top of page

დუმილის ზონა სიცოცხლესა და წესებს შორის

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

623318124_1343012784538971_6648434735670972457_n.jpg

03.03.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

დუმილის ზონა სიცოცხლესა და წესებს შორის


(ალექსი ჩიღვინაძის „უხერხემლო“, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა; რეჟისორი გაგა გოშაძე)

ალექსი ჩიღვინაძის „უხერხემლო“ თანამედროვე ქართული დრამატურგიის იმ ტექსტთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ერთი შეხედვით, თითქოს ყოფით რეალობას სოციალურ-ეთიკურ ტრაგედიად გარდაქმნის. ავტორი კონფლიქტს ნაცნობ, გაგონილ, ვიღაცისთვის ნანახ თუ შემსწრე ყოფით გარემოში ავითარებს, სადაც ადამიანური სისუსტე, უუნარობა და მასზე დართული საზოგადოებრივი წნეხი „უხერხემლობის“ სახით ვლინდება. გაგა გოშაძის ბათუმური დადგმა ამ დრამატურგიულ საფუძველს არ ამარტივებს და არც დეკლარაციულ პოზიციად აქცევს. პირიქით, სპექტაკლი მაქსიმალურად მოზომილი, მინიმალისტური და ფსიქოლოგიურად კონცენტრირებული თეატრალური ენით გვაჩვენებს ტრაგედიას, რომელიც ოჯახში ხდება, მაგრამ რეალურად მთელ საზოგადოებას ეკუთვნის.

სპექტაკლის რეჟისორმა გაგა გოშაძემ პიესაში არაერთი ისეთი პასაჟი „აღმოაჩინა“, რომელიც აქამდე არ ჰქონია შემჩნეული ამ პიესის დამდგმელ რეჟისორებს. გარდა იმისა, რომ რეჟისორმა შემოქმედებით გუნდთან ხმამაღლა ისაუბრა ლამის ტაბუირებულ თემაზე, წარმოაჩინა სასოწარკვეთილი ოჯახი და მშობლების ტრაგედია, გვიჩვენა მათ სულში დატრიალებული ქარიშხალი და ჩაგვახედა მათ გულში, რასაც განიცდიან მშობლები, როცა კარგავენ შვილებს და ვერაფერს აკეთებენ მათ დასაბრუნებლად, მათ მისაღებად ისეთად, როგორებიც ისინი არიან. გაგა გოშაძე გვერდს არ უვლის საზოგადოებაში გაბატონებულ და დამკვიდრებულ მენტალობას, რომელსაც ირიბად „უტევს“ და საპირწონედ უჩვენებს მშობლებს და მათ განცდებს, რომელსაც უემოციოდ გულქვა მაყურებელიც კი ვერ უყურებს.  

სცენური სივრცე (მხატვარი აკაკი ჯაში), სადაც მსახიობებს უწევთ მოქმედება, ფაქტობრივად პრინციპულად დაცლილია. ეს სივრცე მსახიობთა სამოქმედო არენაა, ფაქტობრივად, ცარიელ მოედანზე მხოლოდ მაგიდა, სკამი და სარკე დგას. მოქმედება შუშაბანდში ვითარდება, რომლის ფონად ჩამსხვრეული ფანჯრები ჩანს, მეზობლების, რომელიც საზოგადოებას განასახიერებს, აგრესიის კვალი. ერთი მხრივ, ეს მკაცრად ყოფითი გარემოა, მეორე მხრივ კი სიმბოლური ფასადი, რომლის მიღმაც მიცვალებული ასვენია. ამგვარი სცენოგრაფია ზუსტად გამოხატავს სპექტაკლის მხატვრულ გადაწყვეტას: გარეგნულად სიღარიბე და სიცარიელე, შინაგანად უზარმაზარი ტრაგედია. სივრცე აქ არა დეკორი, არამედ დრამატურგიული ფუნქციის მატარებელია: პერსონაჟები თითქოს მუდმივად „გამჭვირვალე კედლებს“ ეჯახებიან, გაქცევის საშუალება არ აქვთ. თუმცა, გარბიან კიდეც, მაგრამ მაინც ბრუნდებიან.

ატმოსფეროს ფორმირებაში გადამწყვეტია ხმოვანი რიგი: წვიმა, ქარი, ძაღლების ყეფა, სიბნელე და ხანგრძლივი პაუზები. ეს ხმები არა ილუსტრაცია, არამედ განწყობის ფსიქოლოგიური არქიტექტურაა. მაყურებელი პირველივე წუთებიდან ხვდება, რომ ეს ატმოსფერო მტრულია, ცივი და ულმობელი. სიჩუმე კი აქ ყველაზე მძაფრი გამომსახველობითი საშუალებაა.

