top of page

ეროვნული კლასიკა და ფოლკლორი იქ, სადც ყველაფერი იწყება

maxresdefault.jpg

ეროვნული კლასიკა და ფოლკლორი იქ, სადაც ყველაფერი იწყება

ლელა ოჩიაური

თუ რა მნიშვნელობა აქვს თეატრს ქვეყნის, საზოგადოების აწმყოსა თუ მომავლისთვის, სრულიად ნათელია, მაგრამ, ამ ფონზეც კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც იმ თეატრებს აქვთ, რომლებიც ყველაზე პატარა მაყურებლისთვის არიან განკუთვნილი. თოჯინებისა და თეატრებს - ყმაწვილების, მოზარდებისთვის.

სწორედ აქ უნდა იწყებოდეს თეატრის - ხელოვნების - სამყაროს გაცნობა,  მომავალი მაყურებლი გაზრდა, თეატრის შეყვარება და მომზადება თეატრთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობისთვის. და მეორე და უმთავრესი -  ადამიანების, მოქალაქეების ცნობიერების ჩამოყალიბება, რა მისიაც საბავშვო თეატრებს აკისრიათ.

ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილით, ყურადღებითა და სწორი, თუნდაც, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და ა.შ.  გათვლებითაა შესარჩევი როგორც კონკრეტული დადგმები, ასევე მთლიანი რეპერტუარი ასეთი თეატრებში. და უპირველესია, სპექტაკლების მხატვრულ დონეზე ზრუნვა. ამიტომ, გამორჩეულად კარგი, ხარისხის ნიშნით აღბეჭდილი პროდუქციისკენ უნდა იყოს გეზი, რაც, სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება. ეს ხელს უშლის მთავარი ამოცანისა და მიზნის შესრულებას. აფერხებს პროცესს.

საქართველოში დღეს სულ რამდენიმე სახელმწიფო თოჯინური და საყმაწვილო თეატრია შენარჩუნებული - თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის, ბათუმის, ახალციხის, ბორჯომის, გურჯაანის  (და ერთიც - რეზო გაბრიაძის მარიონეტების - რომელსაც საბავშვოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ვერც რეპერტუარის თემატიკის, ხასიათისა და ვერც  გადაწყვეტის სპეციფიკის თავისებურებების გამო). არის პატარ-პატარა, კერძო დასებიც, რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებიც სხვადასხვა პირობებში, ხარისხითა და ინტენსივობით მუშაობენ და შეძლებისდაგვარად ან მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ ასეთი ტიპის დასებისთვის დასახულ ამოცანებსა და გემოვნებიან ნაწარმოებზე მოთხოვნილებას.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.  როგორც ყველაფერს - მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,  თოჯინების ოსტატების მცირე რიცხვი, თოჯინების დამზდების სიძვირე და ა.შ. როგორც წესი, საბავშვო და თოჯინურ თეატრებს ძალიან დაბალი ბიუჯეტი აქვთ. სამუშაო  კი - მოცულობითი და საპასუხისმგებლო.

ეს თეატრები ემსახურებიან ქალაქებსა და რეგიონებს - სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. თავისთან იწვევენ მაყურებელს და მათთან მიდიან. ისინი დგამენ ტრადიციადქცეულ კლასიკას და ახალი სახეებით ავსებენ თეატრების ცხოვრებას. ინარჩუნებენ უკვე აპრობირებულ ფორმებს   და არც ექსპერიმენტებს ერიდებიან.

ბევრგან თეჯირი აღარ არსებობს და მეთოჯინეები თოჯინა-მსახიობებს მაყურებლის წინაშე ატარებენ ან უშუალოდ, თოჯინებთან ერთად, თანასწორუფლებიანად მონაწილეობენ ამა თუ იმ პერსონაჟის სახის შექმნაში.

