი - რაჟდენ კერვალიშვილი; მანანა ორბელიანი - თეკა კოხრეიძე / თამარ ადამია; მიხეილ თუმანიშვილი - ლევან კაციაშვილი; გიმნაზიის რექტორი - ედმონ გაბედავა; ეკატერინე ჭავჭავაძე - სოფია სებისკვერაძე; დელფინა ლ’აბიელ - სალომე წურწუმია; ოხრანკის პოლიციელი - სერგეი შვედკოვ.
გიორგი სავანელი, შიდა სათეატრო სივრცეში მოქმედ, იმ იშვიათ რეჟისორებს შორის არის, რომელთა რიცხვი, ძალიან მცირეა, უფრო სწორად კატასტროფულად მცირე, რომელთა ე.წ. ‘ინტელექტის კოეფიციენტი’ სრულ თავისუფლებას ანიჭებთ, რომ საკუთარი ტექსტის სცენური ინტერპრეტაცია შექმნან, და არა, მაგალითად, მხოლოდ რომელიმე კლასიკოსი ავტორის ნაწარმოებით იხელმძღვანელონ.
„ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“, რეჟისორის მიერ ფსიქოლოგიურ დრამად შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია, რომლის გასცენურება და ვიზუალურ არტეფაქტად ხორცშესხმა თავად რეჟისორის გულწრფელი სულისკვეთების ნაწილია...
დასაფასებელია ავტორის მხრიდან - ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც 27 წლის ნონ-კონფორმისტი ახალგაზრდის როლისა და ცხოვრების შეურყვნელი გზის ჩვენება და არა მიზანმიმართულად რომანტიკულ ასპექტში - ლირიკული პოეტის წარმოჩენის მორიგი მცდელობა, როგორ ცალმხრივადაც, საკმაოდ სტერეოტიპულ რაკურსში - სასკოლო პროგრამით იცნობენ სკოლის მოსწავლეები მის პოეზიას...
სპექტაკლი დაიდგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელსაც არსობრივად უდიდესი ფუნქცია აკისრია, ჩემი მოკრძალებული აზრით, რადგან ამ „სახელდების“ თეატრს, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე სხვა რიგით სახელმწიფო ან მუნიციპალურ თეატრს! - ეს პასუხისმგებლობის არეალი მოიცავს - ძალიან სარისკო ასაკს ადამიანის ცხოვრებაში, მოზარდებს, მათი ფორმირების, ჩამოყალიბებისა და სოციალური უნარ-ჩვევის გარკვეულ ასპექტებს...
„ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ - სახელდობრ, განკუთვნილია 14 წლიდან მოზარდებისთვის, სწორედ იმ ასაკობრივი კატეგორიისთვის, როდესაც მოზარდის გონება იწყებს აქტიურ, შეიძლება ითქვას, პროაქტიულ რეფლექსიურ ფაზაში გადასვლას და ამ დროს ხელოვნების გზით - რა მასალის მიწოდება ხდება, ან რანაირი ფორმით, ეს ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა!
აღნიშნული სპექტაკლი, უმთავრესად იმიტომ არის ნიშანდობლივი, რომ მოზარდები - მოზრდილებიც, სხვათა შორის, გაიგებენ / ერთგვარად გაიაზრებენ - უდავოდ დიდი შემოქმედის ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის უცნობ, მეტად მძიმე, რეაქციონერულ, დაუოკებელ და ცარისტული რეჟიმისადმი არშემგუებელი ახალგაზრდის დიდსულოვნების მთელ რიგ პერიპეტიებს...
ფაქტობრივად, ეს რარიტეტულად მნიშვნელოვანი, ამავე დროს ძალიან პრობლემატურია დღევანდელი საქართველოსთვის, დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების გენერირების ურთულესად მძიმე ეტაპზე...(!)
მე-19 საუკუნეში მოღვაწე 27 წლის ტატოს შემოქმედებითმა იდუმალებამ, პრივილეგიების გარეშე, არაერთი პირადული, სოციალური, მათ შორის, მწვავე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე შექმნა - რომანტიზმის უმაღლესი სახელოვნებო რანგის პოეტური ნიმუშები...(!)
სასიყვარულო ლაბირინთები, საკუთარი თავის პოვნა/ძიების მომენტები, სამხედრო კარიერის ფრუსტრირებული ოცნება, ოჯახური კონფლიქტები, იძულებითი სოციალური დისკომფორტი და იმედგაცრუება, უდიდესი ნიჰილიზმი, მისი სიცოცხლე რომ ტრაგიკულად მცირე ასაკში დაასრულა მძიმე სენისგან შეპყრობილმა!..
- მაყურებელი პოეტის მცირეხნიან, საკმაოდ სევდიანი ცხოვრების მთელ კარდიოგრამას ორმოქმედებიანი სპექტაკლის მსვლელობისას - მწყობრი დრამატული ნარატიულობითა და ნატიფი მიზანსცენებით შეეხება.
ამ ტექსტს დავასრულებ ნიკოლოზ ბარათაშვილის გულისმომკვლელი მცირე ამონარიდით, რომელიც თავის უახლოეს მეგობარ - მაიკო ორბელიანს - 1842 წლის 31 ოქტომბერს ეპისტოლარულად გაუგზავნა, სადაც შესანიშნავად ჩანს, თუ რამხელა ნიჰილიზმშია საკუთარ თავთან ტოტალურ სიმარტოვეში-(სასიყვარულო იმედგაცრუებაში), მუდმივად წინააღმდეგობრივ პოზიციაში - იმ დროის სოციალურ-პოლიტიკურ მარწუხებში მყოფი..!
„შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?“
ფოტო: თეატრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.