ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი - 2021
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი - 2021
რა არის ეროვნული თეატრი, თუ არა მშობლიური ენა, ქართული სიტყვა. ამდენად ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსედ ტარდება სამცხე-ჯავახეთში, მესხეთში, კერძოდ კი ახალციხის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, მართლაც რომ ღირსშესანიშნავი მოვლენაა.
საქართველოში ათამდე თეატრალური ფესტივალი არსებობს და ყველას განსაკუთრებული, თავის ნიშა და ადგილი უკავია, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიც ამ განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა და სწორედ აქ, სადაც ქართული ენის შენარჩუნებასა და ზოგადად ქართული თეატრის არსებობას უდიდესი როლი და ფუნქცია აქვს. მისმა დამფუძნებლებმა (გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი, გიორგი შალუტაშვილი) და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა სწორად გათვალეს და ჟანრობრივ ფესტივალს ის ადგილი მიუჩინეს სადაც მისი არსებობა ყველაზე დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამ მნიშვნელობამ განაპირობა ისიც, რომ მძიმე პანდემიური პირობების გათვალისწინებით თითქმის ყველა ფესტივალი გაჩერდა - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით ეს ფესტივალი მაინც ჩატარდა. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ, თუ არა ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდას, ახალქალაქის და ადიგენის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ეს ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა.
მასში საქართველოს უმეტესი თეატრები მონაწილეობენ და ამიტომაც მისი ხანგრძლივობა ორ კვირაზე მეტია, ახალციხელი თეატრის მოყვარულები ქართულ პიესებზე დადგმულ 15-მდე წარმოდგენებს ნახავენ.
ფესტივალის გახსნის პატივი „თავისუფალ თეატრს“ ეკუთვნის და ეს უკვე ტრადიციად იქცა. ფესტივალი წლიდან წლამდე მაყურებელთა დასწრებით და მათი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა, თუმცა ამავდროულად უნდა თქვას რომ პროგრამის გადახედვისას კიდევ ერთხელ რწმუნდები თუ რა მწირი თანამედროვე ქართული პიესები მოგვეპოვება და თუ ასეთი მაინც არსებობს ისინი არც თუ ისე ხშირად იდგმება ჩვენი თეატრის სცენებზე.
ამ სიმწირის გამოა, რომ უკვე კლასიკად ცნობილ დრამატულ ნაწარმოების გვერდით ჩნდებიან პროზაული ნაწარმოებების სცენური ინსცენირებები ან თუნდაც „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, რომელიც „თავისუფალმა თეატრმა“ ჩამოიტანა. დამდგმელი და ავტორი ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის ავთანდილ ვარსიმაშვილია, განხორციელებული ფილიპ ლელუშის იდეის მიხედვით. ასევე ძალზე საყურადღებოა თამთა მოლაშვილის რომანის „შაშვი შაშვი მაყვალის“ სასცენო ინსცენირება, რომელიც რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ დადგა ზუგდიდის შ. დადიანის სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრში; ვაჟა ფშაველას „სტუმარ მასპინძლის“ ორი ვერსია: რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახ. პროფესიულ დრამატულ (რეჟისორი სოსო ნემსაძე) და ახალციხის სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრებში (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი); ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრის (რეჟისორი რამაზ იოსელიანი) და „Hellados“ თბილისის ახმეტელის სახ. მუნიციპალური თეატრის სპექტაკლები.
„სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ საქართველოში გადმოტანილი ვერსიაა. სამი სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები ერთ ოთახში აღმოჩნდებიან. როგორ იცვლება მათი ბედი წინა ცხოვრებასთან შედარებით და რა ელით მათ წინ, ამაზე მოგვითხრობს პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ოთხ მსახიობთან ერთად: თათული ედიშერაშვილი, მამუკა მუმლაძე, ჯაბა კილაძე ბაჩო ქაჯაია. სცენოგრაფი მირიან შველიძე მინიმალურ დეკორაციაში აწყობს სათამაშო სივრცეს: მხოლოდ ოთხი სკამი და კარი, საიდანაც ჩნდება ვერცხლისფერი ჩემოდნით ექიმი თინათინი, შემდგომ მათი მსაჯული და მხსნელი ანგელოზი. პიესა მროჟეკის („სტრიპტიზი“) ან „შავი კომედიის“ დრამატურგთა სტილს უნდა მივაკუთვნოთ, სადაც ბუნებრივად თუ ხელოვნურად შექმნილ გარემოში „ჩაკეტილ სივრცეში“ ხვდებიან პიესის პერსონაჟები, არკვევენ ურთიერთობას, იცვლებიან, განიცდიან მეტამორფოზს ან საერთოს ვერ იცვლებიან. როგორც წესი ასეთ პიესებში არსებობს ერთი პერსონაჟი, რომლის დანიშნულებაა „ნიღაბი ახადო“ მის წინაშე მდგომთ ან თუნდაც თვალი აუხილოს, ახალი ცხოვრების გზაზე დააყენოს ან სამუდამოდ დასაჯოს. (მაგ. მარტინ მაკდონას „ნაბუშვრები“). ასევე ხშირად დგება ხოლმე სინდისის ქენჯნის, ცოდვების მონანიების და რაც მთავარია კათარსისისა და განწმენდის აქტუალობა. ქართულ ნიადაგზე გადმოტანის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია რომ სპექტაკლის ფინალი არაქართულია. მხედველობაში მაქვს სოსოსა და ბორისის თავგანწირვა გიორგის გადასარჩენად, თუმცა ჩემი აზრით რეჟისორს მოსწონს ასეთი „ოპტიმისტური“ ფინალი, რაც „შეგონებად“, სწორ გადაწყვეტილებად უნდა აღიქვას მაყურებელმა. საერთოდ მინდა გავიხსენო, რომ თავისუფალ თეატრში ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლები იმ ნიშნით გამოირჩევა, სადაც რეჟისორი კარგი გაგებით „მოძღვრას“ მაყურებელს, მიუთითებს სწორ არჩევანზე, იმაზე თუ როგორი აუცილებელია ზუსტი გადაწყვეტილების მიღება საჭირო მომენტში. ამიტომაცაა დღევანდელი „თავისუფალი თეატრი“ ერთ-ერთი აქტუალური და „ცოცხალი“, რომელიც ყოველთვის პასუხებს დროის გამოწევებს და ადეკვატურად აღიქვამს მომდინარე მოვლენებს.
ბუნებრივია, რომ ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი გამოვიდა სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თეატრის ეწ. სავიზიტო და საპრემიერო სპექტაკლები. ასე მაგალითად ზუგდიდის შ. დადიანის სახ. სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა ახალციხის მაყურებელს უჩვენა სპექტაკლი „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომლის პრემიერაც წინა კვირაში გაიმართა - ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე.
საზოგადოების და პიროვნების ურთიერთობა, ადამიანის თავისუფალი არჩევანი, დოგმებიდან განთავისუფლება, თუნდაც გარემომცველი სამყაროსა და იქ დასახლებულ პირთა საპირისპიროდ ხშირად გამხდარა პროზაული თუ დრამატურგიული თხზულების საფუძველი: „ირინეს ბედნიერება“ და „უბედურება“ კლასიკოსის დ. კლდიაშვილის ეს უბერებელი პიესები ან თუნდაც ჟ. ბ. მოლიერის „მიზანთროპი“ ჰ. იბსენის „ხალხის მტერი“ და „თოჯინების სახლი“, გ. ფლობერის „მადამ ბოვარი“ და მრავალ სხვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ეს პრობლემა ოდითგანვე აწუხებდა მწერლებს. თამთა მელაშვილის რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც ბ. სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა სულ მალე იქცა რეჟისორ ნიკა ჩიკვაიძის ინტერესის სფეროდ. სწორედ ნიკა ჩიკვაიძე იყო ის ახალგაზრდა რეჟისორთაგან ერთ-ერთი, რომელმაც თავისუფალი თეატრის სპექტაკლში „ირინეს ბედნიერება“ მთელი სიმძაფრით დააყენა ეს პრობლემა. ამდენად მისი ინტერესი დასახელებული რომანის მიმართ სავსებით გასაგებია. ეთერი, სამეგრელოს ერთ-ერთი პატარა ქალაქის მკვიდრი, რომელიც მთელი თავისი უღიმღამო ცხოვრების რაღაც ეტაპზე (რასაც სრულიად შემთხვევითი მოვლენა შეუწყობს ხელს) უპირისპირდება ყველას ვისთანაც კი როდისმე ურთიერთობა აკავშირებდა.