ბოლო წლებში ქართული თოჯინების თეატრებში გაჩნდა ტენდენცია - სპექტაკლები  თოჯინებისა და ადამიანების მონაწილეობით. თოჯინები დრამატულ თეატრებშიც შეიჭრნენ (აქ პირველობა ლევან წულაძეს ეკუთვნის „ფაუსტისა“ და „ქალი ძაღლით“ დადგმის შემდეგ).  თუმცა მათ საბავშვო წარმოდგენებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

სხვათა შორის, საბავშვო თეატრებში თოჯინურ თუ შერეულ სპექტაკლებს არა მხოლოდ ბავშვებისთვისაც დგამენ და ზოგს - საერთოდ არა ბავშვებისთვის. იყენებენ საშუალებასა და ხერხს და სფეროს გამოცდილებას ეყრდნობიან.

წინაღობების მიუხედავად, ბავშვებისთვის თოჯინურ სპექტაკლების დადგმა არა თოჯინების თეატრებმაც დაიწყეს, განსაკუთრებით, ისეთ ქალაქებში (ზესტაფონი, გორი და სხვა), სადაც თოჯინების თეატრები არ არსებობენ. სამაგიეროდ, არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სპექტაკლები დიდებისთვის არ აინტერესებთ და ვერც სხვაგან მიდიან ინტერსების დასაკმაყოფილებლად. 

დგამენ არა უშუალოდ თოჯინების თეატრის რეჟისორებიც (ასეთების რიცხვი ისედაც ჩამოუვარდებოდა დრამის რეჟისორების რაოდენობას და ბოლო პერიოდში, მეტად და მეტად მცირდება), რომლებიც შლიან ზღვარს სპეციფიკურ დარგებს შორის და დგამენ არაპროფესიონალი მეთოჯინეების მონაწილეობითაც, რომლებიც თოჯინებს ტრადიციულად ატარებენ და ახმოვანებენ კიდეც ცოცხლად.

ერთ-ერთი თეატრი, რომლის სამიზნე აუდიტორია ყველაზე ახალგაზრდა მაყურებელია - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრია, რომელიც სამ - ქართულ და რუსულ „მოზარდებსა“ და რუსული თოჯინების თეატრს აერთიანებს და ისედაც მოცულობითი რეპერტუარის კიდევ უფრო გაზრდასა და გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს. და პირდაპირ უნდა ითქვას, პირნათლად ასრულებს მოვალეობას, დანიშნულებასა და პასუხისმგებლობას.

2018 წელს მოზარდმაყურებელთა თეატრი 90 წლის შესრულდა. არ მეგულება თაობა, ადამიანი, რომელიც ბავშვობასა თუ სკოლის პერიოდში, თოჯინების თეატრის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ „მოზარდში“ არ დადიოდა (მას შემდეგ შეიძლება, საერთოდ აღარც უვლია) და ამ სვლას რიტუალის ხასიათი არ ჰქონოდა. აბონემენტებით, წელიწადში 8-10 სპექტაკლი აუცილებელიც  იყო გენახა და წელიწადის ეს 8-10 დღე დღესასწაული იყო.

ასეა დღესაც. ყველაზე მეტი და ყველაზე მომთხოვნი, ყველაზე გულწრფელი და მადლიერი მაყურებელი (რადგან ეს მაყურებელი სხვადასხვა ასაკის ბავშვი თუ ყმაწვილია - დაბალი კლასებიდან დამამთავრებელ კლასებამდე ) ამ თეატრს ჰყავს და ყველაზე მეტი სპექტაკლი, სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ „მოზარდის“ რეპერტუარშია. დღეში ყველაზე მეტი წარმოდგენაც სწორედ აქ იმართება. რამდენიმე ათეული წამოდგენა და რამდენიმე ათეული მსახიობი, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თავდაუზოგავად შრომობენ და ნიჭთან ერთად პროფესიონალიზმის განსაკუთრებულობით ხასიათდებიან. 

