top of page

დოდო გოგუა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

272692842_680057673004560_463099228996171777_n.jpg
271833433_618548042550502_2627132987373249245_n.jpg
259742150_474202390772298_3711138897100411949_n.jpg

გვანცა ღვინჯილია

 

დოდო გოგუას პორტრეტი

 

ქართული მუსიკოლოგია ეროვნული მეცნიერების ღირსეული სახელოვნებო შტოა, რომელიც წარმოდგენილია ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული პერსონებით; მათ შორისაა ქალბატონი დოდო გოგუაც _ პიროვნება და მუსიკოსი, რომლის ირგვლივ უამრავი სათქმელი ისეთი ინტენსივობით იბადება გონებაში, რომ აზრებს თანმიმდევრობით ვერც კი მოუხერხებ ჩამოყალიბებას, ყველა ფიქრი პირველხარისხოვანია.

 

ბიოგრაფიის ძირითადი ხაზები

განსაკუთრებული განცდა გეუფლება იმ სცენის წარმოდგენისას, თუ როგორ ელოდება მცირეწლოვანი დოდო გოგუა სარდაფის ტიპის ჯურღმულში გაზქურის ან სანთლის შუქზე მაგიდასთან დაჯდომის რიგს წიგნის წასაკითხად, პარალელურად კი მის პატარა გულს ხავსივით ედება მამის სიკვდილით დასჯის გაუნელებელი ტკივილი. დამეთანხმებით, რომ რეპრესირებულ ოჯახში გაზრდილი მუსიკოსის ცხოვრების თუნდაც ამ ერთ სცენასაც შეუძლია ყველაზე გულქვა ადამიანშიც კი დაბადოს ზნეობრივი პიროვნება. ჩემი თაობის ცნობიერებაში რეპრესიების შემზარავი რეალობა თენგიზ აბულაძემ გააცოცხლა; „მონანიების“ სცენარით წარმართულ დოდო გოგუას ბავშვობაში ჩაეყარა საფუძველი მის მაღალ ადამიანურ ღირებულებებს, შრომის კულტურას. თითო-ოროლა განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოებულ ბავშვთან ერთად სწორედ ამ თვისებებმა მოახვედრა იგი მუსიკალურ ათწლედში, სრულიად დამსახურებულად რომ მოიხსენიებდნენ „ნიჭიერთა ათწლედად“; შემდეგ იყო კონსერვატორია, ასპირანტურა, სწავლის დამთავრებისთანავე პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება მუსიკალურ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკვალიფიკაციო ნაშრომი, აკადემიური ხარისხი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელობა, პრორექტორის თანამდებობა, ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა კომპოზიტორთა კავშირში, საჯარო გამოსვლები სხვადასხვა ღონისძიებებზე, მონაწილეობა რადიო და სატელევიზიო გადაცემებში _ ასეთია მაღალი პროფესიული სინჯის მუსიკისმცოდნის ბიოგრაფიის ძირითადი ხაზები.

 

