„დისნეის ფიწალის“ არაჩვეულებრივი თავისებურებანი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
„დისნეის ფიწალის“ არაჩვეულებრივი თავისებურებანი
ვფიქრობ, 2023 წლის ქართული სათეატრო გაზაფხული ღირსეულად მიიწურა სავსებით შესანიშნავი სპექტაკლით - „ფიწალი დისნეი“, რომელიც თანაბრად გამოირჩა ტექსტით, მხატვრობითა და სამსახიობო შესრულებით; სპექტაკლი, რომელიც „რეჟისორის“ გარეშე დაიდგა, დივაის თეატრის პრინციპით, მსახიობების - ნიკუშა ბაქრაძის, სოფო ზერაგიასა და სანდრო სამხარაძის მიერ. ორიგინალ ტექსტთან ერთად (ავტორი - ინგლისელი დრამატურგი ფილიპ რიდლი), საგანგებო აღნიშნავს იმსახურებს გურამ ღონღაძის დახვეწილი თარგმანი, რომელსაც ეტყობა მთარგმნელის გემოვნება და ნიჭიერება ენათა ურთიერთობის საკითხში.
„ფიწალი დისნეის“ მხატვრობა (მხატვარი - თამრი ოხიკიანი) სამართლიანად იქცა ცალკე განხილვის თემად, პრემიერის შემდეგ. მაგრამ ყველაზე მეტად, ჩემი აზრით, სპექტაკლს სწორედ, მაღალ დონეზე შესრულებული ნაწილები და მათი ურთიერთჰარმონიული შერწყმა, ანუ სრულყოფილი კომპოზიცია გამოარჩევდა სეზონის უმრავლესი ნამუშევრებიდან.
პიესა, შეიძლება ითქვას, დისნეის მულტფილმების შებრუნებული, ამოყირავებული ვარიანტია იმავე სტილით, ანუ მაღალფერადოვანი მხატვრობით. მკვლელი მიკი მაუსის სამყარო (რომელსაც დისნეის სამყარო ფარავს), მშობლებისგან მიტოვებული - შეგვეძლო გვეთქვა „მიგდებული“ - ბავშვები, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, უკვე ბავშვებიც აღარ არიან, მაგრამ ზრდასრულ ბავშვებად დარჩენილან, შოკოლადიჭამია ასოციალურ არსებებად, გარე-რეალობისგან დათრგუნვილ, საერთო ილუზიაში მყოფ უმანკო ჭუპრებად, რომელთა ყურება ერთდროულად სიბრალულს, თანაგრძნობას, მშვენიერებისა და, რაც მათ გადახდებათ იმის მიხედვით - საშინელი სიმახინჯის, უსამართლობის გრძნობას აღძრავს მაყურებელში.
სპექტაკლი იზოლაციის ესთეტიკით იწყება, კონზუმერიზმის ხიბლს პრეზენტირებს, უპირველეს ყოვლისა, მის კერპში - ბავშვში რომ იდგამს ფესვებს და მასვე რომ აქცევს მის უპირველეს მსხვერპლად, შესაწირ ზვარაკად; შემდგომ ვხედავთ რეპრესიულ ფანტასმაგორიას და-ძმას შორის, რომლებიც რეპრესირებული და კომპენსირებული ერთდროულად არიან თავიანთი ფანტასმაგორიით.
და ბოლოს, ვხედავთ ძალადობის სამყაროს, რომელიც იჭრება ზრდასრული, გარიყული ბავშვების, ან ბავშვებში (ან პათოლოგიურ ბავშვობაში) გარიყული ზრდასრულების სივრცეში, ანგრევს ამ სივრცეს, ანგრევს მათ - ამ „ბავშვებს“, აუპატიურებს პირდაპირი და ირიბი გაგებით და მაყურებლის წინაშე იდეური განადგურების ზღვამდე მისულ სამყაროს აჯამებს.
დისნეის ილუზორული სამყაროს პირისპირ, რიდლი რეალური სამყაროს ფანტაზიას აკონსტრუირებს. დისნეის ენით ის იმგვარ „მიკი მაუსს“ გვთავაზობს, რომელიც პოსტ-აპოკალიფტურია, სადაც დისნეის „მიკი მაუსით“ ბავშვების მოტყუება ისეთივე დანაშაულია, როგორც ლექსის წერა აუშვიცისა და ოსვენციმის შემდეგ. სამყაროში ძალადობა იმარჯვებს, გვიმტკიცებს რიდლი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რას წარმოადგენს გამარჯვებული, შეგვიძლია ვიცოდეთ წინასწარ და არ მოვტყუვდეთ მაინც; ამ დროს კი, თუკი არ მოვტყუვდებით და კეთილს არ ვუწოდებთ ბოროტს და პირიქით, რიდლის პიესიდან ეს ნათლად ჩანს, შევძლებთ მომზადებული დავხვდეთ ბოროტებას და ის ჩანასახშივე ავლაგმოთ, სანამ მის ხახაში აღმოვჩნდებით ნაივური მსხვერპლების სახით. მაგრამ შეგვიძლია კი? ეს კიდევ ერთი ილუზია ხომ არ არის? ამგვარი დაეჭვების საფუძველსაც თანაბრად გვაძლევს პიესა „ფიწალი დისნეი“.
