top of page

ერთმანეთის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

288906130_5771199426241097_8787240111647443207_n.jpg

ანი ნიჟარაძე

ერთმანეთის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია?

 

 „თეატრში მთავარია როგორ ჰყვები იმას, რაც უკვე დაწერილია“- ეს სიტყვები გენიალურ თემურ ჩხეიძეს ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთ გამორჩეულ სპექტაკლზეც შევაჩერე არჩევანი, თუმცა ვიდრე სპექტაკლის განხილვაზე გადავალ, მინდა თავად პიესის - „იდუმალი ვარიაციები“ - ავტორს, ფრანგ ფილოსოფოსს, მწერალს, დრამატურგს, სცენარისტსა და რეჟისორს ერიკ-ემანუელ შმიდტს დავუთმო დრო.

მწერლის თქმით, მისი ამოცანა არ არის ყოველდღიურობის აღწერა, უფრო მნიშვნელოვნად თანამედროვეობაში არსებული სოციალურ-კულტურული რეალობის წარმოჩენა მიაჩნია, რომელიც ადამიანთა ბუნების უკეთ შეცნობაში ეხმარება. „ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთ პერსონაჟთა სამყარო, რომლებიც ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, თავისდაუნებურად, აღმოაჩენენ. ეს კი, შეიძლება ძალიან ახლობელი იყოს ბევრი მკითხველისთვის. კარგ წიგნს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა,მაგრამ შეუძლია შეგვცვალოს ჩვენ!“

პიესა „იდუმალი ვარიაციები“ 1996 წელს დაიწერა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის თეატრშიც დაიდგა. საზოგადოების მხრიდან პიესისადმი მაშინვე დიდი ინტერესი გაჩნდა.

ჩემი აზრით, ეს ინტერესი თავად პიესის შინაარსმა გამოიწვია. ფსიქოლოგიურად დახვეწილი პერსონაჟები, სიუჟეტი,რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე. თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მისი წიგნები ადამიანებს კურნავენ. თავად ავტორი კი ამტკიცებს, რომ კაცობრიობისადმი სიყვარული უნერგავს მას სიკეთეს.

შმიტი თავის მოთხრობებში, რომანებსა თუ ნოველებში თითოეულ პერსონაჟს თითქოს ძერწავს, დიდი სიფაქიზით წარმოგვიჩენს მათ სახეებს... ვთვლი, რომ სცენაზე ამ ყველაფრის დიდოსტატი თემურ ჩხეიძე იყო, რომელმაც, მისი სპექტაკლებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი დონის მასტერკლასი უჩვენა და უჩვენებს თეატრალებს. შესაბამისად, პიესა, რომელიც ადამიანების შინაგან სამყაროს და ამ სამყაროს კვლევას, ახლის აღმოჩენას ეხება, მსგავს რეჟისორს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ეს ყველაფერი სცენაზე ოსტატურად გადმოეტანა. შეექმნა სახეები, რომლებიც მაყურებლისთვის საინტერესო და რაც მთავარია, მოსაბეზრებელი არ იქნებოდა.

სამწუხაროდ, სპექტაკლი „იდუმალი ვარიაციები“ თემურ ჩხეიძის შემოქმედებაში უკანასკნელი დადგმა აღმოჩნდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. რეჟისორის მრავალწლიანი მოღვაწეობა თეატრში ამ სპექტაკლით დასრულდა...

პრემიერა შედგა 2021 წლის 24 აპრილს. სცენოგრაფია ლევან წულაძეს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება კი, ზურაბ გაგლოშვილს. თარგმნა ლილი ფოფხაძემ.

მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა... სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. დარბაზში ხმაური მოულოდნელი გასროლის ხმის შემდეგ წყდება. სიბნელეში ჩნდება ორი არტისტი, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: აბელ ზნორკო - გია ბურჯანაძე და ერიკ ლარსენი -  ალეკო მახარობლიშვილი.

მსახიობ გია ბურჯანაძის აბელ ზნორკო ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალია, რომელიც განმარტოებით კუნძულზე ცხოვრობს... ალეკო მახარობლიშვილის ერიკ ლარსენი კი ჟურნალისტია და მწერალთან ინტერვიუს ჩასაწერად მიდის...

მკითხველთა ნაწილს შესაძლოა ეს სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდეს, აქედან გამომდინარე დეტალური აღწერისგან თავს შევიკავებ, თუმცა გაგიზიარებთ სცენებს, რომლებმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირადად ჩემზე. ერთ-ერთი ასეთი სცენა გია ბურჯანაძის აბელ ზნორკოს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით უკვე ალეკო მახარობლიშვილის ერიკ ლარსენის მონოლოგებია მაყურებელთან.

გია ბურჯანაძის პერსონაჟის მონოლოგი ეხება, მისი მთელი ცხოვრების სიყვარულს, ქალს, რომელსაც პროფესიის, საყვარელი საქმის გამო შორდება... არტისტი საოცარ კონტაქტს ამყარებს მაყურებელთან, მისი (პერსონაჟის) ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებს იხსენებს, ეს საუბარი იმდენად მოქმედებს ადამიანებზე, რომ დარბაზში სრული სიჩუმეა... გია ბურჯანაძე სცენის ცენტრში ზის, განათება მხოლოდ მასზე ფოკუსირდება, სცენის დანარჩენი ნაწილი ბნელდება.