ანანო დოლიძის მიერ შექმნილი რკინის კონსტრუქცია - ეთერის პარფიუმერიის მაღაზია ის ასპარეზია, სადაც მთავარი გმირი - მარინა დარასელია ცხოვრობს და იღწვის. მაყვლის მურაბის ქილებით გადავსებულ თაროებზე სცენოგრაფი სიმბოლურად აერთიანებს ერთნაირ ნაცრისფერ ყუთებად, გასაყიდ საქონლად, რომელთაც ყველანაირი მნიშვნელობა დაუკარგავთ ეთერისთვის, ისინი მხოლოდ საქონელია, დროდადრო თაროდან თაროზე რომ გადააქვს.
ცოცხალი იუმორით, თვითირონიით გაჯერებული თამთა მელაშვილის ძალიან საჭირბოროტო ტექსტი მსახიობს მიჰყავს „სულმოუთქმელად“, თითქმის ერთი ამოსუნთქვით და სხაპასხუპით, რომლის უკან იკითხება ის განცდა და ემოცია, რომელიც პერსონაჟს დაუფლებია. დარასელია ხან მაღლა, რკინის კიბეზე ადის, რათა იქიდან ხმამაღლა, ყველას გააგონოს თავისი გულისტკივილი, ხან ენგურის ნაპირზე გაიჭრება მაყვლის საკრეფად, რაც თავისუფლებისკენ ლტოლვის გამოხატულებაა. ბუნებაში მარტო დარჩენილი მხოლოდ აქ გრძნობს თავს საუკეთესოდ. მისი ეთერი იცვლება ყოველი ახალი ფრაზის წარმოთქმის შემდეგ და ეს ცვლილება გარდაუვალია. სწრაფმა გათავისუფლებისკენ, საკუთარი თავის აღმოჩენისკენ იმდენად ძლიერია მასში, რომ ამ დროს სასურველ მამაკაცსაც (პირველსა და უკანასკნელს) უარით ისტუმრებს. მასთან წუთიერი, შემთხვევითი ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდა იმ ბიძგისათვის, რამაც შემდგომში მისი ბედი გადაწყვიტა. დისტრიბუტორი (ზურაბ ლაშხია) მისთვის მხოლოდ კაცია, რომლის სახელიც კი არ იცის. მის მკლავებში აღმოჩენამ გზა გაუხსნა კომპლექსებისგან განთავისეფლებისკენ, პიროვნული თავისუფლებისკენ და ისეთი მომავლის შენებისკენ, რომელსაც მხოლოდ თვითონ შექმნის, სხვათა ჩაურევლად და იმ საზოგადოების საპირწონედ, ვინც ნახევარი ცხოვრება გარს ეხვია და მის ყოველდღიურობაში ერეოდა. ფერადი „ნიფხვის“ საყიდლად წასვლაც ის პროტესტია, რის უფლებასაც ადრე არასდროს საკუთარ თავს არ მისცემდა. შავებში გამოწყობილ წითელი ხილაბანდიან გამყიდველთან (თეა ცინცაძე) შეხვედრა ხარისა და ტორეადორის ბრძოლას ჰგავს, სადაც ეთერი-მარინა დარასელია ბედისწერაზე იმარჯვებს. სპექტაკლის ფინალში ეთერი თავისუფალი ქალია, ამ ასაკში შვილის გაჩენაც კი აღარ ზღუდავს მის პიროვნულ თავისუფლებას.
რეჟისორმა ძალიან სწორად აირჩია მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მარინა დარასელია, რომლის ბოლო დროის წარმატებები ზუგდიდის თეატრის სცენაზე ერთი მხრივ კანონზომიერია, მეორე მხრივ კი ცოტა მოულოდნელიც. გასულ სეზონებში თითქოსდა „მივიწყებული“ მსახიობი, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის თეატრში მოსვლის შემდეგ ახალ შემოქმედებით მოღვაწეობას იწყებს. მისი ბოლო როლები ა. ჩიღვინაძის „უხერხემლო“ (რეჟისორი დ. თურქიაშვილი), რეჟისორი ლაშა შეროზიას მიერ დადგმული ჰანონ ლევინის ნოველების მიხედვით „დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი“ და დღევანდელ სპექტაკლში ეთერი არა მხოლოდ მსახიობის გამორჩეული როლებია, არამედ ზუგდიდის თეატრის თითქმის მთელი ახალი რეპერტუარი.
