დიდებული ტრაგედია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
თამთა ქაჯაია
დიდებული ტრაგედია
„უცნაური მისის სევიჯი ლირიული კომედია, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს გვთავაზობს. სპექტაკლი რწმენასა და იმედს არ გვიკარგავს, რომ სიკეთის, თანაგრძნობის და თანადგომის უნარი კიდევ შესწევს კაცობრიობას... რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს, ოცნებებსაც კეთილი და უანგარო ადამიანები გვისრულებენ“...
„უცნაური მისის სევიჯის“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში, 27 აპრილს გაიმართა, რომლის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი გახლავთ. მსახიობებამდე სანამ მივალ, რეჟისორის მოტივზე და სპექტაკლის კონცეფციაზე მინდა მოგიყვეთ. მოგიყვეთ ზღაპარივით, რადგან ეს არის სპექტაკლი სადაც მიზანსცენები უბრალოდ არ არსებობს. მთელი სამი საათის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რეჟისორმა რისთვის დახარჯა ამხელა დრო და ენერგია, ფიზიკური თუ მატერიალური რესურსი, რომ გაგვეგო სიყვარული, სიკეთე როგორ ამარცხებს ბოროტებას და სიხარბეს? გინახავთ სპექტაკლი სადაც მსახიობებს უბრალოდ დაზეპირებული აქვთ ტექსტი და სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, ტექსტი კი მხოლოდ დასწავლილი?
პიესის სიუჟეტი - მისის სევიჯი (ნინო დუმბაძე) დაქვრივებული ქალია, რომელსაც მისი გერები (ტიტი - ზაზა გოგუაძე, სამუელი - ნოდარ დოღონაძე, ლილი - ანა სანაია) შეშლილად აცხადებენ. შვილები დედის თავიდან მოშორებას გადაწყვეტენ, რათა სევიჯმა შეწყვიტოს უმისამართოდ კეთილი ადამიანების დახმარება - ფულის ფლანგვა. საბოლოოდ „უცნაური მისის სევიჯი“, რომელიც სრულიად ჯანმრთელია მენტალურად, გერების დაცინვას გადაწყვეტს და სამივე შვილს სხვადასხვა მიმართულებით უშვებს ფასიანი ქაღალდების მოსაძებნად. ფინალში, სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, ფულს დახარბებული შვილები უფულოდ რჩებიან, მისის სევიჯი კი მეგობრებს შეიძენს.
სპექტაკლი - სპექტაკლი გაწელილია უშინაარსო დიალოგებით, არცერთი მსახიობი არ განიცდის პერსონაჟის სათქმელს, ემოციას, რის შედეგადაც დარბაზში, არ იქმნება არანაირი მუხტი. როდესაც მსახიობს არ აქვს გათავისებული პერსონაჟის ხასიათი, შესაბამისად მაყურებლამდე ვერ მოაქვს სათქმელი და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები რჩება მხოლოდ ცარიელ სიტყვებად. არცერთი სცენა, არცერთი ეპიზოდი არ არის გააზრებული და ნაფიქრი, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მსახიობებმა რეჟისორთან ერთად მაქსიმუმ სამი რეპეტიცია გაიარეს, ტექსტი დაიზეპირეს, დეკორაცია ააწყვეს და პირდაპირ სცენაზე შემოვიდნენ.
