top of page

ერთი კაცის...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

33ebfd2f-0f47-43a7-8a70-784c2c97124f.jpeg

26.02.2026

ლელა ოჩიაური

ერთი კაცის...

ქვეყნისა და პიროვნების თავისუფლება, ადამიანის, როგორც მოქალაქის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რითაც ნებისმიერი ერისა და საზოგადოების „ხარისხი“ განისაზღვრება. სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე და ზნეობრივ პრინციპებზე უარი პიროვნებისა და სახელმწიფოს განადგურებას, „ჩამოშლას“ იწვევს. ამ მტკიცე „ფორმულის“ თავისებური ვერსიაა, სინამდვილის ამ კონტრასტებსა და პრობლემებზეა თამაზ ჭილაძის პიესა „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ - პოლიტიკური არსის შემცველი თანამედროვე (2003 წელს შეთხზული) იგავი, რომელიც თანადროულობას არც დღეს კარგავს.

ეს რომ ასეა, მიმდინარე სეზონში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, მისი ახალი წარმოდგენითაც დასტურდება. რეჟისორი ახალგაზრდა ტატო (ტარიელ) კუბლაშვილია, რომლისთვისაც რეალობის, მარადიული ფასეულობებისა და ცხოვრებისეული, ასევე უცვლელი, შეცდომა/დანაშაულების კვლევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დრამატურგისა თუ იმ რეჟისორებისთვის, რომლებმაც პიესა, უკვე გარკვეული გამოცდილების ეტაპზე, საქართველოს უახლესი ისტორიის გამოძახილად და დროში მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ პასუხად, სხვადასხვა პერიოდში და კონტექსტით,  საქართველოს სხვადასხვა თეატრში, რამდენჯერმე დადგეს.

ტატო კუბლაშვილმა სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსში (საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით) წარდგენილი პროექტით (ასევე დებიუტანტ ევა გვრიტიშვილთან ერთად - პროექტი - სლავომირ მროჟეკის „სტრიპტიზი“)  გამარჯვებითა  და ფოთის თეატრის დირექტორ, რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის ხელშეწყობით  მოიპოვა. (ორივე სპექტაკლი ფოთის თეატრის მიმდინარე რეპერტუარშია).

ტატო კუბლაშვილის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“  (ტექნიკური რეჟისორია მაია მებონია) იგავის ფორმაში მოქცეული პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ამავე დროს, ყოფითი ამბავია ერთი (ბევრი) თანამედროვე ადამიანის ცხოვრებიდან. რომელსაც, ამავე დროს, „დრო“ არ აქვს და ზოგად ღირებულებსა და საყოველთაო მორალურ-ზნეობრივ საკითხებს ეხება.

„ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ შეიძლება, ერთი კაცის შესახებაა. შეიძლება, ასის... შეიძლება, მეტის. ღალატისა და არაერთგულების დრამა, რომლის ობიექტი, სამიზნე და მსხვერპლი ერთიცაა და ბევრი სხვაც. ამბავი ძალაუფლებით ტკბობისა და იმის შესახებ, რომ  ხელისუფლების ნებისმიერ საფეხურზე ყოფნა, ვიღაცის „რწმენით“, პრივილეგიას, უსაზღვრო უფლებებსა და სხვებზე „ბატონობის“ უპირატესობას ანიჭებს. უფლებას „აძლევს“, პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით, გაყიდოს მიწა - ქვეყანა... ამბავი ერთი კაცის, ან - ასის და იმის შესახებ, როგორ სრულდება ასეთი გზა და არჩევანი, ადრე თუ გვიან, ჭალაში, თუ სხვაგან...

ამბავი, რომელსაც მნიშვნელოვან და არალოკალურ პრობლემებს მოიცავს, საზოგადოების „ვიწრო წრეში“ ვითარდება, მოვლენები რამდენიმე საკვანძო ეპიზოდზეა აგებული, რამდენიმე მოქმედი გმირის ჩართულობითა და ზუსტი აქცენტებით - პირდაპირ ნათქვამი სიტყვით, როგორც რეალობის რეზიუმე და „არარეალისტური“ ვიზუალური გამომსახველობით შექმნილ, ცარიელ სივრცეში, წარმოსახვით, განტევებულ გარემოში.