2017-2018 წლების სეზონში სარეპერტუარო სპექტაკლების  რიცხვს „რწყილი და ჭიანჭველაც“  მიემატა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დიმიტრი ხვთისიაშვილისა (რომელსაც საბავშვო თეატრში მუშაობის გამოცდილება მეხუთე წელია აქვს, ბავშვებისთვის არა ერთი მნიშვნელოვანი და მხატვრული ღირსებებით გამორჩეული სპექტაკლი დაუდგამს, პირველ რიგში, სწორედ საბავშვო სპექტაკლების სპეციფიკიდან/მოთხოვნებიდან გამომდინარე) და ქორეოგრაფ გია მარღანიას რეჟისურით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „რწყილი და ჭიანჭველა“ ეროვნული ფოლკლორის სცენაზე ამეტყველებული ნიმუშია და ბავშვი/მოზარდი მაყურებლითვის გამორჩეულად საჭირო შეთავაზება.

თუ გია მარღანიას, როგორც ქორეოგრაფსა და მსახიობს, თოჯინებისა და მარიონეტების სხვა სპექტაკლებზეც უმუშავია, „რწყილი და ჭიანჭველა“ დიმიტრი ხვთისიაშვილისთვის  დებიუტია, როგორც თოჯინური წარმოდგენის ავტორისთვის. თუმცა, ხალხური ზღაპრის საფუძველზე შექმნილ დადგმაში ძირითადად მაინც მსახიობები მონაწილეობენ. მთავარი ხაზი უშუალოდ მათი ჩართულობით იგება. ეს „შერეული“ სპექტაკლია და ითავსებს - ნამდვილ მსახიობებსა და მათივე წაყვანილ თოჯინებს - ერთი და იგივე პერსონაჟების სახეცვლილებითა და მრავალჯერადი გარდასახვით.

რეჟისორი იყენებს  - ადამიან-მსახიობსა და თოჯინებს, ბუნების სხვადასხვა მოვლენისა თუ სტიქიის გამომსახველ ობიექტებს, რომლებსაც, როგორც აღვნიშნე,  მსახიობები ატარებენ, ამა თუ იმ პერსონაჟად „ცოცხლად“ გარდასახვამდე. მოქმედება ძირითადად პლასტიკური ნახაზით ეწყობა, რაც სარეჟისორო ხერხის მთავარ იარაღადაა ქცეული და მსახიობების მხრიდან ორგანულადაა ამეტყველებული.  

რწყილს ნიკა ფაიქრიძე ასახიერებს, რომელიც მართლა „რწყილივით“,  მოხდენილად დახტის აქეთ-იქით, „აადამიანურებს“ პერსონაჟს და მთავარი ამბავიც მიჰყავს. ჭიანჭველას - ნიკა ნანიტაშვილი, რომელიც ამბის დასაწყისშივე წყალში ვარდება, შემდეგ კი, ფინალამდე, ყველა დანარჩენი პერსონაჟის მრავალფეროვანი ხასიათების  განსახიერება უწევს.  მარიამ ხუხუნაიშვილისაც - სხვადასხვა ხასიათისა და იერის „ქალი“ პერსონაჟები რომლებსაც სპექტაკლში ლირიკული ხაზი შემოაქვთ), ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია, რომელიც ასევე მუდამაა სცენაზე, სხვადასხვა სახისა და ობიექტის შექმნაში მონაწილეობს და ძირითად ქორეოგრაფიულ ხაზსაც ატარებს.

ახალგაზრდა მსახიობები - რომლებსაც მოზარდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფლორა-ფაუნასა თუ სხვა არსებების - მიწიერი თუ არამიწიერი - პერსონაჟების შექმნის გამოცდილება სხვა სპექტაკლებიდანაც აქვთ - ორგანულად გარდაისახებიან რწყილად, ჭიანჭველად, მუხად, კრუხად, თაგვად თუ ორმოდ. ისინი ქმნიან სახასიათო, მკვეთრად დამახასიათებელ ნიშნებიან  ალეგორიულ სახეებს, რომლებშიც, ერთი მხრივ, საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელ შტრიხებს აღმოვაჩენთ და მეორე მხრივ, ადამიანების ბევრ ნაცნობ თვისებას, ტიპაჟებს დავინახავთ. 

