top of page

ექვსი ქალისა და ერთი კაცის ამბავი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.4Mqky8C6jZl9h5o90uhqkYZkhftmcumnasZUnqW_lV4.jpg

მანანა თევზაძე

ექვსი ქალისა და ერთი კაცის ამბავი

 

მეოცე საუკუნის, თუ არ ვცდები, 1971-72 წლების სეზონში, რეჟისორმა იური კაკულიამ რუსთავის თეატრის სცენაზე ოტია იოსელიანის პიესა „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ დადგა. სპექტაკლის მხატვარი გახლდათ მაშინ ახალგაზრდა, დღეს უკვე სახელგანთქმული სცენოგრაფი აივენგო ჭელიძე, მუსიკალური გაფორმება კი თავად ბატონ იურის ეკუთვნოდა, რომელიც ამ დროისათვის ასევე ცნობილი რეჟისორი და თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო.

სპექტაკლში არაჩვეულებრივი მსახიობები მონაწილეობდნენ,  სრულიად ახალგაზრდა ქალები - ია ხობუა, გურანდა გაბუნია, ლეილა შოთაძე, თამარ სხირტლაძე, ზეინაბ გზირიშვილი, ეთერ სიხარულიძე და ასევე ახალგაზრდა გივი ბერიკაშვილი.

საბედნიეროდ შემონახულია ამ სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი და როდესაც მათ ეკრანზე შევცქერით, ვხედავთ როგორი გამხდარი და გრაციოზულები არიან ეს მსახიობი ქალები, როგორია მათი პლასტიკა, რა თქმა უნდა, როლიდან, პესონაჟის ხასიათიდან  გამომდინარე, მაგრამ  დრო მალე გადის და ღრმა კვალს ამჩნევს ადამიანის გარეგნობას, მით უმეტეს, მსახიობი ქალის აღნაგობას. ამ სპექტაკლში ისინი ისეთი მომხიბვლელები არიან, ისეთი თავისებურნი და ისეთი ნიჭიერები, რომ გასაოცარი სულაც არ იყო მაყურებლისაგან მათი უმალ მოწონება, აღიარება, შეყვარება. მათ დაიმსახურეს უამრავი ტაში, ყვავილი და რეცენზია ულმობელი კრიტიკისაგან და მიუხედავად იმისა, რომ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შერულებისათვის, რა თქმა უნდა, სრულიად დამსახურებულად, ბატონ გივი ბერიკაშვილს მიეკუთვნა, ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, ვფიქრობ, რომ პრემია მსგავსი აღიარებისა, ეკუთვნოდა სპექტაკლის მონაწილე ყველა მსახიობ ქალს და მთლიანად სპექტაკლსაც.

რა იყო ამ ნაწარმოების მთავარი ღირსება, რითაც მან მაყურებლის გული დაიპყრო, ალბათ სიუჟეტის მიხედვით მოთხრობილი ამბის გულწრფელობა, ადამიანურ გრძნობათა გულახდილობა, სისადავე, მიუკერძოებლობა, სითბო, რომელსაც ასხივებდნენ ია ხობუასა და გივი ბერიკაშვილის გმირები და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ქალაქელი, პრანჭია ქალების მანერული პერსონაჟებიც კი.

 სპექტაკლის დეკორაციას - ხის ფიცრულ სახლს, რამდენიმე ფანჯარასა და კარს, ოთახში მდგარ მაგიდას, შეშის უბრალო ღუმელს, ხის სკამებს, იქვე გაშლილ საწოლს, ოთახში გაბმულ თოკსა და მასზე ჩამოკონწიალებულ სარეცხს უმალ შეჰყავდით იმ სოფელში, გლეხური სახლის ატმოსფეროში, სადაც მოქმედება უნდა განვითარებულიყო. ეს სახლი ხომ ბაკურიანში იდგა და როდესაც მასპინძლის თაოსნობით  თითო-თითოდ შემოდიოდნენ ეს ცხვირაბზუებული, წუნია, გასათხოვარი, რომ არა ვთქვათ, გაუთხოვარი ქალები, მაყურებელი მაშინვე გრძნობდა, რომ აქ რაღაც მნიშვენელოვანი სატრფიალო ხლართები უნდა გაბმულიყო და პირველივე ფრაზებიდან ნათელი ხდებოდა, რომ ყველაფერი სამხიარულო სანახაობას პირდებოდა თეატრში მისულთ.