ვაჟა ფშაველას სახ. თელავის სახ. პროფესიული თეატრის სპექტაკლი „გაჭედილები“ (ნ. რამიშვილი, გ. ჩაკვეტაძე) ერთ ბანალურ ისტორიას მოგვითხრობს. მრავალსართულიანი შენობის ლიფტში გაიჭედებიან სრულიად უცნობი ადამიანები, მხოლოდ სკოლის ჭორიკანა მასწავლებელი (ნონა ხუმარაშვილი) ერთადერთია, რომელიც ყველას თუ არ იცნობს, მასზე ბევრი სმენია. გ. ჩაკვეტაძის დადგმულ სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად (გიორგი გელაშვილი, ლექსო რაზმაძე-ცინკვერაშვილი, ლაშა წიფლაშვილი, ნინა დვალიშვილი, მარიამ მაისურაძე დათა ხუნაშვილი) თამაშობენ საშუალო თაობის მსახიობებიც ნინო კურტანიძე და ნონა ხუმარაშვილი. კახური იუმორით, ორ კვადრატში მოქცეული ადამიანების კონფლიქტებით და ზოგჯერ ჩხუბით და გინებით გაჯერებული წარმოდგენა ცოცხლად აღიქმება მაყურებლის მიერ.
მეტად მნიშვნელოვანი იყო პეტროს ადამიანის სახ. თბილისის სომხური თეატრის ჩამოსვლა მესხეთში, რომელმაც ახალციხის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობას სომხურ ენაზე უჩვენა ა. ცაგარლის და ქ. ბახუტაშვილის „ძველი ქართული ვოდევილები“, რომელიც ორმოცაათიოდე წლის წინ დადგა ვასო გოძიაშვილმა, რასაკვირველია ამ თეატრის ახალგაზრდა მსახიობები შესრულებით. სომხურ ენოვანმა და ქართველმა მაყურებელმა ერთნაირი სიამოვნებით მიიღო ვასო გოძიაშვილის მიერ შექმნილი მუსიკალური ფრაგმენტები, შესრულებული ქართულ ენაზე.
ფესტივალი მიმდინარე პროცესია და მას თითქმის ყოველთვის ახლავს ორგანიზაციული სახის მოულოდნელობები. წინასწარ გამოცხადებული სპექტაკლის შეცვლაც არაა ახალი და მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი და დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი მტკივნეულად განიცდიან ასეთ ცვლილებებს. დღესაც რუსთავის თეატრის სპექტაკლის ნაცვლად, რომელიც ვერ ჩამოვიდა მსახიობის ავადმყოფობის გამო მაყურებელს შესთავაზეს სპექტაკლი ახალციხის თეატრის რეპერტუარიდან „გაქცევა“, რომელიც რასაკვირველია პროგრამაში არ მოიაზრებოდა, შემდეგი დღე კი ნ. დუმბაძის მოზარდ-მაყურებელთა თეატრისაა. მათი სპექტაკლი „სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ“ დ. ხვთისიაშვილის ა. მირიანაშვილის დრამატული კომპოზიცია - ამბავია ერთ სიყვარულზე და იმ ტრაგედიაზე, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა დამოუკიდებლობის მიღებისთანავე - აფხაზეთის დაკარგვა და ბევრი შერეული ოჯახების დანგრევა მოჰყვა. ამ ნაწარმოებში კი პირიქითაა - მოყვრდებიან ქართველი და აფხაზი ოჯახები, ისინი ვინც მავთულ-ხლართების გამყოფი ზოლის სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან და შერიგება, მართალის ძალიან რთულად, მაგრამ მაინც შედგება. ესაა ჰიმნი მეგობრობაზე, შერიგებაზე, პატიებასა და მიტევებაზე, ასევე გმირთა სამარადისო ხსოვნაზე, ურთიერთპატივისცემის აღდგენაზე და რაც მთავარია ურთიერთნდობის დანერგვაზე ახალგაზრდობასა და მომავალ თაობას შორის, რომელთაც ომი მხოლოდ მოყოლით გაუგიათ - წყნარდება შვილმოკლული ქართველი დედაც (თამარ მამულაშვილი), როდესაც ყველას და უხუცესი აფხაზი ბაბუს (ნუგზარ ყურაშვილი) თხოვნით მიცვალებულის სულს „გაათავისუფლებს“ მუდმივი და გლოვისგან და ზეცაში გაუშვებს.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. პროფესიული თეატრი სამცხე-ჯავახეთს მ. კუკულავას (რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი) პიესით „გადაუღებლად წვიმს 13/06“ ესტუმრა. უნდა აღინიშნოს, რომ ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგოს“ მსგავსად, მხოლოდ ეს ორი თანამედროვე ქართული პიესაა, რომელიც ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ იმას მოწმობას, რასაც მიმოხილვის დასაწყისში ვწერდი თანამედროვე ქართული დრამატურგიის სიმწირეზე. ორივე პიესა მ. თუმანიშვილის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, ერთი მათგანი „მაცეკვე ტანგო“ კი მისი 2021 წლის ლაურეატიც კი.