„რწყილი და ჭიანჭველას“ - ალბათ ყველაზე ცნობილი ქართული ზღაპრის შინაარსი და მსვლელობა  სპექტაკლში უცვლელადაა შენარჩუნებული და ყველა მოვლენასა თუ პერსონაჟს თავიანთი ადგილი და დატვირთვა აქვთ.

თუმცა, თხრობის თანმიმდევრობა თუ მოვლენების განვითარება-მონაცვლეობა მთლიანადაა შეცვლილი სპექტაკლის სტრუქტურითა და ამბის თხრობის სტილით.  უცვლელია  ტექსტი, რომელსაც მსახიობები დიალოგებითა და მთხრობელი (უფრო სწორად, მთხრობელის - პატარა ლევან ხვთისიაშვილის - ხმა) გვიამბობენ. დიმიტრი ხვთისიაშვილმა მშრალ და „მონოტონურ“ რიტმში, წრიულად აწყობილი და სპირალურად მონაცვლე ტექსტი ცოცხალი, მრავალწახნაგოვანი პერსონაჟების შექმნით, დატვირთული და არაერთგვროვანი სცენური მოქმედებითა და მუსიკით, სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და რწყილის (რომელიც მოვლენებს კრავს და ამბავ-ეპიზოდებს შორის მეკავშირედ წარმოდგება)  აქტიური გადაადგილებით გააცოცხლა.

„რწყილი და ჭიანჭველა“ დიმიტრი ხვთისიაშვილსა და გიორგი მარღანიას იუმორით, კომიკური სახეებით, სახასიათო პერსონაჟ-სიტუაციებითა და  მხიარული, ლაღი გარემოთი აქვთ შექმნილი. მაგალითად, ღორი (ნიკა ნანიტაშვილი) პატარა გოჭების „ტანცკლასის“ მასწავლებელია, კატა (ასევე, ნიკა ნანიტაშვილი) კი წრუწუნას დაუსრულებლად ასწავლის და აწამებს ქართულის ცეკვით. პერსონაჟები მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და ამითაც გამოხატავენ მდგომარეობასა და ემოციას - სპექტაკლის  მიზანსა და ჩანაფიქრს.

რწყილი, ჭიანჭველა და დანარჩენები ბავშვებს მეგობრობის, თავდადების, გაჭირვებიდან გამოსავლის ძიებისა თუ გამომგონებლობის ირიბ გაკვეთილს უტარებენ და ძირითად ფასეულობებზე მიუთითებენ, რომლის მთავარი აზრი - ერთგულებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, სიყვარული დაედო საფუძვლად, მას შემდეგ, რაც რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ.

უშუალოდ თოჯინური სპექტაკლი „მოზარდისთვის“ უცხო არაა. თეატრის რეპერტუარში რამდენიმე ასეთი სპექტაკლია, სულ პატარებისთვის. მაგალითად, დენ ხლიბოვის „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“ - ქართულ და რუსულ ენებზე და ოპერაც კი - „სევილიელი დალაქი“, ბესო კუპრეიშვილის რეჟისურით, რომლებზეც პატარა მაყურებლის განსაკუთრებული მოთხოვნაა, უკვე რამდენიმე სეზონის განმავლობაში.

კიდევ ერთი და გამორჩეული სპექტაკლი, რომელიც ბავშვებისთვის და მთლიანად თოჯინების მონაწილეობით შეიქმნა, ნიკოლოზ საბაშვილის „შვლის ნუკრის ნაამბობია“ - ქართული ლიტერატურის შედევრ, ვაჟა-ფშაველას ამ და სხვა ნაწარმოებების („ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, „ფესვები“, „ია“) მიხედვით. მხატვარი - ვახტანგ ქორიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ნიკოლოზ საბაშვილი. მონაწილეობენ: მეთოჯინე და დრამის თეატრის მსახიობები - ირინა კუკულაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნათია კუპატაძე, ეკა ხატიაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, გოგა ბერიძე, მაია მალხაზიშვილი, ნინო მანაგაძე, ნინო პაპიაშვილი, ეკა შარიქაძე, ქეთი ჩაჩუა, ლევან კაციაშვილი, ლექსო ლობოვი, რატი ნავაძე და დენ ხლიბოვი.