სტუდენტების მორალური გადარჩენის სადარაჯოზე - 90-იანი წლები

უმძიმეს 90-იან წლებში, როდესაც არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებიც კი გვენატრებოდა და აპათიაში ჩავარდნილ სტუდენტობას ლექციებზე სიარულის ხალისი ჰქონდა დაკარგული, თავად გახლდით მოწმე, როგორი სიხარულით ადგენდა დოდო გოგუა სხვადასხვა კომპოზიტორების საიუბილეო თარიღის ან სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენებისადმი მიძღვნილ სტუდენტური კონცერტების პროგრამას. კონცერტების ინტენსივობაც განსაცვიფრებელი იყო; ზოგჯერ კვირაში 2-3 კონცერტი ტარდებოდა კონსერვატორიასა და მის ფარგლებს გარეთ. იქმნებოდა ილუზია, რომ გაზრდილი კრიმინალის გამო შექმნილი საფრთხის შემცველი გარემო, უშუქობა, უგაზობა, უწყლობა სხვა განზომილებაში არსებობდა. სტუდენტები დიდი აღტყინებით ემზადებოდნენ კონცერტებისთვის. ქალბატონმა დოდომ ყველა სტუდენტის რეპერტუარი იცოდა და კარგი მენეჯერივით უმოკლეს ვადებში ამზადებდა თემატური კონცერტების პროგრამას. საგულისხმოა, რომ ეს აქტივობა მის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობაში არ შედიოდა. რა რჯიდა პრორექტორს, მუსიკალურ წრეებში ცნობილ ავტორიტეტს, რომელსაც ისედაც უმძიმეს პირობებში უნდა ეხელმძღვანელა კოლეგებისთვის? მუსიკოსმა, რომელმაც გამოიარა რეპრესიების სისასტიკე და ომის საშინელება, კარგად უწყოდა, რომ გაუდაბურებული რეალობის ყველაზე საშიში შედეგი სწავლის მოტივაციის ჩაკვლა და სტუდენტების მორალური გატეხა იქნებოდა. ეს კი ათწლეულები დაამუხრუჭებდა დარგის განვითარებას. ამ შეგნებით მიუდგა იგი კონცერტების ორგანიზებას და ერთგვარი პატარა ოაზისი შექმნა ახალგაზრდებისთვის. სამართლიანობის პრინციპის დაცვის და პიროვნული ღირსების დამსახურება იყო, რომ მას არასოდეს გამოუვლენია ტენდენციურობა სტუდენტების არჩევისას, რათა სხვებს ხალისი არ დაეკარგათ, ან თავი დაჩაგრულად არ ეგრძნოთ. დოდო გოგუამ შესაძლებელი გახადა ლაურეატების გვერდით, ნაკლები აკადემიური მოსწრების სტუდენტებსაც მიეღოთ აქტიური მონაწილეობა მუზიცირების პროცესში. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ არანაირი პირადი ინტერესი ან გამორჩენა მას არ ამოძრავებდა. პირიქით, იგი მიმართული იყო ახალი სახელების აღმოჩენისკენ, რათა ყველას მოეხდინა სასცენო სივრცეში საკუთარი პოტენციის რეალიზება ან უბრალოდ დაეხვეწა პროფესიული უნარები. დამეთანხმებით, რომ მუსიკოსს პირველ რიგში, სცენაზე ხშირი გასვლა ზრდის. ამის შედეგად  იგი უფრო მკაფიოდ ხედავს საკუთარ შეცდომებს და მათი გამოსწორების გზებსაც ადვილად პოულობს.

ქალბატონმა დოდომ პედაგოგიური ასპარეზიდან წასვლის გადაწყვეტილება ახალი თაობისთვის გზის დასათმობად მიიღო. როდესაც საკუთარი გამოცდილებით, ცოდნით, გონებრივი მონაცემებით უდიდეს უპირატესობას ფლობ, ძნელია ამ დროს შეწყვიტო პედაგოგიური მოღვაწეობა; მრავალი ბერკეტით უპირატესობა ყოველთვის ექნება წინა თაობას, მაგრამ მომდევნოს არ უნდა ჩაეკეტოს გზა. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით დაუთმო მან პედაგოგიური ასპარეზი ახალგაზრდებს.

როგორც თავად ამბობს, ბოლო წლებია ნოსტალგია მოეძალა, რაც მისთვის თანამედროვეობასთან კონტაქტის შესუსტებას ნიშნავს. არადა გამიჭირდება დავასახელო ასე თანამედროვედ მოაზროვნე ბევრი პიროვნება მისი თაობიდან. ნოვატორულ აზროვნებას ხომ ასაკი არასოდეს საზღვრავს. დოდო გოგუა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ხიბლი თავისუფლების სტადიის მიღწევაშია, რასაც სწორედ პედაგოგიური მოღვაწეობის შეწყვეტის შემდეგ მიაღწია.

ასაკი და გამოცდილება ნამდვილად მისი უპირატესობაა, მაგრამ  შინაგანი თავისუფლება და ახალგაზრდული სული ყოველთვის მხიბლავდა მასში. რომ არსებობდეს სახელმწიფოს ნება და სოლიდური დაფინანსება, ქალბატონი დოდო გოგუას რანგის პროფესორების საჯარო ლექცია-კონსულტაციების პრაქტიკა აუცილებლად არის დასანერგი, რათა მათ ახალ თაობას გადასცენ ასე საჭირო გამოცდილება.