მაკა კუკულავას „13.06“ უკვე მეორედ დაიდგა - პირველად სამეფო უბნის თეატრში (რეჟისორი იოანე (ვანი) ხუციშვილი) ლილი ხურითისა და მალხაზ აბულაძის მონაწილეობით, ქუთაისის თეატრში კი ამ როლებს ენდი ძიძავა და დავით როინიშვილი თამაშობდნენ. პიესა 13 ივნისის ტრაგედიის გამოძახილია, როცა ადიდებულმა მდინარე ვერამ მის ხეობაში მცხოვრები ადამიანები იმსხვერპლა, თბილისის გმირთა მოედანი დატბორა და ზოოპარკი გაანადგურა. ამ უბედურების დროს ერთ ოთახში გამოკეტილი ორი ძველი შეყვარებული ასევე საკუთარ, განადგურებულ ცხოვრებას წარმოგვიდგენენ და ცდილობენ გაერკვნენ რა იყო ამის მიზეზი და ვის უფრო დიდი „წვლილი“ მიუძღვის ასეთ დასასრულში.
შემდეგი დღეები კი ნოდარ დუმბაძის პროზაული ნაწარმოების ინსცენირებას დაეთმო - ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიული თეატრის სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ (რეჟისორი რ. იოსელიანი) და მისივე „Hellados“ ა. ახმეტელის სახ. დრამატულის თეატრის წარმოდგენა (რეჟისორი ი. გოზალოვა). ეს უკანასკნელი პირველად ნ. დუმბაძის სახ. ოზურგეთის თეატრალური ფესტივალის პროგრამაში იყო წარმოდგენილი აზერბაიჯანელი მსახიობების მონაწილეობით, რომელმაც ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც ა. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგია ი. გაზალოვა თეატრში მიიწვია და რეჟისორმა თავის წარმოდგენა იქ გადაიტანა ამჯერად ქართველი მსახიობების ანდრია გველესიანის და გიორგი ცხადაძის, ნუგზარ ყურაშვილის, თამარ ჟორდანიას, ნინო ციმაკურიძის, მაია ვაწაძის მონაწილეობით.
ბოლო წლებში „საბრალდებო დასკვნა“ რამდენიმე თეატრის: თელავის, რუსთავის და ამჯერად ფოთის თეატრის რეპერტუარში ჩნდება. განხორციელდა კოპროდუქციაც, სადაც პ. ადამიანის სახ. სომხური თეატრის მსახიობებიც კი იყვნენ ჩართული. რასაკვირველია ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირება თვით ავტორისა და გიგა ლორთქიფანიძის მიერ იმ დროისა გამოხმაურება იყო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და თითქმის ყველა თეატრის სცენა მოიარა. თუმცა დღეისათვის რეჟისორებს მისი დადგმის დროს, ჩემი აზრით დიდი სიფრთხილე მართებს, რათა არ მოხდეს ახალგაზრდა თაობაში ეწ. ქურდული სამყაროს ზედმეტი გაიდეალება და პროპაგანდა, რომლებმაც შესაძლებელი არასწორად გაიგონ ის ფაქტი, რომ ნოდარ დუმბაძე დოკუმენტურად აღწერდა ციხის ცხოვრებას და იქ მიმდინარე შიდა პროცესები მხოლოდ მისი განკიცხვის საგანი იყო და არამც და არამც მისი შელამაზება.
რაც შეეხება სპექტაკლს, უნდა ითქვას რომ თავისი მხატვრული გაფორმებით, სცენოგრაფიით და რეჟისორული გადაწყვეტით ამ წარმოდგენაშიც ყველაფერი ისევეა, როგორ მის წინამორბედებში. ამის ბრალი ალბათ ის სტერეოტიპია, რაც ამ სპექტაკლის დადგმის ისტორიას თან სდევს.
