top of page

ერთი ნაბიჯი თავისუფლებისკენ -„OXYGEN“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

705858867_1461189272719817_7334942225186865971_n.jpg

21.06.2026

ანი გონგაძე

ერთი ნაბიჯი თავისუფლებისკენ -„OXYGEN“

„OXYGEN“ არ წარმოადგენს კლასიკური თეატრის ნიმუშს. იგი არ არის აგებული დიალოგებზე, სიუჟეტურ ქრონოლოგიასა და ტრადიციულ დრამატურგიაზე. მისი ძალა ვიზუალურ მეტაფორებში, ფიზიკურ გამომსახველობასა და ემოციურ ენერგიაშია. სწორედ ამიტომ სპექტაკლი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მაყურებლისთვის, რომელსაც ფიზიკური თეატრი და ექსპერიმენტული სცენური ფორმები იზიდავს. მეც სწორედ ამ მოლოდინით ვუყურებდი წარმოდგენას და მალევე მივხვდი, რომ ის მაყურებლისგან არა მოვლენების თვალყურის დევნებას, არამედ ემოციურ და სიმბოლურ პროცესში ჩართვას მოითხოვდა.

ფიზიკური და ცეკვის თეატრის თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი მონოსპექტაკლი „OXYGEN“ თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას, ტექნოლოგიურ დამოკიდებულებასა და ციფრულ სამყაროში საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხეს ეძღვნება. წარმოდგენა მთლიანად აგებულია ფიზიკური თეატრის გამომსახველობით საშუალებებზე და მაყურებელს სთავაზობს არა კლასიკურ სიუჟეტურ თხრობას, არამედ ვიზუალური და სხეულით გადმოცემული მეტაფორებით შექმნილ გამოცდილებას. სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფები არიან ლაშა რობაქიძე და ანა თალაკვაძე, ხოლო წარმოდგენის ერთადერთი შემსრულებელიც თავად ანა თალაკვაძეა. სწორედ მათი ერთობლივი ხედვა განსაზღვრავს სპექტაკლის ფიზიკურ ენასა და ემოციურ დინამიკას.

სპექტაკლი სრულ სიბნელეში იწყება. სცენაზე ერთადერთი სინათლის წყარო მობილური ტელეფონის ეკრანია, რომლის მკვეთრი გამოსხივება თანდათან ავლენს პერსონაჟს. ეს მინიმალისტური, თუმცა ზუსტად გააზრებული რეჟისორული გადაწყვეტა პირველივე წუთებიდან განსაზღვრავს წარმოდგენის მთავარ თემას - ადამიანს, რომელიც ჩაკეტილია საკუთარ სივრცეში და სამყაროსთან კავშირს მხოლოდ ეკრანის საშუალებით ამყარებს. ამ სცენამ თავიდანვე შექმნა იზოლაციისა და მარტოობის განცდა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში თან მდევდა.

ანა თალაკვაძის შესრულება განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ მსახიობი თითქმის მთლიანად სხეულის ენაზე დაყრდნობით ახერხებს შინაგანი მდგომარეობების გადმოცემას. მოძრაობები ზოგჯერ მექანიკური და განმეორებადია, რაც ეკრანზე დამოკიდებული ადამიანის ყოველდღიურობასა და ერთფეროვნებას გამოხატავს. სხვა ეპიზოდებში კი სხეული თითქოს წინააღმდეგობას უწევს უხილავ ძალას, რომელიც მის თავისუფლებას ზღუდავს.

ქორეოგრაფიული სტრუქტურა ზუსტად მიჰყვება რიტმს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა სწორედ მუსიკალური დინამიკის საშუალებით ვითარდება. განსაკუთრებით ძლიერი ხდება წარმოდგენა იმ მომენტიდან, როდესაც მოძრაობები უფრო ენერგიულ და ინტენსიურ ხასიათს იძენს. სწორედ აქ იწყება მთავარი კონფლიქტის, საკუთარი თავის დაკარგვასა და საკუთარი თავის პოვნას შორის ბრძოლის ყველაზე მკაფიო გამოხატვა. ამ მონაკვეთში უფრო მეტად ჩავერთე პროცესში და პერსონაჟის შინაგან ბრძოლაში, თითქოს ვიცოდი შედეგი, თუმცა მაინც დაძაბული ვუცქერდი პერფორმანსს, თუ როგორ გათავისუფლდებოდა პერსონაჟი.