სპექტაკლის ქარაგმულობას თხრობის სტილი და პერსონაჟების განზოგადებული სახეები განსაზღვრავს. თითოეული პერსონაჟის თვისებები, მოვლენებში სხვადასხვა ფორმით ჩართულობა არა მხოლოდ უშუალოდ მათ პირად, კონკრეტული საკითხის არსსა და პრობლემის სიმწვავეს გამოკვეთს, არამედ, რეალობის მკვეთრი მეტაფორული პანორამული მოზაიკასავით იგება.

გარემო - სანდრო ჯავახიშვილის დეკორაცია - პირობითი, არაკონკრეტული და სიმბოლურია. ერთმანეთზე გადაბმული და ვერტიკალურად დაშვებული მოძრავი, დანაწევრებული თეთრი, თითქოს ძველი, დაზიანებული კედლები, უსაგნო, არამყარი ტიხრები სივრცესაც მიჯნავენ, დროის საზღვრებსაც და შინაგანი უწონადობის მდგომარეობაში მოხვედრილი საზოგადოების არსებობის ეფექტს აძლიერებენ.

მსახიობები: ჯანო იზორია - ანდრო, ბექა ჯუმუტია - ბაადური, თამუნა აბშილავა - დოდო (ანდროს ცოლი), ანი ანდღულაძე - დელი (ბაადურის ცოლი), ნოდარ ბჟალავა - დავითი (ანდროს მამა), ნინო გოშაძე - მკვლელი ქალი, გუკა დვალიშვილი - ვაჟა (ანდროს მცველი) - ქმნიან საზოგადოების ჯგუფურ პორტრეტს, პერსონაჟების კრებით, ზოგად ტიპაჟურ სახეებს, არა ერთი ნაცნობი თვისებით, მახასიათებლითა და ფსიქოლოგიური კატეგორიების ზუსტი ნიშნების მომცველი მეტყველი ხერხებით. 

სპექტაკლის ცენტრალური ღერძი ანდროსა და ბაადურის ურთიერთობის, მათი (მათი მსგავსი ადამიანებისა და ბიოგრაფიის) წარსულისა და ამ ურთიერთობაში გაჩენილი წინააღმდეგობის, შეხედულებების დაპირისპირების, უპირველესად, ამჟამინდელ ვითარებაზე იგება.

ანდრო და ბაადური - ძველი მეგობრები, ოდესაღაც, ქვეყნის თავისუფლებისთვის თანამებრძოლი, რეჟიმის წინააღმდეგობისთვის დაპატიმრებული, შემდეგ გამარჯვებული და ამჟამად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველი პირები  არიან, რომლებმაც, პირადი კეთილდღეობის გამო, გარემომცველ  საზოგადოებასთან ერთად, მათთან შეთანხმებითა და მათი ჩართულობით, საკუთარ თავს, განვლილ ცხოვრებასა და კეთილშობილ  იდეებს უღალატეს, ქვეყანაში კორუფცია და უსამართლობა დააკანონეს, ქვეყნის აწმყო და მომავალი გაწირეს და ჩიხში აღმოჩნდნენ.

ჯანო იზორიას ანდროს სინანულის, არსებული მდგომარეობის მტკივნეული გაცნობიერების ეტაპების თანდათანობით გადალახვა უწევს. მსახიობი „შეუმჩნეველი“ შტრიხებითა და „მკვეთრი ნაბიჯების“ გარეშე გადის პიროვნებაში მიმდინარე ცვლილებების, სულიერი მერყეობის  რთულ და მძიმე შინაგანი წინააღმდეგობის გამომხატველ პროცესს.