 

ელვარე იმპროვიზაციის ოსტატი

დოდო გოგუა ლექციის დროს იმპროვიზაციის განსაკუთრებული უნარის, მიზეზ-შედეგობრივი საუბრის, ინტერდისციპლინური აზროვნების გამო, მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე ლაღად მანევრირებდა. ინტერაქციული სალექციო პროცესი არასოდეს იყო იზოლირებული ხელოვნების სხვა დარგებისგან. ამ პარალელების წყალობით უკეთ შევიგრძნობდით ინტონაციურ დონეზე გამოვლენილ ზოგადკულტურულ პროცესებს.

მის ლექციებზე ცხოვრების სიბრძნესაც ვიძენდით.

ელვარე იმპროვიზაციის წყალობით ერთი და იგივე თემაზე წაკითხული ლექციები არასოდეს ჰგავდა ერთმანეთს; დოდო გოგუას აზრით, პროფესიულად „პატიოსანი“ ლექტორი ვერასოდეს შეძლებს ერთ თემაზე ორი იდენტური ლექციის წაკითხვას. ნაცნობი საკითხების ახალი რაკურსები ცოდნას გვიღრმავებდა. სწორედ ანალიზური გონება აძლევდა მას იმპროვიზების საშუალებას. აზროვნების ტიპით, ქალბატონი დოდო თავისი პედაგოგის, ქართული მუსიკოლოგიის კლასიკოსის _ ლადო დონაძის საუკეთესო ტრადიციების მემკვიდრეა.

დოდო გოგუას ლექციებს და საჯარო გამოსვლებს მართლაც უდიდესი მუხტის შემოტანა შეუძლია, რადგან იგი არა მხოლოდ კალმის, არამედ სიტყვის ოსტატიცაა.

 

პატრიოტიზმის აღქმა

დოდო გოგუა ის პიროვნებაა, რომელსაც სწამს, რომ ქვეყნის ძლიერება სამხედრო შესაძლებლობებით კი არა, პირველ რიგში კულტურის რეზერვებით და დონით ისაზღვრება. ამიტომ მისი, როგორც პედაგოგის და მეცნიერის საქმიანობა გულისხმობს არა მხოლოდ თაობების პროფესიულად აღზრდის თავისთავად დიდ მისიას, არამედ ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას ახალგაზრდებში. ფსევდოპატრიოტიზმის და ფსევდო კოსმოპოლიტიზმის მოძალების პირობებში, როდესაც ჩვენს რეალობაში ძნელი გახდა სიყალბის ჭეშმარიტებისგან გარჩევა, დოდო გოგუასთვის პატრიოტიზმი ცხოვრების წესია. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც გერმანულ ცნობიერებაზე სადისერტაციო ნაშრომის დაწერის თითქოსდა შეუვალი გადაწყვეტილება ეროვნული მუსიკის კვლევის სასარგებლოდ შემაცვლევინა; ეს უკვე პირველი ლექცია იყო თემაზე _ პატრიოტიზმი. მისი არგუმენტი მეტად მყარი აღმოჩნდა  _  ქართულ კულტურაში ღრმად ჩახედული მკვლევარი უკეთ დაინახავს მსოფლიო პროცესებს. მან გამაცნობიერებინა, რომ პატრიოტობა არა სოციალური პოზა, არამედ უზენაესი მიზანია, რომელიც პროფესიული თავმოყვარეობის კოეფიციენტს გიმაღლებს. რეალობამ დაგვანახა, რომ მსოფლიოს გლობალისტურ სივრცეში, საინტერესო, პირველ რიგში, ჩვენი ხელოვნების უნიკალობით და ინდივიდუალიზმით ვართ.

ქალბატონ დოდოს, როგორც ხელოვანს, აფიქრებს უხარისხო მუსიკალური ინფორმაციით გადატვირთული არაჯანსაღი გარემო. საშიშროებას იგი ამ პროცესის თანმდევ, მენტალობის ცვლილებაში ხედავს. ეს მეტად საყურადღებო მოსაზრებაა იმ პიროვნებისგან, ვისაც გამძაფრებული აქვს დეჰუმანიზებული სამყაროს მაჯისცემა, რადგან თაობების აღზრდამ „პროფესიული დედის“ ძლიერი ინსტინქტი გამოუმუშავა.

