
სპექტაკლი „დრო“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

თამარ ქუთათელაძე
სპექტაკლი „დრო“
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე გაიმართა კიდევ ერთი საინტერესო საკურსო სპექტაკლის პრემიერა, - დრამის ფაკულტეტის პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის საკურსო დადგმა „დრო“. სცენაზე გამოიკვეთა დებიუტანტ მსახიობთა შემოქმედებითი რესურსი, მომზადების დონე, სამსახიობო ანსამბლი. ახალგაზრდებმა გამოავლინეს საშემსრულებლო აპარატის ფლობის მაღალი სტანდარტი. თითოეული მათგანი საკუთარი სხეულით, სახისმეტყველებით, თვალებით, ემოციით, პარტნიორებთან ზუსტი თანაშემოქმედებითი ურთიერთობებით, გააზრებითა თუ ემოციის ზომიერი ხარჯვით, გემოვნებით ქმნიდნენ თავიანთ როლებს, მხატვრულ სახეებს. სპექტაკლი დაეფუძნა იმპროვიზაციის პრინციპს. მისი დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია - ჯგუფის ხელმძღვანელი დავით შალიკაშვილი (რეჟისორის ასისტენტი ნინო ლორთქიფანიძე).
სცენაზე მხატვარ ნინო ფიცხელაურის მიერ შეიქმნა პანტომიმის მსახიობებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემო. გამჭვირვალე ფარდების მიღმა მოჩანს საათის მექანიზმის ისრების მოძრაობა. ბუნებრივია მას მსახიობი განასახიერებს. მომხიბლავი ეკატერინე კობერიძის მიერ შესრულებული საათი, თითქოსდა რეალობის შესაბამისად, ხან მშვიდად ითვლის წამებს, ხან კი მშფოთვარედ. ამ დროს მსახიობის სახეზეც მკვეთრად ისახება განგაშის, შიშის, მოსალოდნელი სახიფათო მოვლენების განვითარების განწყობა და ისიც აცახცახებული ხელებით, გაჭირვებით ცდილობს ათვალოს საათის ისრისათვის დადგენილი უტყუარი დრო.
წარმოდგენის მსვლელობის შესაბამისად, თითოეული მსახიობი დროდადრო თავადაც იმეორებს საათის ისრების მოძრაობებს, თუმცა ყოველი მათგანი განსხვავებულად, მათი პერსონაჟის მდგომარეობისა თუ მიზნების შესაბამისად რეაგირებს დროის დინებაზე.
სანახაობაში ჩვენს თვალწინ ცოცხლდება საქართველოს მრავალტანჯული, მაგრამ გმირული ისტორიის ფრაგმენტები. სცენაზე იქმნება ქართველი ერის მშვიდობიანი თანაცხოვრების წამიერი ეპიზოდები. გამჭვირვალე ფარდის მიღმა, საკუთარ მყუდრო ოთახებში განმარტოვებული სიფრიფანა გოგონები, ზოგი ვიოლინოზე დაკვრით, წიგნის კითხვითა თუ ცეკვითაა გატაცებული (მსახიობები: ქრისტინე კაპანაძე, ნინი გიორგაძე, სალომე ხუროშვილი, დიანა ჯიჯავაძე), ვაჟები - მიწის დამუშავებით ან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით (მსახიობები: ალექსანდრე თევზაძე და გოდვინ თუდები).
სცენაზე მშვიდობიანი პერიოდის წარმოჩენის თითქმის წამიერ ეპიზოდებს, ისევე როგორც ჩვენი ერის ისტორიაში, უსწრაფესად ენაცვლება უცხოტომელთა თავდასხმების მოსაგერიებლად ტრანსფორმაციის სცენები. მამაკაცების გვერდით, საომარ ავანპოსტებზე ჩნდება ქალთა თავგანწირული ბრძოლების გამომსახველი მოქმედებები. დიდი მსხვერპლის, ტკივილისა და კვლავაც უზენაესის მიერ მცირე პაუზებად ბოძებულ „სიმშვიდის“ პერიოდს, თითქოსდა ქორწილისა და გამრავლებისთვის განკუთვნილ წამიერ გამონათებებს, ცვლის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში კვლავ უსწრაფესი აღმშენებლობითი პროცესები, მრავალსაუკუნოვან ბრძოლებში ნაწრთობი, უძველესი ერისათვის ჩვეულ რეჟიმად, თითქმის ბედისწერად გადაქცეული მორიგი განსაცდელისათვის სამზადისი.
სპექტაკლში შექმნილია არაერთი ეფექტური, აზრობრივად ტევადი და ემოციური მიზანსცენა, განსახიერებული ქართული ფოლკლორის თანხლებით. ამ მხრივ განსაკუთრებით ემოციური იყო სცენის მთელ სიგანეზე საქართველოს სახვადასხვა კუთხის სამოსში კოსტუმირებულთა, მათ შორის ქართველ მეომართა, ქართლის დედისა და ა.შ. ორი დროის ტანდემში გააზრებულ სახე-ხასიათთა მსვლელობა.
შეუძლებელია არ აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად სპექტაკლის მრავალი ღირსებისა, სასურველი იყო უკეთ გამოკვეთილიყო სიუჟეტური ხაზი. გარდა ამისა, ვფიქრობ ზოგიერთი მიზანსცენა ბუნდოვანი ან ილუსტრაციულია, ფინალი - დასამუშავებელი.