და თუ ანდროს სინანულის გრძნობა და რაღაცის შეცვლის სურვილი უჩნდება, მისგან განსხვავებით, ბექა ჯუმუტიას ბაადურს, სახეც და ღირსებაც უკვე საბოლოოდ დაკარგული აქვს. მსახიობი მისი ბუნების, არსის, საქციელის, მიზნების მოტივაციას დაუნდობლად და მკაფიო ხერხებით ამხელს. იგი ასახიერებს ორმაგი  ბუნების, ნიღბიან ადამიანს, რომელიც კვლავ მზადაა, მორიგი დანაშაული ჩაიდინოს და ანდროც კვლავ აცდუნოს.

ანი ანდღულაძის, თამუნა აბშილავას, ნინო გოშაძისა და  გუკა დვალიშვილის გმირები, იმის მიუხედავად, რომ მათი როლი მოვლენების განვითარებაში დიდია, და თითოეულს ზუსტი ფუნქცია, პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს, უფრო სახე-სიმბოლოები არიან,  ფარისევლებისა და ზნეობადაკრგული საზოგადოების სარკედ.

მსახიობები, მეტყველების, ქმედების, მოძრაობის სპეციფიკურობითა და ზუსტად შეხამებული ფერებით, ქმნიან ტიპაჟებს, რომლების პროტოტიპების ამოცნობაც გარემომცველ მიღმიერ სინამდვილეში, რთული არაა. მათ პლასტიკას, ინდივიდუალობასა და  პერსონაჟების მათეული სახეების თავისებურებებს ქორეოგრაფი ირინა კუპრავა პლასტიკაში   გამოკვეთს, ერთიან დინამიკაში აქცევს, გამომსახველობას ანიჭებს და მოქმედების ტემპო-რიტმსაც განსაზღვრავს.

რიგ სცენებში რეალობა საზღვრებს მიღმა აღმოჩნდება. ერთი სივრცე, ასევე პირობითად, მეორით იცვლება და დროის ფარგლებს სიმკვეთრე ეკარგება. ასეთ შემთხვევებში მსახიობებიც კვლავ ცვლიან თამაშის ხერხებს, მათი მოქმედება და ტექსტის წარმოთქმის სტილი მანერული და ხაზგასმით უტრირებული, ექსპრესიული, მოძრაობა სპეციფიკური  ხდება და რიტმიც იცვლება.

ანდროს შეხვედრა შინდაბრუნებულ ცოლთან, ეპიზოდი დელისთან, საუბარი ვაჟასთან,  მკვლელი ქალის გამოცხადება, ანდროს  მკვლელობა - ეპიზოდები დავითის ფინალური აკორდამდე - შეთქმულების მონაწილეების ერთგვარ რიტუალურ სურათებად იშლება და ძალადობრივი სისტემის  კარგად გამართული მექანიზმის ორგანიზებული მუშაობის მსვლელობას ამხელს. 

საკვანძო და მნიშვნელოვანი ხაზი შაოსანი და მკვლელი ქალის ეპიზოდებია. მას ორმაგი „ფუნქცია“ და დატვირთვა აქვს სპექტაკლის მსვლელობაშიც და ანდროს ცხოვრებაშიც. შავებში ჩაცმული ქალის -  სიმბოლური ფიგურის გამოჩენა სპექტაკლის პირველივე ეპიზოდში - მოვლენების დრამატული განვითარების პირველ ნიშანს იძლევა. ეს სცენა ჭუბერის უღელტეხილის ტრაგედიის ერთ-ერთი რეალური ეპიზოდის შეხსენებაცაა, მის ასოციაციას იწვევს, მისი მარადიული შეხსენებაა. მოლანდება ანდროს ზმანებიდან, სიზმრიდან, თუ მოგონების ფრაგმენტი - პასუხისმგებლობის, სინდისის ქენჯნისა და შურისძიების გარდაუვალობის ალეგორიაა და ბედისწერის ხატის ძალა აქვს.

„ჭალას ჩიტი მომკვდარიყო...“ -  სპექტაკლს რეფრენად გასდევს და სადღაც მდებარე მითური ჭალისა და იქ მომკვდარი ჩიტის მეტაფორა ზღაპრის ფორმატს უქმნის.

ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი „ის ჭალა“ (მეხსიერება ოდნავ თუ გვივარგა)  დაჭაობებული ან უკვე ჭაობია, რომელშიც ადამიანები თვითონვე შედიან, ეფლობიან და შემდეგ გამოსვლას ვერ ახერხებენ. მარადიული წრებრუნვის პროცესი უცვლელ სქემასავითაა, რომელიც ერთნაირად იწყება, ვითარდება და სრულდება.

სპექტაკლის სინამდვილე წარმოსახვის, სიზმრისა და რეალობის ნაზავია.გიორგი ეჯიბაშვილის მუსიკა მის ტონალობას ზუსტ რკალს უქმნის, არა, როგორც, ვთქვათ, აკომპანიმენტი ან ფონოგრამა. მუსიკა ამძაფრებს და ააქტიურებს შეგრძნებებს, მოვლენების, ამბის, პერსონაჟების „ანატომიის“ შინაგანი გამოძახილია.

ერთადერთი, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა და იდეალების, ოდესღაც არსებული მიზნებისა და მთავარი ღირებულებების ერთგული დარჩა - მართალი და გულწრფელი, ურჩი და დაუმორჩილებელი - ნოდარ ბჟალავას დავითია. იგი შეშლილს გავს (უნდა გავდეს კიდეც შეშლილს, არსებულ გარემოში), უცხოა, გაუცხოებულია, მოხუცებულობით დაძაბუნებულს - გადაადგილება უჭირს, ხმა უკანკალებს, თითქოს სხვა, უკვე გარდასული დროიდან, სხვა სივრციდან და იმ ქვეყნიდანაა, რომელიც „აღარ არსებობს“. და რომლის, თუ რომელთან დაბრუნების სურვილი, მიზანი და იმედი მაინც აქვს.

სწორედ დავითი აფარებს მოკლული შვილის სხეულს პირველი რესპუბლიკისა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ სახელმწიფო - შინდისფერ დროშას.  სცენას მხნე და მტკიცე შეძახილით - „გაუმარჯოს თავისუფლებას!“ - ტოვებს და ამით, სპექტაკლის ლოგიკურ და მთავარ მახვილს სვამს.

„ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ სრულ სიბნელეში იწყება და ასევე მთავრდება. პროლოგი და ეპილოგი თითქოს წრეს უვლის მოვლენების მთავარ მსვლელობას. ჩაბნელებული დარბაზის სხვადასხვა კუთხიდან, მთელ სივრცეში განფენილი, აღელვებული ადამიანების ხმები, ყვირილი, წამოძახილები ისმის, ხმები და შეძახილები სწორედ იმ დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებსაც ანდრო, ბაადური და მათი ხელისუფლება ჩადიან, მათი მხილებითა და მიუღებლობის გამომხატველად, სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. და პროტესტების ზოგად დინამიკას უერთდება.

„ერთი კაცის“ ამბავი დამთავრდა, მაგრამ არაფერი დასრულებულა. საზოგადოებაში პროტესტი მაშინ ჩნდება, როდესაც ხელისუფლება მის წინააღმდეგ მიდის და თავის მოვალეობებსა და ვალდებულებებს აღარ ასრულებს.

ზღაპარი კი ისაა და ყველგან და ყოველთვის იმისთვის იქმნება, რომ დაგვაფიქროს და გავითვლისწინოთ მასში მოთხრობილი ამბავი და მორალი. ისტორიის გაკვეთილებიც საზოგადოებას, ნებისმიერ ადამიანს, „დიდ თუ პატარა“ მოხელეს რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის ან გამოსწორების შანსს აძლევს. თუმცა, ხომ ვიცით, რომ ესეც ილუზიაა.

„ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ყოველთვის მართალია!“, - ასე ასწავლიდა დავითი ანდროსა და ბაადურს. ეს „ცოდნა“ მათ დაივიწყეს. უარყვეს. ისიც დაივიწყეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის სამართლიანია. შეიძლება, ყოველთვის გამარჯვებით არ სრულდება, მაგრამ აზრი, მნიშვნელობა და გამართლება ყოველთვის აქვს. სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლი და დაუმორჩილებელია ყოველთვის მართალი.

bottom of page