ქალბატონი დოდო განიცდის ქართული მუსიკალური თხზულებების სცენური სიცოცხლის ინტენსივობის შესუსტებასაც. მისი აზრით, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ ქართველ ერს, თვითდამკვიდრების დღემდე მტკივნეულ გზაზე, საკუთარი მუსიკის პოპულარიზება და მხარდაჭერა სულიერი განწმენდისთვის სჭირდება. დოდო გოგუას საზოგადოებრივი მოღვაწეობის პათოსიც და სამეცნიერო შრომებიც, პირველ რიგში, ეროვნული კულტურის კვლევას უკავშირდება, რაც მისთვის მსოფლიო კულტურის სწორი შეცნობის და აღქმის საწინდარია.

 

ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი კოლეგა

ქალბატონი დოდო გოგუა მუდამ სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით, როგორც სტუდენტების, ისე კოლეგების წრეში. მას მუდამ ეკითხებოდნენ აზრს და დღესაც სარგებლობენ მისი პროფესიული რჩევებით. პირადად რამდენჯერმე მაქვს ნანახი, თუ როგორ უთანხმებდა კონსერვატორიის იმჟამინდელი რექტორი, თავად ენციკლოპედიური განათლების მქონე ნოდარ გაბუნია ქალბატონ დოდოს კონსერვატორიის საჭირბოროტო საკითხებს, არა მხოლოდ როგორც პრორექტორს, არამედ პირველ რიგში, როგორც დიდ ავტორიტეტს.

ქალბატონი დოდო გოგუას მიმართ კოლეგების მხრიდან უდიდესი მადლიერების გრძნობა გამოვლინდა მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელის, სრული პროფესორის მარინა ქავთარაძის და კონსერვატორიის ინიციატივით ორგანიზებულ საღამოზეც, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართა კონსერვატორიის მუზეუმში. ამ ღონისძიების მოწყობაში ჩართული აღმოჩნდა სახელმწიფო კონსერვატორიაც და კომპოზიტორთა კავშირიც.

იმხანად კონსერვატორიის რექტორმა, რევაზ კიკნაძემ დოდო გოგუას საზეიმოდ გადასცა საპატიო დოქტორის წოდება, რაც პირველი პრეცედენტია კონსერვატორიის ისტორიაში.

კონსერვატორიის გამომცემლობამ, ქეთევან ბაქრაძის ხელმძღვანელობით, სპეციალურად ამ თარიღისთვის  მოამზადა მუსიკოლოგის სამეცნიერო გამოკვლევების კრებული, რომელშიც თავმოყრილია ხანგრძლივი პროფესიული ძიებების შედეგები (XX საუკუნის ქართული მუსიკა და მუსიკოსები/სტატიები, ნარკვევები, რეცენზიები, 2016).

 

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ქალბატონი დოდო ხშირად იყო და არის სხვადასხვა  რადიო თუ სატელევიზიო გადაცემების სასურველი რესპონდენტი. იგი მუდმივადაა ჩართული ისეთი ტიპის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, როგორიცაა საჯარო გამოსვლები, საღამოების გაძღოლა კონსერვატორიის მუზეუმში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში. მუსიკოლოგ მარინა ქავთარაძის შეფასებით, რადიო გადაცემების, სხვადასხვა შინაარსის მუსიკალური საღამოების გაძღოლისას, დოდო გოგუას ზეპირ გამოსვლებს განუმეორებელი ინტონაცია და ხიბლი აქვს.