სამაგიეროდ, შესანიშნავ შესრულებაში დაეჭვების საფუძველს არ გვიტოვებს სამი მსახიობიდან არცერთი. თუმცა, განსაკუთრებით გამორჩეულია ნიკუშა ბაქრაძე თავისი პერსონაჟის შესრულებისას, ორსაათნახევრის განმავლობაში ის ვირტუოზის ექსტაზში უძღვნის თავის თავს პრესლის. სოფო ზერაგიას ჰეილი საოცარი ნაივურობითა და ამავე დროს პათოლოგის გრაციოზულობით უშუალოდ ეხება მაყურებელს. თეთრი კოსტუმი (კოსტუმების მხატვარი - ისევ და ისევ, თამრი ოხიკიანი) ზერაგიას ძალიან უხდება, ეს სწორედ ისაა, რაც მასში ბავშვს, ჭირვეულ მოზარდს და ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ზრდასრულ ქალს ერთად ამყოფებს. გამორჩეულია სოფო ზერაგიას ჯვარზე ასვლის ნარატიული სცენა. მის ეფექტურ შესრულებასთან ერთად, სრულიად შემძვრელია ნიკუშა ბაქრაძის პრესლის სმენის/ცქერის ყურება, მისი გარინდებული სახე და ციმციმა თვალები, როცა ჰეილის მონაყოლს უსმენს და უცქერს; ეს არის თეატრი თეატრში, უფრო სწორად ერთგვარი პირუკუ-თეატრი, როცა მაყურებლის თვალს წარიტაცებს მოქმედზე მეტად მაყურებელ-მსმენელი; ამ სცენაში სოფო ზერაგია ყვება და ჯვარზე „ადის“, მაგრამ ნიკუშა ბაქრაძის სმენა და ცქერა (ცქერა-სმენად ქცეული პრესლი) უფრო მეტ რადიაციასა და მაგნიტიზმს ასხივებს და ხელს კი არ უშლის ჰეილის მონოლოგის მიღებაში მაყურებელს, არამედ სულ უფრო მეტად აჯერებს მასში და მასთან მიჰყავს განუმეორებელი შთაგრძნობით.
სანდრო სამხარაძის პერსონაჟი განუმეორებელი ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა, რომლის მიღწევაშიც, კოსტუმთან ერთად, დიდია მსახიობის დამსახურება. სანდრო სამხარაძე ამ სპექტაკლში ჯიმ ქერის პერსონაჟს მახსენებდა „ნიღბიდან“, ყოველ წამს ველოდი თავბრუდამხვევი ტრიალით სცენიდან მის ქარიშხალივით გავარდნას...
და ბოლოს, ლაშა მებუკე - ფიწალი დისნეი, იგივე - ფიწო, როგორც ეძახიან მას მოფერებით, საოცარი ხიბლით ნუსხავს მაყურებელს, სწორედ იმით, რომ „არაფერს აკეთებს“; მისი მინიმალიზმი აბალანსებს მანამდელ მაქსიმალიზმს და ათანაბრებს სპექტაკლის სასწორს ძალადობის სცენის დაწყებამდე...
შთამბეჭავია თამრი ოხიკიანის კოსტუმები და სცენოგრაფია. ხავერდის კედლები და იატაკი, რომელიც ფერს იცვლის განათების მიხედვით, იისფერიდან - ყავისფრამდე, ჰალოგენური განათების მილები და თითოეული მსახიობის კოსტუმი, განსაკუთრებით კი - ფიწალი დისნეისა და მისი ტარაკანჭამია მეგობრისა... „ფიწალი დისნეიში“ თამრი ოხიკიანის მხატვრობის ლავა ამოიფრქვა და პომპეის მსგავსად, თეატრი ათონელზეს სცენა დაფარა.
და სულ ბოლოს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თავად თეატრი ათონელზე, სადაც „ფიწალი დისნეი“ დაიდგა, ეს საოცარი დაწესებულება ჩვენს სივრცეში, რომელიც უნიკალური ნეიტრალობითა და მიმღებლობით პერიოდულად იქცევა არენად სრულიად (ყველაფრით) განსხვავებულ თეატრის მოღვაწეთათვის. მსგავსი სივრცე საქართველოში ალბათ მხოლოდ თეატრი ათონელზეა, რაც ნამდვილად არ არის სასიხარულო, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამ თეატრს არსებობისთვის ბრძოლა უწევს და პერმანენტული დახურვის ზღვარზეა.
ვფიქრობ, არათუ თეატრი ათონელზე უნდა გავაძლიეროთ, არამედ მსგავსი სტრუქტურისა და სტილის თეატრი უნდა დავაარსოთ საქართველოს ყოველ დიდ ქალაქში, რათა პოზიციურ და ოპოზიციურ სახელოვნებო ცენტრებთან ერთად, დიდ ქალაქებში მაინც არსებობდეს რეალურად ნეიტრალური ადგილი, სადაც სულის მოთქმა და მშვიდად გაღიმება შეიძლება.