და მართლაც, ქართული სიტყვის ოსტატი ოტია იოსელიანი თავისი პიესის ინტრიგას მოსწრებული სიტყვა-პასუხის თამაშზე აგებდა, ხოლო რეჟისორი სცენაზე განვითარებულ ამბავს არა რთული მიზანსცენებითა და სიმბოლური ქმედებით ავითარებდა, არამედ, ჩვეულებრივი, თანამედროვე ქართული ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი ურთიერთობითა და ქცევით.

დასაწყისშივე ისმოდა გიტარაზე დაკრული, კარგად ხმაშეწყობილი ქართული სიმღერა, თანმდევი შემდეგ მთელი სპექტაკლისა. როგორც თამარ სხირტლაძე იგონებდა, - გივი პირველივე რეპეტიციაზე საოცრება იყო და ჩვენც მას ავყევით, რეპეტიციები და შემდეგ სპექტაკლები სულ სიცილ-ხარხარში მიდიოდაო...

ამ სპექტაკლით, ყველანი, შეიძლება ითქვას, პრემიერის შემდეგ ერთ ღამეში გახდნენ საოცრად პოპულარულები. სპექტაკლში გაჟღერებული ბევრი ფრაზა უმალ მოსწრებულ ოხუნჯობად აიტაცა  საზოგადოებამ,  - თუ მაინც უნდა ინანოო! - როგორც ამბობდა გივი ბერიკაშვილის გმირი.

და როგორი პარტნიორები იყვნენ ერთმანეთის, როგორ შესცქეროდნენ ერთმანეთს, როგორ უსმენდნენ? ამ თითქოსდა ჩვეულებრივ სცენურ ქმედებას ხომ მთელი თეატრალური საიდუმლობა ეფუძნება და რუსთავის თეატრის სივრცე ამ ადამიანური საუბრის იდუმალებაში იყო გახვეული. ეს ქალები უცებ და მოულოდნელად გაეხვნენ ამ უბირი და უბადლო მიტუას სადღეგრძელოთა ხიბლიან ბადეში, - გაგიმარჯოს, შე თვალო პატიოსანო, შროშანო აყვავებულო და ბაღო დაუკრეფავო!.. როგორია? რა თქმა უნდა, ოტია იოსელიანის ტკბილქართული, მაგრამ გივი ბერიკაშვილის შინაგანი მგზნებარებით და ვნებით წარმოთქმული. ბატონი გივი ხომ ამდაგვარი ქართული მიმოქცეული მღერადი სიტყვაკაზმულობის ოსტატი გახლდათ. როგორი ინტონაციებით ამდიდრებდა იგი თავისი გმირის სიტყვებს და აფერადებდა თავის მიტუას. ხოლო ქალები, რომლებიც მას ფრანგული აქცენტებით მიტუას ეძახდნენ, თუ თავდაპირველად ქედმაღლურად უბნობდნენ მამაკაცთა ხასიათზე და ემანსიპირებულ მდედრობით სქესად წარმოაჩენდნენ თავს, ამ სადღეგრძელოების შემდეგ სრულიად განიარაღებულნი, მაგრამ მაინც ილუზიებში მყოფნი რჩებოდნენ,  ბატონი გივის ეს როლი შემდგომი კინოროლებისთვის ერთგვარ საწყისადაც იქცა. რაც შეეხება სპექტაკლში მონაწილე ქალბატონებს, შემდგომ აქტიორულ გზაზე მათ არაერთი საინტერესო პერსონაჟის განხორცილება მოუხდათ, მაგრამ მარეხის, იას, ჟოზეს, ეკას, მარგოს, ნანულის, როლები მათთვის დაუვიწყრად დარჩა.

bottom of page