საერთაშორისო პროგრამის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ პირველი მათგანი მოლდოვის ქ. კაპულის რესპუბლიკური მუსიკალურ-დრამატული თეატრის მონაწილეობა წარმოდგენით მ. პრეპელითას „ორს პლიუს ერთი და ცხენი“ რეჟისორი გ. მანდრუ, თეატრებს შორის მეგობრობის აღსანიშნავი ჟესტი იყო (თავისთავად მას ეროვნულ დრამატურგიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია). ამ წარმოდგენით მეტად საყურადღებო, პოლიტიკური თეატრის საინტერესო ნიმუში ვიხილეთ. ამბავი საბჭოთა ეპოქაში მიმდინარეობს და იმ ტრაგედიას ასახავს რაც ჩვენთვის ძალზე ნაცნობია - მშობლიური ტერიტორიების მიტაცება დამპყრობელი ქვეყნის მიერ. სცენაზე მხოლოდ რამდენიმე კუნძი, ხორბლით სავსე ტომარა და დიდი ურემია, რომელშიც დროდადრო წარმოსახვითი ცხენი შეებმება. ცოლის და ქმრის გამუდმებული კამათი და ჩხუბი ჩვეულებრივი მოლდავური ოჯახის ყოფითი ცხოვრებაა, რომელიც საბჭოთა ეპოქის პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული. ბესარაბიის ორად გაყოფა, მოსახლეობის ტერორი, ოჯახების დანგრევა და საბჭოთა პოლიციელის თავნებობა ამ სპექტაკლის მთავარი თემაა.
რაც შეეხება უკრაინის ქ. ხერსონის რესპუბლიკური მუსიკალურ-დრამატული თეატრის წარმოდგენას ის სრულიად პასუხობდა ფესტივალის ჟანრობრივ თემატიკას, რადგან ამ კოლექტივმა ახალციხეში ჩამოიტანა ნინო მირზიაშვილის (წარმოდგენას დრამატურგიც ესწრებოდა) „მაცეკვე ტანგო“. ეს პიესა რეჟისორ კახა გოგიძის უკვე დადგმული ჰქონდა აკ ხორავას სახ. სენაკის თეატრში და უნდა ითქვას, რომ უკრაინელების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი უფრო სახალისო და მხიარული კომედია გამოვიდა. წარმოდგენა ტანგოთი იწყება და ტანგოთი მთავრდება: მეზობელ ოჯახებში, ერთი კედლის მიღმა ბინადართა შორის უფრო კამათი ისმის, ვიდრე მშვიდი ცხოვრების აღმნიშვნელი საუბარი. თუმცა სიტუაციის კომედიისთვის დამახასიათებელი უბრალო გაუგებრობა ხდება ამ ოჯახების დამოყვრების საფუძველი. სცენოგრაფის და კოსტუმების მხატვრის ოლგა კოსტრატოვას და ქორეოგრაფის ირინა ბურენკოს ნამუშევარი ფერადოვნებას, ხატოვანებას და მოხდენილ პლასტიკას სძენს წარმოდგენას. უკრაინელმა მსახიობებმა შეძლეს ქართული იუმორის გადმოცემა და არა მხოლოდ იმით, რომ ადგილ-ადგილ ქართულ გამოთქმებს უმატებდნენ, არამედ ეს იუმორი მათი შინაგანი კულტურიდან და მსახიობური ოსტატობის მეშვეობის გადმოიცემოდა. თუმცა ზოგჯერ შეიმჩნეოდა „მაყურებელზე“ გათვლილი პასაჟები, ზედმეტი ემოცია ოდნავ სერიოზულობას უკარგავდა პიესის პრობლემატიკას.
და ბოლოს მესხეთის თეატრის ორი წარმოდგენა: პირველი ა. ნიკოლაის პიესის მიხედვით კახა გოგიძის მიერ დადგმული „გაქცევა“ (ამ სპექტაკლმა ჩაანაცვლა რუსთავის თეატრის დღე, რომელმაც ვერ შეძლო ჩამოსვლა) და ფესტივალის ფინალი იოანე (ვანო) ხუციშვილის ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“.