ქალბატონ დოდოს მოღვაწეობის ძლიერი მხარე პუბლიცისტიკაცაა. მომავალი მკვლევრებისთვის ფასდაუდებელი მასალაა დაწერილი სხვადასხვა შემსრულებლების შემოქმედებითი პორტრეტების თუ რეცენზიების სახით. მხატვრული ინტუიციით, სადა, აკადემიური წერის მანერით დაწერილი სტატიები, ძლიერი ემოციური მუხტის წყალობით, ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ამა თუ იმ მუსიკოსის ცხოვრებას, მის არტისტულ იმიჯს, თვით გარეგნობის დეტალების ჩათვლით. აქვე ყურადღებას გავამახვილებ მკვლევრის მიერ საკუთარ პედაგოგზე, ლადო დონაძეზე დაწერილ პორტრეტზე, რომელიც თავად დოდო გოგუას სამეცნიერო ინტერესებს და სტილს აირეკლავს. პედაგოგიურ გენეტიკაში დალექილი თვისებები _ მაღალი ინტელექტი, დახვეწილი გემოვნება, განზოგადებული მსჯელობა, კონცეპტუალური აზროვნების უნარი, დოდო გოგუას ნაშრომებშიც იგრძნობა. მისი  სტატიების გაცნობისას არასოდეს გტოვებს ლადო დონაძის სკოლის განცდა, პირველ რიგში ეს აზროვნების ტიპში გამოიხატება. ლადო დონაძის შესახებ დაწერილ პორტრეტში მენიშნა საკუთარი პედაგოგის ამგვარი შეფასება _  „ქართველი ევროპელი“. დოდო გოგუაც დონაძის სკოლის საუკეთესო ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე და ევროპეიზმის ხაზის გამგრძელებელია ქართულ მუსიკოლოგიაში.

 

სამეცნიერო ინტერესები და ხელწერა

მუსიკოლოგის კვლევის ერთიანი მეთოდოლოგიით აღჭურვილი სამეცნიერო შრომების თემატიკა მეტად ფართოა, როგორც მუსიკალური ჟანრების, ისე კონცეპტუალური პრობლემატიკის მხრივ. ქალბატონი დოდო ორიენტირებულია ეროვნულ კოდში ჩადებული ევროპულობის აღმოჩენაზე. ქართული კულტურა ხომ ზოგადევროპულის ორგანული ნაწილია, როგორც ერთადერთ სანდო ორიენტირთან დიალექტურ კავშირში მყოფი თვითმყოფი კულტურა. მკვლევრის აზრით, სწორედ ამ სტაბილურმა გენეტიკურმა მახასიათებელმა შექმნა თავისებური იმუნიტეტი ეროვნული ფსიქოლოგიისთვის შეუთავსებლის უკუსაგდებად. ამიტომ გამოირჩევა ქართული მუსიკა ევროპული ტენდენციების ეროვნულ მსოფლაღქმასთან შეჯერებით. ის უზოგადესი რაკურსი, რაც ამთლიანებს დოდო გოგუას ნაშრომებს  და სამეცნიერო წონას ანიჭებს, სწორედ ეროვნული ღირებულებების ევროპულთან თავსებადობის დასაბუთებაა. მუსიკოლოგის აზრით, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბების და განვითარების ყველა ეტაპზე გამოვლინდა გენეტიკური მგრძნობიარობა ევროპული კულტურის მიმართ, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნებაც მუდამ ესწრაფვის.

ცხადია ქართული მუსიკის ევროპული ორიენტირები განხილულია არა ბრმა მიბაძვის, არამედ ეროვნული ცნობიერების იმანენტური თავისებურების გამოვლენის პოზიციიდან. ქართული კულტურის ევროპულობას მკვლევარი რეალური არგუმენტებით ადასტურებს. ეს ხომ პირველ რიგში საკუთარ სულსა და გენეტიკაში აღმოჩენილი მოთხოვნილებაა _ იყო ევროპული მუსიკის მემკვიდრე. დოდო გოგუას ნაშრომების პათოსი მის ერთ რეცენზიაში მოხმობილი შოთა ნიშნიანიძის ფრაზით შეიძლება გამოიხატოს  _  „მსოფლიო რუკაზე ჩვენ ადგილს მოვნახავთ მხოლოდ ეროვნული კულტურით“.

დოდო გოგუას მეცნიერულად ტევადი და მრავალშრიანი შრომები ეროვნულ-ევროპული ხედვის ქრესტომათიული ნიმუშებია, მათში საკითხთა წრე მუდამ დანახულია მსოფლიო პროცესების და ხელოვნების სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესების ჭრილში.