ალბათ, არც თუ ისე მარტივი დასაჯერებელია, მაგრამ, ალეკო მახარობლიშვილის პერსონაჟის მონოლოგიც სწორედ იმავე ქალს (მწერლის დიდ სიყვარულს) ეხება... ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის (ერიკ ლარსენი) არც ჟურნალისტია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალთან, რომელიც გია ბურჯანაძის პერსონაჟის წიგნის მთავარი გმირია საკმაოდ ძვირფასი წლები აკავშირებს... აღმოჩნდება, რომ ამ ქალზე პიესის ორივე პერსონაჟი თავისებურად არის შეყვარებული...

სპექტაკლის პირველ ნაწილში, თითქოს, ერიკ ლარსენის დადებითი მხარეები და უპირატესობები უფრო იკვეთება, თუმცა დასასრულისკენ აღმოჩნდება, რომ აბელ ზნორკოსაც აქვს ღირსებები და ბოლომდე ისეთი პიროვნებაც არ არის როგორიც თავიდან ჩანს. სწორედ, აქედან გამომდინარე, შევარჩიე რეცენზიის სათაურიც, რადგან მგონია, რომ ერთმანეთის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს ჩვენთვის ის რომელიმე კონკრეტული ადამიანი. ამ დადგმის და პიესის მთავარი სათქმელიც ხომ ეს არის.

სპექტაკლი 90 წუთის განმავლობაში შესვენების გარეშე მიმდინარეობს და ერთი შეხედვით თითქოს მნიშვნელოვანი არც არაფერი ხდება. მთელი ეს პერიოდი ორი ადამიანის დიალოგია, ისინი საუბრით ერთმანეთს ტანჯავენ, მაგრამ, სწორედ ამ დიალოგში ჩანს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამ დიალოგში ახალ-ახალი შრეები იხსნება, რაც კარგ მაყურებელს ცხოვრებაზეც კი თავიდან დააფიქრებს.

კონკრეტულ მომენტებში მაყურებელი ფიქრობს, რომ სპექტაკლი მთავრდება, მაგრამ სწორედ ამ დროს იწყება რაღაც ახლის აღმოჩენა. დრო არამცთუ დამღლელად, არამედ იმდენად სასიამოვნოდ და საინტერესოდ გადის ბოლოს არც კი გინდა, რომ სპექტაკლი დასრულდეს.

რაც შეეხება სცენოგრაფიას, სცენაზე მარჯვნივ და მარცხნივ თითო-თითო სკამი დგას, ორი ტუმბოთი და ტუმბოზე სანათით. შუაში პატარა მაგიდაა, რომელზეც სასმელი აწყვია. ეს ყველაფერი, ამბის განვითარებაში, გარკვეულ სიმყუდროვეს ქმნის. სცენის სიღრმეში თითქოს მეორე ოთახშია გასასვლელი, სადაც ძველებური მაგიდაა განთავსებული, ასევე დგას მოზრდილი სანათი, ერთი სკამი და ფირსაკრავი. ფანჯრებიდან მოჩანს პეიზაჟი, რომლის ფერთა სიმკვეთრეც თანდათან იკლებს. სივრცეებს ერთმანეთისგან შუშის კარი ყოფს. ერთმანეთის მოპირდაპირედ შავი კედლებია.

კოსტიუმები საერთოდ არ არის გამოყენებული, არტისტებს ჩვეულებრივად აცვიათ, ზედმეტი გადაპრანჭვის გარეშე.

სპექტაკლი ძირითადად, მუსიკალური გაფორმების გარეშე მიმდინარეობს. მხოლოდ რამდენჯერმე გაისმის მელოდია, რომლის კომპოზიტორ ედვარდ ელგარს თავად ერიკ ლარსენი ახსენებს. არც ეს არის შემთხვევითი ამბავი. მელოდიას ალეკო მახარობლიშვილის პერსონაჟი ქალებს ადარებს, როგორც ამ მშვენიერ მუსიკალურ ნაწარმოებს ვერ გაუგებ ვერაფერს, რადგან მისივე თქმით, ზედმეტად იდუმალია, ჩნდება და იქვე სადღაც იკარგება, ზუსტად ასევე არიან ქალებიც. „ვინ გვიყვარს სინამდვილეში?-ეს ჩვენ არ ვიცით“... ამბობს ლარსენი.

მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ასეთი სპექტაკლების დადგმა როგორიცაა „იდუმალი ვარიაციები“ და არა მარტო, მხოლოდ თემურ ჩხეიძეს შეეძლო. ამ გენიალურ, ყველასგან განსხვავებულ და გამორჩეულ რეჟისორს არ სჭირდებოდა ზედმეტი დეკორაცია, გადატვირთული სცენა, თვალისმომჭრელი კოსტიუმები ეფექტის შესაქმნელად. უბრალოდ, არჩევდა საუკეთესო დრამატურგებს, როლებს არგებდა საუკეთესო, ყველასგან განსხვავებულ არტისტებს; აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გია ბურჯანაძის და ალეკო მახარობლიშვილის მიერ საოცრად შესრულებული როლებით, თითქოს, თემურ ჩხეიძესთან ნამუშევარი არტისტები, სხვანაირი ნიჭით და საკუთარი პროფესიის მიმართ უდიდესი სიყვარულით  გამოირჩევიან. დარწმუნებული ვარ, ასე ბევრი თვლის. ვისურვებდი, ეს სპექტაკლი ძალიან დიდ ხანს ყოფილიყოს მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში, რადგან ასეთი დადგმები, ადამიანებს ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და ხშირად, უკეთესობისკენაც კი გვცვლის...

bottom of page