„გაქცევა“ სამი მოხუცის ნაღვლიანი ისტორიაა, რომლებიც შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს ბავშვთა სათამაშო მოედანზე, ისე დამეგობრდნენ, რომ ერთმანეთისთვის თავიც კი გასწირეს. სპექტაკლის წარმოსახვითი „Happy ending“ მართლაც რომ ის გამოსავალია, რასაც ეს ახლობლებისგან მიტოვებული მოხუცები იმსახურებენ, რომელთა გულშემატკივარი და თანამგზავრი მხოლოდ გრეტაა (ჯუნა თუმანიშვილი). ორმა ახალგაზრდა მსახიობმა ანდრია ვაჭრიძემ და მალხაზ შაყულაშვილმა შექმნეს დასამახსოვრებელი სახეები. მათი თამაში აღფრთოვანებას და მოწონებას იმსახურებს მაყურებელში. შემსრულებელთა მსახიობური ოსტატობა, პერსონაჟთა შინაგანი ბუნების წარმოჩენა, გამოხატვა და გადმოცემა უდავო დამსახურებაა სპექტაკლის რეჟისორის და შემსრულებლების.
ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ პოემა, რომელიც არაერთხელ გამხდარა რიგ რეჟისორთა შთაგონების წყარო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში იკითხება ვაჟასეული ღრმა ფილოსოფია, კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი, არამედ იმიტომაც რომ „მოკვეთილი“, „ალუდა ქეთელაური“, „გველისმჭამელი“, „სტუმარ მასპინძელი“ და „ბახტრიონი“ დრამატული ქმედებებით, მძაფრი პერიპეტიებით და ტრაგიზმით გამოირჩევა. მათ პერსონაჟებს უმძიმესი ბედი არგუნა ღმერთმა და სწორედ ეს განსაკუთრებული რელიგიურობა, მთის კანონთა დაცვა, ქალის პატივისცემა და რაც მთავარია სამშობლოს, მოყვასის და საკუთარი კუთხის სიყვარული წარმოადგენს ამ პოემების მთავარ თემასა და ავტორისეულ სათქმელს.
იოანე ხუციშვილის ინტერპრეტაცია რიტუალური ტრაგედია ბედისწერის (ლია სულაშვილი) გარშემო ვითარდება და მოქმედი გმირები აღაზა (ჯუნა თუმანიშვილი), ჯოყოლა (ლექსო ჩემია), ზვიადაური (ნიკოლოზ გოგიძე) და თვით ქოროც მხოლოდ მის განგებას ემორჩილება. ბედისწერაა რამაც გზადაკარგული ზვიადაური ჯოყოლას სოფელში. რეჟისორმა ახლებურად წარმოაჩინა კონფლიქტი თემსა და პიროვნებას შორის და არცერთ მათგანს არ მიანიჭა უპირატესობა - ჩემი აზრით პირიქით - ხაზი გაუსვა, რომ „(როგორც ჭეშმარიტ ტრაგედიაში), ორივე მხარე მართალია“ (ზაზა შათირიშვილი) და ბედისწერაა ის რასაც მივყავართ ამბის ფინალისკენ. ამიტომაც სწორედ ლია სულაშვილის პერსონაჟი ბედისწერა ასრულებს წარმოდგენას.
დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ახალციხის ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი შედგა. ასეთი ფორუმების შემდეგ იკვეთება ის მთავარი და ხანდახან საგანგაშო, რაც ქართულ თეატრში ხდება დღეს.
პირველი და არსებითია ის, რომ თურმე სწორი მენეჯმენტით, ძალიან მწირე ბიუჯეტით (20 ათასი ლარი) შესაძლებელი ყოფილა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება და არანაირი ასეული ათასები ფესტივალს არ სჭირდება.
მეორე და არანაკლებ არსებითი კი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი არ ზღუდავდა მონაწილე თეატრების რაოდენობას, აღმოჩნდა რომ ჩვენი ქვეყნის თეატრებიდან მხოლოდ 13! აქვს რეპერტუარში ქართული პიესა და ახალი თანამედროვე კი მხოლოდ ორი: მ. კუკულავას „13/06“ და ნ. სადღობელაშვილის „მწვანე ბარათი“, რომელიც მაყურებელმა მაინც ვერ ნახა. სხვა თეატრების რეპერტუარში თუ რაიმე არის ქართული ან ძალიან ძველია ან უკვე იყო ნაჩვენები წინა წლების ახალციხის ფესტივალზე.