საინტერესოა, რომ საკითხის მეცნიერული დასმის და შესწავლის სტილი შენარჩუნებულია თვით კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებშიც (რეცენზიები, პორტრეტები). აკადემიზმი მის ყველა პორტრეტულ ჩანახატს თუ რეცენზიას გამოარჩევს. საინტერესო რაკურსი უკავშირდება პედაგოგიკის არსის დახასიათებას ალექსანდრე ნიჟარაძის, თენგიზ ამირეჯიბის და ნოდარ გაბუნიას მოღვაწეობის მაგალითზე. ავტორის აზრით, მათი პედაგოგიკის ამოსავალი პირობა წიგნიერებაზე დამყარებული სწავლების მეთოდია, რაც სტუდენტის მოქალაქეობრივ პოზიციასაც აყალიბებს. მნიშვნელოვანი პასაჟია საშემსრულებლო მანერის ყველაზე სიღრმისეული მომენტების დაფიქსირება რომელიმე ერთი პედაგოგის კლასის მოსწავლეებში, რაც მათ სულიერად აერთიანებთ. ამ ფენომენს დოდო გოგუა ერთგვარ პედაგოგიურ გენეტიკურ კოდად მოიხსენიებს, რომლის წყალობით მოსწავლე მასწავლებლის პრინციპების თანამოაზრედ ყალიბდება. ავტორი უთითებს გენიალური ქართველი პედაგოგების სკოლის განსაკუთრებულ მახასიათებელზეც _  რაციონალურსა და ემოციურს შორის არსებულ ბალანსზე, რომელიც არასოდეს ახშობს ბუნებრივ არტისტიზმს და რომანტიკულ აღმაფრენას.

ერთია რაკურსი, საინტერესო მიგნებები, მეორე კი სამეცნიერო სტილი, რომელიც დოდო გოგუას ნააზრევის მკაფიო აღქმადობას განაპირობებს და მკითხველს თანამოაზრედ აქცევს. მხედველობაშია, პირველ რიგში, წონასწორობა დეტალების და კონტექსტის შეფასებისას. ინტონაციური ანალიზის საბოლოო მიზანი კი ყოველივეს ისტორიულ კონტექსტში გააზრებაა.

დღევანდელი სამეცნიერო პოტენციალის და საკვლევი ობიექტების უკიდურესი გაფართოების, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ტოტალური რობოტიზაციის საუკუნეში, მოვლენების რეტროსპექტული ხედვის დრო მცირდება, სამყაროს მისტიკური შეუმეცნებადების განცდა ძლიერდება. შესაბამისად, ჭეშმარიტი სამეცნიერო კვლევა პროცესს უფრო უნდა ჰგავდეს, ვიდრე კონსერვაციისთვის განწირულ, ერთმნიშვნელოვნად „პასუხგაცემულ განტოლებას“. დოდო გოგუას სამეცნიერო შრომებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციის მიუხედავად, სწორედ რომ მარკირებული დასასრული აქვთ; მეცნიერის ხედვის სიფართოვე ტოვებს შემდგომი კვლევის სივრცეს და შანსს _ მოძებნო შენი იდეა მის იდეებს შორის.

მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაწერილია მრავალი სადიპლომო შრომა და ქართული მუსიკის პრობლემებზე ფოკუსირებული ორი სადოქტორო დისერტაცია, რომლებშიც ეროვნული მუსიკალური ცნობიერების პრობლემებია განხილული (გვანცა ღვინჯილია  _  „ეროვნული ცნობიერების საკითხისათვის კლასიკური პერიოდის ქართულ მუსიკაში (რომანტიზმთან მიმართებაში)“, 2005 წ.; თამარ წულუკიძე  _ „ალექსანდრე წუწუნავას საოპერო რეჟისურა“, 2009 წ.).

ქართულ მუსიკოლოგიას ნამდვილად ამშვენებენ დოდო გოგუას, მაღალი სინჯის სამეცნიერო აპარატით შესრულებული, სოლიდური ნაშრომები, რომელთაც ქართული მუსიკით დაინტერესებული ვერც ერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის. დოდო გოგუას ნააზრევი ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს მომავალი თაობების მუსიკოლოგებისთვის.

bottom of page