ნიკოლოზ საბაშვილი  ახალი თაობის რეჟისორებში  ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. მისი ფანტაზია, შეიძლება ითქვას - უსაზღვროა და გამომგონებლობის უნარი  - სხვადასხვა ხერხი, დეტალი თუ საგანი მნიშვნელოვან მხატვრულ სახედ აქციოს - გამოარჩევს მის ხელწერასა და აზროვნების ფორმას.

მის სპექტაკლში ჩიტები ფერხულში ებმევიან და უზარმაზარი ლოდებისგან აწყობილი მთაც ცეკვას იწყებს. ცეკვავენ ვარსკვლავები და ბებია-შვილიშვილიც, პირდაპირ სცენაზე, ცოცხლად შემოსული გარმონის აკომპანიმენტის თანხლებით.

ერთმანეთს ცვლიან ბალახები, ბუჩქები, ტყეები, დრო გადის და ხან მთვარე იწყებს ნათებას და ხან მოკაშკაშე მზე ეფინება სამყაროს. ბუნება ცოცხალია, ადამიანის ენაზე ლაპარაკობს. ეს ყველაფერი დამაჯერებლობას იძენს და არავის უკვირს, როდესაც შველი, ნუკრი თუ ტყის სხვა ბინადრები - ადამიანურდებიან. 

დედა და შვილი ერთმანეთთან ჩვეულებრივ დიალოგში არიან და ასევეა ყველა - სულიერი თუ უსულო არსება, როგორც ვაჟასთან. თუმცა, ეს არაა ნუკრის  მონოლოგი - ნაამბობი. ყველაფერს მოვლენების განვითარებით ვადევნებთ თვალს (ტექსტი ისედაც ძალიან მცირეა და  აქცენტი  მოქმედებაზეა გადატანილი) და ესეც შეიძლება იყოს კიდეც პირველი მინიშნება ფინალზე, რომლის მიხედვით, ნუკრი შეიძლება ვერ გადარჩეს.

 

ნიკოლოზ საბაშვილი შვლისა და დაობლებული ნუკრის გულისმომკვლელ  თავგადასავალს უფრო ატრაგიკულებს და სპექტაკლს გასროლით ამთავრებს. მონადირე უკვე შვლის ნუკრზე იწყებს ნადირობას.

ასეთია ეს სამყარო - „მოზარდის“ სპექტაკლში - მტრული და სახიფათო, სამყარო, სადაც  კვლავ  პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - რა დაგიშავე, ადამიანო?! და როდესაც ნუკრის სასოწარკვეთილი ძახილი - დედაა! - სამყაროს უსასრულობში იკარგება. აქ ყველა გრძნობა და შეგრძნება ცოცხალია, მართალია, განცდებით,  თანაგრძნობით, ტკივილითა და სიყვარულით გაჯერებული.

რა თქმა უნდა, ეს ყველფერი ძალიან სევდიანია, ისევე,  როგორც ბავშვობაში, მაგრამ, რადგან ჩვენ მაინც ვერ ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანებს, ცხოველებს, ბუნებას და როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სხვასაც მივცეთ ლაღი და თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა, ნიკოლოზ საბაშვილი, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ და დაჟინებით შეგვახსენებს ადამიანური არსებობის ამ აუცილებლობას და პატარებს, ვაჟა-ფშაველას შემდეგ, ვინ იცის, უკვე მერამდენე თაობას - გაკვეთილს უტარებს.

ნიკა საბაშვილს ერთი უნარი აქვს - „არაფრისგან“ შექმნას მხატვრული, მეტყველი ატმოსფერო. „შვლის ნუკრის ნაამბობში“ ეს თვისება განსაკუთრებულად გამოიყენა, რადგან ნახევრადზღაპრულ სამყაროსთან, ბუნებასთან ჰქონდა საქმე, მხატვრულ გამონაგონთან, რომელთან მიმართებშიც მისი ფანტაზია გამორჩეულად ამუშავდა.