ჩემი დაკვირვებით, სპექტაკლის დასაწყისი, სადაც ეკრანზე მიჯაჭვულობისა და ჩაკეტილობის მდგომარეობაა წარმოდგენილი, გარკვეულწილად გაწელილ შთაბეჭდილებას ტოვებს. მთავარი სათქმელი საკმაოდ სწრაფად იკითხება, ეს მდგომარეობა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება ისე, რომ ყოველთვის არ ჩნდება ახალი შინაარსობრივი აქცენტი. შედეგად, პირველ ნაწილში ტემპორიტმი ოდნავ ნელდება და გარკვეულ მომენტებში ჩემი ყურადღებაც შესუსტდა. თუმცა ეს ხარვეზი სპექტაკლის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვნად კომპენსირდება.

სპექტაკლის ყველაზე ძლიერი ნაწილი, ჩემი აზრით, ფინალია. თუ დასაწყისში პერსონაჟი მთლიანად ჩაკეტილი და დამორჩილებულია საკუთარ დამოკიდებულებას, ფინალურ ეპიზოდებში უკვე აშკარად იკვეთება გათავისუფლების სურვილი. მოძრაობები უფრო რიტმული, ენერგიული და ემოციურად დატვირთული ხდება. სცენაზე ვხედავთ ადამიანის აქტიურ ბრძოლას საკუთარ თავთან, საკუთარ შიშებთან და იმ სივრცესთან, რომელმაც მისი იდენტობა შთანთქა.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ფინალური მონოლოგი. მთელი სპექტაკლის განმავლობაში სიტყვა პრაქტიკულად არ გამოიყენება, ამიტომ ანა თალაკვაძის ხმა ფინალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მონოლოგში პერსონაჟი საუბრობს საკუთარ დაკარგულობაზე, დაბნეულობაზე, იდენტობის კრიზისსა და საკუთარი თავის ძიებაზე. ეს სიტყვები არა მხოლოდ ხსნის მანამდე ნანახი ფიზიკური მოქმედებების მნიშვნელობას, არამედ მაყურებელს პერსონაჟის შინაგან სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოვებს.

სიმბოლურად დატვირთულია სცენაზე განთავსებული მინის კონსტრუქციაც, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეკრანის, ციფრული სივრცისა და შეზღუდული არსებობის მეტაფორად აღიქმება. ფინალურ სცენაში, მონოლოგის ფონზე, ანა თალაკვაძე შენელებული მოძრაობით წინ მიიწევს. მაყურებლის ყურადღება მთლიანად ამ მოქმედებაზეა კონცენტრირებული. მონოლოგის დასასრულს იგი ერთ ნაბიჯს დგამს და მინის საზღვარს სცდება. ეს ჟესტი სპექტაკლის მთავარი იდეის ყველაზე ზუსტი და შთამბეჭდავი ვიზუალური გამოხატულებაა. პირადად ჩემთვის, სწორედ ეს მომენტი გახდა წარმოდგენის ემოციური კულმინაცია - ერთი ნაბიჯი, რომელიც სიმბოლურად მთელი შინაგანი ბრძოლისა და გათავისუფლების პროცესს აერთიანებდა.

საბოლოოდ, „OXYGEN“ არის თემატურად აქტუალური მონოსპექტაკლი, რომელიც თანამედროვე ადამიანის მდგომარეობას სხეულის ენითა და სიმბოლური სცენური გამოსახულებებით იკვლევს. ანა თალაკვაძის შესრულება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ფიზიკური მომზადებითა და ემოციური სიზუსტით, ხოლო ფინალური სცენა წარმოდგენის მთავარ მხატვრულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის საწყის ნაწილში ტემპორიტმის გარკვეული პრობლემები შეინიშნება, მთლიანობაში წარმოდგენა ქმნის დასრულებული, გააზრებული და ემოციურად დამაჯერებელი ნამუშევრის შთაბეჭდილებას.

bottom of page