დრამატურგიულად სპექტაკლის ღერძი ტრადიციასა და პიროვნულ არჩევანს შორის დაპირისპირებაა. გარდაცვლილი შვილის - ელენეს (ყოფილი ლევანის) იდენტობა და მისი სიცოცხლის წესი ოჯახს და სოფლის გარემოს უხერხულობას უქმნის. სწორედ აქ იკვეთება „უხერხემლობა“ როგორც სოციალური ფენომენი: ადამიანები სიმართლეს გაურბიან, პასუხისმგებლობას სხვაზე გადააქვთ, ჰუმანურობას წეს-ჩვეულებას სწირავენ.

დედის, მართას როლის შემსრულებელი მაია ცეცხლაძე ქმნის სპექტაკლის ემოციურ ბირთვს. მისი პერსონაჟი არა ერთგანზომილებიანი მგლოვიარეა, არამედ შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე ქალი. ყოფილი პედაგოგი, განათლებული, მაგრამ ცხოვრებისგან დამარცხებული. იგი იძულებითაა ოჯახის არაფორმალური მეთაური, არა ძალაუფლების სურვილით, არამედ შექმნილი აუცილებლობით. მსახიობი ზუსტად გადმოსცემს პერსონაჟის ამ ორმაგობას: ნერვული აფეთქებები მონაცვლეობს დუმილთან და შინაგან სიმშვიდესთან. ხან ისტერიულად ალაგებს სახლს, ხანაც სრულიად გაწონასწორებულია.

ერთი მხრივ მაია ცეცხლაძის მართა უჩვეულოდ ინტელიგენტური, დახვეწილი ვიზუალით, მორთულ-მოვლილი ქალია იმის კვალობაზე, რა მდგომარეობაშიც ეს პერსონაჟია და რა გზაც მართამ გამოიარა. სწორედ ამითაც განსხვავდება მაია ცეცხლაძის მართა სხვა შემსრულებლებისგან, რომელიც აჩვენებს იმ ძლიერ ქალს, რომელსაც დრომ, სიდუხჭირემ, ძალადობამ ოჯახში და შვილის ტრაგედიამ ვერ მიჩქმალა და წაშალა მისი წარსული იმიჯი. მისი სიძლიერე ჩანს არაერთგზის, ქმართან პოლემიკაში, გადაწყვეტილების მიღების და მისი ბოლომდე დაცვის უნარში, მღვდელთან დიალოგში...

განსაკუთრებით მეტყველი ხდება კაბის ეპიზოდი, როცა მაია ცეცხლაძე, სასოწარკვეთილი დედა როგორ კეცავს, მალავს, შემდეგ ისევ ხსნის და გარდაცვლილ შვილს აცმევს წითელ კაბას, რითაც უკანასკნელ სურვილს უსრულებს შვილს. ამ მოქმედებაში ერთდროულად იკითხება ბრაზი, დანაშაულის გრძნობა და უპირობო სიყვარული. ეს სცენა სიტყვების გარეშე ავლენს დედის შინაგან მონოლოგს. ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც ამავე ლოგიკას ეკუთვნის: ტრადიციის ინერცია და გარდაცვლილის პატივისცემის ჟესტი ერთმანეთს ერწყმის. მაია ცეცხლაძის შესრულება ემოციურად ზუსტია და არ გადადის მელოდრამაში, რაც როლს განსაკუთრებულ სიმართლეს ანიჭებს.

მამის, მამიას როლში ტიტე კომახიძე მოულოდნელად ფართო ტრაგიკულ დიაპაზონს ავლენს. მსახიობი, რომელიც ხშირად კომიკურ ამპლუაში გვახსოვს, აქ შინაგანად ჩამსხვრეულ, დანაშაულის გრძნობით შეპყრობილ კაცის მხატვრულ სახეს ქმნის. მისი შესრულება გარეგანი ეფექტების გარეშე, მინიმალური ჟესტებით ვითარდება. განსაკუთრებით ძლიერია დანიელთან (თორნიკე ბარამიძე) დიალოგის სცენა: დუმილი, შემდეგ რეალობის გაცნობიერება და აფეთქება. ეს გარდატეხა ბუნებრივია და ლოგიკური, კაცის რეაქცია სიმართლეზე, რომლის მიღებაც არ სურს. ტიტე კომახიძე პერსონაჟის ტრაგიზმს შინაგან ტემპერატურაზე ატარებს და არც ერთ ყალბ ნოტს არ უშვებს.