მიუხედავად მარტივი ნარატივისა პიესაში საინტერესო პასაჟებია რომელსაც მისის სევიჯი ამბობს: „სიკვდილამდე მიყვარდა. ხომ იცით ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, მისი ბედნიერება და მისი სურვილების ასრულება იყო. ჩემი თავი გვერდზე გადავდე“ - აქედან ჩანს ქვრივი ქალის მდგომარეობა, რომ მან, ქმრის სიკვდილის შემდეგ პირველად შეძლო გათავისუფლება და საკუთარ სურვილებზე კონცენტრირდა. გერები რომლებიც შვილებივით გაზარდა, სიცოცხლით ტკბობის საშუალებას არ აძლევენ და საავადმყოფოში გამოკეტავენ. ნინო დუმბაძე განასახიერებს თავდაჯერებული, წარმატებული შემდგარი ქალის პერსონაჟს. თითოეული მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ყალბი და არადამაჯერებელია. იგი ქმნის ცინიკური, ყოვლისმცოდნე გმირის სახეს, რომელიც ცალსახად კეთილია. იგივე ითქმის ჰანიბალზე, რომელსაც დავით დვალიშვილი განასახიერებს. „სტატიკურ მონაცემებს ვაგროვებდი, სამსახურიდან გამომიშვეს. გამომთვლელმა მანქანამ შემცვალა“ - ჰანიბალი. როდესაც მნიშვნელოვანი პასაჟები აქცენტირებული არ არის მთავარი სათქმელი იკარგება. დავით დვალიშვილი ფლირტს ამბავს მისის სევიჯთან, და მოძველებული პათეტიკური მანევრულობით განასახიერებს პაციენტის როლს.
ფერის პერსონაჟს ანა გუჯეჯიანი განასახიერებს, რომელიც ფერიასავით გამოწყობილია, ვარდისფერი ქვედაბოლოთი. პიესაში მისი გმირი ამბობს: „როგორ მიყვარს მაკბეტი! რამდენი სისხლი იღვრება, ერთხელ ნახევარი ლიტრა სისხლი გავაგზავნე გადასხმისთვის, უკან დამიბრუნეს“. სპექტაკლშიც იმავეს წარმოთქვამს, თუმცა მის მიერ შემოთავაზებულ პერსონაჟსა და წარმოთქმულს სიტყვებს შორის არ იქმნება არანაირი კონტრასტი. იგი ამას მხოლოდ კეთილშობილური, პათეტიკური ინტონაციით წარმოთქვამს. ანა გუჯეჯიანის ფერი, ინფანტილურია, თითქოს მსახიობი სცენაზე დაიკარგა და პერიოდულად ავიწყდება საკუთარი როლი - რეფლექსიის დონეზეა შესრულებული მისი პერსონაჟი.
დიმა ტატიშვილიც ერთ-ერთ პაციენტს, ჯეფრის განასახიერებს. თუკი სადმე, რომელიმე სერიალში გინახავთ დიმა ტატიშვილი, ჩათვალეთ ამ სპექტაკლშიც ნანახი გყავთ და თავი აღარ დაიღალოთ სამ საათიანი წარმოდგენის ყურებით.
რაც შეეხება სევიჯის გერებს, ანა სანაიას, ნოდარ დოღონაძეს და ზაზა გოგუაძეს გაურკვეველი მოქმედი პირები უფრო არიან ვიდრე მთავარი გმირის გერები. განსაკუთრებით მეორე მოქმედებაში ვხედავთ მათ გამძაფრებულ ემოციებს, (ღრიალს) როდესაც დედისგან ფასიან ქაღალდებს მოითხოვენ. სადაც ამბავი ვითარდება, კვანძი იკვრება რიგ შემთხვევაში გადაზედმეტებული ემოციაც გამართლებულია. თუმცა, სპექტაკლში სადაც არაფერი არ ხდება და ამას ემატება გადაჭარბებული ყვირილი სრულიად შეუსაბამო და ტრივიალურია.
დასაწყისში მოყვანილი ანოტაცია, რომ არა დამიჯერეთ სპექტაკლის შემდეგაც გაუგებარი დარჩებოდა სათქმელი იმათთვის ვისაც პიესა არ აქვს წაკითხული. გულდასაწყვეტია, როდესაც მარჯანიშვილის დიდ სცენაზე ლირიულ კომედიას კი არა, დიდებულ ტრაგედიას ნახულობს მაყურებელი. სტატია მინდა დავასრულო მისის სევიჯის სიტყვებით: „რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებ ეს კარგია, მაგრამ არაფერი არ თქვა ეს დიდი სიბრძნეა“....