მანამდე, „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ბევრი ნიშნით განსხვავებული ვერსია ნიკოლოზ საბაშვილმა ზუგდიდის დრამატულ თეატრშიც დადგა (თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბადრი წერედიანისა და დირექტორ ზურაბ ეგუტიას მიწვევით), დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით და შესაძლებლობა მისცა რეგიონის ბაშვებს ქართული პროზის შედევრის ცოცხლად ხილვით დამტკბარიყვნენ. თუმცა, ალბათ „შვლის ნუკრის ნაამბობს“ მხოლოდ საბავშვოს ვერ დაარქმევ. ის ზღვარზეა - ბავშვებისა და უფროსებისთვის.

“შვლის ნუკრის ნაამბობამდე“ ნიკოლოზ საბაშვილმა თბილისის თოჯინების თეატრში დადგა სპექტაკლი „საქართველო“ - რომლითაც, ასევე თოჯინებით - პატარა ჩოჩორისა და ყვავის მეგობრობის,  განშორებისა და თავიდან შეხვედრის, საქართველოს ისტორიის მოთხრობით, მის წარსულსა და აწმყოში მოგზაურობით, მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა და მოზარდმაყურებელთა თეატრში „1945“-ით შექმნილი იმიჯი უფრო გაამყარა.

ნიკოლოზ საბაშვილი, რომელიც ახლა თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ალბათ, მეტ ყურადღებას დაუთმობს ბავშვებს, მათთვის სწორი იდეური საყრდენის, გემოვნებიანი  და გულწრფელი სათქმელით დატვირთული რეპერტუარის შექმნაზე იზრუნებს და შექმნის სპექტაკლებს, რომლებითაც მაყურებელს სიყვარულსა და სიკეთეს უფრო მრავალმხრივ ასწავლის.

მოზარდმაყურებელა თეატრი, თავისი ყველა შემადგენელი ნაწილით,  ნელ-ნელა ამდიდრებს არა მხოლოდ რეპერტუარს, არამედ მიმართულებებსაც. ერთი წლის წინ გია მარღანიამ ქორეოდრამა „ევანგელიონი“ დადგა, მთლიანად პლასტიკაზე, ცეკვაზე, საბალეტო ქორეოგრაფიაზე აწყობილი სპექტაკლი, რომელშიც „მოზარდის“ - ანუ დრამის თეატრის მსახიობები - ახალ ამპლუაში - როგორც ბალეტის მოცეკვავეები, მონაწილეობდნენ.   

ისევე, როგორც „საქართველოში“, „შვლის ნუკრის ნაამბობსა“ და „რწყილი და ჭიანჭველაში“ - როგორც ლიტერატურული საფუძველის - კლასიკოსი მწერალი, ისტორიული ქრონიკები და ზეპირსიტყვიერება  ქორეოგრაფიული და მუსიკალურ ფოლკლორის ერთად გამოყენება არა მხოლოდ იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ სპექტაკლის სტრუქტურა კლასიკური თუ ფოლკლორული ნაწარმოებებით გამდიდრდეს და ამითაც საინტერესო გახდეს, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არა მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის, არამედ,  უცხოელისთვისაც, რომელიც სწორედ თეატრით ეცნობა ამა თუ იმ საზოგადოების კულტურას.