დანიელის როლში თორნიკე ბარამიძე ამ პერსონაჟს სენტიმენტალური კლიშეებისგან ათავისუფლებს. მისი სიყვარული გარდაცვლილის მიმართ დამაჯერებელია. პიესაში დამატებული ეპიზოდი, როდესაც მარტო რჩება და ტელეფონში გარდაცვლილი შეყვარებულის სიმღერის ვიდეოებს უყურებს, ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური მომენტია სპექტაკლში. აქ ტრაგედია ინტიმურ, პირად სივრცეში გადადის და მაყურებელიც უშუალო თანაგრძნობას განიცდის.

მარიამ გველესიანის მიერ შესრულებული ნინო (გარდაცვლილის მეგობარი) შედარებით ბუნდოვანი პერსონაჟია. გმირის მიზნებსა და პოზიციას დრამატურგიული სიცხადე აკლია, რის გამოც ამ პერსონაჟის ტიპაჟი ნაკლებად იკითხება. ეს პასაჟი სპექტაკლის ერთ-ერთ სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს: პერსონაჟი კონფლიქტში სრულფასოვნად არ ერთვება.

მნიშვნელოვანი ფიგურაა მღვდელი (კახა კობალაძე), რომელიც ეკლესიას როგორც ინსტიტუციას განასახიერებს. მსახიობი ქმნის არა კარიკატურულ, არამედ ჰუმანურ სახეს; კაცს, რომელიც დილემის წინაშეა: დაემორჩილოს წესს თუ სინდისს. მისი ღამის ვიზიტი ოჯახში და წესის აგება რეჟისორულად მკაფიო განცხადებაა – სისტემაშიც შეიძლება არსებობდეს პიროვნული კეთილსინდისიერება. ეს გადაწყვეტა სპექტაკლს ერთმნიშვნელოვანი ანტიეკლესიური პათოსისგან იცავს და პრობლემას უფრო კომპლექსურად აყენებს.

რეჟისურა მკვეთრი ტონით, მხოლოდ ზემოთ ნახსენებ ეპიზოდში როდი იკვეთება, არამედ კუბოს დამზადების ეპიზოდითაც, როცა მამია ღობის ფიცრებით, რომელიც შვილის მიერ ყვავილებითა და პეპლებითაა მოხატული, ძლიერ მეტაფორად მუშაობს. მეზობლების მიერ უარყოფილი მიცვალებული ოჯახის ხელით, საკუთარი მეხსიერებით უნდა „შეიფუთოს“. ეს არის სიღარიბის, უპატრონობის, შერჩევითი სამართლის დომინირების და სიყვარულის ძალის ერთდროული ნიშანი.

სპექტაკლის პრინციპული ღირსება ისაა, რომ რეჟისორი მაყურებელს პოზიციას არ ახვევს თავს. წარმოდგენა არ იქცევა აგიტაციად. აღსანიშნავია, რომ ზოგ მომენტში ემოცია ჭარბობს და დრამატურგიული სიცხადე იკლებს. იქ, სადაც უფრო შეკავებული ფორმა იქნებოდა ეფექტური, სპექტაკლი ზოგჯერ ზედმეტ სენტიმენტს იძენს. პარადოქსულად, ყველაზე ძლიერი სცენები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც მსახიობები ემოციას შიგნით ატარებენ და გარეთ მხოლოდ მინიმალურ ჟესტს ტოვებენ.

ფინალში ჰოლოგრამული პეპლების გამოჩენა სიმბოლურ განზომილებას ქმნის: სიცოცხლის ხანმოკლეობა, სინაზე, გარდასახვა. ეს მეტაფორა დადგმის საერთო პოეტიკას ეხმიანება: უხეში რეალობის ფონზე სინათლის მცირე, მაგრამ აუცილებელი ნაპერწკალი. ეს პასაჟიც რეჟისორული გადაწყვეტისა და აზროვნების შედეგია.

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი „უხერხემლო“ რჩება მნიშვნელოვან და არაერთგვაროვან ნამუშევრად. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ზუსტად აგრძნობინებს მაყურებელს თემის სიმძიმეს და მსახიობთა ძლიერი, შინაგანად გააზრებული შესრულებებით (განსაკუთრებით მაია ცეცხლაძისა და ტიტე კომახიძის ხაზით) აღწევს მაღალ ემოციურ და ეთიკურ სიმართლეს.

ბათუმის დრამატული თეატრისა და გაგა გოშაძის „უხერხემლო“ არის ადამიანზე ორიენტირებული, ეთიკურად რთული სტრუქტურის სპექტაკლი, რომელიც ტრაგედიას არა სკანდალად, არამედ შინაგან ტკივილად წარმოგვიდგენს. აქ მთავარი კითხვა არ არის ვინ არის დამნაშავე, არამედ რატომ ვხდებით უხერხემლოები მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სიმტკიცე. სწორედ ამ კითხვით ტოვებს სპექტაკლი მაყურებელს და ამით აღწევს თავის უმთავრეს მიზანს.

bottom of page