რა თქმა უნდა, უშუალოდ, სპექტაკლის წინ (თუმცა, მოზარდმაყურებელთა თეატრში არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებიც)  ბავშვებს არავინ უმარტავს, კონკრეტულად, რომელი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნაწარმოებია სპექტაკლებში გამოყენებული. (გამონაკლისია „სევილიელი დალაქი“ - თოჯინური ოპერა, რომელიც ამ მიზნითაც დაიდგა და ესეც „მოზარდის“ ერთ-ერთი ექსპერიმენტია)  ამის აუცილებლობა ნამდვილად არაა. მთავარია, თვალი და ყური ადრეული ასაკიდან ეჩვეოდეს და ეცნობოდეს ამ ყველაფერს. ამისთვის საუკეთესო საშუალება სწორედ თეატრია, სადაც ყველფერი გახსნილია, სადაც თამაშითა და სანახაობით ბევრად მეტის დანახვა და აღქმაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი, მშრალი გაკვეთილიდან. თეატრში ბავშვს უჩნდება კითხვა და ბევრ მათგანზე ან იქვე იღებს პასუხს ან თვითონ ცდილობს პასუხის პოვნას.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, სწორედ ბავშვებისთვის დადგმული სპექტაკლები გამოირჩეოდნენ მაღალი მხატვრული ხარისხითა და ამბის - სათქმელის მხრივ გამართულობა ახასიათებდეთ (ჟღერდეს პათეტიკურად. ასეთ შემთხვევაში, მაღალფარდოვნების არ მეშინია). ასეთი ლიტერატურა მაყურებელს ზრდის, გემოვნებას უმაღლებს და მნიშვნელოვან საკითხებზე აფიქრებს  (რისი პრობლემაც, სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეს ნამდვილად აქვს). და რეჟისორსაც და მსახიობესაც  შესაძლებლობას აძლევს (სირთულეების გადალახვით) მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და სახეები შექმნან, თუნდაც ეს სახეები შველი, ნუკრი, რწყილი, ჭიანჭველა, მუხა, მთა თუ ცოცხალი და  „არაცოცხალი“ ბუნების სხვა წარმომადგენლები იყვნენ.

90 წლის მოზარდმაყურებელთა თეატრზე, მის წარსულზე, აწმყოზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო. სასაუბრო თემა და მასალა ბევრია. შეიძლება ილაპარაკო ამა თუ იმ სპექტაკლზე, ამა თუ იმ მსახიობზე, ამა თუ იმ პერსონაჟზე, ამა თუ იმ ფაქტზე თეატრის ცხოვრებიდან. შეიძლება (უფრო ზუსტად, უნდა!) ილაპარაკო და წერო იმაზე, რომ თეატრს, რომლის კარი ბევრი რეჟისორის, მხატვრის, დრამატურგის, მსახიობისა თუ მაყურებლისთვის (სხვათა შორის, არა მხოლოდ ბავშვის, უფროსი თაობისთვისაც) ყოველთვის ღიაა და რომლის თავდაუზოგავ შრომასთან საქართველოს ვერც ერთი თეატრი ვერ მივა, მიზერული დაფინანსება აქვს. და მსახიობი, რომელიც დღეში ზოგჯერ 3 სპექტაკლს თამაშობს (ყველაზე რთული  და ჭირვეული მაყურებლის მახვილი მზერის ქვეშ), იმდენივე ჰონორარს იღებს, რამდენსაც სხვა მსახიობი სხვა თეატში, რომელიც ხშირად, სცენაზე თვეში ერთხელ ჩნდება.

90 წლის თეატრზე შეიძლება ისიც თქვა, რომ, ყოველი იქ მისვლა დროს გავიწყებს და ბავშვობას თუ სიყმაწვილეს გაგონებს, რომ მაყურებელი, რომელიც დღეს ინტენსიურად ესწრება „მოზარდის“ სპექტაკლებს, რამდენიმე წელიწადში ან დიდი ხნის შემდეგ აუცილებლად გაიხსენებს აბ დროს., გაიხსენებს (როგორც ჩვენ არ გვავიწყდება) როგორ ნახა, კლასელებსა თუ მშობლებთან ერთად: „რწყილი ჭიანჭველა“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ურჩხული და ლამაზმანი“, „ანტუანი და პატარა უფლისწული“, „სევილიელი დალაქი“, „ავაზას ლაქები“, „წითელქუდა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „სეილემის პროცესი“, „პეპი გრძელწინდა“, „მაუგლი“, „სალამურა“, „ჯუჯა ცხვირი“, „ხუთკუნჭულა“, „ემილის თავგადასავალი“, „სათაგური“, „ირინეს ბედნიერება“, „თაგუნები და ყველი“, „ოქროს თევზი“, „საუკუნის მკვლელობა“, „სპლიყვი“, „ღამე და თუთიყუში“ და ბევრი სხვა. გაიხსენებს და ბედნიერი იქნება.

bottom of page